მურმან იაშვილი
გააზიარე:
მისი სახელი დღეს უკვე ბრენდია, რომელიც მურმან იაშვილმა თავდაუზოგავი შრომის, საქმის დიდი სიყვარულის, ოპტიმიზმისა და უშრეტი ენერგიის წყალობით შექმნა. თუ ოდესმე მისი სახელობის კლინიკაში მოხვდებით, იგრძნობთ, რომ იქ თითოეული აგური ამბავს ჰყვება, ამბავს, რომელიც მურმან იაშვილმა დაიწყო.
მურმან იაშვილის მოსაგონებლად მის ოჯახს ვეწვიეთ. ბატონი მურმანის შვილებთან, კოტე და ზაზა იაშვილებთან, და რძალთან, ქალბატონ ნანასთან, საუბარში რამდენიმე საათმა თვალის დახამხამებაში გაირბინა, ამბები კი არა და არ გამოილია... მოდი, ერთად მოვისმინოთ ამ არაჩვეულებრივი ექიმის ცხოვრების ისტორია.
მურმან იაშვილი 1934 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი, ონისიმე, სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობდა. იაშვილების სახლი თავისუფლების მოედანს გადაჰყურებდა, ასე რომ, მურმანმა მთელი ბავშვობა რუსთაველის გამზირზე გაატარა. ონისიმეს და მის მეუღლეს, ელენეს, ძალიან უნდოდათ, მათი ერთადერთი ვაჟი ექიმი გამოსულიყო. არც მურმანი ყოფილა წინააღმდეგი. ასე აღმოჩნდა ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.
– მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში ახალგაზრდა ექიმებს სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გამოცდილების დასაგროვებლად სხვადასხვა რეგიონში აგზავნიდნენ სამუშაოდ. სწორედ ასე მოხვდა მურმანი მუხრანის საუბნო საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წელი გაატარა, – გვიამბობს ბატონი კოტე, – თბილისში დაბრუნებულმა, 1965 წელს საქმიანობა ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებაში, ექიმ ორდინატორის პოზიციაზე განაგრძო. განყოფილებას პროფესორი დიმიტრი მურვანიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც მურმანი დიდ პატივს სცემდა, თავის მასწავლებლად და მისაბაძ ექიმად მიაჩნდა. ბატონი დიმიტრიც მურმანს თავის ერთ-ერთ უნიჭიერეს მოწაფედ მოიხსენიებდა, ენდობოდა და როცა სადმე წასვლა უწევდა, განყოფილებას მშვიდად ტოვებდა მის იმედად.
1974 წელს მურმან იაშვილი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმად დაინიშნა. საავადმყოფო პატარა, უვარგის შენობაში იყო განთავსებული. იმ დღიდან დაიწყო მურმან იაშვილის ბრძოლა ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად. არავის სჯეროდა, რომ მურმანი ოცნებას რეალობად აქცევდა... მურმან იაშვილის მთავარი დანატოვარი სწორედ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომელიც მან არაფრისგან შექმნა და რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.
1976 წელს მურმან იაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით მრავალპროფილური პედიატრიული სტაციონარის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. უბადლო ორგანიზატორმა, გარს ნიჭიერი ახალგაზრდების ძლიერი გუნდი შემოიკრიბა. სწორედ მათი საერთო ძალისხმევით შეიქმნა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის პერსონალიც ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შედგებოდა.
ბატონი მურმანის გვერდით მუშაობა მთელი გუნდისთვის დიდი ბედნიერება და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.
ბევრი აღნიშნავდა, რომ მურმან იაშვილის მენეჯერის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. არ შეიძლებოდა, მის მონდომებას, საქმის სიყვარულს, შედეგი არ გამოეღო. მასთან მომუშავე ექიმები მხოლოდ მაღალი დონის ინფრასტრუქტურითა და ულტრათანამედროვე ტექნიკით როდი იყვნენ განებივრებულები – ბატონი მურმანი კლინიკაში ყოველგვარ პირობას უქმნიდა ახალგაზრდა ექიმებს პროფესიული ზრდისთვის. ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ახალშობილთა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ახალგახსნილი განყოფილება 27 წლის ექიმს ჩააბარა. ის გასაოცარი ინტუიციით ამოიცნობდა ახალგაზრდაში პროფესიის სიყვარულს, ავადმყოფისადმი თანაგრძნობას, პასუხისმგებლობას და შრომის უნარს.
მურმან იაშვილის ინიციატივით სწორედ მის კლინიკაში გაიხსნა საქართველოში პირველი ნეონატოლოგიური, ხელოვნური თირკმლისა და დიალიზის განყოფილებები, ასევე – თირკმლის ცენტრი, რომელიც აერთიანებდა უროლოგიურ, ნეფროლოგიურ და ხელოვნური თირკმლისა და დიალიზის განყოფილებებს. მის გვერდით ყველა ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით ივსებოდა. ექიმებს სამსახურში მისვლა უხაროდათ, კლინიკა მათთვის მეორე სახლად იქცა.
– საავადმყოფო შიშველი ხელებითა და ენთუზიაზმით, ფაქტობრივად ცარიელ ადგილას, აგურ-აგურ ააშენა, – იხსენებს ქალბატონი ნანა, – მურმანს ბევრი ნაცნობი ჰყავდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამედიცინო თუ მმართველ წრეებში. მანაც საქმეში ჩართო პირადი კონტაქტები, პიროვნული შარმი, თავად მოიძია ინვესტორები, მოიპოვა დაფინანსება, გამოფენებიდან ხსნიდა აპარატურას და ყველაფერი საუკეთესო მიჰქონდა კლინიკაში. მისთვის თითქოს არაფერი იყო შეუძლებელი. ბევრი ვერ მოახერხებდა, ფინელებს სწორედ მის კლინიკაში დაედგათ ხელოვნური თირკმლის აპარატი. მას ეს ყველაფერი იოლად, ბუნებრივად გამოსდიოდა.
ბუნებით ნოვატორს, მუდამ მედიცინის მაჯისცემაზე ედო ხელი, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სიახლეებს, ცდილობდა, პედიატრიაში დანერგილი ყველა ახალი მეთოდი თავის კლინიკაში, თავისი ექიმების შესრულებით ენახა.
1986-1989 წლებში მურმან იაშვილი ქალაქის ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი იყო. ეძნელებოდა საკუთარი ხელით შექმნილი კლინიკის დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა – ასეთ მნიშვნელოვან წინადადებაზე უარის თქმას ცუდ ტონად ჩაუთვლიდნენ. 1988 წელს მურმან იაშვილს საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება მიანიჭეს.
90-იანების ქრონიკა
უტრანსპორტობა, წამლების დეფიციტი, სანთლის შუქზე ჩატარებული ოპერაციები, ავტომატები, ექიმებთან შევარდნა, მუქარა, საქმის გარჩევა – ასეთი იყო 90-იანი წლების რეალობა. თითქმის არ არსებობდა კლინიკა, რომ არ გაექურდათ ან გაეძარცვათ. იაშვილის კლინიკის ექიმები იხსენებენ, რომ ბატონი მურმანის დამსახურებით მათ ავბედითი 90-იანები შედარებით იოლად გადაიტანეს. საქართველოში თუკი რამის შოვნა შეიძლებოდა, აპარატურა იქნებოდა თუ ეს მედიკამენტი, პირველად ყველაფერი აუცილებლად მურმან იაშვილის კლინიკაში ხვდებოდა.
იმ ავბედითი წლებიდან ერთ ავბედით ისტორიას ზაზა იაშვილიც იხსენებს:
– გვიან ღამით კლინიკიდან დაურეკეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი “ავტორიტეტის” შვილი ცუდად გამხდარიყო და საავადმყოფოში მიეყვანათ. კლინიკაში რომ მივედით, ფოიე სავსე იყო ავტომატიანი, შავით შემოსილი ხალხით. პაციენტს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მისი თანმხლები პირები კი ექიმებს თავიანთი საქმის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ. მურმანი რეანიმაციაში შევიდა, პაციენტის მდგომარეობა გამოიკითხა, მერე გულშემატკივრებთან სასაუბროდ გამოვიდა, ბავშვის მამა თავისთან იხმო და რამდენიმე წუთში ზედმეტი დავიდარაბის გარეშე დაითანხმა ოპერაციაზე. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რაოდენ დახვეწილი კომუნიკაციური უნარები ჰქონდა მას, არ არსებობდა ადამიანი, ვისთანაც საერთოს ვერ გამონახავდა, ვისაც რამეში ვერ დაარწმუნებდა.
სხვა რაკურსით
– ის იყო ადამიანი-დღესასწაული, – ჰყვება ქალბატონი ნანა, – გაოცებული ვარ, რა ცოცხლად შემოინახეს მისი ხსოვნა არა მხოლოდ მისი თაობის ექიმებმა, არამედ ახალგაზრდა კოლეგებმაც, რომლებიც მხოლოდ გადმოცემით თუ იცნობდნენ მურმანს. იყო ძალიან სიმპათიური, გალანტური, საოცარი ქარიზმისა და იუმორის პატრონი, პოზიტივის უშრეტი წყარო. იშვიათად მინახავს ადამიანი, ვინც მურმანს გაიცნობდა და მისი პიროვნებით აღფრთოვანებული არ დარჩებოდა.
მურმანი ერთ-ერთი გამორჩეული თბილისელი იყო. იმ თაობის წარმომადგენელი, გალაკტიონს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ. მისი ბავშვობის მეგობარი, დამსახურებული ექიმი ალეკო ლაბარტყავა, იხსენებს ხოლმე, ახალგაზრდობაში ხშირად ვსტუმრობდით რესტორან “თბილისს”, სადაც გალაკტიონი დადიოდაო. ჰყვებიან, რომ გალაკტიონი მურმანს ყველასგან გამოარჩევდა, თავისთან მიიხმობდა და საათობით საუბრობდნენ.
ბატონ მურმანს გატაცებაც ჰქონდა. სოფელ უშხვანში, სვანეთში დაბანაკებული საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების ექიმად ყოფნისას, პირველად ეზიარა მთისა და ალპინიზმის სიყვარულს. მწვერვალ შხელდის დალაშქვრით მან დაიმსახურა ალპინიზმში პირველი საფეხურის ნიშანი, რომელიც ლეგენდარული ალპინისტის ალექსანდრე ჯაფარიძის ხელით ებოძა. მშვიდი ხასიათით, შესანიშნავი იუმორით, შინაგანი ორგანიზებულობით და კეთილგანწყობით მურმან იაშვილმა მთამსვლელთა ექიმის კარგი სახელი დაიმსახურა.
მთელი ცხოვრება არ განელებია მთის, ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის სიყვარული, რომელიც შვილებსაც უანდერძა.
– მამა ახალგაზრდობაში პროფესიულ დონეზე მისდევდა ალპინიზმს. სწორედ ამ გატაცებას უკავშირდება მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოგონება. საქართველოს მთიან რეგიონებს ჯიხვებზე სანადიროდ ესტუმრა ირანის შაჰი. საპატიო სტუმრის დასახვედრად და უსაფრთხო ნადირობისთვის შექმნილ ალპინისტთა ჯგუფში მურმანიც აღმოჩნდა. შაჰი ჩინებული მონადირე და უშიშარი ბედაური გამოდგა, არც ვიწრო და საშიშ გზებს შეუშინებია, ჯიხვიც მოუკლავს, ხოლო ფიტული სამშობლოში წაუღია, – გვიამბობს კოტე იაშვილი.
ქმარი და მამა
– მურმანს ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, ქალბატონი დოდო არსენიშვილი, პროფესიით გეოლოგი, და სამი ვაჟი – ზაზა, კოტე და დათუნა. სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ყველასთვის იცლიდა, ყველასთვის ჰქონდა დრო. ყველას ეგონა, სწორედ ის იყო მურმანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, – გვიამბობს ქალბატონი ნანა.
არც ერთ შვილს მამის გზა არ აურჩევია.
– არაფერს ამბობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა, ექიმები გამოვსულიყავით. თავისი სურვილი თავს არასოდეს მოუხვევია, არც რამე დაუძალებია. შეპარვით ცდილობდა მედიცინით ჩვენს მოხიბვლას – ხან ოპერაციებზე გვასწრებდა, ხან საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა, მაგრამ ამაოდ.
ჩვენთან უშუალო, მეგობრული და გახსნილი იყო. მეექვსე-მეშვიდე კლასიდან უკვე ისე გვექცეოდა, როგორც დიდებს. არასოდეს უსაუბრია ჩვენთან ენის მოჩლექით. ბუნებით ლიბერალი იყო და თავისუფლად გვზრდიდა, თუმცა ზღვარს ყოველთვის ვგრძნობდით.
ზღვა პოზიტივი
საავადმყოფოში თანამშრომლების ცხოვრებისა და შრომის გალამაზებაზე ფიქრობდა. ერთხელ მედდების კონკურსი გამართა, სადაც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პროფესიის კარგ ფლობაში, საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის ცოდნაში, დიასახლისობაში. ბატონი მურმანი ჟიურის თავმჯდომარე იყო. მისივე ინიციატივით კლინიკის კოლექტივი ხშირად მართავდა შაბათობებს, საკუთარი ხელით რგავდნენ ხეებს და ალაგებდნენ ეზოს.
და სხვა ღირსებები
გუდაური, ამჟამად ესოდენ ცნობილი კურორტი, 1981 წლის ზამთარში შეარჩიეს ვახტანგ მიქელაძემ, კოსტა ქავთარიამ, ლევან ლორთქიფანიძემ, ზურაბ მაისურაძემ, ნუკრი კოტრიკაძემ და მურმან იაშვილმა. სწორედ ამით დაიწყო გუდაურის როგორც სამთო-სათხილამურო სპორტული ცენტრის ისტორია.
ქალაქის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის თანადებობაზე ყოფნისას ბატონმა მურმანმა შექმნა სტიქიასთან მებრძოლი ჯგუფი, რომელიც ექიმ ალპინისტებისგან შედგებოდა. დიდთოვლობისა და ზვავების დროს ამ ჯგუფმა მაღალმთიანი რეგიონიდან 500 ადამიანი გამოიყვანა. ბატონ მურმანს ეკუთვნის დღეს ესოდენ პოპულარული ოჯახის ექიმის ინსტიტუტის საქართველოში დანერგვის იდეაც. ყველაფერში ნიჭიერმა, ქვეყანაში ახალფეხადგმულ ბიზნესსაც იოლად აუღო ალღო. არც ქველმოქმედება ავიწყდებოდა.
მურმან იაშვილი 1995 წლის 23 მარტს სამოცი წლისა გარდაიცვალა, თუმცა მის ხსოვნას სიკვდილი არ უწერია – მან ხომ ურიცხვი მადლიერი პაციენტი დატოვა ძეგლად.
თამარ არქანია