აღზრდის მოდელები და მათი თანმხლები პრობლემები
გააზიარე:
სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული ტრადიციები, ისტორია, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური მოცემულობა ბავშვთან ურთიერთობის თავისებურ, განსხვავებულ მოდელებს აყალიბებს.
ალბათ არაერთ თქვენგანს გაუგონია ცნობილი გამოთქმა, რომელიც ლაკონიურად აღწერს აღზრდის იაპონურ სტილს: ხუთ წლამდე ბავშვი მეფეა, თხუთმეტ წლამდე – მონა, თხუთმეტი წლიდან კი – თანასწორი.
ეს ნიშნავს, რომ ხუთ წლამდე ბავშვს არაფერი ეკრძალება (ცხადია, მაშინ, როცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება). თხუთმეტ წლამდე მოზარდს უკვე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული განსაზღვრული პასუხისმგებლობები. ის მკაცრი წესებისა და შეზღუდვების სისტემაში ექცევა. ქცევის წესები დეტალურადაა გაწერილი და დაუმორჩილებლობა მიუღებელია. თხუთმეტი წლიდან კი ის ზრდასრული პიროვნებაა და გაცნობიერებული აქვს საკუთარი უფლება-მოვალეობები.
ცხადია, აღზრდის საყოველთაო რეცეპტი არ არსებობს. ბავშვები ინდივიდები არიან და ის, რაც მისაღები და გასაგებია ერთისთვის, შესაძლოა მიუღებელი და გაუგებარი აღმოჩნდეს სხვისთვის, თუმცა ბავშვთან ურთიერთობის სხვადასხვა მოდელში მაინც შეიძლება გამოვყოთ საერთო მახასიათებლები.
- აღზრდის მოდელები
აღზრდის სხვადასხვა სტილის კვლევა და კლასიფიცირება მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში დაიწყო. გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი და სოციოლოგი კურტ ლევინი ერთმანეთისგან განასხვავებს აღზრდის სამ სტილს – ავტორიტარულს, დემოკრატიულსა და ლიბერალურს.
- ავტორიტარული – “არა და მორჩა!”
ავტორიტარულს უწოდებენ აღზრდის მკაცრ და ხისტ სტილს. ამ სტილის მიმდევარ მშობლებს ჩამოყალიბებული სადამსჯელო სისტემა აქვთ და უპირობო მორჩილებას მოითხოვენ. ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმა მათთვის უცხო არ არის. იმავდროულად, ისინი თავს არიდებენ დასჯის მიზეზის ახსნას. ასეთი მშობლებისგან ხშირად გაიგონებთ: “რაკი გითხარი, არ შეიძლება-მეთქი, ესე იგი არ შეიძლება!”; “არა და მორჩა!”; “როგორც ვთქვი, ისე იქნება!”
საინტერესოა, რომ სპეციალისტებმა ერთგვარი კანონზომიერება შეამჩნიეს – აღზრდის ამ მეთოდს უმეტესად დაბალ და საშუალო სოციალურ ფენებსა და იმ ოჯახებში იყენებენ, სადაც განათლება პრიორიტეტი არ არის. არსებობს რისკი, ავტორიტარულ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები უხასიათო, ჭირვეულ და უნებისყოფო პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. ბევრი მომავალში თვითონვე ამჟღავნებს პასიურ ან აქტიურ აგრესიას.
- ავტორიტეტული – “მოდი, ერთად გადავწყვიტოთ”
აღზრდის ავტორიტეტულ სტილს დემოკრატიულსაც უწოდებენ. ის პოზიტიურ განწყობაზე, მხარდაჭერასა და ფიზიკური ძალადობის უარყოფაზეა დაფუძნებული. დემოკრატიული აღზრდის მიმდევარი მშობლები ითვალისწინებენ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას, ეცნობიან მის პრობლემებს, ენდობიან მას, ანიჭებენ განსაზღვრულ თავისუფლებას, ცდილობენ, ოჯახური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართონ, თუმცა, იმავდროულად, საპასუხო პატივისცემას მოითხოვენ.
- ლიბერალური – “როგორც გინდა”
აღზრდის ლიბერალური მოდელი გულისხმობს ბავშვისთვის აბსოლუტური თავისუფლების მინიჭებას ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. სასჯელი ურთიერთობის ფორმად საერთოდ არ განიხილება. უფროსები ცდილობენ ბავშვებთან თანამშრომლობას, გადაწყვეტილების მიღებისას “საბოლოო სიტყვა” ბავშვს ეკუთვნის. ზოგიერთი მშობელი ზედმეტად მიმტევებელიც კია შვილის საქციელის მიმართ. ბავშვები ვერ გრძნობენ კონტროლს, ამიტომ მომავალში ვერც თავად აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობაც სუსტი აქვთ.
- გულგრილობა
სპეციალისტები ცალკე გამოყოფენ მშობლებისა და შვილების ურთიერთობის იმგვარ მოდელს, როდესაც მათ შორის ემოციური კავშირი მინიმუმამდეა დაყვანილი. გულგრილ მშობლებს არათუ შვილის მომავალი, ისიც კი არ აღელვებთ, ისადილა თუ არა, რამე ხომ არ სჭირდება, აინტერესებს ან სურს. ასეთი დამოკიდებულება შვილებსა და მშობლებს შორის, ცხადია, ერთგვარ დისტანციას წარმოშობს, ნდობით, სითბოთი, ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობის ნაცვლად გაუცხოებასა და კონფლიქტებს ვიღებთ.
ჩვენს კულტურაში ბავშვის აღზრდის პრინციპები იაპონიასავით მწყობრად ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა განსაზღვრული ტრადიციებისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია. გვინდა, სწორედ მათზე გავამახვილოთ ყურადღება.
ზერელე დაკვირვებითაც აშკარაა – აღზრდის ჩვენეული სტილი ყველაზე ახლოსაა ავტორიტარულთან. ამას მოწმობს რამდენიმე მასშტაბური კვლევაც, რომელიც საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარდა.
მაგალითად, 2007-2008 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა, საზოგადოებამ “გადავარჩინოთ ბავშვები” და “საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდმა” ჩაატარეს ეროვნული კვლევა იმ ძალადობის ხასიათისა და მასშტაბის გამოსავლენად, რომელსაც საქართველოში განიცდიან ბავშვები. მაჩვენებლები საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა: 11 წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის 80 პროცენტი სხვადასხვა სახის ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, 80 პროცენტზე მეტი – ფსიქოლოგიურს; 11-დან 18 წლის ასაკის მოზარდთა 44 პროცენტი განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას, 59.1 პროცენტი – ფსიქოლოგიურს, ხოლო 9 პროცენტი – სექსუალურს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი ის იყო, რომ რესპონდენტთა მეხუთედი (21.5%) ბავშვის სისტემატურ ცემას აღიარებდა.
2012-2013 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ორი კვლევა ჩაატარა: “ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ”, რომელიც აღწერს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ ცოდნას, დამოკიდებულებას, ქცევასა და პრაქტიკას და “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ანალიზი”, რომელიც ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სახელმწიფო მექანიზმის შეფასებას წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, საზოგადოების 45 პროცენტს მიაჩნია, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დასაშვებია, ხოლო 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი.
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები სავსებით საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენს კულტურაში ბავშვებზე ძალადობა მისაღებადაა მიჩნეული.
- მაინც რას გულისხმობს ეს ცნება?
რა არის ძალადობა
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს ფიზიკური შეხების ნებისმიერ ფორმას, რომლის მიზანიც ტკივილის მიყენება ან პიროვნების დათრგუნვაა. არ არის აუცილებელი, ტრავმა კვალს ტოვებდეს ან სამედიცინო ჩარევას მოითხოვდეს; ძალადობაა წამოთაქება, თმის მოქაჩვა, ჩქმეტა, სილის გაწვნა – ერთი სიტყვით, ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც აღმზრდელობითი მიზნით.
საკმარისია, ეზოში, სკვერში, პარკში, ქუჩაში სასეირნოდ გამოყვანილი ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობას დავაკვირდეთ, რომ ბავშვზე ძალადობის არაერთ ფაქტს შევამჩნევთ. უფროსების უმეტესობას არაფრად მიაჩნია ბავშვისთვის თამაშის, სირბილის, ცოცვის, ფორთხვის აკრძალვა. თუ სიტყვამ არ გაჭრა, ბევრი ფიზიკურ ზემოქმედებას მიმართავს.
რა უსიამოვნოდაც უნდა ჟღერდეს, ბავშვზე ძალადობა ქართული აღზრდის ტიპურ ელემენტად მიიჩნევა და ჩვენში მეტწილად აღზრდის სწორედ ეს რეპრესიული, “სადამსჯელო” მოდელია გავრცელებული.
ასეთივე ტიპური ელემენტებია ტოტალური კონტროლი და თავისუფლების აღკვეთა.
პირველი გულისხმობს ბავშვის ან მოზარდის ცხოვრების ყოველმხრივ კონტროლს და ჰიპერმზრუნველობას, მეორე კი – მეგობრებთან შეხვედრის (განსაკუთრებით – გოგონების შემთხვევაში), ექსკურსიებსა თუ გასართობ ღონისძიებებზე სიარულის აკრძალვას.
თემა, რომელსაც ამ წერილში შევეხეთ, საკმაოდ ვრცელია. ამ მწვავე პრობლემას მომავალშიც დავუბრუნდებით. ამჯერად კი აქ დავასრულებთ, დავძენთ მხოლოდ, რომ აღზრდის ტრადიციული მოდელის, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად და თაობათა შორის უფრო ჰარმონიული ურთიერთობისთვის საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო სისტემის ყოველ საფეხურზე შესაბამისი პროგრამების დანერგვა.
ნინო ლომიძე