პირის ღრუს წვის სინდრომი

გააზიარე:

 

ლამაზი ღიმილი უხდება ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. გარდა ამისა, საღი კბილები ჯანმრთელობის საწინდარია. ამიტომაც გვირჩევენ ექიმები ასე დაჟინებით, პირის ღრუს სათანადოდ მოვუაროთ.

პირის წვის სინდრომი გაგიგონიათ? გავრცელებული პრობლემაა. ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარი, არც სიცოცხლეს უქადის საფრთხეს და არც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს, მაგრამ ქრონიკული სიმპტომატიკა დროთა განმავლობაში საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, ყოველდღიურ აქტიურობას და არცთუ სასიამოვნო შორეული გართულებებიც ახასიათებს.

პირის ღრუს წვის სინდრომის დროს პაციენტი უჩივის პირის ღრუს წვის მუდმივ ან მორეციდივე შეგრძნებას. წვამ შესაძლოა მოიცვას ენა, ღრძილები, ტუჩები, ლოყების შიგნითა მხარე, სასა. სინდრომი, წესისამებრ, ერთბაშად ვითარდება, თუმცა არც თანდათანობითი განვითარებაა გამორიცხული.

სინდრომის მიზეზი უცნობია, რაც მკურნალობას ართულებს, მაგრამ იმედს ნუ დაკარგავთ – სამედიცინო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით სიმპტომების მართვა სავსებით შესაძლებელია.

 

როგორ ვლინდება

პირის წვის სინდრომი შესაძლოა გამოიხატოს:

* წვის შეგრძნებით, რომელიც თითქმის ყოველთვის მოიცავს ენას, შედარებით იშვიათად – ტუჩებს, ღრძილებს ან მთელ პირის ღრუს;

* პირის სიმშრალის შეგრძნებით და ძლიერი წყურვილით;

* გემოს შეგრძნების ცვლილებით, მწარე ან ლითონისმაგვარი გემოს შეგრძნებით;

* გემოს შეგრძნების დაკარგვით.

პირის წვის სინდრომით გამოწვეულ დისკომფორტს რამდენიმე ფორმა აქვს:

* გაღვიძებისას ტკივილი შესაძლოა სუსტი იყოს, მაგრამ დღის განმავლობაში მოიმატოს;

* შესაძლოა, ტკივილმა გაღვიძებისთანავე შეგაწუხოთ და მთელი დღე გაგრძელდეს;

* ტკივილმა შესაძლოა დროგამოშვებით იჩინოს თავი.

პირის წვის სინდრომი, განურჩევლად ფორმისა, შესაძლოა თვეობით, წლობით გაგრძელდეს. ხანდახან სიმპტომები თავისთავად ქრება ან იშვიათდება. შესამჩნევ ფიზიკურ ცვლილებებს ისინი არ იწვევს.

 

რისი ბრალია

განასხვავებენ პირის ღრუს წვის სინდრომის ორ ძირითად ფორმას: პირველადსა და მეორეულს.

როდესაც კლინიკური ან ლაბორატორიული ცვლილებები არ შეინიშნება, სინდრომი პირველადი ან იდიოპათიურია. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ პირის წვის იდიოპათიური სინდრომი გემოვნების პრობლემებსა და პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის მგრძნობიარე ნერვების დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

თუ პირის წვა ჯანმრთელობის სხვა პრობლემამ გამოიწვია, მეორეულ სინდრომზე საუბრობენ.

მეორეული პირის წვის სინდრომის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

* ქსეროსტომია – პირის ღრუს სიმშრალე (მშრალი პირი), რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა სათავე დაუდოს სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიამ ან ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებამ, ხშირად ის კიბოს სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა;

* პირის ღრუს სხვა დაავადებები: სოკოვანი ინფექცია (რძიანა), ბრტყელი ლიქენი, გეოგრაფიული ენა (მდგომარეობა, როცა ენას ერთგვარი ლაქები უჩნდება და რუკის მსგავს შესახედაობას იღებს);

* საკვები ნივთიერებების: რკინის, თუთიის, ფოლატის (ვიტამინ B9-ის), თიამინის (B1-ის), რიბოფლავინის (B2-ის), პირიდოქსინის (B6-ის) და კობალამინის (B12-ის) ნაკლებობამ;

* კბილის პროთეზი, მეტადრე – თუ ის ცუდადაა მორგებული პირის ღრუს და ახლომდებარე ქსოვილებს აწვება. გარდა ამისა, ხელოვნური კბილები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა პირის ღრუს ქსოვილები გააღიზიანოს;

* ალერგიული რეაქცია საკვებზე, საკვების დანამატებზე (მათ შორის – საღებავებსა და არომატიზატორებზე), სტომატოლოგიურ საშუალებებზე;

* გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – საყლაპავში კუჭის მჟავა წვენის უკუამოტყორცნა;

* ზოგიერთი მედიკამენტის, განსაკუთრებით – არტერიული წნევის მარეგულირებელი იმ საშუალებების მიღება, რომლებსაც ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებს უწოდებენ;

* კბილებს შორის ენის მოყოლა, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი);

* ენდოკრინული დაავადებები – დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტიურობა (ჰიპოთირეოიდიზმი);

* პირის ღრუს გაღიზიანება, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს ენის ზედმეტი ხეხვით, აბრაზიული (მცვეთავი) ზემოქმედების მქონე კბილის პასტის გამოყენებით, პირის ღრუში გამოსავლები საშუალებების ჭარბი მოხმარებით ან მჟავური ტიპის სასმელებით;

* ფსიქოლოგიური ფაქტორები – შფოთვა, დეპრესია, სტრესი.

პირის წვის სინდრომის განვითარების რისკფაქტორია ასაკი – ალბათობა იმატებს 50 წელს გადაცილებულ ქალებთან მეოპაუზის შემდგომ.

პირის წვის სინდრომის გართულებებს მიეკუთვნება:

* ჩაძინების პროცესის გახანგრძლივება და გაძნელება;

* კვების გაძნელება;

* დეპრესია;

* შფოთვა.

 

როგორ სვამენ დიაგნოზს

სამწუხაროდ, არ არსებობს სპეციფიკური ტესტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაგვიდასტურებდა პირის წვის სინდრომის არსებობას. ვიდრე ექიმი დიაგნოზს დაგისვამთ, აუცილებლად გამორიცხავს ყველა სხვა შესაძლო დაავადებას.

ექიმი აუცილებლად დაგითვალიერებთ პირის ღრუს, გამოგკითხავთ სამედიცინო ისტორიას, დააზუსტებს, იღებთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს, შეკრებს ანამნეზს, მოგთხოვთ სიმპტომებისა და კბილების მოვლის ყოველდღიური რუტინის დაწვრილებით აღწერას. შესაძლოა, დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევაც:

* სისხლის საერთო ანალიზი, რომლის მეშვეობითაც მოწმდება სისხლის ზოგადი მონაცემები, გლუკოზის დონე, ფარისებრი ჯირკვლისა თუ იმუნური სისტემის ფუნქცია;

* პირის ღრუს ნაცხის ანალიზი ან ბიოფსია, რომლის მეშვეობითაც პირის ღრუს სოკოვან, ბაქტერიულ თუ ვირუსულ ინფექციას გამოავლენენ;

* ალერგიული ტესტები, რომელთა მეშვეობითაც ადგენენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას (ალერგიულ განწყობას) ამა თუ იმ საკვების, საკვები დანამატებისა და სხვა ნივთიერებების მიმართ;

* სანერწყვე ჯირკვლების შემოწმება მშრალი პირის გამოსარიცხავად;

* კუჭის რეფლუქსის ტესტი გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამოსარიცხავად;

* მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია სხვა დაავადებების არსებობა-არარსებობის დასადგენად.

შესაძლოა, მოგიხდეთ ფსიქოლოგიური კითხვარის შევსებაც – ამ გზით თქვენს ფსიქოლოგიურ სტატუსს შეამოწმებენ და გაარკვევენ, ხომ არ გაქვთ დეპრესია, შფოთვა თუ სხვა მენტალური პრობლემები.

თუ აღმოჩნდა, რომ პირის წვის სინდრომი რომელიმე წამლითაა გამოწვეული, ექიმი, მდგომარეობის კვალობაზე, მისი მიღების შეწყვეტას გირჩევთ. ექიმთან შეთანხმება აუცილებელია – მედიკამენტზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

 

მკურნალობა

მეორეული პირის წვის სინდრომის მკურნალობა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრას – მაგალითად, ძირითადი დაავადების მკურნალობას, ხელოვნური კბილების შეცვლას, ვიტამინების დეფიციტის შევსებას – გულისხმობს.

პირველადი სინდრომისგან განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მკურნალობა სიმპტომური თერაპიით და სინდრომის მართვით შემოიფარგლება. ხშირად საჭიროა რამდენიმე მეთოდის მოსინჯვა, რათა შეირჩეს საუკეთესო ვარიანტი, რომელიც თქვენს პირის ღრუში არსებულ დისკომფორტს შეამცირებს.

სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალში შედის:

* ნერწყვის შემცვლელები;

* ადგილობრივი საანესთეზიო საშულებები (ლიდოკაინი);

* კაპსაიცინი (ტკივილგამაყუჩებელი);

* ანტიკონვულსიური მედიკამენტები, მაგალითად, კლონაზეპამი (კლონიდინი);

* ანტიდეპრესანტები;

* ნერვის ტკივილის დამბლოკავი მედიკამენტები.

 

რა შეგიძლიათ იღონოთ

მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

* სითხის უხვი მიღება, ყინულის ნატეხების წუწვნა;

* მჟავე და ცხარე საკვებსა და სასმელზე (მათ შორის – პომიდორზე, ფორთოხალზე), დარიჩინიან ან მენთოლიან პროდუქტებზე, ყავაზე უარის თქმა;

* ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება;

* სიგარეტისთვის თავის დანებება;

* მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი კბილის პასტის გამოყენება (რა თქმა უნდა, მენთოლისა და სხვა არომატული დანამატების გარეშე);

* სტრესისთვის თავის არიდება.

კარგია სარელაქსაციო ვარჯიშები, მაგალითად, იოგა და, საზოგადოდ, ფიზიკური აქტიურობა, მეტადრე მაშინ, თუ ამჩნევთ, რომ დეპრესიული განწყობა გიპყრობთ. ეცადეთ, იყოთ სოციალურად აქტიური და რეგულარული ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან.

 

თამთა ხელიძე

გააზიარე: