როგორ დავიცვათ თავი ლეიშმანიოზისგან

გააზიარე:

რა უნდა ვიცოდეთ შედარებით უცხო, მაგრამ უკვე საკმაოდ “გაშინაურებულ” ინფექციურ დაავადებებზე, რომლებიც, დათბება თუ არა, შემოტევას იწყებენ? სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე.

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის შემთხვევებმა შესამჩნევად იმატა – 1990 წელს  12 შემთხვევა გვქონდა აღრიცხული, 2006 წლისთვის კი ეს რიცხვი 174-მდე გაიზარდა. აქედან 103 თბილისში აღირიცხა (1997 წელს ეს მაჩვენებელი 39-ის ტოლი გახლდათ).

გარდა თბილისისა, ვისცერულმა ლეიშმანიოზმა თავი იჩინა მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, მცხეთის, თეთრი წყაროს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, დმანისის რაიონებსა და რუსთავში. ამჟამად ინფექცია თბილისის ყველა უბანში თითქმის ერთნაირად არის გავრცელებული.

გასულ წლებში ინფექციის კერა თბილისის უმთავრესად სამი რაიონი გახლდათ: მთაწმინდა, ვაკე და კრწანისი – მთისპირა და ტყისპირა რაიონები, სადაც მაწანწალა ძაღლები აფარებენ თავს, ბოლო წლებში კი დაავადებამ გავრცელება იწყო მარცხენა სანაპიროზეც, განსაკუთრებით – ისან-სამგორსა და ნაძალადევში), რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაავადებული ცხოველები – ძაღლები და გადამტანი მწერები – მეტ-ნაკლებად თბილისის ყველა რაიონში გვხვდება.

ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტის რეზერვუარი ძაღლი და ზოგიერთი გარეული ცხოველია (მაგალითად, ტურა). ინფექცია გადააქვს პატარა მწერს ფლებოტომუსს, რომელიც ბუდიდან შორს არ მიფრინავს, მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით შორდება.

ლეიშმანიოზით ავადობის მატება პარაზიტის ძირითადი რეზერვუარის – ძაღლების რიცხოვნობის ზრდას უკავშირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლეიშმანიოზი მრავალ სხვა ქვეყანაშიც, მათ შორის – ევროპის სამხრეთში, გახშირდა. ეს გლობალური დათბობის პრობლემას უკავშირდება, რომელმაც, საზოგადოდ, გადამტანებით გამოწვეულ დაავადებათა მატება განაპირობა.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ – 3-5 თვე. მწვავე ფორმა, წესისამებრ, ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, ხოლო ქრონიკული – მოზრდილებში. მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (39-40°C), მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და ცვლილებები სისხლში. ავადმყოფობა 3-6 თვეს გრძელდება.

ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 37,5-38°C-მდე, იშვიათად – 39,5°C-მდე იმატებს. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სისხლის მაჩვენებლები ნელ-ნელა იცვლება. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომელიც რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს. სათანადო მკურნალობის გარეშე ავადმყოფობა შეიძლება 1,5-3 წელს გაგრძელდეს.

დაავადებისთვის, გარდა მაღალი ტემპერატურისა, დამახასიათებელია მოთენთილობა, ადინამია, სიფერმკრთალე, უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს.

ლეიშმანიოზის დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს და ეპიდანამნეზურ მონაცემებს (ინფორმაციას ავადმყოფის დაავადების კერაში ყოფნის შესახებ). გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლეიშმანიების აღმოჩენას ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში.

ვისცერული ლეიშმანიოზის კონტროლისა და პროფილაქტიკისათვის აუცილებელია: 

  • ლეიშმანიოზით დაავადებულთა დროული გამოვლენა და მკურნალობა (საეჭვო ავადმყოფებს კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეთ სამედიცინო პარაზიტოლოგიის ს`კ ინსტიტუტში);
  • ინფექციის რეზერვუარის კონტროლი, რაც გულისხმობს ინფიცირებული ცხოველების გამოვლენას, მათ მკურნალობას ან ევთანაზიას, მოხეტიალე ძაღლების პოპულაციის რეგულირებას;
  • ბრძოლა მოსკიტებთან, რაც, უწინარეს ყოვლისა, უკანონო ნაგავსაყრელების ლიკვიდაციასა და ინსექტიციდებით დამუშავებას ითვალისწინებს.

ლეიშმანიოზის გადამტან მწერებს ზრდა- განვითარებისთვის სჭირდებათ ჩრდილიანი ადგილი, მაღალი ტემპერატურა მკვეთრი რხევების გარეშე და ორგანული ნარჩენები. ასეთ პირობებს მოსკიტები პოულობენ ცხოველთა ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში.

მოსკიტები შებინდებისას გამოფრინდებიან. ზოგ სახეობას სახლებიდან გამომავალი სინათლე იზიდავს. განსაკუთრებით აგრესიულია დედალი მოსკიტი. ამ მწერის ცხოველქმედების პიკი ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ამიტომ გაზაფხულზე გამოვლენილი შემთხვევები წინა წლის ინფიცირების შედეგი გახლავთ.

მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, განსაკუთრებით – მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისა, რათა ბავშვები შებინდებისას (მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე) არ გაიყვანონ სასეირნოდ დაავადების კერებად მიჩნეულ ადგილებში, მოარიდონ ქინქლებს. გარდა ამისა, საჭიროა ფანჯრების აბადვა, სხეულის ღია ადგილებზე რეპელენტების (დამაფრთხობლების) წასმა.

რაც შეეხება მალარიას, 2006 წლის მონაცემებით, საქართველოში მალარიის 58 შემთხვევაა აღრიცხული, რაც წინა წლის მაჩვენებელთან (154) შედარებით თითქმის 3-ჯერ ნაკლებია.
მალარიის ადგილობრივი შემთხვევების კერები, ისევე როგორც გასულ წლებში, უმთავრესად საზღვრისპირა რაიონებში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონშია ლოკალიზებული. მალარიის პიკი საქართველოში აგვისტო-სექტემბერზე მოდის.

ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მალარიასთან ბრძოლას აფერხებს უმძიმესი ბუნებრივკლიმატური პირობები, ანოფელოგენური (ინფექციის გადამტანი კოღო ანოფელესისთვის ხელსაყრელი) დიდი წყალსატევები (რომელთა ფართობს კიდევ უფრო ზრდის ხშირი წყალდიდობა), დასახლებული პუნქტებიდან სიშორე, უგზობა, მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია როგორც საქართველოს სხვა რაიონებიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან.

საზოგადოდ, მალარია საქართველოში მოზრდილთა, უმთავრესად მამაკაცთა დაავადებაა, ვინაიდან კერები დასახლებულ პუნქტებში თითქმის არ არის, მეტწილად სოფლის გარეთ სამუშაო ადგილებში (მშენებლობებზე, სავარგულებში) გახლავთ ლაკალიზებული.

ინდივიდუალური პროფილაქტიკის მიზნით სასურველია:

* ზაფხულის სიცხეში წყლის გამოყენებისას არ შექმნათ კოღოს ზრდა-გამრავლების ხელშემწყობ პირობებს: პატარა გუბურები დააშრონ, წყლის რეზერვუარები თავდახურული შეინახეთ, წყლის მოძრაობა რომ არ შეფერხდეს, სანიაღვრე არხების კედლები მცენარეებისა და ნაგვისგან გაწმინდეთ.
* კოღო ადამიანს საღამო ხანს, მზის ჩასვლის შემდეგ ესხმის თავს, ამიტომ სასურველია, ამ პერიოდში სხეულის შიშველი ნაწილები დავფაროთ, კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები – რეპელენტები გამოვიყენოთ.

გაითვალისწინეთ: რეპელენტი უნდა შეიცავდეს დიეთილ-მ-ტოლუამიდს ან დიმეთილ ფტალატს. დასაშვებია მიხაკისა და სხვა მძაფრსუნიანი ოდეკოლონების, ქაფურის სპირტის გამოყენებაც.
* შენობაში კოღოები რომ ვერ შემოფრინდნენ, კარ-ფანჯრებს ბადეები ააფარეთ, ოთახებში შემოფრენილი კოღოები ინსექტიციდური აეროზოლებით გაანადგურეთ. შეიძლება ელექტროფუმიგატორის გამოყენებაც. 
* მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს ჩამოაფარეთ სამუმლე ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოუგეთ ლეიბის ქვეშ. ისიც შეიძლება, სამუმლე რეპელენტით ან სინთეზური პირეტროიდებით (მაგალითად პერმეტრინით) გაჟღინთოთ.
* თუკი მალარიის ენდემურ კერაში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, უთუოდ ჩაიტარეთ მალარიის ქიმიოპროფილაქტიკა (ქლოროქინით, დელაგილით, ფანსიდარით).
* ამოუცნობი ეტიოლოგიის სიცხიანი მდგომარეობის დროს აუცილებლად აიღეთ სისხლი მალარიაზე. ამ ანალიზის გაკეთება ყველა რაიონშია შესაძლებელი.

გააზიარე: