შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში

გააზიარე:
 
 
რა უნდა ვიცოდეთ “ტკბილი ცხოვრების” შესახებ

შაქრიანმა დიაბეტმა ასაკი არ იცის: ის მოზრდილებსაც ემართება და მცირეწლოვან ბავშვებსაც, თანაც ამ უკანასკნელთ გაცილებით მკაცრად ეპყრობა – 
ბავშვთა ასაკში განვითარებული დიაბეტი, მოზრდილთა დიაბეტისგან განსხვავებით, მხოლოდ კვების რეჟიმის შეცვლას და ტაბლეტოთერაპიას არ სჯერდება – უთუოდ ინსულინით მკურნალობას მოითხოვს.
ბავშვთა დიაბეტის თავისებურებებზე გვესაუბრება თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მარინა გორდელაძე.

-რამდენად გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში?
– მოგეხსენებათ, დიაბეტი ორი ტიპისაა. უფრო მეტად გავრცელებულია მეორე ტიპი, ანუ მოზრდილთა დიაბეტი, რომელიც ასიდან 90-95 შემთხვევაში გვხვდება. პირველი ტიპისა, რომელსაც ინსულინდამოკიდებულსაც ვუწოდებთ, შედარებით იშვიათია – მის წილად მხოლოდ 5-10% მოდის, თუმცა ბავშვებში ძირითადად სწორედ იგი გახლავთ გავრცელებული.
2006 წლისთვის დიაბეტით ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი საქართველოში 100 000-იდან რვას უტოლდებოდა. ცნობილია, რომ თუკი ინდექსი 7-ზე ნაკლებია, ეს დაავადების დაბალ გავრცელებაზე მიუთითებს, 7-19-მდე – საშუალოზე, ხოლო 20-ზე მეტი – მაღალზე. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის გავრცელების დონე ჩვენს ქვეყანაში საშუალოა. ევროპის მრავალ ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, მაგალითად, ფინეთში იგი 48%-ს აღწევს.

-რისი ბრალია, რომ შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად არის გავრცელებული?
– დიაბეტის გამოვლენა გარკვეულწილად დამოკიდებული გახლავთ გეოგრაფიულ, ეთნიკურ და სხვა ფაქტორებზე. ჩრდილოეთის ქვეყნებში პირველი ტიპის დიაბეტი სამხრეთისასთან შედარებით მეტად არის გავრცელებული. მაგალითად, ფინეთში ის 30-40-ჯერ ხშირია, ვიდრე კორეასა და მექსიკაში, ინდოთის მოსახლეობაში დიაბეტის მეორე ტიპი უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე პირველი და ა.შ.

-ბევრი მიიჩნევს, რომ შაქრიანი დიაბეტი მემკვიდრეობით გადაედება. თქვენ რას გვეტყვით, არის თუ არა იგი  გენეტიკური დაავადება?
– თუკი ოჯახის რომელიმე უფროს წევრს დიაბეტი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება უმცროსებსაც განუვითარდება. მემკვიდრეობით უფრო ხშირად მეორე ტიპის დიაბეტი გადაეცემა. ასე რომ, თუკი ბებიას მოხუცებულობისას შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი გამოაჩნდა, მოსალოდნელია (თუმცა არა გარდაუვალი), იმავე ასაკში დაავადება შვილიშვილსაც გამოუვლინდეს, მაგრამ თუკი ბავშვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი დაემართა, ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება მემკვიდრეობით ბებიისგან მიიღო. თუ შაქრიანი დიაბეტის I ტიპით ავად არის რომელიმე მშობელი, და ან ძმა, ბავშვისათვის მისი რისკი 5%-ს არ აღემატება, ხოლო თუ დიაბეტი აქვს ორივე მშობელს ან იდენტურ ტყუპისცალს, ალბათობა 30-50%-მდე იზრდება.

-რა იწვევს ბავშვთა და მოზარდთა შაქრიან დიაბეტს?
– მისი მიზეზი გახლავთ ინსულინის აბსოლუტური ან შეფარდებითი დეფიციტი, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების დაზიანება განაპირობებს. სწორედ ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ინსულინს. მათ დაზიანებას საფუძვლად უდევს გარკვეული გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელსაც გარემო ფაქტორთა ზემოქმედება დაერთვის. ორგანიზმი საკუთარ ბეტა-უჯრედებს უცხოდ აღიქვამს და ანტისხეულების გამომუშავებით ებრძვის. როდესაც უჯრედთა 90% განადგურებულია, ხდება დაავადების მანიფესტაცია.

-როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, მაშინაც კი, როდესაც ბავშვს შაქრიანი დიაბეტისადმი მემკვიდრეობითი განწყობა აღენიშნება, დაავადების გამოსავლენად ხელშემწყობი ფაქტორების არსებობაა საჭირო...
– მართლაც ასეა, დაავადების ჩამოყალიბებას ხელშემწყობი ფაქტორები სჭირდება. ესენი გახლავთ:  ვირუსული ინფექციები (წითელა, წითურა, ენტეროვირუსები), ტოქსინები, სტრესი, ხანმოკლე ბუნებრივი კვება ან კვების რაციონში ძროხის რძის ნაადრევი ჩართვა და ა.შ.

-უპირატესად რომელ ასაკში იჩენს თავს ბავშვთა შაქრიანი დიაბეტი?
– პირველი ტიპის დიაბეტი ბავშვს შეიძლება ნებისმიერ ასაკში განუვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის ვლნიდება პრეპუბერტატულ და პუბერტატულ ასაკში – სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც მოზარდის ორგანიზმში ე.წ. ჰორმონული ქარიშხალი ტრიალებს. ეს ბუნებრივია, რადგან სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას მხოლოდ ინსულინი ემსახურება, დანარჩენ ჰორმონებს კი კონტრაინსულინური ხასიათი აქვთ. უნდა ითქვას, რომ თუკი წინათ ხუთ წლამდე ასაკში შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის ალბათობა მეტად მცირე იყო, ამჟამად ასეთი პაციენტების რიცხვმა იმატა. საზოგადოდ, მომატებულია ბავშვებში შაქრიანი დიაბეტით ავადობის მაჩვენებელი.

-რა ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება, რომ შაქრიანი დიაბეტი იეჭვონ და შვილი ექიმთან წაიყვანონ?
– უფრო იოლად რომ მივხვდეთ, რატომ ვითარდება ესა თუ ის კლინიკური ნიშანი, მოდით, იმ პათოლოგიურ ძვრებზე ვისაუბროთ, რომლებიც დაავადების დროს ვითარდება ადამიანის ორგანიზმში.
ყველამ იცის, რომ ორგანიზმისთვის ენერგიის წყარო საკვებია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი გადამუშავების შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა, რომელიც გადადის სისხლში, აღწევს უჯრედებში და იქ ენერგიად გარდაიქმნება. გლუკოზის უჯრედებში შეტანა კი ინსულინს ავალია. ამრიგად, საკმარისია ინსულინის გამომუშავებამ იკლოს ან შეწყდეს, რომ გლუკოზა სისხლში დაგროვდება, უჯრედები კი ენერგეტიკულ შიმშილს განიცდიან. სისხლში ჭარბად დაგროვილი გლუკოზა შარდში გადადის და რაკი სითხის შებოჭვის უნარი აქვს, ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხეს წარიტაცებს.  ამიტომაც გახლავთ შაქრიანი დიაბეტის პირველი ნიშანი გახშირებული და გაძლიერებული შარდვა (პოლიურია), რასაც უთუოდ მოჰყვება პირის სიმშრალე და გაძლიერებული წყურვილი. 
რაკი ორგანიზმი ვერ ახერხებს, გლუკოზა ჯეროვნად მოიხმაროს ენერგიის წყაროდ, იწყება ენერგიის ალტერნატიული გზის ძიება – ცხიმებისა და ცილების გაძლიერებული დაშლა. ცხიმების არასრული დაშლის პროდუქტის – აცეტონის გაჩენა,  რაც კლინიკურად გულისრევითა და ღებინებით იჩენს თავს, განგაშის სიგნალად უნდა იქცეს, რადგან ეს კომისწინარე  მდგომარეობის მაჩვენებელი გახლავთ.
შაქრიანი დიაბეტის ნიშანია წონის კლებაც. თუკი ბავშვს კარგი მადა აქვს, ფონზე წონას იკლებს, მშობლებმა სისხლში გლუკოზის შემცველობა ან, როგორც ხალხში ამბობენ, შაქრის დონე უნდა შეუმოწმონ. გამორიცხული არ არის, გლუკოზის დონე ნორმალური იყოს, მაგრამ პოლიურია მაინც აღენიშნებოდეს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა უშაქრო დიაბეტთან გვქონდეს საქმე.
არსებობს სხვა მდგომარეობებიც, რომლებსაც გაძლიერებული შარდვა და წყურვილი სდევს თან, მაგრამ სისხლში გლუკოზის დონის მატება მხოლოდ შაქრიან დიაბეტს ახასიათებს.

-რა პრინციპით მკურნალობენ ბავშვთა შაქრიან დიაბეტს?
– როგორც მოგახსენეთ, პირველი ტიპის დიაბეტს ინსულინდამოკიდებულსაც უწოდებენ. სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ მისი მკურნალობის უალტერნატივო საშუალება ინსულინოთერაპიაა.
1921 წლამდე, ვიდრე ინსულინი არ არსებობდა, უამრავი ახალგაზრდა და ბავშვი იღუპებოდა შაქრიანი დიაბეტით. მხოლოდ ინსულინოთერაპიის დანერგვის შემდეგ გახდა შესაძლებელი დაავადების მართვა. თავდაპირველად სამკურნალოდ ცხოველური წარმოშობის ინსულინს იყენებდნენ, 80-იანი წლებიდან კი გენური ინჟინერიის გზით მიღებული ინსულინი გამოჩნდა, რომელიც შემადგენლობით ადამიანისას ჰგავდა, ბოლო დროს კი დაიწყეს ე.წ. ინსულინის ანალოგების გამოყენება, რომლებიც არა მხოლოდ შემადგენლობით, არამედ მოქმედების ხასიათითაც ადამიანის ინსულინის იდენტური გახლავთ. 

-როგორი სიხშირით არის საჭირო ინსულინის ორგანიზმში შეყვანა?
–ორგანიზმში ინსულინის გამომუშავების ორ ძირითად ფაზას განასხვავებენ. პირველი, ბაზალური (მუდმივი) სეკრეციისა, მეტაბოლური პროცესების წარმართვას ემსახურება, მეორე, პიკური სეკრეციისა, საკვების მიღების შემდეგ მომატებულ გლუკოზის დონეს ანეიტრალებს. ინსულინის პრეპარატის შეყვანით ადამიანის ორგანიზმში ინსულინის ფიზიოლოგიური სეკრეციის იმიტაცია უნდა მოვახდინოთ. ამიტომ ბავშვს დღეში ინსულინის 4-5 ინექცია სჭირდება. ასეთია ინსულინოთერაპიის ოპტიმალური რეჟიმი ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და მას ინტენსიფიცირებულ ინსულინოთერაპიას უწოდებენ.
ინსულინოთერაპია თვითკონტროლის ცოდნას მოითხოვს. გლუკოზის დონე დღეში 4-5-ჯერ მაინც უნდა შემოწმდეს. ასე რომ, თავადაც მიხვდებით, მეტად მნიშვნელოვანია, პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს დაავადების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დიაბეტის სკოლა, რომლის მიზანიც დაავადებული ბავშვისა და მისი მშობლების განათლება გახლავთ. 

-საჭიროა თუ არა, ბავშვი, რომელსაც პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, მკაცრ დიეტას იცავდეს?
– არ შეიძლება, დიაბეტით დაავადებული ბავშვი ვაშიმშილოთ. იგი ისევე უნდა იკვებებოდეს, როგორც მისი ჯანმრთელი თანატოლები, თუმცა მენიუ არ უნდა შეიცავდეს   რაფინირებულ ნახშირწყლებს, რომლებიც სწრაფად და მკვეთრად სწევენ სისხლში გლუკოზის დონეს და შესაბამისად, მეტი ინსულინის გამოყენებას გვაიძულებენ.

-შეიძლება თუ არა, დიაბეტიანი ბავშვი სპორტს მისდევდეს?
– არამცთუ შესაძლებელი, აუცილებელიც კია. ბავშვი ფიზიკურად ჯანსაღი უნდა იყოს. მას მკურნალ ექიმთან ერთად  უნდა შეურჩიოთ დოზირებული ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი. 

-თუკი ბავშვს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა, რა გართულებებს უნდა ველოდეთ?
– შაქრიან დიაბეტს ორგვარი გართულება შეიძლება მოჰყვეს: მწვავე და ქრონიკული. მწვავეა დიაბეტური კომა, რომელიც შეიძლება განაპირობოს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრმა მატებამ ან კლებამ. რა მიზეზითაც არ უნდა განვითარდეს კომა, ის ექიმის გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.
ქრონიკული გართულებები უმთავრესად სისხლძარღვთა დაზიანებით მიმდინარეობს. ესენი გახლავთ რეტინოპათია, ნეფროპათია და ნეიროპათია.  რაც უფრო უკეთ უვლის პაციენტი თავს, მით უფრო გვიან იჩენს თავს გართულებები. თანამედროვე ინსულინი და ადეკვატური რეჟიმი პაციენტის ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს და გართულებების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.

-დაბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვის შვილსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს?
– პირველ ყოვლისა, მინდა, ვურჩიო: თუკი ბავშვს სისხლში გლუკოზის მომატება ორჯერ მაინც აღენიშნა (უზმოზე – 130მგ%-ზე მეტად, ხოლო დღის ნებისმიერ მონაკვეთში – 200მგ%-ზე მეტად), ნუღარ დააყოვნებენ, მიმართონ ბავშვთა ენდოკრინოლოგს; ხსენებული ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინწარმომქმნელი ბეტა უჯრედების უმრავლესობა (დაახლოებით 90%) მკვდარია. დანარჩენი 10% რომ გადავარჩინოთ, დროულად უნდა დავიწყოთ ინსულინოთერაპია. მკურნალობისთვის თავის არიდება და ალტერნატიული გზების ძიება გაუმართლებელია, მით უფრო, რომ ამჟამად ინსულინოთერაპიას პირველი ტიპის დიაბეტის მკურნალობისას ალტერნატივა არ გააჩნია.
გააზიარე: