ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

გააზიარე:

თებერვალი დადგაო,
ხეში წყალი ჩადგაო,
ჩიტმა-ჩიორამაო
საძირკველი გადგაო

ალბათ ყველას გახსოვთ ეს მშვენიერი ლექსი… მაგრამ ბუნება თებერვალში მხოლოდ ხეების მოვლით როდია დაკავებული; ნუ იტყვით და სეზონისა და მზის აქტივობის გავლენას თურმე ადამიანის ფიზიოლოგიაც განიცდის. მით უფრო –  თებერვალში. ეს გასაგებიცაა: მალე ხომ გაზაფხული შემოაღებს კარს თავისი სეზონური სიურპრიზებითა და კანონზომიერი ფიზიოლოგიური ძვრებით. მანამდე კი ზამთარი ღირსეულად უნდა გავაცილოთ და კარგა ხნით გამოვეთხოვოთ მოთენთილობასა და სევდას, ასე მალულად რომ შემოგვეპარება ხოლმე ზამთრის მიწურულს. ერთი სიტყვით, თებერვალი ის დროა, თვალები მოვიფშვნიტოთ და გამოვიღვიძოთ. თუმცა ეს ასე იოლი როდია...

შემპარავი სენი

თუ კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ დაღლილობა და მოთენთილობა თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც მოდის. არც მძიმე ტვირთი აგიწევია, არც კუს ტბაზე გირბენია დილაადრიან, მაგრამ ძალ-ღონე მაინც სადღაც გაქრა, თვალები კი გეხუჭება.

ეს უმიზეზო დაღლილობა, როგორც წესი, სეზონურად იჩენს ხოლმე თავს. დამნაშავე კლიმატის, მზის გამოსხივების მკვეთრი ცვლილებაა. მეცნიერებმა – მხოლოდ დაღლილობა რა საკადრისიაო და ამ დამთრგუნველ მდგომარეობას სეზონური დეპრესია შეარქვეს.

მართლაც, ზამთრობით, როცა მზე ასე ძლიერ გვენატრება, უსიამოვნო განწყობა განსაკუთრებით ხშირად გვეუფლება. როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, მზის სხივები, საზოგადოდ, სინათლე ორგანიზმში ე.წ. ბედნიერების ჰორმონების  (ენდორფინების, კატექოლამინებისა და სეროტონინის) გამომუშავებას უწყობს ხელს. შესაბამისად, როდესაც დღე მოკლეა და მზეც ყოველ სხივს გვამადლის, ძნელია ხალისიანი განწყობა შეინარჩუნო. ამას ისიც ერთვის, რომ ზამთრის მიწურულს ჩვენი ორგანიზმი ვიტამინების დეფიციტს განიცდის, ეს კი, თავისთავად, ენერგიის დეფიციტსა და მოთენთილობას განაპირობებს.

თანამედროვე ქალის ხვედრი

მეცნიერები დღემდე იმაზე მსჯელობენ, რისი ბრალია დაღლილობა. ჯერ ეგონათ, დამნაშავე რომელიღაც უცნობი ვირუსი იყო. პათოლოგიური დაღლილობის დროს ორგანიზმში მართლაც აღმოაჩინეს სპეციფიკური ვირუსი, მაგრამ ვერაფრით გაარკვიეს, მან გამოიწვია ქდს თუ, პირიქით, სადმე იყო მიყუჟული და დაღლილობის გამო გააქტიურდა (ისევე, როგორც ჰერპესის დროს). ამიტომ ქდს-ის წარმოშობის ამ ვერსიის განხილვას თავი ანებეს და პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ.

დაინტერესებულმა პირებმა, ბევრი იკვლიეს თუ ცოტა, დაადგინეს, რომ დაღლილობა, რომელიც ასე ხშირად გვახსენებს თავს, ცივილიზაციის განვითარების შედეგია და მუდმივ სტრესს, ცხოვრების აუტანლად სწრაფ ტემპს უკავშირდება. ქდს-ის სინდრომი ყველაზე მეტად კარიერისტებს და შრომით შეპყრობილებს ემუქრებათ. ეს ის ხალხია, ვინც დღე-ღამეში ლამის 25 საათი მუშაობს. “დაღლილობის სევდით” შეპყრობილები უმეტესად საშუალო ასაკის, კარიერის ზენიტში მყოფი მენეჯერები ბრძანდებიან, თანაც თუკი ორიოდე ათწლეულის წინ უპირატესად მამაკაცები იყვნენ მისი მსხვერპლნი, დღეს ქალბატონები ლიდერობენ. ვინ იცის, იქნებ ყველაფერი ამ ყბადაღებული ემანსიპაციის ბრალია... ამგვარი სტატისტიკა ალბათ იმანაც განაპირობა, რომ თანამედროვე ქალებს დღისით ოფის-ლედის იმიჯის მორგება უხდებათ, საღამოობით კი მზრუნველი დედებისა და მეუღლეების როლის შესრულება უწევთ, ყოველივე ეს კი, დამეთანხმებით, ნამდვილად დამღლელია. რაც მთავარია, ასეთი გადაქანცვა სეზონური აღარ არის.

ჭეშმარიტი  დაღლილობა ჭეშმარიტი ქალბატონებისთვის

დაღლილობაც არის და დაღლილობაც. ალბათ არაერთხელ გსმენია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის შესახებ. სწორედ მასზე მსურს გესაუბრო.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) ერთი შეხედვით უმიზეზოდ (განურჩევლად სეზონისა და ამინდისა), მკვეთრი საერთო სისუსტით იჩენს თავს, რომელსაც დასვენება არ შველის. იგი ორგანიზმს ფიტავს და ადამიანს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან აგდებს.

ბანალური დაღლილობა ადრე თუ გვიან თავისთავად გაივლის (ან გამოიძინებ, ან, ბოლს და ბოლოს, მზე გამოანათებს), ქდს-ს კი ექიმის პროფესიონალიზმი და მარიფათი სჭირდება. შესაძლოა, “ჭეშმარიტი დაღლილობისგან” განსაკურნებლად რომელიმე მასტიმულირებელი პრეპარატის დალევაც მოგიხდეს.

და, რაც მთავარია, ქდს-ც, ჩვეულებრივი დაღლილობის დარად, ყველაზე მეტად წარმატებულ ბიზნეს-ქალბატონებს ემტერება. მეცნიერებმა სწორედ მათთვის გამოუძებნეს ქდს-ს კიდევ ერთი საინტერესო სახელწოდება: თეთრი საყელოს სინდრომი.

აი, ნიშნები, რომლებიც იჩენს თავს ქდს-ის დროს:

. ძლიერი სისუსტე, რომელიც დასვენების შემდეგაც არ გაივლის,  დაღლილობას გაღვიძებისთანავე  გრძნობ;
. უძილობა ან პირიქით, ძილიანობა;
. მეხსიერების გაუარესება;
. ყავა, რომელიც აქამდე სასიცოცხლო ტონუსს გმატებდა, აღარ გშველის;
. გაღიზიანება, ხასიათის ხშირი და უმიზეზო ცვლილება, გარშემომყოფებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვა;
. ხშირი ინფექცია, ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების მტკივნეულობა;
. კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
. თავბრუხვევა და ხშირი თავის ტკივილი;
. გაძლიერებული ოფლიანობა;
. სულხუთვა, ტკივილი გულის არეში, გულის ამოვარდნა.

განდევნე სევდა და დაღლილობა

თუ ახლა თებერვალია, ამ სტატიას კითხულობ და, რაც მთავარია, ჯერ არ დაღლილხარ, მაშ, იმ საშუალებებს გაგაცნობთ, რომლებიც მოთენთილობისგან გიხსნის.
*ერიდე არაადამიანურ შრომას (როგორც გონებრივს, ისე ფიზიკურს). სამუშაო დღის განრიგი ისე შეადგინე, რომ დათქმულ დროში ჩაეტიო, არ არის საჭირო, “დავალება” შინ წაიღო.
*ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვი. გაითვალისწინე, რომ ოფისის განათება, თუნდაც თვალისმომჭრელად კაშკაშა, ბედნიერებისთვის არ კმარა. გამოაღე ფანჯარა და საშუალება მიეცი მზის სხივებს, ოთახი აავსონ.
*დილით ადრე ადექი და სამსახურისკენ, თუ ქალაქის მეორე ბოლოში არ მუშაობ, ფეხით გაქუსლე.
*მაქსიმალურად გამოიყენე შესვენების დრო. თხუთმეტ-ოცწუთიანი გასეირნება შვებას ნამდვილად მოგგვრის.
*მიირთვი ვიტამინებით მდიდარი საკვები ან მიიღე ვიტამინების კომპლექსი.
*მიიღე (ოღონდ – ექიმთან კონსულტაციით) მსუბუქი ანტიდეპრესანტები, რომელიმე მცენარეული (მაგალითად, კატაბალახას, ჟენშენის) ნაყენი.
*ივარჯიშე, მისდიე სპორტს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცურვა.
*მიმართე არომათერაპიას. შესანიშნავად აფხიზლებს ციტრუსების სურნელი. ასე რომ, შეგიძლია დღე თბილი შხაპითა და ფორთოხლისა და ლიმონის შემცველი შხაპის გელით დაიწყო.

მენიუ “შორს დაღლილობა”

მოიმარაგე საკვები, რომელიც გულს ეამება. ეს ის პროდუქტები გახლავთ, რომლებიც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს: წიწაკა, შოკოლადი, ნაყინი...

გადაღლილი გონებისთვის კარგი ყოფილა B1 და B2 ვიტამინები, რომლებსაც შეიცავს კარტოფილი, მწვანე ბოსტნეული, რძე, ყველი, თევზი, C ვიტამინი (ხილი და ბოსტნეული), რკინა (ინდაურის თეთრი ხორცი, ღვიძლი, ხბოს ხორცი).

დიეტოლოგებმა (უსათუოდ – მეცნიერულ საფუძვლებზე!) დაასკვნეს, რომ ხანგრძლივი დიეტა და ცხიმებითა და ნახშირწყლებით ღარიბი რაციონი (ფაქტობრივად – შიმშილი!) განწყობილებას აქვეითებს. ზამთარში, როდესაც საკვები ვიტამინებით ღარიბია, არც მთლად უკალორიო კერძებია რეკომენდებული. ასე რომ, ზომიერად მიღებული ცხიმი და ტკბილეული არა მარტო ჯანმრთელობის, არამედ კარგი განწყობის საწინდარიც არის.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: