თვალის დამცველი
გააზიარე:
თვალი ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოა, მაგრამ მის დასაცავად ბუნებამ თვითონვე იზრუნა. დაზიანებისგან, გამოშრობისგან, ინფექციის შეჭრისგან თვალს ქუთუთო იცავს. ის თვალის კაკლის ზედაპირზე ანაწილებს ტენს, აცილებს და გარეთ გამოდევნის ჭუჭყს. როდესაც ადამიანს რაიმე საგანი უახლოვდება, თვალს რეფლექსურად ხუჭავს – ესეც თავდაცვითი მანევრია. მაგრამ ზოგჯერ თვალის დამცველი თვითონვე ზიანდება...
ქუთუთოს ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნატალია მაღლაკელიძე გვესაუბრება:
– ბავშვთა ასაკში გვხვდება ქუთუთოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი პათოლოგიები. თანდაყოლილია, მაგალითად, კოლობომა – განვითარების ანომალია, რომლის დროსაც ზედა ან ქვედა ქუთუთოს რომელიმე ნაწილი აკლია. ის შესაძლოა რომელიმე გენეტიკური სინდრომის ნაწილი იყოს ან ნაყოფის განვითარების დარღვევისას ჩამოყალიბდეს.
ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი პათოლოგიაა პტოზი – ზედა ქუთუთოს დაშვება. ის ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც. თანდაყოლილად მიიჩნევა პტოზი, რომელიც დაბადებიდანვე შეინიშნება ან სიცოცხლის პირველსავე წელს იჩენს თავს. მისი მიზეზი უმეტესად ქუთუთოს ამწევი კუნთის ან ნერვის დაზიანებაა.
პტოზი ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო ტრავმამ, თავის ტვინისა და ნერვულის სისტემის პრობლემებმა, ქუთუთოზე ამა თუ იმ წარმონაქმნის არსებობამ.
პრობლემის მოსაგვარებლად ხშირად მიმართავენ ქუთუთოს პლასტიკას – ბლეფაროპლასტიკას. ადრეულ ასაკში განვითარებულმა პტოზმა შესაძლოა მხედველობის განვითარების შეფერხება – ზარმაცი თვალი გამოიწვიოს. თუ პტოზს მხედველობის დარღვევა არ ახლავს თან, ოპერაცია შეიძლება მოგვიანებით გაკეთდეს.
ქუთუთოების შეძენილ პათოლოგიათაგან შეიძლება დავასახელოთ ჩირქოვანი (ფურუნკული, კარბუნკული, აბსცესი, ფლეგმონა), ჰერპესული, სოკოვანი, ალერგიული დაავადებები, კონტაგიოზური მოლუსკი, ქუთუთოს კიდის ანთებითი დაავადება – ბლეფარიტი და სხვა.
ბლეფარიტი
– ბლეფარიტი ქუთუთოს კიდის ქრონიკული ანთებაა, რომელიც ხშირად მეორდება ანუ რეციდივებით მიმდინარეობს. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და არაერთი მიზეზი აქვს:
- ქუთუთოს ცხიმოვანი (მეიბომის) ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია ანუ ცხიმის გაძლიერებული წარმოქმნა;
- წამწამის ფოლიკულების ჩირქოვანი სტაფილოკოკური ინფექცია;
- ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების (მედიკამენტის, უფროსი ასაკის გოგონებთან – კოსმეტიკის) ზემოქმედება;
- ორგანიზმის ალერგიული მდგომარეობა;
- ქუთუთოს კიდის სპეციფიკური – სოკოვანი, პარაზიტული – ინფექცია (მაგალითად, ბლეფარიტს ხშირად იწვევს ტკიპა დემოდექსი).
ბლეფარიტის განვითარებას ხელს უწყობს ექსუდაციური დიათეზი, არასწორი კვება, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული დარღვევები, ავიტამინოზი, ცხვირის დანამატი წიაღებისა და კბილების დაავადებები, ანემია, პარაზიტული ინვაზია, ჰიგიენის წესების დაუცველობა.
ბლეფარიტის გამოწვევა ასევე შეუძლია მხედველობის არაკორეგირებულ მანკს, განსაკუთრებით – შორსმხედველობას, ასტიგმატიზმსა და პრესბიოპიას.
როგორ ვლინდება
– განასხვავებენ ბლეფარიტის რამდენიმე ფორმას: მარტივს, ქერცლოვანსა და წყლულოვანს.
მარტივ ბლეფარიტს ახასიათებს ქუთუთოს კიდის სიწითლე და შეშუპება. თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, მარტივი ბლეფარიტი შესაძლოა ქერცლოვანში გადაიზარდოს. ამ დროს სიწითლესა და შეშუპებასთან ერთად წამწამების ძირებთან შეინიშნება კანზე მჭიდროდ მიკრული ქერცლი. მისი მოშორებისას კანის მთლიანობა არ ირღვევა. სიწითლე და შეშუპება თანდათან იმატებს, ქუთუთოების კიდეები გადასწორდება და ირღვევა კონტაქტი ქუთუთოსა და თვალის კაკალს შორის. ამან შესაძლოა ეგზემურ ცვლილებამდე და ქუთუთოს დეფორმაციამდე მიგვიყვანოს. ზოგჯერ ანთებითი პროცესი კონიუნქტივასაც ითრევს და ბლეფაროკონიუნქტივიტი ვითარდება.
ხანგრძლივად მიმდინარე ქერცლოვანი ბლეფარიტი იწვევს ნაწილობრივ ალოპეციას – წამწამების ცვენას, დარჩენილი წამწამები კი უფრო თხელი, მოკლე და მყიფეა.
გაცილებით რთულია წყლულოვანი ბლეფარიტი. ქუთუთოს კიდის სიწითლე და შეშუპება მასაც ახასიათებს, მაგრამ, ამასთან ერთად, კიდეზე ჩნდება ჩირქოვანი ქერქი, რომლის მოცილების შემდეგ წარმოიშობა ჩირქოვანი ნადების მქონე სისხლმდენი წყლულები. წყლულოვან ბლეფარიტს ხშირად ერთვის კონიუნქტივიტი.
ზოგჯერ ბლეფარიტი რთულდება არა მარტო კონიუნქტივიტით, არამედ კერატიტითაც – ანთებით პროცესში ერთვება რქოვანა გარსი. ამან შესაძლოა სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს.
ბლეფარიტი იწვევს ქუთუთოების ქავილს, წვას, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნებას, თვალების ადვილად დაღლას.
ბლეფარიტი გადამდები არ არის.
– როდის მივიდეთ ექიმთან?
– ექიმს უნდა მიმართოთ, როცა:
- ტკივილი ძლიერდება;
- მხედველობა უარესდება
- შეშუპება იმატებს;
- ქუთუთო ცხელია;
- ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა;
- ქუთუთოზე გამონაყარი გაჩნდა.
მკურნალობა
– როგორ მკურნალობენ ბლეფარიტს?
– უწინარეს ყოვლისა, საჭიროა ყოველდღიური წმენდა, რაც ქუთუთოებს აცილებს ბაქტერიებსა და ზედმეტ ცხიმს. ბავშვს თვალები უნდა ამობანოთ საბავშვო შამპუნით ან სპეციალური გამწმენდი საშუალებით გაუწმინდოთ. ექიმი ანტიბიოტიკის შემცველ მალამოს გამოგიწერთ. ზოგჯერ – დასალევ ანტიბიოტიკსაც. მდგომარეობას თევზის ცხიმის შემცველი პრეპარატებისა და ვიტამინების მიღებაც აუმჯობესებს.
როცა ბლეფარიტი გაივლის, ქუთუთოების სისუფთავეზე უნდა იზრუნოთ, რათა ანთების რეციდივს არ შევუწყოთ ხელი.
ჯიბლიბო
– ჯიბლიბო ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების მწვავე ჩირქოვანი ანთებაა, რომელსაც ოქროსფერი სტაფილოკოკი იწვევს. ქუთუთოს კანზე ანთებითი ნაწილი ამობურცული, გაწითლებული და შეშუპებულია. ჯიბლიბო, წესისამებრ, ქუთუთოს გარეთა მხარეს ვითარდება, იშვიათად – შიგნითა მხარეს, იწვევს ტკივილს, ცრემლდენას, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებას. ჯიბლიბოს გამეორებაც ახასიათებს.
ხშირად ჯიბლიბო რამდენიმე დღეში თავისთავად, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, გაივლის.
ქალაზიონი
– ქალაზიონი ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული ანთებაა. ის წამწამის ქვეშ არსებული სადინარის დახშობისას ვითარდება. ქალაზიონი უმტკივნეულოა, ბავშვებთან ხშირად თავისთავად გაიწოვება. ქირურგიული ჩარევა იშვიათად ხდება საჭირო.
მკურნალობა
– როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ჯიბლიბო ან ქალაზიონი აქვს?
– ორივე დაავადება, როგორც მოგახსენეთ, უმეტესად თავისთავად გაივლის, მაგრამ ზოგჯერ რთულდება და ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. გაურთულებელ შემთხვევაში შეგიძლიათ, ჩირქის გამოდენას თავადაც შეუწყოთ ხელი: ბავშვს დღეში 4-6-ჯერ, 15-20 წუთით, დააფინოთ ქუთუთოზე ცხელი წყლის ან ფიზიოლოგიური სითხის საფენი. საფენი ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არც იმდენად, რომ ქუთუთო დაწვას. უფრო უკეთესი იქნება, სპეციალისტს მიმართოთ. ის ანტიბიოტიკის შემცველ მალამოს ან წვეთებს დაგინიშნავთ. შესაძლოა, დრენირებაც (ჩირქის ქირურგიული გზით გამოდევნა) გახდეს საჭირო.
მკურნალობის დროსაც და მის შემდეგაც აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა.
არამც და არამც არ გირჩევთ ჩირქის ძალდატანებით გამორწყვას – ამან შესაძლოა მძიმე გართულებამდე მიგვიყვანოს.
ზემოთაც აღვნიშნე, რომ ამ დაავადებებს გამეორება ახასიათებს. თუ ქალაზიონი ხშირად მეორდება, უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ეს დემოდეკოზი (ტკიპა დემოდექსით გამოწვეული დაავადება). ტკიპის მოცილების შემდეგ ბაქტერიების რაოდენობა მცირდება და ჯირკვლის სადინარიც იხსნება.
– როდის არის აუცილებელი ექიმის ჩარევა?
– ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:
- ქუთუთო მკვეთრად არის შესივებული;
- თვალიდან ჭარბად დის ჩირქი;
- კომპრესების მიუხედავად, ტკივილი და დაჭიმულობა იმატებს;
- პირველი 2-3 დღის განმავლობაში იმატებს შეშუპება;
- ქუთუთო ცხელია, მტკივნეული, ბავშვს სიცხე აქვს;
- უარესდება მხედველობა;
- სიწითლე და შეშუპება სცილდება ქუთუთოს საზღვრებს.
პრევენცია
– როგორ დავიცვათ ბავშვი ქუთუთოს ინფექციებისგან და მათი რეციდივისგან?
– უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა ვასწავლოთ ხელების ბანა საპნითა და თბილი წყლით, გადავაჩვიოთ თვალების სრესას. მოზრდილი გოგონები გავაფრთხილთ, არ იხმარონ ძველი ან სხვისი კუთვნილი კოსმეტიკა, არ დაიტოვონ მაკიაჟი ღამით. თუ ბავშვი კონტაქტურ ლინზებს ხმარობს, ვასწავლოთ მათი მოვლა, ხელების დაბანა ლინზების ამოღებისა თუ ჩასმის დროს.
მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო მდგომარეობაც: თუ ბავშვს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, ენდოკრინული სისტემის პათოლოგია, ავიტამინოზი და სხვა, – მკურნალობა აუცილებელია
მარი აშუღაშვილი