პროსტატიტი
გააზიარე:
პროსტატიტი უპირატესად ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცთა ხვედრია. როგორც სტატისტიკა გვამცნობს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცების მეოთხედი უროლოგთან სწორედ ამ მიზეზით მიდის. დამნაშავე? – დამნაშავე პაწაწინა ჯირკვალი გახლავთ, რომელიც მცირე მენჯის ღრუში, ზუსტად შარდის ბუშტის ქვეშ მდებარეობს. მის უკან სწორი ნაწლავია მოთავსებული, ხოლო შარდსადენის დასაწყისი ზუსტად მის შუაში გადის.
მართალია, წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, სულ პატარაა (წაბლისოდენა თუ იქნება), მაგრამ ერთობ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც სპერმის 25%-ს შეადგენს და თესლის მოძრაობასა და ცხოველქმედების უნარს უზრუნველყოფს. მასვე ევალება შარდის შეკავება (რა თქმა უნდა, სურვილისამებრ) და საჭირო დროს სპერმის გამოტყორცნაშიც მონაწილეობს. თავად განსაჯეთ, როგორი ასატანია, როცა ეს მეტად პატივსაცემი ჯირკვალი მწყობრიდან გამოდის, როგორც, მაგალითად, მისი ანთების – პროსტატიტის – დროს.
საიდან ჩნდება თავსატეხი
პროსტატიტის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ინფექციური აგენტია, რომელიც ჯირკვალში სულ იოლად აღწევს. ამას პროსტატა საკუთარ მდებარეობას უნდა უმადლოდეს: მიკროორგანიზმებისთვის გზა ყველა მხრიდან ხსნილია – საშარდე ბუშტიდან, შარდსადინარიდან, სწორი ნაწლავიდან, სისხლძარღვებიდან და ლიმფური ძარღვებიდან.
ვინ ემტერება წინამდებარე ჯირკვალს?
სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, ქლამიდია, ტრიქომონადა, გონოკოკი, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, სოკო და ვირუსები (უმეტესად – მარტივი ჰერპესისა და გრიპისა). მიკროორგანიზმების უმრავლესობა წინამდებარე ჯირკვალში რომელიმე უროგენიტალური (შარდ-სასქესო) დაავადების (მაგალითად, გონორეის, ურეთრიტის) შედეგად ხვდება, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ინფექციამ შეიძლება ჰემატოგენური გზით – სისხლის ნაკადის მეშვეობითაც შეაღწიოს იქ. სწორედ ასე ხდება ტონზილიტის, კარიესის, ბრონქიტის, პნევმონიის, ოტიტის, ჰაიმორიტის, ნეფრიტის დროს. ყველაზე ხშირად კი ინფექციური აგენტები ჯირკვალში სწორი ნაწლავიდან გადმობარგდებიან ხოლმე. ასე რომ, პროსტატიტის პარალელურად მეტად მნიშვნელოვანია ინფექციის პირველადი კერის მკურნალობაც.
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციის გამომწვევი აგენტები იოლად აღწევენ ჯირკვლის ქსოვილში, პროსტატიტი ყოველთვის არ ყალიბდება. ანთებამ სტარტი რომ აიღოს, ხელშემწყობი პირობები სჭირდება. ასეთი პირობებია:
- იმუნიტეტის დაქვეითება, რასაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება (ცივ წყალში ბანაობა, სველი ტრუსების დიდხანს ტარება და ა.შ.), გადაღლა (ხანგრძლივი ფიზიკური თუ გონებრივი სამუშაოს გამო), სმა, თქმბაქოს წევა, ხშირი სტრესი, ძილის დარღვევა, არასრულფასოვანი კვება.
- ჰიპოდინამია. ამ დროს ირღვევა ზოგიერთი ფუნქცია, მათ შორის – ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და ა.შ. მიკროცირკულაციის დარღვევა ორგანოების ჟანგბადოვან შიმშილს განაპირობებს, რაც მათ მუშაობაზე უარყოფითად აისახება. გამონაკლისი, თავისთავად, არც წინამდებარე ჯირკვალია.
პროსტატიტი ემუქრებათ მჯდომარე პროფესიის ადამიანებს: მძღოლებს, ოფისის მუშაკებს, რომლებიც დილიდან საღამომდე კომპიუტერს არიან მიჯაჭვულნი და ა.შ.
- ხშირი ტრავმა. წინამდებარე ჯირკვლის ტრავმა თავისთავადაც ერთობ საშიშია და ჯეროვან ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არანაკლებ სახიფათო ყოფილა უმნიშვნელო მატრავმირებელი ზემოქმედება, მაგალითად, ვიბრაცია, რომელსაც ეს მეტად სათუთი ჯირკვალი ქრონიკულად განიცდის. ამგვარი ტრავმების მსხვერპლნი უპირატესად ხანგრძლივი რეისების მძღოლები, მოტოციკლისტები, ჟოკეები არიან. სტატისტიკური მონაცემებით, პროსტატიტის შემთხვევათა 70% სწორედ ასეთი ტრავმების შედეგია.
- შეგუბებითი პროცესები მცირე მენჯის ღრუში, რომელთა მიზეზიც ყველაზე ხშირად არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებაა. სისხლის შეგუბებას სათესლე ბაგირაკისა და ქვედა კიდურების ვენების გაფართოება, ბუასილი, ზოგიერთი ქრონიკული პათოლოგია, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, პოლიართრიტი, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადებაც განაპირობებს. შეგუბებით პროცესებში არანაკლები წვლილი მიუძღვის ალკოჰოლსაც. იგი მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში (მათ შორის - წინამდებარე ჯირკვალში) სისხლის მოდინებას აძლიერებს, უკუდინებას კი აბრკოლებს, რაც შეგუბებითი პროცესის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
- ყაბზობა განსაკუთრებით სახიფათოა, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ხშირად და ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა.
იცნობდე მტერს
წინამდებარე ჯირკვლის მწვავე ანთება უეცრად იჩენს თავს. ამ დროს აღინიშნება სხეულის მაღალი (38-39 გრადუსამდე) ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი შორისის, ბოქვენის, უკანა გასავლის მიდამოებში, მტკივნეული შარდვა და დეფეკაცია, რაც მამაკაცს აუტანელ დისკომფორტს უქმნის. და კიდევ: მწვავე პროსტატიტის დროს სქესობრივი ფუნქცია დარღვეული არ არის.
პროსტატიტი უმეტესად ქრონიკულად მიმდინარეობს. ქრონიკული ფორმის სიმპტომები მწვავე პროცესისას მოაგავს, მაგრამ ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ მამაკაცს ექიმთან მისვლა აზრადაც არ მოსდის. ანთებითი პროცესი კი ულმობლად პროგრესირებს, თანდათან ღრმავდება და საბოლოოდ ერთობ არასასურველ შედეგებს იწვევს.
ქრონიკული პროსტატიტის დროს სხეულის ტემპერატურა დროდადრო 37 გრადუსამდე იმატებს, თავს იჩენს ყრუ ტკივილი შორისის მიდამოში, იშვიათად – ქავილი, დისკომფორტის შეგრძნება მოშარდვისა და დეფეკაციის დროს, შარდვის გახშირება და, რაც მთავარია, გამონადენი შარდსადენიდან.
ქრონიკული პროსტატიტის დროს მრავალ მამაკაცს მეტად არასპეციფიკური ჩივილები აქვს: ფეთქებადი ხდება, იოლად ღიზიანდება, გამუდმებით მოთენთილია, სწრაფად იღლება, შრომის უნარი და მადა მკვეთრად უქვეითდება, შფოთავს და ძილის დარღვევას უჩივის.
თუკი პროსტატიტი უყურადღებოდ დარჩა, თავს იჩენს სქესობრივი პრობლემებიც: ნაადრევი ეაკულაცია, ერექციის დარღვევა და ა.შ. 50 წლის შემდეგ წინამდებარე ჯირკვლის ანთება, როგორც წესი, პროსტატის ადენომასთან ერთად ვლინდება, რაც პროსტატიტის მიმდინარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
რას უნდა ველოდეთ
თუ მწვავე პროსტატიტს ადეკვატურად არ ვუმკურნალეთ, დიდია ალბათობა, ჯირკვლის აბსცესი (ადგილობრივი ჩირქოვანი ანთება) ჩამოყალიბდეს. ასეთ შემთხვევაში სხეულის ტემპერატურა 39-40 გრადუსს აღწევს, მამაკაცს ამცივნებს, შორისის მიდამოში ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მოშარდვა და დეფეკაცია ტანჯვად იქცევა.
მოგვიანებით ჯირკვალი შუპდება და შარდის ბუშტს აწვება, რაც შარდის მწვავე შეკავებას იწვევს. ასეთი გართულება იშვიათია, რადგანაც მამაკაცები უმეტესად დროულად აკითხავენ სპეციალისტს. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ქრონიკულ პროსტატიტზე.
ქრონიკული ანთებითი პროცესის დროს ინფექცია შეიძლება საშარდე გზებით გავრცელდეს და ცისტიტსა და პიელონეფრიტს დაუდოს სათავე. თუკი ანთებამ შარდსადინარი და შარდის ბუშტი მოიცვა, გამორიცხული არ არის, შარდის შეკავებაც განვითარდეს – შარდი შეგუბდეს, მაღლა, უკუმიმართულებით გადაინაცვლოს და შარდსაწვეთები და თირკმელები დააზიანოს. ამგვარ ცვლილებათა შედეგია პიელონეფრიტი ან შარდკენჭოვანი დაავადება. ყველაზე ხშირად კი ვეზიკულიტი (სათესლე ბუშტუკების ანთება) და ეპიდიდიმოორქიტი (სათესლეებისა და მათი დანამატების ანთება) ვითარდება და თუ მამაკაცმა სპეციალისტს დროულად არ მიმართა, შეიძლება შვილოსნობის უნარი დაკარგოს.
მოდით, ვიმკურნალოთ
იმაზე ლაპარაკი, რაოდენ მნიშვნელოვანია პროსტატიტის მკურნალობა, ვგონებთ, ზედმეტია. ექიმი თავდაპირველად გულისყურით გაგისინჯავთ (ხელით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან ხდება. პროცედურა უსიამოვნოა, მაგრამ მეტი რა გზაა, მოთმენა მოგიხდებათ), მერე კი ზოგიერთი გამოკვლევის ჩატარებასაც მოგთხოვთ (მაგალითად, ნაცხის ანალიზს, შარდის დათესვას).
მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დავიწყოთ. ექიმი, სავარაუდოდ, დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, ვიტამინებს (A-ს, B კომპლექსს, C-ს, E-ს), იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიას, მასაჟს, სამკურნალო აბაზანებს, დიეტას.
პროსტატიტის დროს კვების რეჟიმიც უნდა მოიწესრიგოთ. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, დიეტა უნდა დაიცვათ, ხოლო წონის დეფიციტის შემთხვევაში კალორიულ საკვებზე გადახვიდეთ. ზოგადად კი ჩართეთ მენიუში ცილები და ნახშირწყლები: კვერცხი, ხბოს ხორცი, ხაჭო, სტაფილო, გარგარი, ალუჩა, გოგრა, ჭარხალი, საზამთრო, მეტი მიირთვით ხილი და ბოსტნეული. ნურც მცენარეულ ცხიმს დაივიწყებთ. უპირატესობა მზესუმზირას, სიმინდისა და ზეითუნის ზეთით შეკაზმულ კერძებს მიანიჭეთ. სპეციალისტების აზრით, მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თაფლი. ასე რომ, ურიგო არ იქნება, თუ ყოველდღიურად პირი 1-2 ს/კ თაფლითაც ჩაიტკბარუნებთ (თუ გნებავთ, ლიმონიც დაამატეთ).
პროსტატიტის სიმპტომებს უთუოდ შეგიმსუბუქებთ სამკურნალო აბაზანები (მაგალითად, წიწვებისა). ძალზე ეფექტურია ჯდომითი აბაზანები გვირილის, ჭინჭრისა და მუხის ქერქის ნახარშით. სასარგებლოა ფიტოთერაპიაც – ასკილის, ქაცვის, ძახველის ნაყოფის, მოცვისა და მარწყვის ფოთლების ნახარშები, ჭინჭრის ნაყენი.
წინამდებარე ჯირკვალს ზარმაცები არ უყვარს, ამიტომ მეტი იმოძრავეთ. სასარგებლოა ფეხით სეირნობა, ცურვა, სირბილი, თხილამურებით სრიალი. ასე რომ, ნუ დაიზარებთ, დროდადრო წაივარჯიშეთ, ხოლო თუ დაძაბული დღის რეჟიმი ამის საშუალებას არ გაძლევთ, შინ დაბრუნებისას ლიფტს გვერდი აუქციეთ და კიბეს აუყევით.
ინა ვაჩიბერიძე