საშიშია თუ არა “საშიში” ზღაპრები?
გააზიარე:
როგორ შევარჩიოთ შვილისთვის ზღაპრები? რა გავლენას ახდენს ზღაპარი ბავშვზე? შეიძლება თუ არა ისეთი ზღაპრების კითხვა, რომლებშიც ძალადობაა აღწერილი? რას სწავლობს ბავშვი ზღაპრის მეშვეობით?
თანამედროვე სამყაროში, სადაც აღზრდის უამრავი თეორია არსებობს, მშობლები იბნევიან. მეთოდები, რომლებიც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული იყო, დღეს გადასინჯული და უარყოფილია. გამოითქმის უამრავი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება. ერთ-ერთი სადავო საკითხი ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვაა.
რა არის ზღაპარი?
ზღაპარი ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრია. მისი წარმოშობის ისტორია წარსულის უშორეს შრეებშია ჩაკარგული. საუკუნეების განმავლობაში ზღაპრები ზეპირად იქმნებოდა და ზეპირადვე გადაეცემოდა თაობიდან თაობას. როდის და როგორ გაჩნდა პირველი ზღაპრები ან ჩამოყალიბების რა გზა განვლო ჟანრმა, ამ კითხვებზე საყოველთაოდ მისაღები პასუხი დღემდე არ არსებობს.
ზღაპარი ფანტასტიკური შინაარსის მქონე ამბავია. მას თავშესაქცევი, გასართობი და, იმავდროულად, დიდაქტიკური ფუნქცია ეკისრება. წერა-კითხვის გავრცელებამდე ზღაპარს ხალხური სიბრძნის მარტივი ფორმით გადასაცემად იყენებდნენ.
როგორი ზღაპრები არსებობს?
ზღაპრების კლასიფიკაცია შინაარსის მიხედვით ხდება. არსებობს ჯადოსნური ზღაპრები, ცხოველთა ზღაპრები, საყოფაცხოვრებო-რეალისტური ზღაპრები, ხალხური და საავტორო ზღაპრები.
ზღაპარს მკაცრად განსაზღვრული ფორმა და შინაარსი აქვს. ფორმით ის განსხვავდება, მაგალითად, იგავ-არაკისგან, რადგან თხრობა უფრო ვრცელია, სიუჟეტი კი – მეტად ჩახლართული. შინაარსობრივად ზღაპრის უმთავრესი ნიშან-თვისება ის არის, რომ მოქმედება ერთი გმირის ირგვლივ ხდება, ერთმანეთს უპირისპირდება სიკეთე და ბოროტება და უმეტესად სიკეთე იმარჯვებს.
ქართული ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების მკვლევრის, ზურაბ კიკნაძის დაკვირვებით, ქართული ზღაპრები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: ცხოველთა, ჯადოსნურ და ნოველისტურ ზღაპრებად. ცხოველთა ზღაპრების პერსონაჟები ცხოველები არიან, ჯადოსნური ზღაპრის გმირი რაიმე ნიშნით გამორჩეული ადამიანია, აქვს მაგიური შესაძლებლობები ან წარმატებას მაგიური გზით აღწევენ, ნოველისტური ზღაპრების პერსონაჟები კი მეტად ჰგვანან ჩვეულებრივ ადამიანებს მისწრაფებებით, ინტერესებით, მიზნებითა და საქმიანობით.
ზღაპარში მრავლადაა დაძაბული ეპიზოდები. მიუხედავად ამისა, თხრობა მშვიდი, ბუნებრივი და “ჩვეულებრივია”. ზღაპრის ავტორები ისე აღწერენ გმირების უჩვეულო თავგადასავლებს, თითქოს ყველაფერი, რაც თავს გადახდათ, სავსებით ბუნებრივი რამ იყოს. თუ დააკვირდებით, ზღაპრებში იშვიათადაა მოცემული შეფასებები. იქ, უბრალოდ, მოთხრობილია, როგორ გადაიარა გმირმა ცხრა მთა და ცხრა ზღვა, როგორ დაამარცხა ცხრათავიანი დევი, როგორ ჩავიდა ქვესკნელში ან მოიარა საიქიო. გაოცება, ფანტასტიკური პასაჟების ხაზგასმა ან პერსონაჟის არამიწიერი შესაძლებლობებით აღფრთოვანება არსად ჩანს. ამ განწყობის შესანარჩუნებლად სპეციალისტები გვირჩევენ, ზღაპრის კითხვის დროს ზედმეტი დრამატიზმისგან, როლური გარდასახვებისგან თავი შევიკავოთ.
რა შეუძლია?
ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, საკულტო ნაწარმოებების – “ჰობიტისა” და “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორი, ვრცლად და საინტერესოდ მიმოიხილავს ზღაპრის ფუნქციას. მას მიაჩნია, რომ ზღაპარი ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.
უპირველეს ყოვლისა, ზღაპარი ავითარებს წარმოსახვის უნარს. ტოლკინი ზღაპარს “ხელოვნების ამაღლებულ და სუფთა, პირველყოფილ ფორმას” უწოდებს. მკითხველს საშუალება ეძლევა, საგნები, მოვლენები, სამყარო ახლებურად დაინახოს, გადაიაზროს. “პატიმარი არ არის ვალდებული, მხოლოდ ციხის კედლებზე იფიქროს, მკითხველს კი ზღაპარი საშუალებას აძლევს, გასცდეს რეალობას და სხვა სამყაროებში იმოგზაუროს”, – წერს ტოლკინი. გარდა ამისა, ზღაპრების კეთილი დასასრული, მთავარი გმირის მიერ დაბრკოლებების წარმატებით გადალახვა თავდაჯერებას მატებს ადამიანს, უჩენს რწმენა, რომ თუ მოინდომა, თავადაც გარდაქმნის რეალობას.
ზღაპრის დანიშნულება მორალური ორიენტირების დასახვაც არის. ზღაპრებში კეთილი სძლევს ბოროტს. მსმენელსაც სათანადო დასკვნა გამოაქვს. ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი, მწერალი და ფსიქოანალიტიკოსი ბრუნო ბეთელჰაიმი, რომელიც ზღაპრების თერაპიულ ფუნქციას იკვლევდა, მიიჩნევს, რომ ზღაპარი აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ის მისთვის გასაგებ ენაზე ღირებულ გაკვეთილებს სთავაზობს პატარას. ზღაპრებში უამრავი დაბრკოლებაა ასახული, მაგრამ ნაჩვენებია მათი გადალახვის გზებიც, ბედნიერი დასასრული კი საკვანძო მოცემულობაა. “ზღაპარი მეტად დამაჯერებელია ბავშვისთვის, ვიდრე ნებისმიერი რეალისტური მოთხრობა ან თავად რეალობა. პატარა მზადაა, ირწმუნოს ყველაფერი, რასაც ზღაპარი ასწავლის”, – წერს ბეთელჰაიმი.
ძალიან საინტერესოა ამ მკვლევრის კონტრარგუმენტაცია ზღაპრებისადმი წაყენებული ერთი “ბრალდების” გასაბათილებლად. არსებობს მოსაზრება, რომ ზღაპარი ბავშვს არარეალურ მოლოდინს აღუძრავს, იმას აჩვენებს, რაც სინამდვილეში განუხორციელებელია. ამ მოსაზრებას ბეთელჰაიმი ორი არგუმენტით უპირისპირდება.
უპირველეს ყოვლისა, ის ამბობს, რომ ბავშვებს სჭირდებათ არარეალისტური იმედები, რადგან არარეალისტური შიშები აქვთ.
გარდა ამისა, ბედნიერი დასასრული, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში აუცილებლად დგება, ერთგვარ შინაგან კომფორტს უქმნის პატარას. ზღაპრები რომ რეალურ ცხოვრებას იყოს მისადაგებული, სიმშვიდისა და სიხარულის ნაცვლად იმედგაცრუებასა და ტკივილს აღძრავდა.
ძალადობის სცენები ზღაპრებში – წავიკითხოთ თუ გამოვტოვოთ?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხალხურ ზღაპრებში ბევრია სისხლი, დასახიჩრება, მკვლელობა, ამიტომ გამოითქვა აზრი, რომ ზღაპრები, რომლებიც ასეთ ელემენტებს შეიცავს, უნდა აიკრძალოს ან ადაპტირდეს. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც – ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ხალხურ ზღაპრებს ბავშვი უცვლელი სახით უნდა გაეცნოს, რადგან ზღაპარი თავადაა უძველესი ხალხური რწმენა-წარმოდგენების, საკრალური სიბრძნის “ადაპტირებული” ვარიანტი და ბავშვისთვის მატრავმირებელი ეფექტი ვერ ექნება.
ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. გადამწყვეტი მნიშვნელობა მშობლის სწორ პოზიციას ენიჭება. ერთმნიშვნელოვანია, რომ ზღაპრების არჩევის დროს მშობლებმა შვილის ფსიქოემოციური მდგრადობა, განვითარების თავისებურებები და ასაკი უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის საშიში ელემენტების შემცველი ზღაპრების კითხვა – იქ გადმოცემული ამბები შესაძლოა ღამის კოშმარების მიზეზადაც კი იქცეს.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებს შეურჩიეთ უწყინარი ზღაპრები ცხოველებზე, კეთილ ფერიებზე, მამაც გმირებზე. სასურველია, წიგნში იყოს ბევრი ილუსტრაცია. ფერადი, საინტერესო ნახატები ამ ასაკში კითხვის დამატებითი მოტივატორია.
უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კითხვის პროცესი მეტად ინტერაქტიური უნდა იყოს. ასწავლეთ კითხვების დასმა, ტექსტის გაუგებარი ადგილების მონიშვნა, ფიქრი და ანალიზი: რატომ მოიქცა ეს გმირი ასე? რა მოგწონს მის ქცევაში და რა – არა? შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას? ისაუბრეთ იმაზეც, შეესაბამება თუ არა ზღაპარში აღწერილი ამბები თანამედროვე სინამდვილეს. ასეთი ანალიზი ბავშვს ინფორმაციის გაფილტვრასა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი გარემოება: თუ ბავშვი აგრესიული ქცევისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ცხოველებს აწვალებს ან პატარებს ჩაგრავს, მისთვის ძალადობის ამსახველი სცენების გაცნობა მიზანშეწონილი არ არის. ერიდეთ ისეთი ზღაპრების კითხვასაც, სადაც ცხოველის დაკვლასა და გატყავებაზეა საუბარი.
თანამედროვე ზღაპრები და მულტფილმები
ზღაპარი დღემდე რჩება კაცობრიობის უმნიშნელოვანეს მონაპოვრად. მას თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროშიც კი უამრავი მკითხველი ჰყავს. შემთხვევითი არ არის, რომ ფენტეზი (ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ზოგიერთი ნიშნით ზღაპარს ჰგავს) და სამეცნიერო ფანტასტიკა ყველაზე პოპულარული და კომერციულად მოგებიანი მიმართულებებია ლიტერატურასა და კინოში. იქმნება წიგნები, მულტფილმები, ფილმები, იდგმება სპექტაკლები... მათი შერჩევისას იმავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლითაც ზღაპრებთან მიმართებით. ბავშვები ასაკისთვის შეუსაბამო ნებისმიერი პროდუქტის მავნე გავლენისგან დაზღვეულნი უნდა იყვნენ.
ნინო ლომიძე