რა გვატკივებს მუცელს

გააზიარე:

მუცლის ტკივილს ვინ არ შეუწუხებია. რაც უნდა უწყინარი მიზეზით იყოს გამოწვეული, მაინც უსიამოვნოა, მით უმეტეს – თუ სხვა ჩივილებიც ერთვის.

ორგანიზმი ისე ფუნქციობს, ისე ასრულებს უამრავ დიდ თუ მცირე მოქმედებას, ვერც კი ვამჩნევთ. არც საჭმლის მონელება გვაწუხებს, არც სისხლის მოძრაობა, არც უჯრედებში მიმდინარე ქიმიური რეაქციები. ნერვული სისტემა ყველაფერს თავად აკონტროლებს. დისკომფორტს მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, თუ ტვინმა მასთან მისული ინფორმაცია საეჭვოდ ან სახიფათოდ აღიქვა.

 

  • როდის ვიჩქაროთ

ტკივილი უმიზეზოდ არასოდეს წარმოიშობა, ის ყოველთვის პრობლემის არსებობაზე მეტყველებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ლოდინი ფუფუნებაა. ზოგიერთი დაავადება გეგმურ მკურნალობას ექვემდებარება, ზოგიერთი კი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. მდგომარეობის სიმძიმე, რასაკვირველია, ექიმმა უნდა განსაზღვროს.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილს თან ახლავს სიცხე, დიარეა (კუჭის აშლილობა), ხანგრძლივი ყაბზობა (შეკრულობა), სისხლი განავალში, გულისრევა ან ღებინება, ღებინება სისხლით, მუცელში დაჭიმულობის შეგრძნება, კანის სიყვითლე ან მუცლის შებერილობა.

 

  • მიზეზები

ტკივილი შესაძლოა მუცლის ღრუს ან მისი კედლის ნებისმიერი სტრუქტურიდან იღებდეს სათავეს. ხდება ისეც, რომ გულმკერდის, ზურგის ან მენჯის ღრუს პრობლემები მუცლის ტკივილით იჩენს თავს. მაგალითად, გულის შეტევა ან პნევმონია ზოგჯერ მუცლის ზედა ნაწილის ტკივილს იწვევს.

  • მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
  • პნევმონია (ფილტვების ანთება), მიოკარდიუმის ინფარქტი, პლევრიტი (ფილტვის შემომგარსავი გარსის ანთება), ფილტვის ემბოლია;
  • ჰერპეს ზოსტერი, ნეკნების ხრტილის ანთება, ტრავმა, ნერვის გაღიზიანება (ნევროპათია), თიაქარი;
  • წყლულოვანი დაავადება, ეზოფაგიტი (საყლაპავის ანთება), გასტრიტი (კუჭის ანთება), პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება), ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება), ქოლედოქოლითიაზი (სანაღვლე გზებში კენჭის გავლა), ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება);
  • დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა), ოდის სფინქტერის (ნაღვლის სადინარის სარქვლის) ფუნქციის მოშლა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ჰეპატომა (ღვიძის კიბო), ქოლანგიოკარცინომა (ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების კიბო), პანკრეასის კიბო, კუჭის კიბო, ლიმფომა;
  • ჯორჯლის სისხლძარღვების უკმარისობა (ვენის ან არტერიის დახშობა), მუცლის აორტის ანევრიზმა;
  • ენტერიტი (წვრილი ნაწლავის ანთება), კრონის დაავადება, კოლიტი, დივერტიკულიტი (ნაწლავის კედელში წარმოქმნილი ტომრის ანთება), აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება);
  • ნაწლავური ობსტრუქცია, გაუვალობა (რისი მიზეზიც, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს ოპერაციის ან ანთების შემდეგ დარჩენილი ნაწიბური, სიმსივნე, ანთება, მსხვილი ნაწლავის კიბო);
  • თირკმელში არსებული ქვები, თირკმლის ან შარდის ბუშტის ინფექცია ან სიმსივნე;
  • საკვერცხის კისტა ან სიმისვნე, კვერცხსავალი მილის ანთება (სალპინგიტი), საშვილოსნოსგარე ორსულობა, საშვილოსნოს ფიბროიდული კვანძები, საშვილოსნოს ან მისი ყელის ავთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიოზი, ნაწიბურები.

 

  • ვეძებთ მიზეზს

მუცლის ტკივილის მიზეზის ძიებისას დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის გამოკითხვას. ტკივილის რაგვარობა (მწვავე, ყრუ, მოვლითი, მწველი, მძაფრი, გამჭოლი...), ლოკაცია, კვებასთან ან დეფეკაციასთან კავშირი ექიმს მეტად საგულისხმო ინფორმაციას აწვდის. არანაკლები სადიაგნოზო ღირებულება აქვს ტკივილის ხანგრძლივობას, სხეულის სხვა ნაწილებში მის გადაცემას, კავშირს სხვა სიმპტომებთან – სიყვითლესთან, გულისრევასთან, ღებინებასთან, სისხლდენასთან, დიარეასთან ან შეკრულობასთან.

საჭიროა ფიზიკური გამოკვლევაც. ექიმი თავდაპირველად ხელით სინჯავს საეჭვო არეს იმის გასარკვევად, ხომ არ არის შებერილი ან ზედმეტად დაჭიმული, როგორ ხმას გამოსცემს ხელის დარტყმისას, ხომ არ არის გადიდებული რომელიმე ორგანო.

ავადმყოფობის ისტორიის გამოკითხვისა და გასინჯვის შედეგად ექიმი ზოგჯერ იოლად ხვდება ტკივილის სავარაუდო მიზეზს და იწყებს მკურნალობას, ზოგჯერ კი დიაგნოსტიკურ კვლევებს ნიშნავს და საბოლოო დიაგნოზს მათი შედეგების მიხედვით სვამს. დიაგნოსტიკურ კვლევათა ნუსხა მოიცავს სისხლის, შარდისა და განავლის გამოკვლევას, გამოსახველობით კვლევებსა და ენდოსკოპიას.

 

  • ანალიზები

სისხლის საერთო ანალიზით ადგენენ წითელი და თეთრი უჯრედების რაოდენობას, ჰემოგლობინის დონეს. შესაძლოა, საჭირო გახდეს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური სინჯების ჩატარება, მინერალების შემცველობის განსაზღვრა, სეროლოგიური ტესტების ჩატარება ანტისხეულების გამოსავლენად, რომლებიც ამა თუ იმ ინფექციაზე მიუთითებს.

შარდის ანალიზი გულისხმობს მასალის მიკროსკოპიულ და ქიმიურ შესწავლას, ასევე – მის დათესვას ბაქტერიების აღმოსაჩენად.

განავალში შესაძლოა აღმოჩნდეს სისხლი, ჩირქი (მათი არსებობა ანთებაზე, ინფექციაზე ან სიმსივნეზე მიუთითებს), ცხიმი (მისი არსებობა საჭმლის მონელებისა და შეწოვის დარღვევაზე მეტყველებს), მიკრობები.

 

  • გამომსახველობითი გამოკვლევები

იმის დასანახად, რა ხდება ორგანიზმში, მრავალი მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია გამოკვლევა ბარიუმის ფაფით. პაციენტს ასმევენ ბარიუმის სულფატის შემცველ სითხეს, რომელიც კარგად ჩანს რენტგენით დასხივებისას, მერე კი დროის სხვადასხვა მონაკვეთში აშუქებენ მთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

გავრცელებული მეთოდებია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც რენტგენზე გაცილებით ინფორმაციულია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – კვლევა რადიოტალღებითა და მაგნიტური ტალღებით, ულტრასონოგრაფია, რომელიც სხეულის შიდა სტრუქტურების გამოსახულების მისაღებად მაღალი სიხშირის ბგერებს იყენებს, და ბირთვული (რადიონუკლიდური) კვლევა, რომელიც რადიაქტიური იზოტოპების გამოყენებას ეფუძნება.

 

  • ენდოსკოპია

ენდოსკოპია ღრუ ორგანოთა გამოკვლევის მეთოდია. საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის გამოსაკვლევად იყენებენ მოქნილ მილს, რომელსაც მიმაგრებული აქვს კამერა და გამნათებელი მოწყობილობა. მილს პაციენტს აყლაპებენ და მასზე მიმაგრებული კამერით ათვალიერებენ საყლაპავს, კუჭს, თომეტგოჯა ნაწლავს. ენდოსკოპის მეშვეობით მცირე მანიპულაციების ჩატარებაცაა შესაძლებელი – პოლიპის ამოკვეთა, ბიოფსია (ქსოვილის მცირე ნაწილის ამოკვეთა შესწავლის მიზნით). გრძელი ენდოსკოპით წვრილი ნაწლავის დათვალიერებაც ხერხდება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილის გამოსაკვლევად ენდოსკოპი სწორი ნაწლავიდან შეჰყავთ. კვლევის ამ მეთოდს კოლონოსკოპია ეწოდება.

სპეციალური ენდოსკოპით შესაძლებელია ნაღვლისა და პანკრეასის სადინართა შესწავლა.

არსებობს ენდოსკოპია კაფსულით: სპეციალურ კაფსულაში ჩამონტაჟებულია მცირე კამერა და გადამცემი, რომელიც გამოსახულებას მიმღებ მოწყობილობას უგზავნის. გადაყლაპული კაფსულა მთელ კუჭ-ნაწლავს გაივლის და სწორი ნაწლავიდან გამოდის, გზადაგზა კი ტრაქტს შიგნიდან იღებს.

პაციენტთა უმრავლესობას ასეთი საფუძვლიანი გამოკვლევა არ სჭირდება – ხშირად დიაგნოზის დასასმელად გამოკითხვა და რამდენიმე მარტივი ანალიზიც კმარა.

 

  • როგორ მკურნალობენ

მკურნალობა, რასაკვირველია, დიაგნოზზეა დამოკიდებული. ზოგი წამალი ანთების ჩასაქრობად ინიშნება, ზოგი – კონკრეტული ორგანოს ფუნქციის გასაუმჯობესებლად, ზოგი – ტკივილის გასაყუჩებლად (ოღონდ ექიმთან მისვლამდე თავად ნუ დალევთ გამაყუჩებელს, რათა ექიმს დიაგნოზის დასმაში ხელი არ შეუშალოთ; მით უმეტეს ნუ მიიღებთ ასპირინსა და იბუპროფენს – ამ წამლებმა შესაძლოა სხვა პრობლემა, მაგალითად, წყლული გამოიწვიოს).

შესაძლოა, დაინიშნოს კუჭის სეკრეციის შემასუსტებელი პრეპარატებიც, მაგალითად, წყლულოვანი დაავადების დროს. კუჭის სეკრეციის შესუსტება წყლულის შეხორცებას უწყობს ხელს, ეს კი, თავის მხრივ, ტკივილს აცხრობს.

ზოგიერთი დაავადების მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, წყლულის გახეთქვის დროს გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო, ქოლეცისტიტის შემთხვევაში კი ტარდება გეგმური ქოლეცისტექტომია – ოპერაცია ნაღვლის ბუშტის ამოსაკვეთად.

აუტანელი ტკივილის დროს (განსაკუთრებით – სიმსივნური პათოლოგიებისას) ექიმმა შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებაც გამოგიწეროთ, თუმცა ასეთი პრეპარატები შეკრულობას და სხვა მუცლისმიერ სიმპტომებს იწვევს.

ტკივილის შესასუსტებლად ანტიდეპრესანტებსაც იყენებენ, ოღონდ ძალიან მცირე დოზებით, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ანტიდეპრესიული ეფექტი და გვერდითი ეფექტების რისკი.

ტკივილის მოსახსნელად ზოგჯერ ნერვის ბლოკადასაც მიმართავენ.

 

  • როგორ ავიცილოთ თავიდან

მუცლის ტკივილის თავიდან ასაცილებლად უმეტესად საკმარისია ცხოვრების ჯანსაღი წესი:

  • სვით ბევრი წყალი;
  • იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით;
  • იმოძრავეთ, ივარჯიშეთ;
  • ერიდეთ გაზიან სასმელებს და აირების წარმომქმნელ საკვებს;
  • ეცადეთ, თქვენი რაციონი კარგად იყოს დაბალანსებული და დიდი რაოდენობით შეიცავდეს მცენარეულ ბოჭკოს. ამისთვის კი ბევრი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

მარი აშუღაშვილი

 

 

გააზიარე: