უხილავი მგლის ნაკბენი
გააზიარე:
წითელ მგლურას მგელთან საერთო არაფერი აქვს. და მაინც, ასეულობით წელია, დაავადებას ამ სახელით მოიხსენიებენ. ის მეცამეტე საუკუნის იტალიელმა ექიმმა როგერიუსმა მონათლა. წითელი მგლურასთვის დამახასიათებელი გამონაყარიც, სიწითლე ღაწვებსა და ცხვირზე, პეპელას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე მგლის ნაკბენს, მაგრამ როგერიუსის შერქმეული სახელი დაავადებას დღემდე შემორჩა.
რა არის სისტემური წითელი მგლურა? რა პრობლემებს იწვევს ის? როგორ უნდა იცხოვროს ავადმყოფმა? ამ და სხვა კითხვებზე აკადემიკოს ვ. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი, რევმატოლოგი ირინა გვიჩია გვიპასუხებს.
– სისტემური წითელი მგლურა, იგივე სისტემური ერითემული ლუპუსი, ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილს აზიანებს. ავტოიმუნური პროცესი გულისხმობს იმუნური რეაქციების იმგვარ გაუკუღმართებას, როდესაც იმუნური სისტემა მტრად აღიქვამს და ებრძვის იმავე ორგანიზმს, რომლის ნაწილიც თავადაა. მგლურას დროს მას იერიში შემაერთებელ ქსოვილზე მიაქვს და რაკი ეს უკანასნელი თითქმის ყველა ორგანოს შენებაში მონაწილეობს, დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს ნებისმიერი პარენქიმული ორგანო, სახსრები, კანი, სისხლძარღვები, ტვინიც კი.
წითელი მგლურათი უმთავრესად ავადდებიან ახალგაზრდა, შვილოსნობის უნარის მქონე, 18-დან 40 წლამდე ასაკის ქალები, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში დაავადება ხანდაზმულებთან, ახალშობილებთან, ბავშვებთანაც გვხვდება. მამაკაცებთან მგლურათი ავადობის მაჩვენებელი ცხრაჯერ დაბალია. დაავადება განსაკუთრებით ხშირია აფროამერიკელებს შორის. საერთო ჯამში მსოფლიოში 100 000 კაცზე საშუალოდ 5 დააავადებული აღირიცხება. სავარაუდოდ, იგივე მდგომარეობაა საქართველოშიც.
წითელი მგლურას მიზეზი უცნობია. არსებობს დაუდასტურებელი ვირუსული თეორია, რომლის მიხედვითაც, ამ დაავადებას წითელას ტიპის ვირუსი იწვევს. დადგენილია, რომ მგლურას განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა. ცნობილია ისიც, რომ ამ დაავადებას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს რომელიმე ვირუსულმა ინფექციამ, გაციებამ, ორსულობამ, ინსოლაციამ ანუ მზით დასხივებამ. ეს უკანასკნელი მგლურას მაპროვოცირებელ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მიიჩნევა.
– როგორ იწყება ავადმყოფობა?
– ვინაიდან სისტემური წითელი მგლურა სხეულის სხვადასხვა ნაწილს აზიანებს, ავადმყოფობამ შესაძლოა სხვადასხვანაირად იჩინოს თავი: ზოგს მუხლი უსივდება და სიცხე უწევს, ზოგი სისუსტეს ან თირკმლის პრობლემებს უჩივის, ზოგს გამონაყარი უჩნდება...
განასხვავებენ მგლურას სამ ძირითად ტიპს.
სისტემური ერითემული მგლურა ყველაზე გავრცელებული ტიპია და შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ორგანოს მაგ. სახსრების, სისხლძარღვების, გულის, ფილტვების, თირკმელების, თავის ტვინის და სხვა დაზიანებით.
დისკოიდური მგლურა მხოლოდ კანის დაზიანებით – სახეზე ან თავის თმიან ნაწილზე წითელი გამონაყარით ან კანის ფერის ცვლილებით – მჟღავნდება.
წამლისმიერ მგლურას განაპირობებს მედიკამენტები, რომლებსაც ორგანიზმში ავტოიმუნური პროცესების გამოწვევა შეუძლია. ასეთებია ჰორმონული პრეპარატები, რომლებსაც გინეკოლოგიური დაავადებების დროს იყენებენ, იზონიაზიდი, წნევის დამწევი საშუალებები. ამ წამლების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა იმუნური სისტემის არასწორი პასუხი და ლუპუს–სინდრომი გამოიწვიოს, რომელიც სისტემური მგლურას მსგავსი ნიშნებით ვლინდება, დროებითია და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ უკუვითარდება.
– რა ნიშნები ახასიათებს მგლურას და როგორ სვამენ მის დიაგნოზს?
– სისტემურ წითელ მგლურას დიდ იმიტატორსაც ეძახიან, რადგან ხშირად ერევათ სხვა დაავადებებში. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ის სხვადასხვანაირად იჩენს თავს. ამიტომ დაავადების დიაგნოზი ისმება ამერიკის რევმატოლოგთა ასოციაცის (ARA) მიერ 1997 წელს შემუშავებული მოდიფიცირებული კრიტერიუმების მიხედვით. ასეთი კრიტერიუმი თერთმეტია. ოთხის ან მეტის არსებობა წითელი მგლურას სასარგებლოდ მეტყველებს:
1. ერითემული გამონაყარი (სისხლძარღვების გაფართოებით გამოწვეული სიწითლე) სახეზე, რომელიც ცხვირსა და ღაწვებს მოიცავს და პეპლის ფორმის გამოსახულებას ქმნის;
2. დისკოიდური გამონაყარი, რომელსაც კანქვეშა დაზიანებაც ახლავს თან;
3. ფოტოსენსიბილიზაცია (ზემგრძნობელობა მზის სხივების მიმართ) – ავადმყოფს მზე თენთავს, დაავადებას უმწვავებს;
4. ენანთემა – წყლულები პირის ღრუში;
5. ართრიტი – ორი ან მეტი სახსრის ეროზიული ანთება, რომელიც ტკივილითა და შეშუპებით ვლინდება;
6. სეროზიტები – პლევრიტი, ენდოკარდიტი, პერიკარდიტი;
7. თირკმლის დაზიანება, როდესაც პროტეინურია (ცილა შარდში) დღე-ღამეში 0.5 გრამზე მეტია, შარდის ნალექში ჩნდება ცილინდები და სხვა. საზოგადოდ, თირკმელი ლუპუსის “საყვარელი” ორგანოა. შესაძლოა, დაავადებამ თავდაპირველად სწორედ ქრონიკული ნეფრიტით იჩინოს თავი და სხვა სიმპტომები მერეღა გამომჟღავნდეს;
8. ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება – ეპილეფსიური სინდრომი, ცერებროვასკულიტი და სხვა. ზოგჯერ დაავადება წლების განმავლობაში მხოლოდ ამ სინდრომით მიმდინარეობს და სხვა ნიშნები მოგვიანებით იჩენს თავს;
9. ჰემატოლოგიური დარღვევები – ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია (ლეიკოციტების, ლიმფოციტებისა და თრომბოციტების შემცირება);
10. ორმაგსპირალიანი დნმ-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების, ანტი-SM-ანტისხეულების არსებობა, რასაც იმუნოლოგიური სინჯების საშუალებით ვადგენთ;
11. ანტინუკლეარული ანტისხეულების არსებობა, რაც ფლუორესცენციული მიკროსკოპით გამოკვლევის შედეგად მჟღავნდება. ანტინუკლეარული ანტისხეულები ავტოიმუნური ანტისხეულებია, რომლებიც ყოველგვარი ანთების დროს წარმოიქმნება. მგლურას შემთხვევაში მათთვის დამახასიათებელია ჰომოგენური ტიპის ნათება და განსაზღვრული ტიტრი. კვლევის ამ მეთოდს სკრინინგისთვის ვიყენებთ.
ჩამოთვლილი კრიტერიუმების შემოწმებასთან ერთად პაციენტს, დაზიანებული ორგანოს მდგომარეობის მიხედვით, დამატებით კვლევებსაც ვუტარებთ. მაგალითად, ლუპუს ნეფრიტის შემთხვევაში – ბიოფსიას. ამ უკანასკნელის საჭიროებაზე მოგვანიშნებს დაავადების კლინიკური სურათი, მზარდი კრეატინინემია (კრეატინინის მომატება სისხლში), ჰემატურია (სისხლი შარდში), ცილის მომატება, ცილინდრურია...
გარდა იმ ნიშნებისა, რომლებიც დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ნუსხში შედის, მგლურამ შესაძლოა გამოიწვიოს გაურკვეველი წარმოშობის, ერთი შეხედვით უმიზეზო ცხელება, ღრმა სუნთქვის დროს გულმკერდის ტკივილი, ნუშურების შესივება, მუდმივი სისუსტე, წონის კლება, თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება, თითების გაფერმკრთალება ან გალურჯება სტრესის ან სიცივის დროს (რეინოს სინდრომი), დეპრესია, აზოვნების გაძნელება, მეხსიერების დარღვევა, აუხნსნელი კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, განმეორებითი აბორტი...
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობა წამლებს მუდმივად იღებს, ავადმყოფობა ზოგჯერ მაინც მძიმდება.
– რისი გაკეთება შეიძლება გამწვავების თავიდან ასაცილებლად?
– გამწვავება შესაძლოა დაიწყოს დაღლილობით, ცხელებით, მუცლის, თავის ტკივილით, თავბრუხვევით და სხვა. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა ეს ნიშნები არ გამოგვეპაროს, ხოლო მათი შემჩნევისას ზედმიწევნით მოვიფრთხილდეთ თავს: ვერიდოთ მზეს და სტრესს, არ გადავიღალოთ, ხშირად დავისვენოთ, ჯანსაღად ვიკვებოთ, ვეცადოთ, დრო სასიამოვნო წრეში – მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად – გავატაროთ. და, რაღა თქმა უნდა, გამწვავების ნიშნების შესახებ ვაცნობოთ მკურნალ ექიმს.
– შესაძლებელია თუ არა, მგლურათი დაავადებულმა ქალმა ბავშვი გააჩინოს?
– სავსებით შესაძლებელია, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობა დაავადების გამწვავების რისკს ზრდის, ამიტომ ის ზედმიწევნით უნდა დავგეგმოთ და რემისიის პერიოდს დავამთხვიოთ. მთელი ორსულობის განმავლობაში ქალს რევმატოლოგი და გინეკოლოგი უნდა მეთვალყურეობდნენ.
– რა არის წითელი მგლურას მკურნალობის მიზანი?
– დაავადების მკურნალობა მიზნად ისახავს კლინკურ-ლაბორატორიული რემისიის მიღწევას, გამწვავებისა და ორგანოთა პროგრესირებადი დაზიანების თავიდან აცილებას, თანმხლები დაავადებებისა და პრეპარატების ტოქსიკურობის შემცირებას, ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.
ვინაიდან წითელი მგლურა ქრონიკული დაავადებაა, პაციენტის მუდმივი მეთვალყურეობა აუცილებელია. თავის მხრივ, პაციენტს ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება ევალება.
ლუპუსის სამკურნალოდ ტარდება მიზანმიმართული თერაპია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და სტეროიდების გამოყენებას გულისხმობს. საჭიროებისამებრ (დაავადების სიმძიმის, დაზიანებეული ორგანოს მდგომარეობის გათვალისწინებით), მკურნალობაში ერთვება ციტოსტატიკები. ანტიმალარიული პრეპარატები – პლაკვენილი, დელაგილი – ქრონიკულ ანთებით პროცესზე, დაზიანებულ კანსა და სახსრებზე დადებითად მოქმედებს. პრედნიზოლონი ავადმყოფობის მართვის საშუალებას გვაძლევს. გამწვავების დროს სტეროიდების პულსთერაპიას ვიყენებთ. თირკმლის დაზიანების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობაში ციტოსტატიკების ჩართვა. სხვა პრეპარატები ჩივილების მიხედვით ინიშნება.
პაციენტს და ექიმს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. თუნდაც იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმმა დროულად შეამციროს გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა. რემისიის ფაზაში მათი მოხსნაც კია შესაძლებელი, მაგრამ პაციენტმა ერთბაშად, თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება. სტეროიდების მიღების უეცარ შეწყვეტას მოხსნის სინდრომი მოჰყვება – თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამო დაავადება მწვავდება, ყოველი მომდევნო გამწვავება კი ახალი ორგანოს დაზიანებას ნიშნავს. წითელი მგლურა შეცდომებს არ პატიობს.
– რა განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას ავადმყოფმა?
– სისტემური წითელი მგლურა ქრონიკული დაავადებაა, მისგან განკურება შეუძლებელია, მაგრამ თუ სწორად ვმართეთ, შესაძლოა, არასოდეს გამწვავდეს.
სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა ასეთი არ არის, ამიტომ პაციენტი ზედმიწევნით უნდა ერიდოს გამწვავების მაპროვოცირებელ ფაქტორებს – გაციებას, ვირუსულ ინფექციას, ზაფხულის მზესა და სტრესს, ჯანსაღად იკვებოს, ფიზიკურად იაქტიუროს (ოღონდ არ გადაიღალოს). რაც მთავარია, არ დაარღვიოს ექიმის რეკომენდაციები და მასთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეს.
მარი აშუღაშვილი