შევაჩეროთ ახლომხედველობა: ღამის ლინზების ეფექტი
გააზიარე:
სამყაროს შეცნობაში, გარემოსთან ურთიერთობაში ადამიანს ხუთი გრძნობა – მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება – ეხმარება. ყველაზე მრავალფეროვანი თვალით აღქმული ინფორმაციაა. სწორედ ამ ორგანოს მეშეობით აღვიქვამთ საგანების ფორმას, ფერს, განათებას, მდებარეობას... თუმცა იდეალური მხედველობა ყველას როდი აქვს. თვალის ამა თუ იმ პრობლემას მილიარდობით ადამიანი უჩივის. თითქმის ყოველ მეოთხე ბავშვს აღენიშნება ახლომხედველობა, მიოპია –რეფრაქციული მანკი, რომლის შესახებაც “ავერსის კლინიკის” ბავშვთა ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნატალია მაღლაკელიძე გვესაუბრება.
–ახლომხედველობა, მიოპია, მხედველობის ისეთი დეფექტია, რომლის დროსაც თვალს ზომაზე მეტი გარდამტეხი ძალა ან წინა-უკანა ღერძი აქვს და ამის გამო გამოსახულება ეცემა არა ბადურაზე (თვალის უკანა კედელზე), არამედ მის წინ. ამ დროს ადამიანი ახლო მანძილზე კარგად ხედავს, შორს კი ცუდად.
არსებობს რეფრაქციის სხვა მანკებიც: შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) და ასტიგმატიზმი. თავად რეფრაქცია კი თვალის ოპტიკური სისტემის გარდატეხის უნარია, რომელსაც დიოპტრიებში გამოსახავენ. თვალის ნორმალური რეფრაქციის – ემეტროპიის შემთხვევაში საგნის გამოსახულება უშუალოდ ბადურაზე ეცემა. ყოველი ათი ადამიანიდან სამს მაინც აღენიშნება რეფრაქციის ესა თუ ის მანკი, რაც ცუდი მხედველობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს.
– რა იწვევს მიოპიას?
–ბოლო ხანს მეტისმეტად გახშირდა მიოპია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებას და მხედველობის ახლო მანძილზე ხანგრძლივ დატვირთვას უკავშირდება. ახლომხედველობა უმეტესად შეძენილია, ის ჩამოყალიბებას სკოლამდელ ან სასკოლო ასაკში იწყებს. თანამედროვე კონცეფციით, მიოპიის განვითარებას უკავშირებენ ბადურაზე პერიფერიული რეფრაქციის მდგომარეობას. ეს უკანასკნელი გულისხმობს გარდატეხილი სხივების პროეცირებას ბადურას პარაცენტრალურ და პერიფერიულ უბნებზე. როდესაც პერიფერიული ფოკუსური წერტილი ცენტრალურთან შედარებით უკან პროეცირდება, პერიფერიულ ჰიპერმეტროპიულ რეფრაქციას ვიღებთ, ხოლო როდესაც წინ – პერიფერიულ მიოპიურ რეფრაქციას. მიოპიის პროგრესირებას სწორედ პერიფერიული ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია განაპირობებს (სურათი ა.), ანუ თვალის ღერძი პერიფერიული ფოკუსური წერტილების მდებარეობის მიმართულებით იზრდება.
მიოპიის განვითარების რისკი იმატებს, როდესაც ის ბავშვის მშობლებსაც აღენიშნებათ ან სასკოლო ასაკის ბავშვს ჰიპერმეტროპია +0,5 დიოპტრიაზე ნაკლები აქვს, ასევე – სუსტი აკომოდაციის შემთხვევაში და კითხვის ადრეულ ასაკში დაწყების შემდეგ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უმცროს კლასებში მიოპიის სიხშირე საშუალოდ 6-8%-ს შეადგენს, დამამთავრებელ კლასებში – 25-30%-ს, უმაღლეს სასწავლებლებში კი 50%-ს.
– გარდა ოპტიკური დეფექტისა, იწვევს თუ არა სხვა ცვლილებებს ახლომხედველობა?
– დიახ, ეს არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. პროგრესირებადი მიოპია თვალის წინა-უკანა ღერძის ზრდას განაპირობებს, რაც თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას უწყობს ხელს. ასეთი ცვლილებებია: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინული დისტროფიები, სისხლჩაქცევები, ბადურას ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოოდ შესაძლოა სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს.
– როგორ ადგენენ მიოპიას?
– მიოპიის დასადგენად საჭიროა კომპლექსური დიაგნოსტიკა, რაც გულისმობს: რეფრაქციის კომპიუტერულ განსაზღვრას (ავტორეფრაქტომეტრია), მხედველობის სიმახვილის შემოწმებას კორექციის გარეშე და კორექციით, თვალის მამოძრავებელი კუნთების ბალანსის განსაზღვრას, ბინოკულარული ფუნქციების შეფასებას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წინა-უკანა ღერძის გაზომვას, რეფრაქციის დადგენას ციკლოპლეგიის ფონზე (ანუ ორჯერადი ჩაწვეთებით ცილიარული კუნთის მოდუნებით), თვალის ფსკერის დეტალურ დათვალიერებას.
– რა მეთოდებს იყენებს თანამედროვე ოფთალმოლოგია მიოპიის კორექციისთვის?
– მიოპიის კორექციის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სათვალე. ის, ჩვენებისამებრ, შესაძლოა იყოს მონოფოკალური (ჩვეულებრივი სფერული, ასფერული ან ცილინდრული ლინზებით), ბიფოკალური (ერთ ლინზაში ორი სხვადასხვა დიოპტრიაა: ზედა ნახევარში – შორი მანძილისთვის, ქვედაში – ახლოსთვის), პროგრესული (ზედა და ქვედა ნაწილი განკუთვნილია შორ და ახლო მანძილზე ხედვისთვის, მაგრამ მათ შორის არის შუალედური დიოპტრიებიც).
ფართოდ გავრცელებული მეთოდია მიოპიის კონტაქტური ლინზებით კორექციაც.
სათვალეს და ლინზებს ექიმი არჩევს და ისინი 6 თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს.
ეს მეთოდები ადამიანს საშუალებას აძლევს, ნორმალურად დაინახოს, თუმცა, როგორც დრომ გვაჩვენა, სათვალე და კონტაქტური ლინზები ვერ აფერხებს მიოპიის პროგრესირებას, მათი საშუალებით მხოლოდ ცენტრალური რეფრაქციის კორექცია ხერხდება, პერიფერიული რეფრაქცია კორექციის გარეშე რჩება.
ქირურგიული მეთოდებიდან მხედველობის კორექციისთვის იყენებენ ლაზერულ რეფრაქციულ ქირურგიას, რომლის საშუალებით ცვლიან რქოვანას სიმრუდეს და იღებენ რეფრაქციულ ეფექტს, თუმცა ამ მეთოდით მკურნალობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებთან შეზღუდულია.
ვინაიდან მიოპიის დროს ხშირად ვაწყდებით აკომოდაციის ფუნქციის სისუსტეს, ზოგჯერ კი მის გადაძაბვას, რაც ხელს უწყობს ახლომხედველობის პროგრესირებას, მკურნალობაში ვრთავთ მეთოდებსაც, რომლებიც აკომოდაციის ტონუსის ნორმალიზებისკენაა მიმართული – შესაბამისი აპარატურის მეშვეობით აღვადგენთ აბსოლუტურ (ერთი თვალის) და ფარდობით (ორი თვალის, ბინოკულარულ) აკომოდაციას. თანდაყოლილი მიოპიის შემთხვევაში აუცილებელია პლეოპტიკური ჩარევა დიფუზური ლაზერით ამბლიოპიის ანუ ზარმაცი თვალის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.
მიოპიის მკურნალობის ჩვენებად ითვლება პროგრესირებადი მიოპია, ფარდობითი ამბლიოპიით თანხლებული თანდაყოლილი მიოპია, აკომოდაციის ფუნქციის დაბალი მაჩვენებლები, ასთენოპიური ჩივილები.
– რა გზით შეიძლება მიოპიის პროგრესირების შეჩერება?
–მიოპიის პროგრესირების შესაჩერებლად ქირურგიულ მეთოდებს – მცირე და დიდ სკლეროპლასტიკას იყენებენ. სხვადასხვა მონაცემებით, ისინი ნახევარზე მეტ შემთხვევაში აფერხებენ მიოპიის ზრდას. თუმცა ორივე მეთოდი საკმაოდ ინვაზიურია და მრავალ ქვეყანაში ამოღებულიც კია მიოპიის მკურნალობის არსენალიდან.
მიოპიის პროგრესირების შეფერხების ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია ორთოკერატოლოგიური (ღამის ლინზებით) კორექცია, რომელიც სწორედ პერიფერიული რეფრაქციის კორექციას უწყობს ხელს. მრავალრიცხოვანი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ორთოკერატოლოგიური ლინზები ოთხიდან სამ შემთხვევაში აფერხებს მიოპიის ზრდას.
– რა პრინციპით მოქმედებს ორთოკერატოლოგიური ლინზები?
– პაციენტი ლინზებს იკეთებს ღამით, ძილის წინ, და 8 საათის განმავლობაში სძინავს. ლინზების სპეციალური დიზაინის წყალობით, ამ პერიოდში რქოვანას ფორმა, მისი სიმრუდე დროებით იცვლება. შესაბამისად იცვლება თვალის გარდამტეხი ძალაც. ორთოკერატოლოგიური ლინზების წყალობით პაციენტი მთელი დღე კარგად ხედავს სათვალისა და ლინზების გარეშე.
– როგორ ირჩევა ღამის ლინზები?
– ლინზების შერჩევა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და ექიმთან რამდენიმე ვიზიტს მოითხოვს. მათ შესარჩევად იყენებენ როგორც სტანდარტულ, ისე სპეციალურ ოფთალმოლოგიურ მეთოდებსაც, მაგალითად, კერატოტოპოგრაფიას.
– რომელ პაციენტებს მკურნალობენ ამ ლინზებით?
– მიოპიის პროგრესირების შესაჩერებლად ორთოკერატოლოგიური ლინზები ენიშნებათ უმთავრესად 6–დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს, რადგან მიოპია სწორედ ამ ასაკამდე პროგრესირებს, ხოლო მხედველობის კორექციისთვის მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.
ღამის ლინზები გამოიყენება არა მარტო მიოპიის, არამედ ასტიგმატიზმისა და ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის) კორექციისთვისაც.
– უკუჩვენება თუ აქვს ამ მეთოდს?
– ორთოკერატოლოგიური ლინზებით მხედველობის კორექცია უკუნაჩვენებია თვალისა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებების, რქოვანა გარსის პათოლოგიების (კერატოკონუსი, კერატოგლობუსი), გადატანილი რეფრაქციული ოპერაციების, მკვეთრად გამოხატული მშრალი თვალის სინდრომის დროს.
– ითხოვს თუ არა ღამის ლინზები სპეციფიკურ მოვლას?
– ორთოკერატოლოგიური ლინზების მოვლა და ჰიგიენა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ზედმიწევნით უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, რომლებსაც ექიმი ამის შესახებ გასცემს. ლინზები უნდა დამუშავდეს სპეციალური ხსნარით. თვალის გაწითლების, ცრემლდენის, გამონადენის, თვალში უცხო სხეულის შეგრძნების, მხედველობის დაქვეითების, გაორების, დისკომფორტის შემთხვევაში პაციენტმა დროებით უნდა შეწყვიტოს ლინზის გამოყენება და მაშინვე მიმართოს ოფთალმოლოგს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მდგომარეობა ძალზე გართულდეს და საქმე კერატიტამდე (რქოვანას ანთებამდე) მივიდეს.
– როგორ შეიძლება მიოპიის თავიდან აცილება?
– ახლომხეველობის პროფილაქტიკა გულისხმობს მიოპიის განვითარების რისკჯგუფების გამოვლენას სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში, მხედველობითი რეჟიმის დაცვას (კომპიუტერთან, გაჯეტებთან ზომიერ ურთიერთობას), ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრების წესს და სპორტს. მიოპიის პროგრესირებისა და გართულების პროფილაქტიკის გზა ორთოკერატოლოგიური კორექციაა, ბადურაზე გართულების არსებობისას კი, ჩვენებისამებრ – ლაზერული კოაგულაცია.
მარი აშუღაშვილი