საქართველოში პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი

გააზიარე:

ვლადიმერ ჟღენტი – დარწმუნებული ვარ, ეს სახელი მხოლოდ ჩვენთვის არ არის მრავლისმთქმელი. ამ განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და საოცარი ენერგიის ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში მედიცინის განვითარებაში. მის სახელს უკავშირდება თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის დაარსება და ულევი სამეცნიერო თუ პედაგოგიური ღვაწლი, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ.

ასე იხსენებენ ბატონ ვლადიმერს მისი თანამედროვეები:

– აკადემიკოსი ვლადიმერ ჟღენტი იყო მედიკოსთა იმ დიდებული თანავარსკვლავედის ბრწყინვალე წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში უმაღლეს სამედიცინო განათლებას, კლინიკურ და მეცნიერულ მედიცინას.

ბატონმა ვლადიმერმა დასაბამი მისცა ჩვენს ქვეყანაში მედიცინის ფუნდამენტური მიმართულების, პათოლოგიური ანატომიის განვითარებას, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებული იყო როგორც ყველა სპეციალობის კლინიცისტისთვის, ისე თეორიულ და ექსპერიმენტულ მედიცინაში მოღვაწე მეცნიერთათვისაც.

ცნობილია, რა პასუხისმგებლობით ემზადებოდნენ კლინიკების ხელმძღვანელები და ექიმები კლინიკურ-პათანატომიური კონფერენციებისთვის, რადგან ბატონი ვლადიმერი და მისი უახლოესი თანაშემწეები მას ყოველთვის მაღალ მეცნიერულ დონეზე ატარებდნენ, პრინციპულად და ობიექტურად.

სწორედ ამ კონფერენციებზე იმართებოდა პირუთვნელი საუბარი კლინიკურად საინტერესო და იშვიათ შემთხვევებზე, პაექრობა დაშვებულ შეცდომებზე. ეს კეთდებოდა არა ვისიმე გაკიცხვისთვის ან დასჯისთვის, არამედ მომავალში მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად. ასეთი იყო ვლადიმერ ჟღენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კრედო.

სწორედ ამ დიდი ადამიანის შეუვალობა, პრინციპულობა და ობიექტურობა იქცა იმის წინაპირობად, რომ შექმნილიყო მძლავრი მეცნიერული სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ აკადემიკოსი ირაკლი ტატიშვილი, პროფესორები არკადი ჯორბენაძე, ლუარსაბ შარაშიძე, თამარ დეკანოსიძე, ლექსო ჩუბინიძე და მრავალი სხვა.

სწორედ მეცნიერთა ამ თაობის ძალისმევა გახდა იმის საფუძველი, რომ, მიუხედავად ქართულ მეცნიერებაში დღეს არსებული სირთულეებისა, პათოლოგიური ანატომია ისევ მყარად დგას პრაქტიკული და თეორიული მედიცინის ავანგარდში.

 

ვლადიმერ ჟღენტი 1981 წლის ნოემბერში დაიბადა ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ფიხისჯვარში. დაწყებითი განათლება მან საეკლესიო-სამრევლო სკოლაში მიიღო, სადაც 6 წლისა მიაბარეს, მერე კი სოფელ ხიდისთავში, სახალხო განათლების სამინისტროს ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში განაგრძო სწავლა. 1910 წელს მან ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სიმწიფის ატესტატი მიიღო და ოდესის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.

ოდესაში სწავლის დროს ვლადიმერმა ლექტორ-მასწავლებლების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. მათ ურჩიეს, დარჩენილიყო უნივერსიტეტში და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში ჩართულიყო. ვლადიმერმა ლექტორების რჩევა გაითვალისწინა და საქართველოში დაბრუნება დროებით გადადო. პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე მუშაობის გაგრძელება მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველაზე მეტად აინტერესებდა ადამიანის პათოლოგიური მორფოლოგიის შესწავლა. სამწუხაროდ, პირველმა მსოფლიო ომმა ახალგაზრდა მეცნიერს საშუალება არ მისცა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე აესრულებინა თავისი და თავისი მასწავლებლების სურვილი.

პირველი მსოფლიო ომის წლებში ვლადიმერ ჟღენტი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მან ესეც პროფესიას დაუკავშირა და უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში მოწყობილ ლაზარეთში ორდინატორად დაიწყო მუშაობა. 1918 წელს კი ის ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორთა საბჭომ პათოლოგიური ანატომიის კათედრის პროზექტორის თანაშემწედ აირჩია. 1919 წელს ვლადიმერ ჟღენტმა სამედიცინო ფაკულტეტზე წარმატებით ჩააბარა თეორიული და პრაქტიკული გამოცდები მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

ოდესაში ვლადიმერს მუშაობა უწევდა სამოქალაქო ომისა და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მძიმე გარემოში, საკვების უკიდურესი ნაკლებობის პირობებში, ცივ და გაყინულ ლაბორატორიებში, ესპანური გრიპისა და ქოლერის ეპიდემიის მძინვარების დროს. მიუხედავად ამისა, მტკიცე ხასიათმა და გულმოდგინებამ მას საშუალება მისცა, ემუშავა პროფესორ ტიზენჰაუზენთან, რომელიც მის შესახებ ამბობდა: “მიუხედავად მცირე აკადემიური გამოცდილებისა, ჟღენტი თავისი ბრწყინვალე ნიჭისა და მეცნიერებისადმი სიყვარულის წყალობით გვევლინება სავსებით ჩამოყალიბებულ მეცნიერად, რომელმაც ღრმად იცის თავისი საგანი, ფართოდ იცნობს სპეციალურ, მდიდარ ლიტერატურას, განსაკუთრებით – ნერვული სისტემის პათოჰისტოლოგიაში, რომელსაც ეხება მისი მთავარი მეცნიერული ნაშრომები და, ამასთანავე, აშკარად ამჟღავნებს თავის სპეციალობაში საკმაო გამოცდილებას. გარდა მეცნიერული დამსახურებისა, მას აქვს დიდი ადმინისტრატორული და ორგანიზატორული ნიჭი”.

თბილისში დაბრუნებისთანავე ვლადიმერი პათოლოგიური ანატომიის პირველი კათედრის ხელმღვანელობას შეუდგა. მალე მან ეს კათედრა აქცია რესპუბლიკაში პათოლოგანატომიური თეორიისა და პრაქტიკის ცენტრად.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ვლადიმერ ჟღენტმა მოახერხა, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორთა საბჭოს ღია სხდომაზე საჯაროდ დაეცვა დისერტაცია და მიეღო მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1930-1931 წლებში ვლადიმერ ჟღენტი სამეცნიერო მიზნით ერთი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ – გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სამკურნალო დაწესებულებებში ის გაეცნო პათოლოგიის სწავლებას, პათოლოგიაში მეცნიერული მუშაობის პირობებსა და მის მეცნიერულ-პრაქტიკულ გამოყენებას კლინიკურ მედიცინაში. უცხოეთში სამეცნიერო მივლინებამ მას საშუალება მისცა, კრიტიკულად შეეფასებინა პათოლოგიური ანატომიის თეორიისა და პრაქტიკის მდგომარეობა საზღვარგარეთ, აემაღლებინა ცოდნა და გაემდიდრებინა გამოცდილება მეცნიერების ამ დარგში.

მალე ვლადიმერ ჟღენტი ორგანიზებას უწევს საქართველოს ზოოვეტერინარიული ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრას, ხელმძღვანელობს მას და შეთავსებით ლექციებს კითხულობს 15 წლის განმავლობაში.

1946 წლის აპრილში ის აარსებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიურ განყოფილებას, რომელსაც 1950 წლის თებერვლამდე შეთავსებით განაგებს. ამავე დროს, ხელმძღვანელობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიურ განყოფილებასაც. მისი ინიციატივითა და გეგმით, ამ ინსტიტუტისთვის იგება ცალკე შენობა ვივარიუმისა და ექსპერიმენტული განაყოფიერებისთვის.

უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ვლადიმერი აყალიბებს და ხელმძღვანელობს თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასამართლო მედიცინის კათედრას, რომელსაც 20 წლის განმავლობაში განაგებს.

აღსანიშნავია დიდი მეცნიერის წვლილი პათოლოგიური ანატომიისა და მედიცინის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მისი და მისი მოსწავლეების მრავალი მეცნიერული ნაშრომი თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე. მისი მოღვაწეობის წლებში გამოიცა რუსულ-ქართული სამედიცინო ლექსიკონი, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი თავად იყო.

ვლადიმერ ჟღენტი გახლდათ ერთ-ერთი პიონერი სექციურ და ბიოფსიურ მასალაზე ნოზოლოგიური პროფილის შესწავლისა და დადგენისა.

აღსანიშნავია ვლადიმერ ჟღენტის მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი ცნობილია როგორც პედაგოგიური მუშაობის ბრწყინვალე ორგანიზატორი. მის ლექციებს უსმენდა მრავალი ათასი სტუდენტი, შემდეგში – უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი; ათასმა ექიმმა და იურისტმა მიიღო საფუძლიანი მომზადება ისეთ მნიშვნელოვან მეცნიერულ დისციპლინებში, როგორებიცაა სასამართლო მედიცინა. ვლადიმერ ჟღენტს იცნობდნენ როგორც მომთხოვნ და ობიექტურ, დახელოვნებულ გამომცდელს, რომელმაც იცოდა სტუდენტებისთვის გამოცდებზე მშვიდი და მეგობრული, თუმცა, ამასთანავე, საქმიანი ატმოსფეროს შექმნა. მან შეადგინა პირველი ქართული სახელმღვანელოები მედიცინის ისეთ დარგში, როგორიცაა პათოლოგიური ანატომია. მისი “ზოგადი პათოლოგიური ანატომია” 6-ჯერ გამოიცა, “სპეციალური პათოლოგიური ანატომია” – 4-ჯერ, პათოლოგანატომიური სექციის ტექნიკის სასწავლო წიგნი – 2-ჯერ. ამ სახელმღვანელოებით სარგებლობდნენ არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ პროფესიონალი ექიმებიც.

აღსანიშნავია ვლადიმერ ჟღენტის მოღვაწეობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საბჭოში. მისი დაარსების პირველი დღიდან ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ის იყო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. ომის შემდგომ პერიოდში, ათი წლის მანძილზე, გახლდათ ამ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო შემდეგ – მისი თავმჯდომარე.

ვლადიმერ ჟღენტის ორგანიზატორული ნიჭის დამსახურებაა, რომ წარმატებით ჩატარდა ექიმთა ყრილობები სრულიად საქართველოსა და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში. ის იყო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი თბილისსა და ბათუმში გამართული პათოლოგთანატომთა ყრილობებისა. მისივე ორგანიზატორობით გაიმართა ყრილობები ბაქოში, ლენინგრადსა და ხარკოვში.

დაძაბული შრომის მიუხედავად, ვლადიმერი ყოველთვის პოულობდა დროს საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. მაგალითად, ის ინახავდა და ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1909 წელს ის დააპატიმრეს პოლიტიკურ პატიმრებსა და ციხის გარეთ მყოფ ამხანაგებს შორის კავშირის დამყარებისათვის და სასჯელს იხდიდა ქუთაისის საგუბერნიო ციხეში.

ვლადიმერ ჟღენტს თამამად ვუწოდებთ უფლებადამცველ მეამბოხეს, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სტუდენტთა გამოსვლებსა და მიტინგებზე აქტიური მონაწილეობისათვის არაერთხელ დააპატიმრეს, ხოლო 1913 წლის დეკემბერში “უკანონო საზოგადოებაში” მონაწილეობისთვის ის გაასამართლა ოდესის საოლქო სასამართლომ. გარდა ამისა, ვლადიმერი გახლდათ ოდესაში ქართველების სათვისტომოს გამგეობის წევრი.

ვლადიმერ ჟღენტი 1972 წელს გარდაიცვალა. მისი ღვაწლი ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს მედიცინის ისტორიაში, ხოლო საქართველოს პათოლოგანატომთა სამეცნიერო საზოგადოებას მისი სახელი მიენიჭა.

თამარ არქანია

ნინია მაჭარაშვილი

 

გააზიარე: