ალადაშვილების დიდებული ტრადიცია გრძელდება
გააზიარე:
კარგ ექიმზე იტყვიან, პაციენტის მკურნალობას შეხვედრისთანავე იწყებსო. სწორედ ასე ახასიათებდნენ ალექსანდრე ალადაშვილს თანამედროვეები.
თუ ოდესმე სამედიცინო უნივერსიტეტში გისწავლიათ, აუცილებლად მოგიწევდათ კამოს ქუჩაზე, თბილისის მეორე საავადმყოფოში, რომელიმე კლინიკური საგნის (თერაპიის, ქირურგიის, ოფთალმოლოგიის და სხვა) გავლა, იქ კი უთუოდ შეიტყობდით ცნობილი ქართველი ექიმის ალექსანდრე ალადაშვილის შესახებ. ეს კლინიკა დღესაც მის სახელს ატარებს. მოდი, ჩვენც გავიხსენოთ სახელოვანი წინაპარი.
პროფესორმა გურამ ტატიშვილმა ბევრი რამ იცის ცნობილი ქართველი თერაპევტის ღვაწლის შესახებ, მის სახელოვან შთამომავლებსაც იცნობს და ინტერვიუზე არც ამჯერად გვეუბნება უარს:
– ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, გავიხსენო სტუდენტობის ხანა, როდესაც 1950 წლის სექტემბერში ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოში პირველად ვეზიარეთ სამედიცინო პრაქტიკას. პირველი პრაქტიკული მეცადინეობა ქირურგიაში შესანიშნავმა პედაგოგმა თამარ გიორგობიანმა ჩაგვიტარა. დღესაც ყურში ჩამესმის ამ სათნო ქალბატონის მონათხრობი მედიცინის კორიფეებზე, რომლებიც ამ საავადმყოფოში მოღვაწეობდნენ, განსაკუთრებით – დიდ ექიმზე, პედაგოგსა და მეცნიერზე ალექსანდრე ალადაშვილზე, რომელიც სულ სამიოდე თვის წინ გარდაცვლილიყო და რომლის სახელსაც უკვე ატარებდა ეს საავადმყოფო.
დღეს კი საავადმყოფოს მთავარ კორპუსთან, სკვერში, მომავალ ექიმებს ალექსანდრე ალადაშვილის ბიუსტი ეგებება. მჯერა, ამ დიდი ადამიანის სიკეთით გაცისკროვნებული გამოხედვა გზას ულოცავს ახალგაზრდებს კლინიკური მედიცინის მძიმე, მაგრამ საპატიო სარბიელზე.
გასული საუკუნის პირველი ნახევარი ქართული მედიცინის ოქროს ხანა იყო, როდესაც ბრწყინავდა მედიცინის სხვადასხვა დარგის მრავალი მოღვაწე. ამ დიდებული თანავარსკვლავედის კაშკაშა წარმომადგენელი გახლდათ ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა პიროვნული ღირსებით, პროფესიონალიზმით, სიკეთით, კეთილშობილებითა და კაცთმოყვარეობით.
მასზე ბევრი რამ გამიგონია ჩემი მასწავლებლებისგან, ასევე – ბატონი ალექსანდრეს ვაჟისგან, ჩემი უფროსი მეგობრისგან – პროფესორ ვახტანგ ალადაშვილისგან. ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო ალადაშვილების დიდებულ სამედიცინო დინასტიაზე, მაგრამ ამაზე – ქვემოთ, ახლა კი გავიხსენოთ ამ დიდი მოღვაწის ცხოვრების გზა...
ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში – კახეთში დაიწყო. 1876 წლის 30 ივნისს სოფელ არბოშიკში, სტეფანე და დარი ალადაშვილების ოჯახში, დაიბადა ალექსანდრე ალადაშვილი. აქვე გაატარა მან უზრუნველი ბავშვობა. როდესაც პატარა სანდროს სკოლაში წასვლის ასაკი დაუდგა, ოჯახი სირთულეებს წააწყდა – მათ სოფელში სკოლა არ იყო, ბავშვის მეზობელ სოფელში ტარება კი ჭირდა. სწორედ ამ დროს მათ სტეფანეს ძმა, ალექსანდრეს ბიძა დავით ალადაშვილი ესტუმრათ. მას ახალი დამთავრებული ჰქონდა კიევის სასულიერო სემინარია და ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად იყო დანიშნული. დავითმა იმთავითვე შეამჩნია ძმისშვილის ცინცხალი გონება და ოჯახს სასწავლებლად მისი ოზურგეთში წაყვანა შესთავაზა. მშობლებს, ცხადია, უჭირდათ ვაჟის ასე შორს გაშვება, მაგრამ იმასაც გრძნობდნენ, რომ მათ შვილს უდიდესი შესაძლებლობა გამოუჩნდა.
ოზურგეთში გატარებულ წლებს უკვე წარმატებული ექიმი დიდი სიყვარულით იგონებდა. უხაროდა სკოლაში სიარული და წიგნები თავის მთავარ საგანძურად მიაჩნდა. ერთხელ საკლასო ოთახში ხანძარი გაჩენილა, პატარა სანდრო კი ცეცხლში შევარდნილა და წიგნები გადაურჩენია. ცხადია, ამის გამო საყვედური მიიღო, მაგრამ თავად ბოლომდე სწამდა, რომ სწორად მოიქცა.
მალე დავით ალადაშვილი ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს. ალექსანდრეც, ცხადია, თან გაჰყვა. აქ მომავალმა ექიმმა ახალი გასართობი იპოვა – კითხვა. სასწავლებლის ბიბლიოთეკაში წაუკითხავი არ დაუტოვებია არც ერთი საინტერესო წიგნი. მისი საყვარელი მწერლები ყოფილან გუსტავ ემარი, მაინ რიდი და ალექსანდრ პუშკინი.
სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ალადაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. ვინც თბილისის სასულიერო სემინარიას წარჩინებით დაასრულებდა, ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტში შეეძლო სწავლის გაგრძელება. სწორედ ეს მიზანი დაისახა ნიჭიერმა ახალგაზრდამ და, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, მიაღწია კიდეც. თბილისის სასულიერო სემინარიაში გატარებულმა წლებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. სწორედ აქ გადაწყვიტა ყმაწვილმა, მომავალი მედიცინისთვის დაეკავშირებინა.
აი, რას წერს ტარტუს უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე მისი მეგობარი ვლადიმერ ხელაშვილი: “სანდრო განსაკუთრებული ნიჭითა და შრომისმოყვარეობით იყო დაჯილდოებული. მიუხედავად იმისა, რომ მას თითქმის არ ჰქონდა თავისუფალი დრო, მაინც ყველაფრისთვის იცლიდა: ლექციები, დასვენება, მეგობრებთან ერთად გასეირნება და სხვა. მისი ფიქრები მიმართული იყო იქითკენ, რომ ყოველი ქართველი, რომელიც უმაღლეს განათლებას საზღვარგარეთ იღებდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოსთვის მოეხმარა”.
ტარტუში სწავლისას ალექსანდრეს ფულით კვლავაც ბიძა, დავით ალადაშვილი ეხმარებოდა. მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ შეუწყვეტია ძმისშვილზე ზრუნვა. მადლიერმა ალექსანდრემ დისერტაცია სწორედ ბიძას მიუძღვნა.
1904 წელს, იურევსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ალადაშვილი ტოვებს ტარტუს და სამშობლოში ბრუნდება, სადაც მუშაობას იწყებს მიხეილის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში უშტატო ორდინატორად. იმ დროს აღნიშნულ განყოფილებას პეტერბურგიდან მოწვეული ცნობილი თერაპევტი სპირიდონ ვირსალაძე ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა ექიმი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, ეცნობოდა უამრავ სამედიცინო ლიტერატურას და ბევრ დროს უთმობდა პრქტიკულ საქმიანობას. მონდომებულმა ახალგაზრდამ მალე მოიპოვა პოპულარობა და კლინიკის შტატიანი თანამშრომელიც გახდა.
ორი წლის მუშაობის შემდეგ ალექსანდრე ალადაშვილმა იგრძნო, რომ რაღაც მეტი უნდოდა. “მე უკვე კარგად გავითავისე პაციენტებთან მუშაობის მეთოდები, მოვიხვეჭე მცოდნე ექიმის სახელი და ადგილი კლინიკაში. ახალ სამედიცინო ლიტერატურასაც ვეცნობოდი. მიუხედავად ამისა, მეჩვენებოდა რომ ამაში არ იყო თანამედროვე მეცნიერების არსი. ვხვდებოდი, რომ ამ ატმოსფეროში დეგრადაცია მემუქრებოდა, საუკეთესო შემთხვევაში კი კარგი პრაქტიკოსი ექიმი გავხდებოდი. მე მჭირდებოდა თბილისიდან წასვლა და ნამდვილ სამეცნიერო სამუშაოებში ჩართვა, მე მაშინ მოსკოვის კლინიკებზე ვოცნებობდი”.
სწორედ იმ ზაფხულს, 1902 წელს, არდადეგებზე თბილისში ჩამოვიდა მისი მეგობარი, მომავალი დიდი მეცნიერი, მორფოლოგი და აკადემიკოსი ალექსანდრე ნათიშვილი, რომელიც ხარკოვში მუშაობდა. მეგობრის სურვილი რომ შეიტყო, მას ხარკოვში წასვლა და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა. ალექსანდრე ალადაშვილმა იმ დროისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნია და ხარკოვში გაემგზავრა. ის ბევრს მუშაობდა და თან სწავლობდა, რამაც შედეგი გამოიღო და მალე ახალგაზრდა ექიმს სტუდენტებთან მეცადინეობათა ჩატარება დაავალეს. “ალექსანდრე ალადაშვილისთვის ეს განსაკუთრებულად დატვირთული წლები იყო. მეც დაახლოებით მსგავს სიტუაციაში ვიყავი. პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ჩვენ გვიწევდა დისერტაციისთვის საჭირო მასალების მოძიება-შეგროვება. დილის 8 საათიდან სამსახურში ვიყავით, სახლში საღამოს 9-10 საათზე ვბრუნდებოდით, ზოგჯერ – უფრო გვიან”, – ასე იხსენებს ხარკოვში გატარებულ წლებს ალექსანდრე ნათიშვილი. ალექსანდრე ალადაშვილი ძალიან დაუახლოვდა ხარკოვის სამედიცინო საზოგადოებას. პარალელურად მან ასისტენტად დაიწყო მუშაობა ხარკოვის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრაზე. 1911 წელს ხარკოვის უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დისერტაციის დაცვამ ახალგაზრდა ექიმს დიდი სახელი მოუტანა.
1918 წელს თბილისში უნივერსიტეტი გაიხსნა. ალექსანდრე ალადაშვილი, ალექსანდრე ნათიშვილსა და ხარკოვში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად უნივერსიტეტში მოიწვიეს. უკვე ცნობილი ექიმი და მეცნიერი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრაზე დაიწყო. “თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, უნდა ვაღიარო, პირველი რამდენიმე დღე თითქოს ბურუსში გავატარე. მეგობრები დიდი სიყვარულით და სიხარულით შემხვდნენ. მეორე დღესვე უნივერსიტეტში გავეშურეთ. დავდიოდი უზარმაზარ ოთახებში და თავს ძალიან ამაყად ვგრძნობდი, საკუთარ თავს ოცნების ასრულებას ვულოცავდი. აი ისიც – ქართული უნივერსიტეტი!” – წერდა ალექსანდრე ალადაშვილი სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ალექსანდრე ალადაშვილი თერაპიის კათედრის გამგე იყო. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა კლინიკო-დიაგნოსტიკური, ბაქტერიოლოგიური, ბიოქიმიური ლაბორატორიები, ფიზიოთერაპიული განყოფილება. 1920 წელს მისივე ინიციატივით ამოქმედდა კლინიკაში ამბულატორია ტუბერკულოზიანი პაციენტებისთვის. დიდი ქართველი თერაპევტი თავისი ძვირფასი დროის დიდ ნაწილს უთმობდა საქართველოს კურორტებს, მათი თერაპიური სარგებლის მეცნიერული შესწავლის საკითხებს. იგი გახლდათ საქართველოს თერაპიული საზოგადოების თავმჯდომარე და დიდი ხნის განმავლობაში – ქალაქის მეორე საავადმყოფოს მთავარი ექიმი.
ალადაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება ორ ეტაპად – ხარკოვში და თბილისში მუშაობის პერიოდებად დაიყოს. ხარკოვში შესრულებული ნაშრომები ექსპერიმენტული მასალის სიუხვით გამოირჩევა. ალექსანდრე ალადაშვილი, საზოგადოდ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ექსპერიმენტებს. სამწუხაროდ, აღარ დასცალდა, თორემ მზად ჰქონდა პროექტი საავადმყოფოში ექსპერიმენტული ბაზის მოსაწყობად. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამკურნალწამლო საშუალებების შერჩევისა და რეცეპტურის შედგენის საქმეშიც. იმხანად სამკურნალწამლო საშუალებების მზა ფორმები იშვიათობა იყო, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რამდენად იყო დახელოვნებული ექიმი რეცეპტის შემადგენლობის შერჩევაში.
გურამ ტატიშვილი განაგრძობს:
– ბატონი ალექსანდრე ალადაშვილი 1950 წელს გარდაიცვალა 74 წლისა. მისი შვილებიდან მხოლოდ უფროსმა ვაჟმა, ვახტანგმა მოინდომა გაჰყოლოდა მამის კვალს. ავბედით 1950 წელს ვახტანგი სულ ახალგაზრდა ექიმი იყო. მან ღირსეულად გაიარა ექიმი-თერაპევტის, მეცნიერისა და პედაგოგის არცთუ ადვილი კარიერის ყველა საფეხური. 1971 წელს იგი კონკურსით აირჩიეს თერაპიის იმ კათედრის გამგედ, რომელიც მამამისმა დააარსა და სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა. უნდა ითქვას, რომ ბატონმა ვახტანგმა ღირსეულად გააგრძელა მამის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ზნეობრივი და პროფესიული ტრადიცია.
ჩვენც ამ პერიოდში დავახლოვდით. ჩვენი კათედრები ამ საავადმყოფოს სხვადასხვა კორპუსში იყო. ბატონი ვახტანგი ჩემზე 7-8 წლით უფროსი გახლდათ და მე მას მუდამ თქვენობით მივმართავდი. მიუხედავად ამისა, მისმა უბრალოებამ, უშუალობამ და ყველასადმი კეთილგანწყობამ ძალიან დაგვაახლოვა. ის იყო ბრწყინვალე პრაქტიკოსი ექიმი, შესანიშნავი პედაგოგი, მეცნიერი და უაღრესად განათლებული პიროვნება. მისგან ყოველთვის მოისმენდით საღ აზრს, სასარგებლო რჩევას როგორც პროფესიულ, ისე ცხოვრებისეულ საკითხებზე. 1980 წელს, როდესაც ჩემმა კათედრამ უკეთესი კლინიკური ბაზა მიიღო, ბატონმა ვახტანგმა მომილოცა და დაამატა, არ დამივიწყოო. მართლაც, თვეში რამდენჯერმე ვსტუმრობდი მას კლინიკაში, ვტკბებოდი მასთან საუბრით. ბატონი ვახტანგი თავისი სიდინჯით, ორატორული ხელოვნებით, სიკეთითა და განსწავლულობით სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გამორჩეული წევრი გახლდათ. ამიტომაც სარგებლობდა კოლეგების, სტუდენტებისა და პაციენტების დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.
სამწუხაროდ, ბატონი ვახტანგიც ადრე გარდაიცვალა, 1986 წელს. მას კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეეძლო. ის ძალიან დააკლდა ქართულ სამედიცინო მეცნიერებას, კლინიკას, ახალგაზრდა ექიმებსა და სტუდენტებს.
საბედნიეროდ, ალექსანდრე და ვახტანგ ალადაშვილების დიდებული დინასტია არ შეწყვეტილა. სახელოვანი წინაპრების საქმეს წარმატებით აგრძელებს გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც ღირსეულად ატარებს დიდი პაპის სახელს. ამაზე მისი დღევანდელი სტატუსიც მეტყველებს: ის გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივ, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული დეპარტამენტის სრული პროფესორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. იგი, წინაპრების მსგავსად, მუდამ ახლის ძიებაშია: პირველი კორონაროგრაფია, პირველი კორონარული სტენტირება ორ ათეულ ათას პაციენტზე წარმატებული გამოცდილებით... ჩვენს ქვეყანაში ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მას სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ასე რომ, ალადაშვილების დიდებული სამედიცინო ტრადიცია გრძელდება.
ნინია მაჭარაშვილი
თამარ არქანია