პირველი ქართველი პროფესორი ქალი

გააზიარე:

ამჯერად გამოჩენილ ქართველ ბავშვთა ექიმს, პროფესორ მარიამ უგრელიძეს გავიხსენებთ. იგი გასული საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ჩვენი უხუცესი რესპონდენტი, პროფესორი გურამ ტატიშვილი, გვიამბობს:

– პროფესორი მარიამ ქრისტეფორეს ასული უგრელიძე გახლდათ საქართველოში მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პროფესორ ს. გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ბავშვთა სნეულებების მკურნალობისა და კვლევის ურთულეს საქმეს და ათეულობით წლის განმავლობაში ღირსეულად უძღვებოდა ამ საპასუხისმგებლო და ქვეყნისთვის საჭირო დარგის განვითარებას. ქალბატონი მარიამი იყო უაღრესად განათლებული, სიკეთითა და სათნოებით გასხივოსნებული ადამიანი, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა გახლდათ ცოცხალი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს ბავშვთა ექიმი.

გუშინდელ დღესავით მახსოვს მარიამ უგრელიძის სახლში, ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს, გამართული საახალწლო წვეულებები. იქ იკრიბებოდნენ მისი პაციენტები, ყოფილი პაციენტებისა და ახლობლების შვილები. ქალბატონი მარიამი ყველა ბავშვს უხვად ასაჩუქრებდა. თავადაც ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა ასეთ ზეიმში, რადგან ჩემი გამზრდელი მამიდა, იმ დროს ცნობილი პედიატრი, დოცენტი თამარ ტატიშვილი, მარიამ უგრელიძის უახლოესი თანაშემწე გახლდათ.

შემდეგ მე, უკვე სტუდენტმა, ქალბატონი მარიამი აღვიქვი როგორც მასწავლებელი, პროფესორი, კათედრის გამგე. მახსოვს მისი ბრწყინვალე ლექციები, შთამბეჭდავი კლინიკური შემოვლები და უაღრესად დიდი ავტორიტეტი არა მარტო სამედიცინო წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში. ის იყო დიდი ეროვნული მოღვაწე და ჰქონდა მასშტაბური ხედვა ერის ჯანსაღი თაობის აღზრდის შესახებ. კერძოდ, მარიამ უგრელიძემ შეიმუშავა ბავშვის ადრეული ასაკიდანვე გაჯანსაღების პრინციპი, დაფუძნებული აეროთერაპიაზე. განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფები ზამთარ-ზაფხულ იწვნენ კლინიკის კეთილმოწყობილ ღია ვერანდაზე და იქ უტარდებოდათ მკურნალობა. მეთოდის ეფექტურობის ერთ-ერთი მაგალითი თავად გახლავართ. ბავშვობაში თურმე სუსტი ვიყავი და ხშირად ვავადმყოფობდი. იმხანად პირველ სართულზე ვცხოვრობდით და დედას თურმე ეშინოდა, რადგან მამიდაჩემი, მარიამ უგრელიძის მოწაფე, ღამღამობით ღია აივანზე მაძინებდა. შედეგი სახეზეა – ვარ 85 წლის და არასოდეს მქონია გრიპი, არ ვიცი, რა არის გაციება. საკითხავია, რამდენად ეფექტური იქნება დღეს ეს მეთოდი, რადგან თბილისში ჰაერი უაღრესად დაბინძურებულია. ალბათ ავადმყოფი ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანა აჯობებს.

 

მარიამ უგრელიძე 1885 წლის 26 იანვარს დაიბადა სოფელ დიღომში. მამამისი, ქრისტეფორე უგრელიძე, ნიჭიერი და პროგრესული იდეების გამარცელებელი მასწავლებელი გახლდათ, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდან და ეკლესიიდან ქართული ენის განდევნას. ქრისტეფორე ფიცხი, ნერვული და დაუდგრომელი ადამიანი იყო, ამიტომ მარიამისა და მისი და-ძმის, მელანიასა და ნიკოს, აღზრდა ძირითადად დედას, ნინო გიორგიევას დააწვა ზურგზე. მამის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებზე მზრუნველობა ბიძამ, მიხეილ გიორგიევმა იკისრა.

მარიამი – როგორც შინაურები ეძახდნენ, მანიკო – სუსტი აღნაგობის, ცელქი და ცნობისმოყვარე გოგონა ყოფილა. როცა წამოიზარდა, ექიმობა გადაწყვიტა, მაგრამ იმ დროს საქართველოში სამედიცინო უმაღლესი სასწავლებელი არ არსებობდა, თანაც ქალებისთვის ძნელი იყო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება – ფინანსურ პრობლემებთან ერთად, მათ ტრადიციაც ზღუდავდა. უგრელიძეების ოჯახში სწავლას არავის უშლიდნენ, აი, ეკონომიკური პირობები კი არასახარბიელო ჰქონდათ. თექვსმეტი წლის მარიამმა გადაწყვიტა, საკუთარი შრომით მოეგროვებინა თანხა სწავლის გასაგრძელებლად და გეზი ბაქოსკენ აიღო, სადაც ქალთა გიმნაზიაში კლასის დამრიგებლად დაიწყო მუშაობა.

1904 წელს მარიამ უგრელიძე პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე ჩაირიცხა და საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესწავლას. მას ხშირად ხედავდნენ ფიზიოლოგიური ქიმიის ლაბორატორიებში. 1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს მარიამი ქუჩებში დახმარებას უწევდა დაჭრილ მუშებს. რევოლუციური აღტკინება სტუდენტთა გარკვეულ ნაწილსაც გადაედო. მარიამი დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატთა ორგანიზაციას. მეფის აგენტებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მარიამ უგრელიძე დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა სამხედრო ნაწილებში რევოლუციური პროკლამაციების გავრცელება.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მარიამს აუკრძალეს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა და არხანგელსკში გადაასახლეს. საბედნიეროდ, მას უცხოეთში წასვლის საშუალება მიეცა. დასავლეთ ევროპაში, საფრანგეთში, მარიამმა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და 1909 წელს შვეიცარიაში, ლოზანაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. შვეიცარიაში სწავლის დროს მარიამმა გადაწყვიტა, სულით ავადმყოფთა ექიმი გამხდარიყო. ის შეუერთდა სტუდენტთა ორგანიზაციას, რომლის მიზანი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

1914 წელს მარიამმა ლოზანაში სწავლა დაამთავრა და პირველ აგვისტოს, რუსეთთან ომის გამოცხადების, დღეს სამშობლოში დაბრუნდა. მეფის დროინდელი რუსეთის კანონის თანახმად, მას, ვისაც სამედიცინო განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული, რუსეთში საექიმო პრაქტიკის უფლება არ ეძლეოდა, თუმცა დიდი შრომის შედეგად მარიამმა მაინც მოახერხა პრაქტიკის გავლა და ექიმის რუსული დიპლომი აიღო. გარდა ამისა, შეიცვალა მიმართულებაც – ბევრი ყოყმანისა და პროფესორ სიმონ გოგიტიძის აგიტაციის შემდეგ ბავშვთა ექიმი, პედიატრი, გახდა.

1921 წლის მარტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრა დაარსდა, რომლის ფუძემდებელი სწორედ პროფესორი სიმონ გოგიტიძე გახლდათ. ძირითად საქმიანობას კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებდა. 1930 წელს მარიამს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგედ დაინიშნა. მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში მარიამ უგრელიძე ინტენსიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა ბავშვთა ჯანდაცვის კუთხით.

არ გრცხვენიათ? – გულისტკივილით ეტყოდა ხოლმე დერეფანში უსაქმოდ მდგარ სტუდენტებს, – სახელმწიფო თქვენს სწავლაზე თქვენს წონა ფულს ხარჯავს, თქვენ კი სამაგიეროს ასე უხდითო. გამოცდებზე იყო ძალიან მომთხოვნი და პრინციპული. არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდა პედიატრიისთვის სპეციფიკური საკითხების არცნოდნას: “არ ჩავჭრი სტუდენტს ნეფრიტის პათოგენეზის უცოდინრობის გამო, ვინაიდან მას სხვა თერაპიულ დისციპლინაშიც ასწავლიან, მაგრამ თუ მან არ იცის ბავშვის კვება, არ გავუშვებ”, – იტყოდა ხოლმე.

დიდ ყურადღებას აქცევდა საავადმყოფოს კულტურას, ავადმყოფთა მომსახურებას და მკურნალობას. ბავშვთა განყოფლებაში აღარ იგრძნობოდა “საავადმყოფოს სფეციფიკური სუნი”, რასაც მან პალატების განიავებით მიაღწია. როგორც თავად ამბობდა, ეს მიღწევა “ნახევარ სიცოცხლედ დაუჯდა”. წლების განმავლობაში უმტკიცებდა პაციენტების მშობლებს, საავადმყოფოს ადმინისტრაციას და, სამწუხაროდ, ექიმებსაც: “რასაკვირველია, თუნდაც ოდნავ შემღვრეულ წყალს არ დალევთ; გამუდმებით რომ სუნთქავთ თბილი, მაგრამ დაბინძურებული ჰაერით, ამაზე არ ფიქრობთ და არც სწუხხართო”, – საყვედურობდა ყველას.

მისი მოღვაწეობის პერიოდში დაიწყო პედიატრების, ლაბორანტების, ბიოქიმიკოსების ექსპედიცია მთელ საქართველოში. თორმეტი წლის განმავლობაში მარიამ უგრელიძემ ფეხით მოიარა მთელი საქართველოს მთა და ყოველდღიურად სინჯავდა რამდენიმე ათეულ ბავშვს, სწავლობდა მოსახლეობის, განსაკუთრებით – ქალთა და ბავშვთა, საყოფაცხოვრებო და შრომის პირობებს, ტრადიციებსა და ფოლკლორსაც კი. ღამით, ჭრაქის სინათლეზე, მარიამი აჯამებდა იმ დღის მუშაობას. ექსპედიციების დროს მან ათიათასობით ბავშვი გამოიკვლია.

1929 წელს მარიამ უგრელიძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარეც თავად მარიამი გახლდათ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას მისი სახელი ეწოდა.

მარიამ უგრელიძეს სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი აქვს შესრულებული. მათი უმრავლესობა თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და წაკითხულია საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე. მისი ნაშრომები ეხება ბავშვთა ასაკის როგორც ფიზიოლოგიის, ისე პათოლოგიის, თერაპიისა და ჰიგიენის მნიშვნელოვან პრობლემებს. მარიამი ბევრს მუშაობდა მედიცინის ისტორიის საკითხებზეც საქართველოში. ფასდაუდებელია მისი ნაშრომები ბავშვის ფიზიკური განვითარების, ბავშვის კვების, რაქიტის, დისტროფიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზისა და აეროთერაპიის შესახებ.

 

იოლი არ არის, ორ გვერდში ჩაატიო მარიამ უგრელიძის ცხოვრება და მოღვაწეობა, მის მიერ ქართული მედიცინის განვითარებისთვის გაწეული ღვაწლი, მაშინ როცა პედიატრ გია (ყარამან) ფაღავასთან მასზე საუბარში თითქმის მთელი დღე გავლიეთ. მან უამრავი ისტორია გაიხსენა მარიამ უგრელიძეზე და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნიც გვისახსოვრა: “მარიამი ჩვენთან სტუმრად რომ დაიდოდა, მე მაშინ ძალიან პატარა, 12 წლისა ვიყავი. მარიამს ძალიან ვუყვარდი და დიდ ყურადღებას მითმობდა, თუმცა ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ქალბატონი იყო. ერთხელაც ჩემმა მშობლებმა ბინა შეიცვალეს და ავლაბარში, ოროთახიან ბინაში გადასახლდნენ. იმხანად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთის ყიდვა ვერ შეძლეს. როცა მარიამი პირველად მივიდა სტუმრად, მამას ჰკითხა, შენი სამუშაო მაგიდა სად არისო. მამას მაგიდა არ ჰქონდა და, ცხადია, ვერ აჩვენა. მიუბრუნდა მარიამი დედაჩემს და უთხრა: კაცი თუ პროფესორობაზე ფიქრობს, უწინარესად პირადი სამუშაო მაგიდა უნდა ჰქონდესო. რამდენიმე დღეში დედა სამუშაო მაგიდის საყიდლად წავიდა, მარიამი ისევ მოვა და დავახვედროთო”.

მოგონებების წიგნში ნუცა უგრელიძის ქალიშვილი, მაია ჩაჩავა, იხსენებს: “ერთ დღეს მარიამ უგრელიძის სახლში გაისმა ტელეფონის ზარი. დედამ დაიმახსოვრა სახელი და გვარი – რეკავდა ვინმე ვანიჩკა ჩოხელი. მან შეატყობინა მარიამ უგრელიძეს, რომ თბილისის რკინიგზის სადგურში დგას ვაგონი, რომელსაც ეს-ესაა გაუშვებენ რუსეთში და რომ ეს ვაგონი სავსეა უპატრონოთა სახლებიდან გამოყვანილი ბავშვებით. ეს ბავშვები რეპრესირებული მშობლების შვილები იყვნენ. მარიამი შუაღამისას წავიდა რკინიგზის სადგურში და მისი წყალობით ბავშვებით სავსე ვაგონი მოხსნეს შემადგენლობიდან, ხოლო ამის შემდეგ გაფორმდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, ეს ბავშვები დაავადებულნი იყვნენ დიზენტერიით და ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო მათი გადაადგილება არ შეიძლებოდა. დოკუმენტს ხელს აწერდა მარიამ უგრელიძე. ასე გადარჩა უამრავი ბავშვი სამშობლოს დაკარგვას მისი წყალობით”.

1960 წლის 24 მაისს მრავალრიცხოვანმა პროცესიამ უკანაკნელ გზაზე გააცილა მარიამ უგრელიძე. მისი ცხედარი მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს.

ნინია მაჭარაშვილი

თამარ არქანია

გააზიარე: