სამედიცინო გამოკვლევები

გააზიარე:

სადამდე წავიდა ტექნიკა! 
თუკი რამე სამკურნალო მეთოდი და საშუალება გამოუგონიათ, ყველაფერს ჰიპოკრატეს აბრალებენ. მართალია, ის შეუდარებელი ნიჭიერების ადამიანი იყო, მაგრამ თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა... 
დრომ მოიტანა და საჭიროებამ, რომ დღეს ადამიანის უჯრედის კუთხე-კუნჭულებს შიფრავენ, არაფერი წამოგტკივდეს და დიაგნოზს უპრობლემოდ დაგისვამენ: ან სისხლი და გითვალიერებენ, ან შარდს ან სულაც “ტელევიზორში გაგატარებენ”.

სამედიცინო TV

პირველი  “ტელევიზორი” რენტგენის აპარატი იყო. მას დღესაც იყენებენ სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკისთვის. 
საზღვარგარეთ ამ მეთოდს X-სხივს უწოდებენ. მუშაობის მექანიზმი კი ყველგან ერთია: რენტგენის სხივების მეშვეობით ფირზე დასხივებული უბნის გამოსახულება ჩნდება.
რენტგენოლოგიური კვლევა მისაღებია ყველა ასაკის თუ სქესის წარმომადგენლისთვის და მას უხშირესად მიმართავენ მაშინ, როდესაც ექიმს ეჭვი აქვს: ძვლის მოტეხილობაზე, ძვლის, სახსრის ინფექციურ ცვლილებაზე, გულისა და ფილტვების პათოლოგიაზე, სტომატოლოგიურ (პირის ღრუს) პრობლემაზე, ხერხემლის დაზიანებაზე, სიმსივნის არსებობაზე და აგრეთვე, უცხო სხეულის არსებობაზე (რაც უხშირესად, პატარების ცნობისმოყვარეობის შედეგია). 
თუკი რენტგენოლოგიური კვლევისთვის ემზადებით, გაითვალისწინეთ: პროცედურის დროს სხეულის დასასხივებელი უბნის მოშიშვლება, სამკაულებისა და სათვალის მოხსნა მოგიწევთ. შესაძლოა, ექიმმა გადაღების დროს სასქესო ორგანოებზე ტყვიის ფირფიტის აფარება გირჩიოთ – როგორც ჩანს, X-სხივები საკვერცხისა და სათესლის ფუნქციაზე მთლად პოზიტიურად არ მოქმედებს. ანალოგიური შეიძლება ითქვას ნაყოფზეც. ამიტომაც ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვების მიზნით არა რენტგენს, არამედ ულტრაბგერას მიმართავენ. 
საზოგადოდ, რენტგენის სხივების ის დოზა, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს, მავნებელი არ არის და შიში, თითქოს დასხივება კიბოს აჩენდეს და უჯრედებს აზიანებდეს, უსაფუძვლოა. რისკი უმნიშვნელოდ იზრდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი X-სხივების ზემოქმედების ქვეშ ხშირად ხვდებით.
და კიდევ: ზოგჯერ ამა თუ იმ ორგანოს მკვეთრი გამოსახულების მისაღებად საჭირო ხდება ორგანიზმში კონტრასტული (ბარიუმის ან იოდის შემცველი) ნივთიერების მიღება. გაითვალისწინეთ, რომ ამგვარმა “საღებავმა” შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს.

მამხილებელი ბგერები
ულტრაბგერითი კვლევას სხვაგვარად ულტრასონოგრაფიას ან ულტრაბგერით სკანირებას უწოდებენ. პრინციპი კი ერთია: მაღალი სიხშირის ბგერების წყალობით ეკრანზე ორგანოებისა და ქსოვილების გამოსახულება ჩნდება. არსებობ აგრეთვე დოპლეროგრაფია, რომელიც სისხლძარღვებში სისხლის დინებას, მათი ავსების ხარისხს შეისწავლის (ეკრანზე ჩანს თუ სად არის სისხლძარღვის სანათური დახშული, სად – შევიწროებული). ძირითადი “მოქმედი პირი” აქაც ულტრაბგერაა. 
ულტრაბგერითი კვლევა მეტად პოპულარულია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში: ეს გამოკვლევა ყველა ორსულს ენიშნება, ზოგიერთ – რამდენიმეჯერ. გარდა ამისა, ულტრაბგერა გამოგვადგება ტკივილის, სიმსივნის და ინფექციის არსებობის დროს. 
ასე რომ, ულტრაბგერითი კვლევის დროს იოლად დავინახავთ, თუ რა მდგომარეობაშია; გული და სისხლძარღვები, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, პანკრეასი, თირკმელი, საშარდე ბუშტი, საშვილოსნო, საკვერცხეები, თვალი, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, სათესლეები და რაღა თქმა უნდა, სარძევე ჯირკვალი (მამოგრაფია). 
ხშირად ულტრაბგერითი კვლევა ბიოფსიის (ნემსით ქსოვილის ნაწილის გამოღება და შესწავლა) პარალელურადაც წარმოებს.    
თუკი ულტრასონოგრაფიული კვლევა გჭირდებათ, გაითვალისწინეთ: ზოგიერთი ორგანოს გამოსაკვლევად წინასწარ უნდა იშიმშილოთ (კვლევამდე 12 საათი არც არაფერი უნდა ჭამოთ და არც დალიოთ). რიგ შემთხვევაში კი პირიქით, ექიმი სითხის ჭარბად მიღებას გირჩევთ (ეს საშარდე ბუშტის გადასავსებადაა საჭირო). 
ულტრაბგერითი კვლევა, ძირითადად გარეგანი ზემოქმედებით კეთდება, მაგრამ იშვიათად შეიძლება კვლევის განსაკუთრებული მეთოდი დაინიშნოს – ამ დროს ხელსაწყო ორგანიზმში შეყავთ. ეს მეთოდებია: 
. ტრანსეზოგაგური ექოკარდიოგრამა, რომლის დროსაც გულის გამოსახულების მისაღებად ხელსაწყო საყლაპავში თავსდება,
. ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა. ამ შემთხვევაში სათესლე ჯირკვლის გამოკვლევა სწორი ნაწლავიდან წარმოებს,
. ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევის დროს კი საშვილოსნოსა და საკვერცხეების დათვალიერების მიზნით ხელსაწყო საშოში თავსდება.

რაზე გვიამბობს ენდოსკოპია
მეთოდი უმნიშვნელო დისკომფორტთან არის დაკავშირებული: მცირე ზომის “ვიდეოთვალი” თავსდება ორგანიზმში, უფრო სწორედ რომელიმე ღრუ ორგანოში და აქედან გამოსახულება ეკრანზე აისახება. 
ენდოსკოპია სხვადასხვაგვარია, თუმცა ძირითადად სიმსივნური წარმონაქმნის აღმოსაჩენად, ავთვისებიანი სენის პრევენციისთვის და რიგ შემთხვევაში – სამკურნალოდ არის მიმართული.

გააზიარე: