როგორ მოვუაროთ სარძევე კბილებს?
გააზიარე:
პირველი კბილის ამოსვლას მთელი ოჯახი მოუთმენლად ელის, თავად ჩვილისთვის კი ეს პროცესი არცთუ სასიამოვნოა. რა პრობლემები იჩენს თავს სარძევე კბილების ამოჭრის დროს? როგორ გავუადვილოთ პატარას ამ პერიოდის გადატანა და როგორ მოვიქცეთ, რომ ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს? საზოგადოდ, რას გულისხმობს ბავშვის კბილების ჰიგიენა?
ამბის დასაწყისი
კბილების ფორმირება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში, ჩასახვის მე-6 კვირიდან იწყება, დაბადების დროისთვის კი ყველა სარძევე კბილის ჩანასახი ჩამოყალიბებულია. კბილების ამოჭრის ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი კბილი ბავშვს საშუალოდ 6–8 თვის ასაკში ამოსდის, თუმცა არც ის არის გამორიცხული, უფრო ადრე, 4 თვის ასაკში ამოეჭრას ან ერთ წლამდე დაიგვიანოს. პირველად (6-დან 10 თვემდე) ქვედა ყბის საჭრელები ამოდის, მერე (8-დან 12 თვემდე) – ზედა ყბის საჭრელები. 2-3 წლის პატარას უკვე 20 სარძევე კბილი აქვს. მუდმივი კბილების ამოჭრა 5-7 წლის ასაკში იწყება და 13-14 წლისთვის სრულდება.
სად წავიდა კბილი?
1 წლის ბავშვს, წესისამებრ, უკვე უნდა ჰქონდეს 4 კბილი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. კბილების ამოჭრის პროცესზე გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლა, გენეტიკა, გარემო ფაქტორები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღენაკლულ ახალშობილებს, რომელთა წონა 2500 გრამზე ნაკლებია, ხშირად აქვთ დარღვეული კბილების ფორმირება და ამოჭრის ვადა. კბილების ამოჭრის დაგვიანება შესაძლოა გამოიწვიოს ანემიამ, ცელიაკიამ, აივ-ინფექციამ, რაქიტმა, ცერებრულმა დამბლამ, ჰიპოთირეოზმა, ჰიპოპარათირეოზმა, დაუნის სინდრომმა და სხვ.
თუ კბილებმა დაიგვიანა
სპეციალისტები გვირჩევენ, არ ავყვეთ შიშს, დავაკვირდეთ პატარას 1-1,5 წლამდე, მერე კი სტომატოლოგს მივმართოთ კონსულტაციისთვის. ის რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით დაადგენს, არსებობს თუ არა მათი ჩანასახები.
სანამ კბილი ღრძილიდან თავს ამოყოფს, მან უნდა გამოიაროს ძვლოვანი ქსოვილი, მერე კი ღრძილის ლორწოვანი ამოჭრას. ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულია. ღრძილები ამ პერიოდში შეშუპებულია, შეწითლებული, ნერწყვდენა – გაძლიერებული, ბავშვი მადას კარგავს და ხშირად ჭირვეულობს, ერღვევა ძილი. არსებობს მოარული აზრი, რომ კბილების ამოჭრას თან ახლავს დიარეა და ცხელებაც. (რა თქმა უნდა, ზოგჯერ მართლა ხდება ასე, მაგრამ ეს არამც და არამც არ არის ნორმალური. ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად მიმართეთ პედიატრს ინფექციის გამოსარიცხად.
ზოგიერთ პატარას 4 თვის ასაკში გაძლიერებული ნერწყვდენა ეწყება და მშობლები ყოველდღე ელიან პირველი კბილის გამოჩენას, მაგრამ პროცესი ხშირად 2-3 თვემდე ჭიანურდება. ნუ შეშინდებით, გაძლიერებული ნერწყვდენა ამ დროს უმეტესად გააქტიურებული სანერწყვე ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციაზე მიუთითებს.
პირველი კბილების ამოსვლისას:
- პატარას ხშირად და ნაზად მოსწმინდეთ პირი, რომ ნერწყვმა კანი არ გაუღიზიანოს და გამონაყარი არ გაუჩნდეს.
- ღრძილების ქავილის შესასუსტებლად მიეცით მაგარი და ცივი საგანი – რეზინის ან სილიკონის სპეციალური სათამაშო (აფთიაქებში მათი დიდი არჩევანია), კოვზი... მთავარია, ნივთი არ იყოს იმ ზომისა, რომ გადაეყლაპოს, ან ისეთი მყიფე, რომ ნაწილი იოლად მოსტყდეს.
- ნაზად დაუზილეთ ღრძილები სუფთა ან დოლბანდშემოხვეული თითით. ღრძილების ასეთი მასაჟი ბავშვისთვის ნამდვილი შვებაა.
- თუ ჭირვეულობს ან ტირის, შეიძლება პარაცეტამოლის მიცემა სათანადო დოზითა და ინტერვალით.
- არსებობს სპეციალური გელიც, რომელიც ტკივილს აცხრობს, მაგრამ მათ მეტისმეტად თამამად ნუ გამოიყენებთ – ზედოზირებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია და გულყრაც კი გამოიწვიოს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ გელის გამოყენებისას აუცილებლად შეუთანხმდით ექიმს.
- ხშირად დაიბანეთ ხელები და დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველა სათამაშოს, რათა კუჭ-ნაწლავის ინფექცია თავიდან აიცილოთ.
როცა რაღაც რიგზე ვერ არის
კბილების ამოჭრის პროცესი შესაძლოა შეაფერხოს ჰორმონულმა და გენეტიკურმა დარღვევებმა. ხდება ისეც, თუმცაღა ძალზე იშვიათად, რომ პატარას არც ერთი კბილი არ ამოსდის. ამ მდგომარეობას ანოდონტია ეწოდება და გენეტიკურ დაავადებასთან - თანდაყოლილ ექტოდერმულ დისპლაზიასთან ასოცირდება. ზოგჯერ ამოდის მხოლოდ ერთი–ორი კბილი (ჰიპოდონტია), ზოგჯერ – ექვსი (ოლიგოდონტია). უფრო ხშირად გვხვდება ნორმაზე მეტი კბილის ამოსვლა. ამ მდგომარეობას ჰიპერდონტიას უწოდებენ. ამ დროს კბილის ჩანასახები შესაძლოა რამდენიმე მწკრივად იყოს განვითარებული. არსებობს კბილების არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ფორმის ანომალიებიც: მაკროდონტია - დიდი ზომის კბილები – და მიკროდონტია - მცირე ზომის კბილები. ასეთი დარღვევები ხშირად ჰიპოფიზის, თავის ტვინში არსებული ჯირკვლის, ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს.
არის შემთხვევები, როცა პატარა თანდაყოლილი, ემბრიონული (ნატალური) კბილით იბადება. სტატისტიკური მონაცემებით, ასეთი კბილი 3000-დან 1 ბავშს აქვს. ის, წესისამებრ, ქვედა ყბაზე ამოდის, სხვა კბილებზე სუსტადაა განვითარებული, ხშირად აღიზიანებს ენას და ძუძუს წოვებისას დისკომფორტს იწვევს. თუ კბილი მორყეულია, აუცილებელია მისი ამოღება, რადგან შესაძლოა, ბავშვს სასუნთქ გზებში გადასცდეს. ზოჯერ ემბრიონული კბილი ასოცირებულია სხვადასხვა გენეტიკურ სინდრომთან (პიერ-რობინის სინდრომი, სოტოს სინდრომი, ტუჩისა და სასის ნაპრალით მიმდინარე სხვა სინდრომები).
ლაქებიდან კარიესამდე
კბილებზე მოთეთრო, ცარცისფერი ლაქები ფლუოროზზე მიუთითებს. ფლუოროზი კბილების მინერალიზაციის დარღვევაა, რომელსაც სასმელ წყალში ფლორის სიჭარბე იწვევს. შესაძლოა, აღმოაჩინოთ შავი ლაქებიც ღრძილების გასწვრივ. ამ ლაქებს ბაქტერიები აჩენს, მათ შორის –Actinomices Israeli და Actinomices Naeslud. ნერწყვსა და საკვებთან ბაქტერიების ურთიერთქმედებისას კბილის მინანქარზე გროვდება რკინა, რომელიც კბილს შავ ფერს აძლევს. ლაქების შიგნით მინანქარი, წესისამებრ, უვნებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში ნადებმა შესაძლოა ღრძილები დააზიანოს. ასეთი ლაქები არ უნდა აგვერიოს კარიესში.
კარიესის მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რა თქმა უნდა, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა და ტკბილეულის ზეგავლენაა. სტატისტიკის თანახმად, ასიდან 73 მცირეწლოვან ბავშვს სარძევე კბილების კარიესი უვითარდება. საქაროზა, გლუკოზა და ფრუქტოზა მჟავებია, რომლებიც ნახშირწყლების დუღილის შედეგად წარმოიქმნება და მინანქრის დაშლას იწვევს. ნახშირწყლების მიღების შემდეგ ნერწყვის PH (მჟავატუტოვანი წონასწორობა ანუ მასში მჟავა და ტუტე ნივთიერებების ნორმალური ბალანსი) ირღვევა, ხოლო კბილებში ჩარჩენილ საკვების ნარჩენებში პათოგენური ბაქტერიები სახლდება. არასასურველია კომპოტის, ხილის წვენის ბოთლით მიცემა – ამ დროს კბილებს ტკბილ სითხესთან ხანგრძლივი კონტაქტი აქვთ, რაც კარიესის განვითარებას აჩქარებს. ყველაზე მეტად ზედა ყბის საჭრელები ზიანდება. ჩვილ ასაკში ბოთლით კვებას თავს ვერ ავარიდებთ, მაგრამ ერთი წლიდან ბავშვმა კომპოტი და წვენი, ისევე როგორც სხვა სითხეები, ჭიქით უნდა სვას, ბოთლით კი შეიძლება მივცეთ მხოლოდ წყალი. სხვათა შორის, ბოთლით ხანგრძლივი კვება თანკბილვასაც არღვევს.
ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება, რადგან მაინც მუდმივით უნდა შეიცვალოს. ეს მცდარი წარმოდგენაა, თანაც საშიში. საქმე ის არის, რომ სარძევე კბილებზე ინფექცია სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, ჩანასახოვანი ძირითადი კბილებიც დააზიანოს. ამასთან, კბილების ნაადრევი მოცვლა თანკბილვის დარღვევას იწვევს, რომელსაც ბრეკეტების გარეშე ვერ აღმოვფხვრით. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კბილებზე გაჩენილ პაწაწინა, ერთი შეხედვით უვნებელ წერტილებს და დროულად მიმართეთ სტომატოლოგს.
საინტერესო ფაქტები
სხვადასხვა ქვეყანაში პირველი კბილის მოცვლის სხვადასხვა ტრადიცია აქვთ. ინგლისურენოვან ქვეყნებში მოცვლილ კბილს პატარები ბალიშის ქვეშ ინახავენ, ღამით ის კბილის ფერიას “მიაქვს”, სანაცვლოდ კი საჩუქარს ტოვებს. საფრანგეთსა და ბელგიაში ბავშვები კბილს თაგვებს “ატანენ”. თურქეთში, მექსიკაში, საბერძნეთსა და საქართველოშიც დაახლოებით ასეთივე ტრადიციაა გავრცელებული: მოცვლილ კბილს პატარები სახლის სახურავზე აგდებენ, საიდანაც ის თაგუნას “მიაქვს”, სანაცვლოდ კი ბავშვებს ჯანსაღ კბილებს სჩუქნის. იაპონელები ზედა ყბის კბილებს მიწაში მარხავენ, ქვედა ყბისას კი ჰაერში აგდებენ – სწამთ, რომ ამ მარტივი “ჯადოქრობის” წყალობით კბილები სწორად გაიზრდება. პაკისტანში კი პირველ კბილს ხის ქვეშ მარხავენ და სანაცვლოდ ღმერთს და-ძმას სთხოვენ.
თუმცა ბოლო ხანს მეცნიერები აქტიურად ამტკიცებენ, რომ სარძევე კბილები დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის – ჯანსაღი კბილის გამოზრდა, ამიტომ ნუ გაატანთ სარძევე კბილებს თაგვს – რა იცით, რა ხდება.
რჩევები მშობლებს
- ორი წლიდან ბავშვს კბილები დღეში ორჯერ გაუხეხეთ. ორ წლამდე დღეში ერთხელ, ძილის წინ, საკმარისია.
- პირველი კბილის ამოჭრისთანავე მიაჩვიეთ ბავშვი პირის ღრუს მოვლას.
- საბავშვო კბილის ჯაგრისს უნდა ჰქონდეს რბილი პატარა თავი და დიდი ტარი.
- 6 წლამდე ბავშვებმა კბილები, უმჯობესია, მშობლის მეთვალყურეობით გამოიხეხონ. ამ ასაკის პატარებს კბილების გამოხეხვისას სწორი მოძრაობების შესრულება უჭირთ. მიეცით მათ მაგალითი. გარწმუნებთ, მათ ეხალისებათ ყოველგვარი საქმე, რომელსაც თქვენთან ერთად აკეთებენ.
- აუცილებელია კბილების მთელი ზედაპირის გახეხვა. ამ დროს გამოგვის მსგავსი მოძრაობა "წითლიდან თეთრისკენ" ანუ ღრძილიდან კბილის წვერისკენ უნდა იყოს მიმართული.
- ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, რომ ფთორის შემცველი კბილის პასტა არ გადაეყლაპოს.
- იყიდეთ საბავშვო პასტა, რომელშიც ფთორის შემცველობა ასაკის შესაბამისია.
ესეც დაიხსომეთ:
- ნორმალურ შემთხვევაში ბავშვს 6 თვეში 4 კბილი ამოსდის. 2-3 წლის ასაკში მას უკვე ყველა სარძევე კბილი აქვს.
- გოგონებს უფრო ადრე ამოსდით კბილები, ვიდრე ბიჭებს.
- ზედა ყბის კბილებს ქვედა ყბისა ასწრებს ამოსვლას.
- კბილები ორივე ყბაზე სიმეტრიულად ამოდის, ერთი – მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ.
- სარძევე კბილები მუდმივებზე პატარებია, თანაც მინანქრის უფრო თხელი თხელი ფენა აკრავს და უფრო თეთრია.
- დედამ, რომელსაც კარიესი აქვს და არ იცავს პირის ღრუს ჰიგიენას, შესაძლოა, პატარას ინფექცია გადასდოს. იზრუნეთ როგორც ბავშვის, ისე საკუთარ ჯანმრთელობაზე.
თეონა ირემაძე