მოწევა კლავს

გააზიარე:

დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გაგიგონიათ გაფრთხილება, რომ მოწევა კლავს. ვფიქრობ, ამაში არც არავის ეპარება ეჭვი. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებისთვის თამბაქო ნომერ პირველ პრობლემად რჩება. მაშ, რა ხდება? რატომ უჭირთ მწეველებს ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა?

 

რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება თუ?..

პირადი გამოცდილებით ვიცით, რომ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, მაგრამ მხოლოდ მავნე ჩვევაა თამბაქოს ფართო გავრცელების მიზეზი თუ პრობლემის სათავე სხვაგან უნდა ვეძებოთ?

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მწეველთა რიცხვის ყოველწლიურ ზრდას თამბაქოს მსოფლიო ინდუსტრია და მისი უძლიერესი ლობიც უწყობენ ხელს. დღეს აღარავინ მალავს, რომ ლობი მართლაც უშეცდომოდ მუშაობს და პიროვნული გავლენებისა თუ ფინანსური ინტერესების წყალობით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებშიც პოულობს ძლიერ დასაყრდენს. ამის შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის – ყოველწლიურად დედამიწაზე თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით 6 მლნ კაცი იღუპება. ეს საშუალოდ 6 წამში ერთ გარდაცვლებას ნიშნავს. თუ მსოფლიომ რაიმე არ იღონა, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8 მილიონს მიაღწევს, რაც 4 წამში ერთ შეწირულ სიცოცხლეს ნიშნავს. სიკვდილიანობის გამომწვევი ათი ყველაზე გავრცელებული დაავადებიდან რვის რისკფაქტორად სწორედ თამბაქოა მიჩნეული. ამ რვაში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელთა წილად მოდის სიკვდილიანობის 70% მსოფლიოში, 85% – ევროპაში, ხოლო საქართველოში – კიდევ უფრო მეტი, 91%. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოწევისთვის თავის დანებებას მწვეელთა 40% ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. ამ მავნე ტენდენციას მეტ-ნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანა იზიარებს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო თამბაქოს ეპიდემიამ მოიცვა. მეორე მხრივ, უფრო და უფრო ძლიერდება თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობაც. სამედიცინო საზოგადოებაც უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს, წინ აღუდგეს მოწევას. სწორედ ამის დასტურია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელსაც 2003 წლიდან დღემდე 179 ქვეყანა შეუერთდა. ასეთი გლობალური მნიშვნელობის საერთაშორისო დოკუმენტი მსოფლიოში სულ სამია – ჯანმოს კონსტიტუცია, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია. ვფიქრობ, ესეც ნათელყოფს, რაოდენ დიდ პრობლემად ესახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თამბაქოს მოხმარება.

საქართველო 2004 წელს შეუერთდა ამ დოკუმენტს, 2005 წელს პარლამენტმა მისი რატიფიცირება მოახდინა, 2006 წლიდან კი კონვენცია ძალაში შევიდა. ამის შედეგად თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობა საქართველოში წლიდან წლამდე იკრებს ძალას. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდაა – საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ ეს საუკეთესო გზაა მისი მოხმარების შესამცირებლად:

* 2009 წელს აშშ-ში თამბაქოს ნაწარმზე გადასახადმა 61.6%-ით მოიმატა. ამის შედეგად თამბაქოს წარმოებითა და გაყიდვით მიღებული შემოსავალი 129%-ით გაიზარდა, ხოლო მოხმარება 11%-ით შემცირდა.

* იმავე წელს უკრაინაში გადასახადები 36%-დან 60%-მდე გაიზარდა, გაყიდვა კი 20%-ით შემცირდა.alk

* 1992-დან 2011 წლამდე გაერთიანებულ სამეფოში გადასახადები 200%-ით გაიზარდა. ამან თამბაქოს გაყიდვა 51%-ით შეამცირა, ხოლო შემოსავალი 44%-ით გაზარდა.

* 2005-2011 წლებში თურქეთში გადასახადები 195%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც შემოსავალმა 44%-ით მოიმატა, გაყიდვამ კი 15%-ით იკლო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორჯერ მოხდა აქციზური გადასახადის ზრდა და მისი მატება სამომავლოდაც იგეგმება. ცნობისათვის: ევროპის ქვეყნებში აქციზური გადასახადი სიგარეტის საერთო ღირებულების 50-60%-ს შეადგენს.

ჯანმოს მიზანია, 2050 წლისთვის მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება 5%-ზე ნაკლები იყოს. ამ მხრივ იმედის მომცემია ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, რომელიც თამბაქოსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანადაა მიჩნეული. იქ თამბაქოს 50 წლის წინ უთხრეს უარი. ამ ხნის განმავლობაში ინტენსიური საგანმანათლებლო, სარეკლამო და საკანონმდებლო მუშაობის შედეგად მწეველთა რაოდენობა განახევრდა. ორჯერ შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა, ყოველწლიურად 1%-ით იკლებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელიც. მართალია, ეს მხოლოდ თამბაქოს მომხარების შემცირების შედეგი არ არის, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ამ ფაქტორს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

 

რა ხდება საქართველოში

ვითარება საკმაოდ მძიმეა: თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 11 000 კაცი იღუპება. მათი დაახლოებით მეოთხედი პასიური მწეველია. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 30% მწეველია. ეს გახლავთ მამაკაცების 55% და ქალების 5%. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ოფიციალური მონაცემები რეალობისგან საგრძნობლად განსხვავდება – მწეველი ქალების წილი დაახლოებით 20%-ს აღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცებს შორის მოწევის ტენდენცია იკლებს, ქალებს შორის კი, პირიქით, იმატებს. ტენდენცია ყველაზე თვალში საცემია მოზარდ გოგნებთან. დამეთანხმებით, პრობლემა ერთიორად დამაფიქრებელია, როცა საქმე ბავშვებს ეხება. მით უმეტეს, სურათი არცთუ სახარბიელოა: მოზარდებს შორის თამბაქოს მოხმარების გლობალური კვლევის მიხედვით, თბილისელი მოზარდების 16% მწეველია. მათი დაახლოებით მესამედი 10, 11, 12 ან 13 წლიდან ეწევა, 10% კი 9 წლიდან. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. მაშინ როცა ზრდასრულ ასაკში დაწყებული მოწევა ასეთ მძიმე შედეგებს იწვევს, იოლი მისახვედრია, როგორი იქნება პროგნოზი მათთან, ვინც მოწევა 9 წლისამ დაიწყო... პრობლემა მით უფრო მტკივნეულია, რომ მოზარდების უმეტესობამ იცის, რა სახიფათოა მოწევა და სიგარეტისთვის თავის დანებებაც სურს, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, ათიდან ექვსს შეუმჩნევია თამბაქოს საწინააღმდეგო გზავნილები  მედიაში, 61% ფიქრობს, რომ თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა მავნებელია მისი ჯანმრთელობისთვის, 80% კი მხარს უჭერს საზოგადოებირვი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს წევის აკრძალვას, რეკლამირების (როგორც პირდაპირის, ისე არაპირდაპირის) აკრძალვასა და გამაფრთხილებელი წარწერის ზომის გაზრდას (ცნობისათვის: თამბაქოს ნაწარმის ტელერეკლამა და სპონსორობა ამჟამად აკრძალულია, თუმცა ჯერჯერობით ნებადართულია გარე რეკლამა). მოზარდთა 60% აღნიშნავს რომ თამბაქოზე იოლად მიუწვდებათ ხელი, ეს კი უდიდესი დაბრკოლებაა, რომლის გადაულახავადაც მწეველობას ვერ დავამარცხებთ. ამ ყველაფრის უკან დგას კიდევ ერთი მწვავე პრობლემა – თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა: მოზარდების უმეტესობა ხომ სიგარეტს მაღაზიაში ან გარე მოვაჭრისგან ყიდულობს, რაც კანონით აკრძალულია. როცა საქმე უკანონო ვაჭრობას ეხება, ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯი სახელმწიფოს ორმაგად მძიმე ტვირთად აწვება, რადგან გადასახადები მთავრობის ნაცვლად (რომელსაც შეეძლო, ისინი თამბაქოსგან მომდინარე დაავადებების სამართავად დაეხარჯა) კრიმინალების ხელში ხვდება, ძლიერდება თამბაქოს ინდუსტრია და სუსტდება მისი მართვის სისტემა. თამბაქოთი უკანონო ვაჭრობა მთელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემადაა მიჩნეული. ოფიციალური მონაცემებით, ყოველი 10 მოწეული ღერიდან ერთი უკანონო ვაჭრობის საგანია. ევროპას უკანონო ვაჭრობით დაკარგული საგადასახადო და საბაჟო შემოსავალი დაახლოებით 10 მლნ დოლარი უჯდება. საქართველოში ვითარებას ერთიორად ართულებს ღერებით ვაჭრობის ტრადიცია. გარდა ამისა, ჩვენთან რეგიონში ყველაზე იაფია თამბაქო – ამით სომხეთსაც ჩამოვრჩებით, აზერბაიჯანსაც, თურქეთსაც და რუსეთსაც. ეს ფაქტორი ნამდვილად უდიდეს როლს ასრულებს იმაში, რომ მოზარდებს შორის თამბაქოს მოხმარება ასე იზრდება.

 

პასიური მწეველობა

შესაძლოა, თავად არ ეწეოდეთ და  არც თქვენი ოჯახის წევრები ეტანებოდნენ ამ მავნე ჩვევას, მაგრამ არ გეგონოთ, საფრთხისგან დაზღვეული იყოთ! თამბაქო სწორედ იმითაა ვერაგი, რომ თავის მომწამვლელ კვამლში ახვევს ყველას – მწეველსაც და არამწეველსაც. ოფიციალური მონაცემებით, პასიური მწეველობაც ისეთივე სახიფათოა, როგორიც აქტიური. ნებისმიერი ზემოხსენებული დაავადება მხოლოდ იმიტომ შეიძლება დაგემართოთ, რომ მწეველთა გარემოცვაში ხართ. არადა, ამისთვის თავის არიდება ჩვენს სინამდვილეში უფრო და უფრო რთულდება. იმ 6 მლნ კაციდან, ყოველწლიურად რომ ეწირება თამბაქოს, 600 000 ანუ 10% პასიური მწეველია, საქართველოში კი ეს მაჩვენებლი 27%-ს აღწევს. მოწევის დროს გარემოში რჩება სიგარეტის კვამლის ორი მესამედი, რომელიც ორჯერ მეტ ნიკოტინსა და კუპრს შეიცავს, ვიდრე ჩასუნთქული. ამ კვამლში შედის 4000-მდე ქიმიური ნივთიერება და 50-ზე მეტი კანცეროგენი. ასე რომ, მწეველი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარემოსაც ვნებს.

 

 

გააზიარე: