NASA მედიცინის სამსახურში რევოლუციური სიახლე თვალის ქირურგიაში

გააზიარე:

რა კავშირი შეიძლება იყოს NASA-სა და თვალებს შორის? საქმე ის არის, რომ NASA-ს ერთ-ერთი აღმოჩენა უნებურად ოფთალმოლოგიაში დიდი გარღვევის მიზეზად იქცა. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ მხედველობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის – ყვითელი ხალის ანუ მაკულის ასაკობრივ დეგენერაციაზე ვწერდით. სტატიის ბოლოს, მისი მკურნალობის მეთოდებზე საუბრისას, დანანებით აღვნიშნეთ, რომ მედიცინას ჯერაც ვერ მიუგნია ამ პრობლემის მოგვარების გზისთვის და მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებად მისი პრევენცია რჩება. გავიდა სულ ცოტა ხანი და მედიცინაში უდიდესი აღმოჩენის მომსწრეები გავხდით. ლონდონში მოღვაწე ექიმებს, პროფესორებს ქურეშს და არტალს, NASA-ს ექსპერიმენტის გაცნობისას იდეა დაებადათ. ექსპერიმენტის დროს გამოყენებულ ლინზას მათ ახალი დანიშნულება უპოვეს და მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის ოპერაციული მკურნალობის მეთოდიც შემოგვთავაზეს. სწორედ ესაა XXI საუკუნის მედიცინის ხიბლი – ის, რაც დღეს შეუძლებელი გეჩვენება, ხვალ შესაძლებელი ხდება.

ჩვენს ჟურნალს საშუალება მიეცა, დასწრებოდა ლონდონის თვალის კლინიკაში ქართველი პაციენტის ოპერაციის მსვლელობას და გასაუბრებოდა კლინიკის სამედიცინო დირექტორს, გამოგონების ავტორ ბობი ქურეშის, ქირურგ-ოფთალმოლოგ საჯ ხანს და კონსულტანტ ჯულიან პრიეტოს. ისინი თავად გვიამბობენ იმის შესახებ, როგორ მივიდნენ ამ აღმოჩენამდე და როგორია მათი მეცნიერული გარღვევის პრაქტიკული შედეგები, მანამდე კი, მოდი, ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის განვითარების მექანიზმი გავიხსენოთ.

 

ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ცენტრალური მხედველობის მკვეთრი დაქვეითება და საბოლოოდ დაკარგვა მოსდევს. გვერდითი ანუ პერიფერიული მხედველობა ამ დროს არ ზიანდება. დაავადება უმთავრესად 50 წელს გადაცილებულებთან გვხვდება, 75 წლისთვის კი მისი სიმპტომები მოსახლეობის მესამედს აღენიშნება.

ყვითელი ხალი თვალის ბადურა გარსის ცენტრალური ნაწილია, რომელიც პასუხს აგებს მხედველობის სიმახვილეზე. თავდაპირველად პაციენტს ეჩვენება, რომ ირგვლივ ყველაფერი დანისლულია, საგნები – გაღაბნილი, კონტურები – დაბრეცილი. დაავადებული თვალი გამოსახულებას შემცირებულად ან, პირიქით, გადიდებულად აღიქვამს. უარესდება ფერების აღქმაც.

განასხვავებენ დაავადების ორ ძირითად ფორმას – მშრალსა და სველს. ასიდან 90 შემთხვევა მშრალია. ეს ფორმა შედარებით მსუბუქია. ამ დროს ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედები თანდათან ზიანდება, რასაც მოჰყვება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. სველი ფორმა შედარებით იშვიათია და რთულად მიმდინარეობს. ამ დროს ბადურა გარსის ცენტრალურ უბანში ახალი სისხლძარღვები იზრდება. ეს სისხლძარღვები კაპილარებისგან განსხვავდება – მათგან სითხე და სისხლი ჟონავს, ამიტომ ყვითელ ხალში წარმოიქმნება სისხლჩაქცევები და შეშუპებული უბნები, რომლებიც მოგვიანებით ნაწიბუროვან ქსოვილად გარდაიქმნება და მხედველობის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.

 

ახლა კი – დაპირებული ინტერვიუ დიდი გამოგონების ავტორებთან:

– რამდენად აქტუალური პრობლემაა მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, როგორ მკურნალობდნენ მას აქამდე?

– დღესდღეობით მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია მსოფლიოს მოსახლეობის 55%-ის დაბრმავების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ეს დაავადება 50 000 კაცს აქვს, მთელ მსოფლიოში კი დაავადებულთა რიცხვი 25-30 მილიონს აღწევს. წინათ მისი მკურნალობის ერთადერთი ხერხი იყო ხანგრძლივი ოპერაცია, რომელიც თვალში 8-10 მმ-იან განაკვეთს და 5-ზე მეტი ნაკერის დადებას მოითხოვდა და, ბუბევრივია, საკმოდ ტრავმული იყო. ამის გამო ხშირი გახლდათ ოპერაციის შემდგომი გართულებები – ინფექცია, სისხლდენა და სხვა.

– რა არის თქვენი აღმოჩენის არსი, როგორ მოხდა ამ აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვა?

– ბოლო ოცდახუთი წელია, მიმდინარეობდა მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის მკურნალობის ახალი, ალტერნატიული მეთოდების შემუშავება. ამის შედეგად ბრიტანელმა ქირურგმა ბობი ქურეშიმ და პროფესორმა პაბლო არტალმა, რომელიც პრესტიჟული EDWARD H LAND-ის ჯილდოს მფლობელია ვიზუალური ოპტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ახალი ტიპის – ე.წ. იოლAMD ლინზები გამოიგონეს. მათი მოქმედების პრინციპი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც NASA-ს მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ “ჰაბლის” ტელესკოპის მიერ კოსმოსში გადაღებული სურათები ძნელად გასარჩევი და ბუნდოვანი იყო, ვინაიდან ობიექტი ფოკუსში არ იმყოფებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, სახელდობრ, გამოიყენეს ადაპტური ლინზები, რამაც შესამჩნევად  გააუმჯობესა გამოსახულება. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელი იყო ამ პრინციპის გამოყენება ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის კორექციისთვისაც.

ოპერაციის დროს იოლAMD ლინზა ბროლის მაგივრად იდგმება თვალში. განაკვეთი სულ რაღაც 3 მმ-იანია, რაც საგრძნობლად ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების – ინფექციისა და სისხლდენის – ალბათობას. რეალურად ეს მოწყობილობა ორი ლინზისაგან შედგება, რაც ქმნის ტელესკოპის ეფექტს. ვინაიდან ბობი ქურეშისა და პროფესორ არტალის მიერ გამოგონილ ლინზებს სფერული აბერაციის ანუ სხივის დახრის ფუნქცია აქვს, ძველი ლინზებისგან განსხვავებით, არ მოითხოვება მათ შორის განსაზღვრული, ზუსტი მანძილის შენარჩუნება, რომლის დარღვევა წინათ მხედველობის პრობლემებს, საბოლოოდ კი სიბრმავეს იწვევდა.

– აქვს თუ არა ამ მეთოდს უკუჩვენებები? როგორია თქვენ მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგები?

– ახალ მეთოდს უკუჩვენებები პრაქტიკულად არ გააჩნია. ოპერაციის შემდეგ პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ტკივილს ან სხვა ისეთ პოსტოპერაციულ გართულებებს, რომლებიც ჩვეულებრივი კატარაქტის ოპერაციასაც კი მოჰყვება ხოლმე.

იოლAMD ლინზების გამოყენებით 2014 წლის იანვრიდან უკვე 200-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა. ჯერჯერობით ოპერაციები მხოლოდ ლონდონში ტარდება, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს ფილიალების სხვა ქვეყნებში გახსნაც.

– რამდენი პროცენტით აღდგება მხედველობა და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაცია?

– მხედველობის აღდგენის პროცენტული მაჩვენებელი ინდივიდუალურია – ცალკეული პაციენტების დიაგნოზსა და მხედველობის პრობლემაზეა დამოკიდებული. იოლAMD მეთოდით ოპერაციის შემთხვევაში რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი დღე გრძელდება. ოპერაციის შემდეგ არ არის საჭირო კლინიკაში დარჩენა – პაციენტს შეუძლია, მაშინვე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს. მას უნიშნავენ მკურნალობის მოკლე კურსს თვალის წვეთებით. სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებები საჭირო არ არის. თუმცა ქირურგები ყურადღებას ამახვილებენ საადაპტაციო პერიოდზე, რომლის განმავლობაში ტვინი ლინზებს ეჩვევა.

არსებობს ორი ტიპის იოლAMD ლინზა. ორივე მათგანს ერთი და იგივე ფუნქცია აქვს, თუმცა პირველი ტიპისა პერიოდულ კორექციას მოითხოვს, რადგან ტვინი მას ავტომატურად ვერ ეჩვევა. მეორე ტიპის ლინზა, რომელიც პირველზე თითქმის ორჯერ ძვირია, ითვალისწინებს მისდამი ტვინის ავტომატურ ადაპტაციას და შემდგომ კორექციას აღარ საჭიროებს.

– ამრიგად, გართულებები გამორიცხულაი? არც თვალის განსაკუთრებული მოვლაა საჭირო ოპერაციის შემდეგ?

– თუ რაიმე გართულება შეიძლება განვითარდეს – მხოლოდ პოსტოპერაციულ პერიოდში და ისიც ზუსტად ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივი კატარაქტის ოპერაციის შემდეგ. ნაოპერაციები თვალი განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს. იმისთვის, რომ ლინზამ კარგად იმუშაოს, პაციენტმა რაც შეიძლება მეტად უნდა “ავარჯიშოს” თვალები, მაგალითად, ხშირად იკითხოს.

 

ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის ოპერაციული მკურნალობის ახალ მეთოდს უკვე უწოდეს დიდი ნახტომი ოფთალმოლოგიაში. მისი წყალობით მილიონობით თვალისჩინდაქვეითებულს შეეძლება, უწინდებურად იკითხოს, მართოს ავტომობილი, უყუროს ტელევიზორს და დაინახოს საყვარელი ადამიანები. იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობა მალე ქართველ პაციენტებსაც მიეცემათ და სამყაროს ლაქების გარეშე დაინახავენ.

თამარ ჩეკურიშვილი

თამარ არქანია

გააზიარე: