ფებრილური კრუნჩხვა – საზეპირო მშობლებისათვის

გააზიარე:

პირადად ჩემთვის გულყრა ბავშვობაში ძლიერ სტრესთან ასოცირდებოდა. მახსოვს დედაჩემის შეშლილი სახე, მამაჩემის დაბნეული თვალები, გულწასული ბებო, ვაი-ვიშით შეკრებილი სამეზობლო, ყვირილი, ტირილი, სასწრაფო დახმარების სირენის ხმა, შეძახილები: “დაიქცა ოჯახი! ენა დაუჭირეთ, არ გადაეყლაპოს!” გონს მოსული ჩემი უმცროსი ძმა, სიცხისგან ლოყებაწითლებული, გაკვირვებული შემოგვცქეროდა – ვერაფრით გაეგო, რატომ გვყავდა ამდენი სტუმარი და სად გაქრა მისი ორი კბილი, მე კი შეშინებული ვეხუტებოდი და ღმერთს მის გადარჩენას ვევედრებოდი...

მოდი, ერთად გავარკვიოთ, რამდენად საშიშია ფებრილური გულყრა და რას უნდა ველოდეთ მისგან.

 

რა არის ფებრილური გულყრა

გულყრას, იმავე კრუნჩხვას, თითქმის ყოველთვის აიგივებენ ეპილეფსიასთან, რომელიც ხალხში დღემდე ლეგენდებითაა მოცული. მშობლებისთვის ეს მართლაც მძიმე სურათია: ბავშვი გონებას კარგავს, ცხვირ-ტუჩის მიდამო ულურჯდება, ეწყება სახისა და კიდურების კუნთების უნებლიე მოძრაობები... დამფრთხალი ოჯახის წევრები ცდილობენ, გააკავონ ბავშვი კრუნჩხვის შესაჩერებლად, ენა დაუჭირონ, რომ არ “გადაეყლაპოს”. რამდენად მართებულია ასე მოქმედება?

ფებრილური გულყრა უმთავრესად 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება. მისი სიხშირე 2-4%-მდე მერყეობს და პიკს 12-18 თვის ასაკში აღწევს (თუმცა იაპონელთა პოპულაციაში ეს მაჩვენებელი 7%-საც კი უახლოვდება). მართალია, საქრთველოში ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ასეთივე იქნება. ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში 5 წლისთვის ბავშვები ამ პრობლემას უმკლავდებიან.

მაინც რას დავაბრალოთ გულყრა? მეცნიერები მის მექანიზმს სხვადასხვანაირად ხსნიან. ბავშვის ტვინი გაცილებით მგრძნობიარე და მოუმწიფებელია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა. ცხელების ფონზე (როცა ტემპერატურა 38 0C-ზე მეტია) ზოგჯერ თავის ტვინში წარმოიშობა პათოლოგიური ელექტრული აქტივობა. სწორედ ეს იწვევს გულყრას. ის მარტივიც შეიძლება იყოს და რთულიც. მარტივი ფებრილური გულყრა 15 წუთზე ნაკლებ ხანს (საშუალოდ 3-4 წუთს) გრძელდება და 24 საათის განმავლობაში არ მეორდება, რთული ფებრილური გულყრა კი 30 წუთამდე გასტანს და შესაძლოა, მომდევნო 24 საათის განმავლობაშიც გამეორდეს. რთული გულყრის შემდეგ ავადმყოფს აღენიშნება კუნთების სისუსტე. შესაძლოა განუვითარდეს ტრანზიტორული ჰემიპარეზი (სხეულის ნახევრის გარდამავალი დამბლა) – ე.წ ტოდის დამბლა.

 

როგორ ვლინდება

მართალია გულყრა შემზარავი სანახაობაა, მაგრამ თავის ტვინის დაზიანებას და გონებრივ ჩამორჩენილობას არ იწვევს, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, მშვიდად მართოთ სიტუაცია. მრავალი კვლევითაა დადასტურებული, რომ ბავშვები, რომლებმაც ფებრილური გულყრა გადადაიტანეს, ინტელექტის დონით თანატოლებისგან არ განსხვავდებიან. გულყრა ეპილეფსიას არ ნიშნავს. ეპილეფსია სავარაუდოა მხოლოდ მაშინ, როცა ანამნეზში გვაქვს გულყრის ორი ეპიზოდი ტემპერატურის გარეშე.

ფებრილური გულყრა უნდა ვივარაუდოთ, თუ:

* გულყრა განვითარდა 38 0ჩ-ზე მაღალ ტემპერატურაზე;

* ბავშვი 3 თვეზე უმცროსი და 6 წელზე უფროსი ასაკისაა;

* გამოირიცხა ნეიროინფექცია;

* გამოირიცხა სისტემური მეტაბოლური დარღვევა (მაგალითად, ელექტროლიტური დისბალანსი დიარეის დროს);

* გამოირიცხა ტემპერატურის გარეშე მიმდინარე გულყრების არსებობა.

მაღალი ტემპერატურის დროს გულყრა, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს არ ემართება. ეს ნერვული სისტემის თავისებურებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომელთა არსებობისას გულყრის განვითარების შანსი უფრო დიდია. ეს ფაქტორებია:

1. ინფექცია. ფებრილური გულყრის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ვირუსული ინფექციაა (ბაქტერიული – იშვიათად). ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანის ჰერპესვირუსის მე-6 ტიპით (HHV-6) გამოწვეული ინფექცია. აშშ-ის მონაცემებით, ფებრილური გულყრების მესამედი სწორედ HHV-6-ის წილად მოდის. თუმცა არანაკლებ საშიშია ამ კუთხით გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსები.

2. იმუნიზაცია. დადასტურებულია, რომ ფებრილური გულყრის განვითარების რისკი იმატებს დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველის (DTP) და წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) აცრის შემდეგ. DTP ვაქცინის შეყვანისას საშიშია ვაქცინაციის დღე, ხოლო MMR-ის შეყვანისას – მე-8 და მე-14 დღეები, ამიტომ ყურადღებით იყავით.

3. გენეტიკური განწყობა. შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა. თუ დედამ ან მამამ ბავშვობაში ფებრილური გულყრა გადაიტანეს, ბავშვს მისი განვითარების შედარებით დიდი ალბათობა აქვს.

4. სხვა ფაქტორები, მათ შორის – ორსული მწეველი დედა, რკინის დეფიციტი. დადგენილია ისიც, რომ ბავშვებთან, რომლებმაც ფებრილური გულყრა გადაიტანეს, უფრო მეტადაა მოსალოდნელი ალერგიული რინიტისა და ასთმის განვითარება.

 

რომ არ გამოგვეპაროს

ტემპერატურის ფონზე განვითარებული გულყრა შესაძლოა რომელიმე სხვა დაავადების გამოხატულება იყოს. ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი დაავდებები, მენინგიტი და ენცეფალიტი ზოგჯერ გულყრებით მიმდინარეობს, ამიტომ ექიმმა აუცილებლად უნდა შეაფასოს პაციენტი ამ კუთხით. ინფექციაზე ეჭვის არსებობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ლუმბალური პუნქციის ჩატარება თავზურგტვინის სითხის გამოსაკვლევად. ამ დროს ექიმებს კიდევ ერთი მითის დამსხვრევა უწევთ: ლუმბალური პუნქციის დროს არ ზიანდება ზურგის ტვინი, როგორც ბევრს ჰგონია – ნემსი შეჰყავთ ხერხემლის იმ მიდამოში, სადამდეც ზურგის ტვინი ვერ აღწევს. ამ გამოკვლევას კი ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა გულყრის გახანგრძლივებული მიმდინარეობა და ძილიანობა წლამდე ასაკის ბავშვებთან, რადგან ამ ასაკში მენინგიტის ნიშნები მკაფიოდ არ არის გამოხატული. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაშინაც, როდესაც ბავშვი ანტიბიოტიკებს იღებს, რადგან ამ მედიკამენტებმა შესაძლოა შენიღბოს ნეიროინფექციის კლინიკური სურათი. ვირუსული ინფექცია ზოგჯერ ციებ-ცხელებითაც მიმდინარეობს. კიდურების კანკალი ხშირად ერევათ გულყრაში. გულყრისგან განსხვავებით, ამ დროს ავადმყოფი გონებას არ კარგავს, კონტაქტში შემოდის და კიდურების ტრემორიც (კანკალი) სიმეტრიულია.

 

როგორ მოვიქცეთ

უპირველესად, თავი ხელში აიყვანეთ და ნუ აჰყვებით პანიკას – ფებრილური გულყრა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. არავითარ შემთხვევაში არ დაუწყოთ ბავშვს ნჯღრევა, სახეში წყლის შესხმა. ნუ ეცდებით, პასუხი გააცემინოთ – მას თქვენი არ ესმის. ნუ ჩაუყოფთ პირში ხელს ენის დასაჭერად – ენის გადალაპვა მითია; ამ დროს კუნთები ეშვება, ამიტომ ბავშვი გვერდულად უნდა დააწვინოთ, რათა ამონაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. პირში ნურაფერს ჩაუდებთ – ამით შესაძლოა უფრო მეტი ტრავმა მიაყენოთ, კბილები დაუზიანოთ. ნუ ეცდებით კიდურების კრუნჩხვითი მოძრაობსი შეკავებას. გამოაღეთ ფანჯარა, დააწვინეთ ბავშვი უსაფრთხო ადგილას, მყარ ზედაპირზე (მაგალითად, იატაკზე), თავქვეშ ბალიში ამოუდეთ, შეკრული ტანსაცმელი შეუხსენით. დაინიშნეთ დრო. მართალია, ამ დროს წუთები საათებად გეჩვენებათ, მაგრამ გულყრის ხანგრძლივობის ზუსტ შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომი ტაქტიკისთვის. თუ გულყრა 5 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ ექიმის მოსვლამდე გულყრა დასრულდა, დიაზეპამის გაკეთება აღარ იქნება საჭირო. გულყრის შემდეგ პატარა შესაძლოა შეშინებული იყოს, იტიროს ან პირიქით, მოითენთოს და ჩაეძინოს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

გულყრის პირველი ეპიზოდის შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა და ნეიროინფექცია გამორიცხოს. თუ გულყრა მარტივია, საგანგებო კვლევა საჭიროდ არ მიიჩნევა. რთული გულყრის შემთხვევაში ტაქტიკა ინდივიდუალურია. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის რუტინული ჩატარება არ არის რეკომენდებული, ტარდება მხოლოდ ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის (ქალაშიდა წნევის) ნიშნების არსებობისას. იგივე ითქმის ელექტროენცეფალოგრამაზეც – ის ყველას არ უტარდება. სისხლის საერთო ანალიზს, ელექტროლიტების, გლუკოზის, კალციუმის განსაზღვრას საჭიროდ მიიჩნევენ მხოლოდ მაშინ, როცა ფებრილური გულყრა ღებინებითა და დიარეით მიმდინარეობს.

 

შესაძლოა თუ არა, ფებრილური გულყრა ეპილეფსიაში “გადაიზარდოს”

მარტივი ფებრილური გულყრის შემთხვევაში ეპილეფსიის განვითარების რისკი არ იმატებს. თუ რთულ ფებრილურ გულყრებს ერთვის გენეტიკური განწყობა ან ნერვული სისტემის დაავადება, ეპილეფსიის განვითარების ალბათობა დაახლოებით 10%-ით იზრდება.

ელექტროენცეფალოგრამის (ეეგ) საფუძველზე შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, გამეორდება თუ არა ფებრილური გულყრა, თუმცა დადასტურებულია, რომ თუ რთული ფებრილური გულყრის შემთხვევაში ეეგ-ზე ცვლილებები შეინიშნება, ეპილეფსიის განვითარების რისკი 2-%-ით მეტია. 

გამეორდება თუ არა ფებრილური გულყრა და როგორ მოვახდინოთ მისი პროფილაქტიკა

ბავშვებს, რომლებმაც თუნდაც ერთხელ გადაიტანეს ფებრილური გულყრა, მისი გამეორების 30-35%-იანი ალბათობა აქვთ. არ არის აუცილებელი, ცხელების ყოველი ეპიზოდი გულყრით დასრულდეს. არსებობს ფაქტორები, რომლებიც მორეციდივე ფებრილური გულყრის განვითარების შანსს ზრდის:

* 15 თვეზე უმცროსი ასაკი;

* ხშირი ცხელება;

* ეპილეფსიით დაავადებული ან ანამნეზში ფებრილური გულყრის ეპიზოდის მქონე მშობლები ან და-ძმა;

* ცხელების დაწყებასა და გულყრას შორის მოკლე დრო.

ფებრილური გულყრის დროს, უპირველესად, მართეთ ცხელება. ტემპერატურის დასაწევად გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და არამც და არამც ასპირინი (თუმცა უშუალოდ გულყრას პროფილაქტიკას ეს წამლები არ ახდენს). შეიძლება ფიზიკური მეთოდების გამოყენებაც: ბავშვის დაზელა გრილ წყალში დასველებული ხაოიანი პირსახოცით. ძმრიან წინდებს აღარ იყენებენ, ვინაიდან ტოქსიკურია. გულყრისას სახლის პირობებში შეიძლება გამოიყენოთ რექტალური (უკანა ტანის სანთლები), პერორალური (ტაბლეტები) ან ნაზალური (ცხვირში შესასხურებელი ხსნარი) დიაზეპამი. წამლის დოზირება შეუთანხმეთ პირად ექიმს. ანტიეპილეფსიური წამლებით ფებრილური გულყრის მკურნალობა არ არის რეკომენდებული მათი მაღალი ტოქსიკურობის გამო.

 

სხვათა შორის, ჩემი ძმა ახლა ეკონიმიკის მაგისტრია, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო მათემატიკაში და სხარტი აზროვნებითაც ხშირად მჯობნის.

თეონა ირემაძე

გააზიარე: