ვერაგი ჰიპერტენზია

გააზიარე:

 

მსოფლიოში თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანს არტერიული ჰიპერტენზია აქვს. 65 წელს გადაცილებულებს შორის ეს დაავადება კიდევ უფრო ხშირია – 50-60%-თან გვხვდება. დაავადება ვერაგია – ვიდრე სამიზნე ორგანოებს არ დააზიანებს, კლინიკურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მხოლოდ წნევის შემთხვევითი გაზომვისას აღმოაჩენენ ხოლმე და მაშინაც პაციენტთა უმრავლესობა არაადეკვატურად და არასრულყოფილად მკურნალობს.

ალბათ ამის ბრალია, რომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეულმა ლეტალობამ (სიკვდილობამ) საქართველოში 48.8%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლის შესამცირებლად მეტად მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მატების ადრეული გამოვლენა და მკურნალობა. “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი ნინო კიკნაძე, სწორედ ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება.

 

– რა სიხშირით უნდა იზომოს ადამიანმა წნევა, რომ არტერიული ჰიპერტენზია არ გამოეპაროს?

– თუ ადამიანს წნევა არასოდეს ჰქონია მომატებული, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს, თუ ერთხელ მაინც ჰქონდა მაღალი წნევა – სულ ცოტა, თვეში ერთხელ. დადგენილი ჰიპერტენზისას, ვიდრე ის მედიკამენტით დარეგულირდება – დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ხოლო დარეგულირების შემდეგ ერთხელ გაზომვაც საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ ნორმაში არტერიული წნევის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია შუადღისას, ხოლო ღამით 10-20%-ით იკლებს. ღამით არტერიული წნევის მატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან არის ასოცირებული.

– როგორ გავიზომოთ წნევა?

– სასურველია, წნევა გავიზომოთ მშვიდ, კომფორტულ გარემოში. პარამეტრები შესაძლოა მცირე მოძრაობამაც კი შეცვალოს. პაციენტი წნევის გაზომვამდე 5 წუთი მაინც უნდა იჯდეს მშვიდად, ფეხებჩამოშვებული, ეყრდნობოდეს საზურგეს, არ ლაპარაკობდეს. ქვეშ მეორე ხელის ამოდება არ არის საჭირო. მხრის მანჟეტი უნდა დამაგრდეს დაახლოებით გულის დონეზე. მანჟეტსა და კანს შორის თავისუფლად უნდა ეტეოდეს ერთი თითი.

მნიშვნელოვანია მანჟეტის ზომაც. ზომაზე პატარა მანჟეტის გამოყენებამ შესაძლოა ფსევდოჰიპერტენზია გამოიწვიოს. ზოგჯერ მარჯვენა და მარცხენა ხელზე გაზომვისას წნევის მაჩვენებლები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება. თუ ეს განსხვავება შეადგენს 10 მმ ზე მეტს, დამატებითი გამოკვლევაა საჭირო. მაგალითად, მარჯვენა კიდურზე წნევა მარცხენაზე მაღალია აორტის კოარქტაციის დროს. ანატომიური თავისებურების გამო მარცხენა ხელზე უფრო მაღალი წნევა უნდა აღირიცხებოდეს, ვიდრე მარჯვენაზე, მაგრამ მემარჯვენეებს, რომელთაც მარჯვენა ხელზე კუნთოვანი სისტემა უკეთ აქვთ განვითარებული, ამ მხარეს უფრო მაღალი წნევა აღერიცხებათ. ასაკოვან პირებთან კიდურებზე წნევის სხვადასხვაობის მიზეზი ხშირად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგია. ყოველივე ამის გამო სასურველია, წნევა ორივე კიდურზე გაიზომოთ, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, დაიმახსოვროთ ის კიდური, რომელზეც მაჩვენებელი უფრო მაღალია და წნევა მომავალშიც იმ ხელზე იზომოთ.

წნევის გაზომვა სასურველია ორ-სამჯერ, სულ მცირე, 5-წუთიანი ინტერვალით, შედეგად კი საშუალო მაჩვენებელი მიიჩნევა. ხელმეორედ ჩატუმბვამდე ჰაერი ბოლომდე უნდა გამოუშვათ მსხლიდან და მანომეტრის ისარი კვლავ 200 მმ-მდე აიყვანოთ. გაითვალისწინეთ, რომ წნევის გაზომვამდე ერთი საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, საკვები, მატონიზებელი სასმელი, არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი, არ იმყოფებოდეთ ემოციური სტრესის ქვეშ.

ძალიან მნიშვნელოვანია არტერიული წნევის თვითკონტროლი შინ – ეს თავიდან აგვაცილებს წნევის სიტუაციურ მატებას, ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზიას – არტერიული წნევის მატებას სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით გაზომვისას.

– რა თავისებურებები ახასიათებს წნევის საზომ სხვადასხვა აპარატს?

– წნევის გასაზომად სხვადასხვა სახის მანომეტრს: ვერცხლისწყლიანს, ანეროიდს, ელექტრონულს – იყენებენ. ვერცხლისწყლიანი მანომეტრი ყველზე ზუსტ პასუხს გვაძლევს, რადგან ვერცხლისწყლის სვეტის რეკალიბრაცია (დანაყოფი ზუსტად არ შეესაბამება წნევას) მხოლოდ ვერცხლისწყლიანი მენისკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ხდება, თუმცა ამ ტიპის აპარატები დიდი და ნაკლებკომფორტულია, ხოლო ვერცხლისწყლის მენისკის დაზიანების შემთხვევაში – არცთუ უსაფრთხო, თანაც სტეთოსკოპის გამოყენებას მოითხოვს. სასურველია გამოვიყენოთ სტეთოსკოპის მცირედიამეტრიანი ბოლო, ვინაიდან იგი მთლიანად ეხება კანის ზედაპირს.

სხვა წნევის საზომ ხელსაწყოებს რეგულარულად უნდა ჩავუტაროთ შემოწმება და სტანდარტიზაცია. ელექტრონულ აპარატს სტეთოსკოპი არ სჭირდება, შეუძლია პულსის გაზომვა, რიტმის დარღვევის დაფიქსირება და სხვადასხვა დროს გაზომილი არტერიული წნევის ციფრების დამახსოვრება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ელექტროხელსაწყოებიდან უფრო მეტი სიზუსტით მხრის მანჟეტიანი აპარატი გამოირჩევა. ზოგჯერ ერთ ჯერზე ორი გაზომვისას წნევის სხვადასხვა ციფრებს ვიღებთ. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ელქტროხელსაწყო სისხლის წნევას ერთ მომენტში აღიქვამს, რომელიც შესაძლოა ჩასუნთქვას ან ამოსუნთქვას დაემთხვეს, ეს კი მცირე განსხვავებას გვაძლევს.

– წნევის როგორი მაჩვენებელი მიიჩნევა ნორმალურად?

– არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია, თუ სისტოლური (ზედა, მაქსიმალური) წნევა არ აღემატება 119 მმ ვწყ სვ-ს, ხოლო დიასტოლური (ქვედა, მინიმალური) – 79 მმ ვწყ სვ-ს. თუ სისტოლური წნევა 120-139 მმ ვწყ სვ-ია, ხოლო დიასტოლური – 80-89 მმ ვწყ სვ, ეს პრეჰიპერტენზიაზე მიუთითებს, ხოლო თუ მაჩვენებლები 140`90 და უფრო მაღალია – არტერიულ ჰიპერტენზიაზე.

– რა იწვევს ჰიპერტენზიას?

– ასიდან 90-95 შემთხვევაში არტერიულ ჰიპერტენზიას აშკარა მიზეზი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში მას პირველად ანუ ესენციურ ჰიპერტენზიას ვუწოდებთ. მას საფუძვლად უდევს არტერიული წნევის რეგულაციის დარღვევა, რაც უჯრედულ-მოლეკულურ და ნეიროჰუმორულ დონეზე ხორციელდება. ცნობილია ესენციური ჰიპერტენზიის განვითარების რისკფაქტორები. ესენია: გენეტიკური განწყობა, ჭარბი წონა, ასაკი, არასწორი კვება (მარილიანი და ცხიმიანი საკვების – დიდი, ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობით მოხმარება), ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სტრესი, მავნე ჩვევები – თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

იშვიათია მეორეული ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია, რომელიც სპეციფიკური მიზეზის შედეგად ვითარდება და უმეტესად თირკმლის, სისხლძარღვთა, ენდოკრინული დაავადებების ნიშანს წარმოადგენს. ხშირად ის უეცრად უვითარდებათ 20 წლამდე ასაკის ან 50 წელს გადაცილებულ პირებს და ძნელად ექვემდებარება სტანდარტულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას.

– რა ვიღონოთ, როდესაც პირველად აღვრიცხავთ წნევის მაღალ მაჩვენებელს, შესაძლებელია თუ არა შინაური მეთოდებით მისი დაქვეითება?

– მცირედ მომატებულ (140`90 მმ ვწყ სვ ან ცოტა მეტი) არტერიულ წნევას კრიტიკულად დაქვეითება არ სჭირდება. პაციენტმა გეგმურად უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც მას მისთვის მისაღებ მედიკამენტს შეურჩევს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიპერტენზიის სამკურნალო ოქროს სტანდარტი – მედიკამენტი, რომელიც ყველა შემთხვევისთვის მისაღებია – არ არსებობს. ამიტომაც არ არის სასურველი თვითმკურნალობა. თუ წნევის მაჩვენებლები მეტისმეტად მაღალია – 180`110 მმ ვწყ სვ და მეტი, წარმოიშობა სამიზნე ორგანოების დაზიანების საფრთხე. ასეთი რამ უმეტესად მათთან ხდება, ვინც რეგულარულად არ იღებს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, არ ასრულებს ექიმის მითითებებს. არც ის არის გამორიცხული, ამის მიზეზი წნევის მატების გამომწვევი რომელიმე მედიკამენტის (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების) მიღება იყოს. აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (თუ ვერ ახერხებთ, სთხოვეთ ვინმეს, საავადმყოფოში წაგიყვანოთ), თუ: ძლიერ აგტკივდათ თავი, ამჩნევთ მხედველობის გაუარესებას, ცნობიერების გაუარესებას, იგრძენით ტკივილი გულის არეში, გაგიჭირდათ სუნთქვა, დაგეწყოთ კრუნჩხვა ან შეშუპება.

გარდა რამდენიმე პათოლოგიისა (ინფარქტი, აორტის განშრევება), არტერიული წნევის სწრაფად, კრიტიკულად დაქვეითება არ შეიძლება. ეს თანდათანობით, 2-6 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. წნევის სწრაფად დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს კოლაფსი (წნევის დაცემა) და გართულებები თირკმლის, თავის ტვინის, გულ-სისხლძარღთა სისტემის მხრივ, იშემია და ინფარქტიც კი.

პირველი დახმარებისთვის ხშირად იყენებენ ხანმოკლე მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, ისეთებს, როგორიცაა კაპტოპრილი, ლაბეტალოლი, კლონიდინი, მაგრამ თვითმკურნალობა მაინც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ჯობს, მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს.

– რა სიმპტომები ახასიათებს მაღალ არტერიულ წნევას?

– ხშირად არტერიული ჰიპერტენზია დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სპეციფიკური ნიშნები არ არსებობს. ზოგჯერ ადამიანი უჩივის ადვილად დაღლას, სისუსტეს, თავბრუხვევას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, სისუსტეს ქვედა კიდურებში, გულის არეში დისკომფორტს, მეხსიერების გაუარესებას, თავის ტკივილს, ცხვირიდან სიხლდენას (თუმცა ეს სიმპტომი მჭიდროდ არ არის ასოცირებული ჰიპერტენზიასთან). აქვე დავძენ, რომ ხშირად ადამიანები წნევას მხოლოდ მაშინ იზომავენ, როდესაც თავის ტკივილს იგრძნობენ  – მათ ეს არტერიული ჰიპერტენზიის ნიშნად მიაჩნიათ, რაც შეცდომაა. კვლევებმა აჩვენა, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებს თავი ნორმოტენზიულ პირებზე ხშირად არ სტკივათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერტენზიულ კრიზს (180`110 მმ ვწყ სვ და მეტი). ამასთან, თავის ტკივილის დროს გაზომილ უმნიშვნელოდ მომატებულ წნევას, რაც პრეჰიპერტენზიასაც კი არ შეესაბამება, მაღალ წნევად მიიჩნევენ (უმეტესად – ე.წ. დაბალწნევიანები) და თვითნებურად იღებენ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს, რაც ასევე გაუმართლებელია. ამ შემთხვევაში არტერიული წნევის უმნიშვნელო (5-10 მმ-ით) მატება შესაძლოა თავის ტკივილის შედეგი იყოს და არა მიზეზი. თუ არტერიული წნევა სისტემატურადაა მაღალი, ამას სამიზნე ორგანოებისა და სისტემების (გულის, თავის ტვინის, თირკმლის, თვალის, სისხლძარღვების) დაზიანება მოჰყვება და შესაბამისი ჩივილებიც იჩენს თავს, მანამდე კი შესაძლოა მაღალი წნევა მხოლოდ შემთხვევით, პროფილაქტიკური გასინჯვისას აღმოჩნდეს. არტერიული წნევის თვითკონტროლი თავიდან აგვაცილებს ისეთ გართულებებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება – მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა – ინსულტი და სხვა.

– რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტმა?

– არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია: ელექტროკარდიოგრამის გადაღება, შარდის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის, კრეატინინის, კალიუმის, ჰემატოკრიტის, კალციუმის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევებიც, ამას ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს.

– როგორ რეგულირდება წნევა?

– მეორეული ანუ სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა გულისხმობს იმ ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომელმაც წნევის მატება გამოიწვია, პირველადი ანუ ესენციური ჰიპერტენზიის შემთხვევაში კი მივმართავთ წნევის მართვის ფარმაკოლოგიურ და არაფარმაკოლოგიურ მეთოდებს. ამ უკანასკნელთა რიცხვშია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება: ფიზიკური აქტივობის გაზრდა (კვირის უმეტეს დღეებში, სულ ცოტა, 30-წუთიანი სწრაფი სიარული სუფთა ჰაერზე), კალიუმითა და კალციუმით მდიდარი და ნატრიუმით ღარიბი პროდუქტებით კვება (შეგახსენებთ, რომ კალიუმით მდიდარია ჭერმის ჩირი, ქიშმიში, კარტოფილის ქერქი, ბანანი, ზღვის კომბოსტო, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, კენკრა, კალციუმით კი – უმთავრესად რძე და რძის ნაწარმი, თუმცა უმჯობესია დაბალცხიმიანი იყოს; კალციუმს შეიცავს ასევე ისპანახი, ლობიო, ნუში; არსებობს კალციუმით საგანგებოდ გამდიდრებული საკვებიც, მთ შორის – ფორთოხლის წვენი), სუფრის მარილის შეზღუდვა (არა უმეტეს 5 გრამისა დღეში), თამბაქოს წევაზე უარის თქმა.

უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება. ნებადართული მაქსიმუმია მამაკაცებისთვის დღეში ორჯერ და ქალებისთვის ერთხელ არა უმეტეს 30 მლ ეთანოლი (სპირტი), 350 მლ ლუდი, 150 მლ ღვინო, 80 მლ ვისკი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალკოჰოლი კალორიულია და ხელს უწყობ წონის მატებას, რაც არტერიული ჰიპერტენზიის დამოუკიდებელ რისკფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, ალკოჰოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტის ეფექტურობაზე და ხელი შეუწყოს გვერდითი მოვლენების განვითარებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ, მართალია, საერთაშორისო და ეროვნულ გადილაინებში არსად იხსენიება, მაგრამ ადგილობრივმა კვლევებმა დაადასტურა, რომ წითელი ღვინო დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე ზემოთ აღნიშნული რაოდენობის ფარგლებში.

ჩამოთვლილი ღონისძიებები ხელს უწყობს არტერიული წნევის მაჩვენებლების დაქვეითებას, რაც არაერთმა კვლევამ დაადასტურა, თუმცა ხშირად საჭირო ხდება მედიკამენტური მკურნალობაც.

– რა ტიპის პრეპარატები გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ?

– არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენები, აგფ ინჰიბიტორები, არბ ბლოკერები, ბეტა ბლოკერები, კალციუმის არხების ანტაგონისტები და მათი კომბინაციები. ერთი მედიკამენტით არტერიული ჰიპერტენზიის ეფექტური მკურნალობა შემთხვევათა მხოლოდ მესამედშია შესაძლებელი. ორ მესამედში ყველაზე ეფექტური, ხარჯეფექტიანი და მოხერხებულია (ინიშნება დღეში ერთხელ) კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული (ორი, სამი ან მეტი კომპონენტის შემცველი) მედიკამენტის გამოყენება. თანამედროვე ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს მხოლოდ წნევის დაქვეითება არ ევალება – მათი ფუნქციაა აგრეთვე სამიზნე ორგანოთა დაზიანების შეფერხება, ინსულტის, ინფარქტის, გულის უკმარისობის განვითარებისა და სიკვდილობის შემცირება. კვლევებმა აჩვენა, რომ კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები (მაგალითად, აგფ ინჰიბიტორი`არბ ბლოკერის, კალციუმის ანტაგონისტის და`ან თიაზიდური შარდმდენის კომბინაციები) სარწმუნოდ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებათა განვითარების რისკს.

– შეიძლება თუ არა, წნევის მოწესრიგების შემდეგ პრეპარატის მიღება შეწყდეს?

– თუნდაც პაციენტს 2-3 თვე აღარ აუწიოს წნევამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელდა და წამალი აღარ სჭირდება. წნევის დამწევი თანამედროვე პრეპარატების ფუნქცია, როგორც მოგახსენეთ, არტერიული წნევის დაქვეითებით არ შემოიფარგლება – ის სამიზნე ორგანოების დაცვასა და გართულებების პრევენციასაც გულისხმობს, ამიტომ მათი სისტემატურად მიღებაა საჭირო. აუცილებელია პაცინტისა და ექიმის ურთიერთნდობა და მუდმივი კონაქტი. არტერიული წნევის დაქვეითებისას ექიმი ახდენს დოზის კორექციას. დოზის შემცირება ხშირად საჭირო ხდება ზაფხულში, რადგან სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, ოფლთან ერთად მარილები (ნატრიუმი) გამოიყოფა და წნევაც დაბლა იწევს.

გირჩევთ, თვითნებურად არ მიიღოთ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი, ვინაიდან აბები, რომლებმაც თქვენს მეზობელსა თუ ახლობელს არგო, თქვენთვის შესაძლოა არამცთუ სასარგებლო, არამედ მავნებელიც კი აღმოჩნდეს. რაციონალური კომბინაციის შერჩევა მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს შეუძლია. არ შეწყვიტოთ წამლის მიღება თვითნებურად, მისი დოზის კორექცია მიანდეთ ექიმს, სისტემატურად იზომეთ არტერიული წნევა, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რითაც მინიმუმამდე დაიყვანთ არტერიული ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებების რისკს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: