რატომ უნდა ვეთამაშოთ შვილებს ყოველდღე და თანაც – აუცილებლად

გააზიარე:
  • თამაში დიდ როლს ასრულებს ბავშვის სწორ და ჰარმონიულ განვითარებაში – ეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა.

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გერმანელი ფსიქოლოგი, კარლ გროსი, იკვლევდა თამაშის მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესში. თავდაპირველად იგი აკვირდებოდა ცხოველთა ნაშიერების ურთიერთობას მშობლებსა და ერთმანეთთან. 1898 წელს გამოსცა წიგნი “ცხოველთა თამაში”, რომელშიც დეტალურად აღწერა თავისი დაკვირვებები და დასკვნები. გროსი მეცნიერულად ამტკიცებს, რომ ცხოველი თამაშის დროს ეუფლება იმ უნარებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ ჩვევებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში მისი ფიზიკური გადარჩენისთვის შეუცვლელი იქნება (მაგალითად, ლომის ბოკვრები და სხვა მტაცებლები თამაშის მეშვეობით მცირე ასაკიდანვე ეუფლებიან ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორებიცაა დევნა და დაჭერა, თავდაცვა და თავდასხმა, ზებრები და მათი მსგავსი სახეობები კი გაქცევასა და სწრაფ მოძრაობაში ვარჯიშობენ; მისი დაკვირვებით, ახალდაბადებული ცხოველები ყველაზე მეტ დროს სწორედ თამაშს უთმობენ და არც ზრდასრულ ასაკში ამბობენ უარს ამ აქტივობაზე).

მოგვიანებით, 1901 წელს, გროსი კვლავ გამოსცემს წიგნს “ადამიანთა თამაში”, რომელიც დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება. ავტორი ასკვნის: “ადამიანებს ცხოველებზე გაცილებით მეტი აქვთ სასწავლი, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე კი ერთადერთი უნივერსალური მეთოდი სამყაროს შემეცნებისა და შესწავლისა – თამაშია”.

  • კარლ გროსის მსგავსად, თამაშის მნიშვნელობაზე დღესაც ბევრი მეცნიერი მიუთითებს.

პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ფსიქოლოგი და წამყვანი მეცნიერ-მკვლევარი, იკვლევდა უძველესი კულტურებისა და ცივილიზაციების დამოკიდებულებას მომავალი თაობის აღზრდა-განათლებისადმი. გრეი ასკვნის, რომ უძველეს, თითქმის განუვითარებელ ტომებში სწორედ უფროსების მიბაძვა და თამაში იყო ის ძირითადი (თუ ერთადერთი არა) სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდი, რომელიც მოზარდებს რთულ ცხოვრებისეულ პირობებთან შეგუებაში ეხმარებოდა. აღმოჩენილია კედლის მხატვრობა, რომელიც ასახავს, როგორ თამაშობენ პატარები სიცოცხლისთვის სახიფათო ბასრი საგნებითაც კი. მეცნიერის აზრით, საუკეთესო მასწავლებლად იმ შორეულ ეპოქაში საკუთარი შეცდომები და თამაშით მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილება მიიჩნეოდა.

2013 წელს გამოცემულ წიგნში პიტერ გრეი ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას: “XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ბავშვებს სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩებათ დამოუკიდებლად თამაშისთვის. მიზეზი სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულებების გადატვირთული პროგრამაა, აგრეთვე – კომპიუტერული თამაშები, მცირე ზომის გაჯეტები, რომლებში თავჩარგულ ბავშვებსაც წააწყდებით ყველგან – ქუჩაში, ტრანსპორტში, სკოლის დერეფანში... სპორტული თუ სხვა პროფილის წრეები თუ კლუბები  ვერასდროს შეცვლის დამოუკიდებლად თამაშს. თამაშის დროის შემცირება ბავშვებში პირდაპირ უკავშირდება ემპათიის (თანაგრძნობის) შესუსტებასა და ნარცისიზმისა და ეგოცენტრულობის გადამეტებულ გრძნობას”.

ამასთან, გრეის დასკვნით, რაც უფრო ნაკლებს თამაშობენ ბავშვები, მით უფრო ნაკლებად შემოქმედებითნი არიან, სამაგიეროდ, იმატა სტრესმა და ნერვული დაავადებების რიცხვმა (თავის წიგნში მას შემზარავი სტატისტიკა მოჰყავს: აშშ-ში 15 წლამდე ასაკის ბავშვთა თვითმკვლელობის მაჩვენებელი 50-იან წლებთან შედარებით გაოთხმაგდა!!!).

ეს საკმაოდ ვრცელი შესავალი და სამეცნიერო კვლევების მონაცემების მოშველიება იმისთვის დაგვჭირდა, რომ თქვენი ყურადღება თანამედროვე მოზარდების თამაშისადმი დამოკიდებულებაზე გაგვემახვილებინა.

ჩვენი რუბრიკის ერთ-ერთ სტატიაში სუფთა ჰაერზე თამაშის შესახებ გესაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ ხანმოკლე დაკვირვებაც კი საკმარისია, რათა დავასკვნათ: ბავშვები თითქმის აღარ თამაშობენ ისეთ თამაშებს, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის (ეს თამაშები გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, წესებს ემყარება, რაც სხვადასხვა სოციალურ უნარს აყალიბებს, როლური და სიუჟეტური თამაშები წარმოსახვის უნარსა და შემოქმედებითობას ავითარებს და სხვ.).

დღეს გვინდა გესაუბროთ ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ, როგორიც ბავშვისა და მშობლის ერთობლივი თამაშია. ამჯერად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ აქტივობებს შემოგთავაზებთ, მომდევნო ნომრებში კი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილ თამაშებს მიმოვიხილავთ.

 

  • მოდი, ვითამაშოთ...

შევეცადოთ, გარეშე დამკვირვებლის თვალით შევხედოთ ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიურ ურთიერთობას. სამსახურიდან დაღლილები ვბრუნდებით, შინ უამრავი საქმე გვხვდება, ბავშვი კი ამ დროს გვთავაზობს: “მოდი, ვითამაშოთ”. როგორია ჩვენი რეაქცია? ან: უქმე დღეა, კვირის განმავლობაში დაგროვილი საშინაო საქმეების მოგვარება მხოლოდ ამ დღესაა შესაძლებელი. ბავშვმა რომ ხელი არ შეგვიშალოს, ვურთავთ ტელევიზორს ან კომპიუტერს და რამდენიმესაათიანი “თავისუფლება” გარანტირებული გვაქვს!

ასეც რომ არ იყოს, თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული თამაშები და სხვადასხვა გასართობი პროგრამა იმდენად მიმზიდველია ბავშვისთვის, რომ ხშირად ის თავად ამბობს უარს თანატოლებთან თამაშზე ან თქვენ მიერ შეთავაზებულ ალტერნატივაზე (როგორც წესი, წიგნის წაკითხვაზე ან დავალების შესრულებაზე).

არადა, მათი ჯანმრთელობისა და ინტელექტუალური თუ ემოციური განვითარებისთვის ფიზიკური მოძრაობა და წარმოსახვითი თამაშები, რომლებიც გონებისა და ფანტაზიის გამოყენებას მოითხოვს, ძალზე მნიშვნელოვანია.

 

  • როგორ მოვიქცეთ?

აუცილებლად უნდა შევიტანოთ ცვლილება დღის ჩვეულ განრიგში და გამოვყოთ თუნდაც 40 წუთი საკუთარ შვილთან თამაშისთვის! ჩათვალეთ, რომ ეს სავალდებულო და დღის განმავლობაში გასაკეთებელ საქმეთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთგვარი ინვესტიციაა, თქვენი შვილის მომავალ კეთილდღეობაში დაბანდებული. ვფიქრობთ, საჭირო მოტივაციას სტატიის შესავალში მოყვანილი სამეცნიერო შეხედულებებიც შეგიქმნით.

მაშ ასე, როგორ გავატაროთ დრო შვილთან ერთად სასიამოვნოდ და სასარგებლოდ?

საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე, ცხადია, თავად გაქვთ. თქვენზე უკეთ ვინ იცის, რა უყვარს თქვენს პატარას ყველაზე მეტად; რომელ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ მხოლოდ ერთობლივი თამაშის რამდენიმე სცენარს შემოგთავაზებთ ყოველდღიური „სავალდებულო-სათამაშო საათის“ გასამრავალფეროვნებლად.

ეს სახალისო და საინტერესო აქტივობები აუცილებლად დააინტერესებს ბავშვებს და სულ მალე თქვენი საყვარელი თავშესაქცევი გახდება.

 

  • ვხატავთ და ვსწავლობთ

ხატვა ყველა ბავშვის საყვარელი საქმიანობაა. წინასწარ მოიმარაგეთ დიდი ფორმატის ფურცლები, რომლებსაც პირდაპირ იატაკზე ან მაგიდაზე დააფენთ და ხატეთ ერთად – ფერადი პასტელებით, სქელი ფანქრებით ან სპეციალური უსაფრთხო საღებავებით, რომლებშიც თითების ჩაწობა შეიძლება. ძალიან სახალისოა ხელისგულების კონტურების ფანქრით მოხაზვა და მიღებული ფიგურებისგან სხვადასხვა პერსონაჟის შექმნა – იფანტაზიორეთ, შეთხზეთ ამბები, ზღაპრები ამ არსებებზე, დაარქვით მათ სახელები... ამ თამაშს ერთგვარი აღმზრდელობითი ფუნქციაც შეგიძლიათ მიანიჭოთ: მოიფიქრეთ გმირები, რომლებიც არ იბანენ ხელებს ჭამის წინ ან ეჯიუტებიან მშობლებს და სთხოვეთ ბავშვს, მათ ქცევის წესები „ასწავლოს“.

  • ვხედავ... ხელებით

თამაში კარგად ავითარებს წვრილ მოტორიკას და ტაქტილურ (შეხებით) შეგრძნებებს: შეკერეთ ფერადი ნაჭრის ტომარა, მოაგროვეთ სახლში პატარა სათამაშოები ან ნივთები (ეს შეიძლება იყოს სარჭი, ასანთის კოლოფი, საშლელი, საბავშვო სათამაშოები...), სთხოვეთ ბავშვს, თავისი ხელით მოათავსოს საგნები ტომარაში, მერე რიგრიგობით აიკარით თვალები შარფით და შეეცადეთ, ხელით „დაინახოთ“, ამოიცნოთ, რომელი ნივთი მოგხვდათ ხელში.

 

  • პლასტილინი ან ცომი

პლასტილინისგან პატარა ფიგურების გამოძერწვა ძალიან სასარგებლოა პაწიებისთვის. მაღაზიებში პლასტილინის საკმაოდ ფართო არჩევანია, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ შინ ეს ფერადი და წებოვანი გასართობი არ აღმოგაჩნდათ, ნუ ინაღვლებთ ¬– მარილის, ფქვილისა და წყლისგან მოაზელინეთ ბავშვს სპეციალური ცომი (1 წილი მარილი და ამდენივე ფქვილი, წყალი, რასაც შეიზელს, რომ სქელი მასა გამოვიდეს). თუ საკვები საღებავიც გაქვთ, ცომი სხვადასხვაფრად შეღებეთ და დაიწყეთ ფიგურების ძერწვა ეკოლოგიურად სუფთა და საკუთარი ხელით დამზადებული პლასტილინისგან.

 

  • ვავარჯიშებთ მეხსიერებას

შეარჩიეთ 5 სხვადასხვა სათამაშო და ჩაამწკრივეთ. სთხოვეთ ბავშვს, დაიხსომოს თითოეული, შემდეგ ზურგით მიაბრუნეთ და აიღეთ ერთ-ერთი. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომელი სათამაშო “გაქრა”.

 

  • ვსწავლობთ სივრცეში ორიენტაციას

თამაში ავითარებს სივრცით წარმოდგენებს და ორიენტაციის უნარს, რაც, თავის მხრივ, აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

თამაშის ორი ვერსია არსებობს – შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი:

1. ბავშვთან ერთად შეარჩიეთ რომელიმე სათამაშო ან ნივთი. სთხოვეთ პატარას, ცოტა ხნით ოთახიდან გავიდეს. დამალეთ ნივთი და მითითებების მეშვეობით დაეხმარეთ ბავშვს დამალული ნივთის პოვნაში. მითითებები ასეთი უნდა იყოს: “ორი ნაბიჯი წინ, ახლა – სამი ნაბიჯი გვერდზე, კარისკენ, ერთი პატარა ნაბიჯი უკან...”

2. ბავშვი “რობოტად” უნდა გადაიქცეს და ზუსტად შეასრულოს “გამომგონებლის” ყველა მითითება. სავარაუდო “ბრძანებებია”: ახტი მაღლა, ასწიე ერთი ხელი, გადადგი სამი ნაბიჯი წინ და ორი უკან, ბაჭიასავით ისკუპე კარისკენ, შებრუნდი და გადახტი, უკუსვლით გაიარე სამი ნაბიჯი...

ნინო ლომიძე

გააზიარე: