მფრინავი საფრთხე

გააზიარე:

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ზაფხული არ მიყვარს, მწერებია. ეს პატარა სისხლისმწოველი არსებები, გარდა იმისა, რომ მოსვენებას არ გვაძლევენ, თურმე ერთ-ერთი საშიში ინფექციური დაავადების, ლეიშმანიოზის, გადამტანებიც ყოფილან. ზაფხული მწერების გარეშე წარმოუდგენელია, მაშ როგორ მოვიქცეთ, რომ ლეიშმანიოზი თავიდან ავიცილოთ? ამის შესახებ სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი პარაზიტოლოგი ირმა კოკაია გვესაუბრება:

– ლეიშმანიოზი პარაზიტული  დაავადებაა, რომელსაც უჯრედშიდა პარაზიტი ლეიშმანია იწვევს. ლეიშმანიოზის რამდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა ჩვენში მხოლოდ ორი მათგანია გავრცელებული – კანისა და ვისცერული. კანის ლეიშმანიოზი შედარებით იშვიათია, ყოველწლიურად მისი დაახლოებით 8-10 შემთხვევა დასტურდება ლაბორატორიულად, არც კლინიკური მიმდინარეობა იძლევა შეშფოთების საფუძველს, რასაც ვერ ვიტყვით ვისცერულ ლეიშმანიოზზე. ეს უკანასკნელი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, საქართველოში ყოველწლიურად მისი 120-126 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება, ამასთან, მას, კანის ლეიშმანიოზისგან განსხვავებით, მეტად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ქალაქის პირობებში დაავადების წყარო უმთავრესად ძაღლია – როგორც მაწანწალა, ისე ოჯახისა, მოვლილი. ლეიშმანიოზის წყარო შეიძლება სხვა ცხოველიც იყოს, მაგალითად, ტურა, მელა, თუმცა ქალაქს ისინი ნაკლებ საფრთხეს უქმნიან. ადამიანის დასნებოვნება ამგვარად ხდება: ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს მწერი – ფლებოტომუსი კბენს, რომელიც შემდეგ კბენს ადამიანს და დაავადების გამომწვევს გადასცემს. ამიტომ ლეიშმანიოზს ტრანსმისიულ დაავადებას უწოდებენ.

საზოგადოდ, ლეიშმანიოზი ძაღლებში ძალზე აქტუალური პრობლემაა. თავდაპირველად მათ, როგორც წესი, არაფერი ეტყობათ, შემდეგ ეწყებათ ბეწვის ცვენა, წონის კლება, სისხლდენა, უჩნდებათ წყლულები – პატრონები ხშირად სწორედ ამ დროს ამჩნევენ დაავადებას. ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს რეკომენდაცია, იგი დააძინონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პატრონი იღებს.

საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზი ყველაზე მეტად თბილისსა და მის შემოგარენშია გავრცელებული, გვხვდება კახეთსა და ქვემო ქართლშიც. დასავლეთ საქართველოში ერთადერთი დადგენილი ლოკალური კერა ჯერჯერობით ქუთაისია, თუმცა მიგრაციული პროცესები არც დაავადების სხვა რეგიონებში გავრცელებას გამორიცხავს. დასნებოვნებისთვის დაავადების სეზონზე თბილისში ხანმოკლე ვიზიტიც საკმარისია. სეზონი აპრილის ბოლოდან ოქტომბრამდე გრძელდება, რადგან ფლებოტომუსს აქტივობისთვის სჭირდება სითბო. ზამთრობით ის დიაფაზის ფაზაში შედის და ლეიშმანიოზით ინფიცირების საფრთხეც ქრება.

ლეიშმანიოზი შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეგვხვდეს, თუმცა ყველაზე ხშირია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. წინათ დაავადებულთა თითქმის 90% ბავშვი იყო, დღეისთვის ეს მაჩვენებელი შეიცვალა – მოიმატა ზრდასრული კონტინგენტის წილმა. მატება უმთავრესად აივინფიცირებულთა ხარჯზე მოხდა, რადგან ლეიშმანია კარგად ვითარდება იმუნოკომპრომეტირებულ  პირებში, სწორედ ისეთებში, როგორც აივ ინფექციის მქონენი არიან.

– როგორ ვლინდება ლეიშმანიოზი კლინიკურად?

– ლეიშმანიოზს ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი სიმპტომები ინფიცირებიდან დაახლოებით 4-6 თვის შემდეგ იჩენს თავს. ავადმყოფობის შემთხვევები, წესისამებრ, ზამთარში ან გაზაფხულის დამდეგს იმატებს. ეს ის პაციენტები არიან, რომელთა ინფიცირებაც რამდენიმე თვით ადრე, ზაფხულში მოხდა.

არ გეგონოთ, რომ დაკბენის ყველა შემთხვევა დაავადებით სრულდება – ეს პარაზიტის სახეობასა და პაციენტის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ პროცესი ლოკალურად მთავრდება და არ პროგრესირებს, მაგრამ თუ ადამიანის იმუნური სისტემის არასრულფასოვნების გამო მაკროფაგებმა ლოკალურად ვერ მოახერხეს პროცესის ლოკალიზება, დაავადება გენერალიზდება და ვისცერული ლეიშმანიოზი ვითარდება.

დაავადებას განსაკუთრებული, სპეციფიკური ნიშნები არ ახასიათებს. მიღებულია, ლეიშმანიოზზე მაშინ მივიტანოთ ეჭვი, როცა პაციენტს აღენიშნება გახანგრძლივებული ცხელება მაღალი ციფრებით (38-39 გრადუსი და მეტი), რომელიც არ ემორჩილება ანტიბიოტიკოთერაპიას. წესისამებრ, ცხელებას თან ახლავს შემცივნება და ისეთი არასპეციფიკური ნიშნები, როგორებიცაა ოფლიანობა და წონის კარგვა.

სამწუხაროდ, ლეიშმანიოზის დიაგნოზს მაშინვე იშვიათად სვამენ. დაავადებას მკურნალობენ როგორც მწვავე რესპირატორულ ინფექციას, ფილტვების ანთებას, ანგინას, თუმცა, ცხადია, ასეთ მკურნალობას შედეგი არ აქვს. გარკვეული ხნის შემდეგ ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება სიფითრე, მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, რაც ღვიძლისა და ელენთის გადიდებითაა გამოწვეული. ლეიშმანიოზს შესაძლოა მეორეული ინფექციებიც დაერთოს თან და პაციენტს დაეწყოს ანგინა, ხველა. ყოველივე ამის გამო დღეს მიდგომა ასეთია: ვისცერულ ლეიშმანიოზზე საეჭვოდ მიიჩნევა პაციენტი, რომელსაც აღენიშნება 10-14 დღეზე მეტი ხანგრძლივობის არამოტივირებული ცხელება, რომელსაც ერთვის ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ყველა ასეთი ადამიანი ლეიშმანიოზზე უნდა გამოვიკვლიოთ.

–             როგორ სვამენ ლეიშმანიოზის დიაგნოზს?

– საამისოდ საკმაოდ ფართო არსენალი გვაქვს. პირველადი დიაგნოსტიკა კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება. გარდა ამისა, ვისცერულ ლეიშმანიოზს გარკვეული ლაბორატორიული ცვლილებებიც ახასიათებს. ამ დროს ძალზე ინფორმაციულია სისხლის საერთო ანალიზი. წესისამებრ, პაციენტს აღენიშნება ანემია, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ედსის აჩქარება, თუმცა ყველა ეს მაჩვენებელი შეიძლება ბევრი სხვა დაავადების დროსაც შეგვხვდეს, ამიტომ დიაგნოზის დადასტურება კვლევის სპეციფიკური მეთოდებით ხდება. ერთ-ერთი მათგანია სისხლში გამომწვევის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა. ამისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ზოგიერთი – უფრო სანდო, ზოგი კი სწრაფი და მოხერხებული. ხშირად ვიყენებთ ძვლის ტვინის პუნქციასაც. ამ დროს მიკროსკოპის საშუალებით ძვლის ტვინის ასპირატში თავად ლეიშმანიოზის გამომწვევებს აღმოვაჩენთ. გარდა ამისა, არსებობს მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდი, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია, რომელსაც შეზღუდულად, მხოლოდ გარკვეულ კონტინგენტთან ვიყენებთ.

ვისცერული ლეიშმანიოზი იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა დროულ დიაგნოსტიკასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წესისამებრ, ლეტალური შედეგით სწორედ ნებაზე მიშვებული ან ძალიან დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევები სრულდება. თუ სათანადო მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, თავს იჩენს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები. ვისცერული ლეიშმანიოზის თრომბოციტოპენიის გამო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება თრომბოჰემორაგიული სინდრომია, პაციენტები ყველაზე ხშირად სწორედ შინაგანი სისხლდენით იღუპებიან. იმუნოსუპრესიის ფონზე ხშირია სეფსისით გართულებაც, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებს და სიკვდილის მიზეზად იქცევა.

ვისცერული ლეიშმანიოზი, კანის ლეიშმანიოზისგან განსხვავებით, არ არის თვითლიმიტირებადი დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მკურნალობის გარეშე, თავისთავად, არ მორჩება. დაავადების პროგნოზი კი დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის დაწყების პირდაპირპროპორციულია.

– როგორ მკურნალობას მოითხოვს ვისცერული ლეიშმანიოზი და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება?

– დროულად დიაგნოსტირებული ყველა შემთხვევა, წესისამებრ, ძალიან კარგად ემორჩილება მკურნალობას და პროგნოზიც სავსებით კეთილსაიმედოა. მკურნალობა სტაციონარულია, მისი ხანგრძლივობა კი იმაზეა დამოკიდებული, რომელ პრეპარატს ავირჩევთ. ამჟამად საქართველოში ლეიშმანიოზის სამკურნალოდ ორ პრეპარატს იყენებენ. ერთია მეგუმინის ანთიმონიატი, რომლით მკურალობის კურსიც უფრო ხანგრძლივია – დაახლოებით 28 დღე. მას განსაზღვრული ტოქსიკურობაც ახასიათებს, რის გამოც პაციენტის მონიტორინგია საჭირო. მეორე პრეპარატი, რომელიც დღეს მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა, არის ლიპოსომური ამფიტერიცინი. ის მკურნალობის ძალიან მოკლე კურსს მოითხოვს. მისი კომერციული ფასი მაღალია, თუმცა ამჟამად ჩვენს დაწესებულებას დონაციით აქვს ეს წამალი და პაციენტები მას უსასყიდლოდ იღებენ.

გარდა ამისა, სახელმწიფო აფინანსებს ვისცერული ლეიშმანიოზის მკურნალობას. სოციალურად დაუცველთათვის ის უფასოა. დანარჩენებისთვის 18 წლამდე სახელმწიფო იხდის მკურნალობის ღირებულების 20%-ს, 18-დან 60 წლამდე – 50%-ს, ხოლო 60 წლიდან – 30 %-ს.

– კანის ლეიშმანიოზზე რა გვეტყვით?

– კანის ლეიშმანიოზი არ არის სისტემური დაავადება. იგი არც ვისცერული ლეიშმანიოზის ერთ-ერთი ფორმაა. მას სრულიად სხვა გამომწვევი ჰყავს. დაავადებისთვის დამახასიათებელია ნაკბენის ადგილას კანის დაზიანება და დაწყლულება. ნაკბენი ყველაზე ხშირად სხეულის ღია ნაწილებზე, კიდურებსა და სახეზეა. ხშირად მას მეორეული ინფექციაც ერთვის და ჩირქდება, თუმცა პროცესი ლოკალურია, არასოდეს განიცდის გენერალიზაციას და არ იღებს სისტემურ, მძიმე ფორმას. ხშირად დაავადება ერთი წლის შემდეგ თვითლიმიტირებას განიცდის, მაგრამ  ამ დროს, როგორც წესი, რჩება არასასიამოვნო, დამახასიათებელი ნაწიბური. მკურნალობაც ადგილობრივია – ლუკალტინის ინექციებით და შესაბამისი მალამოთი.

– შესაძლებელია თუ არა ლეიშმანიოზის პრევენცია?

– ვისცერული ლეიშმანიოზის პრევენციისთვის საჭიროა, უპირველესად, მის რეზერვუარებსა და გადამტანებთან ბრძოლა: დაავადებული ძაღლების დროული გამოვლენა, დასახლებულ ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების არსებობის აღკვეთა, ოჯახის ძაღლების გეგმური გასინჯვები ვეტერინართან, მოსკიტების აქტივობის სეზონზე შენობების აბადვა და ინსექტიციდებით დამუშავება. ინსექტიციდებით უნდა დამუშავდეს მღრღნელებისა და მტაცებლების სოროებიც, თუ ისინი დასახლებული პუნქტიდან 300 მ-მდე რადიუსის დაშორებით აღმოჩნდებიან.

თამარ არქანია

გააზიარე: