როდის ჯობს დედობა

გააზიარე:

 

XXI საუკუნეში დედობის ასაკმა საგრძნობლად გადაიწია. თუ ძველად 25 წლის ქალისთვის დაორსულება უკვე დაგვიანებულად მიიჩნეოდა, დღეს ეს ასაკი დედობისთვის მეტისმეტად პატარა გვეჩვენება. თანამედროვე თვალთახედვით, ჯერ კარიერას უნდა მივხედოთ და მერეღა ვიყოლიოთ შვილები. შესაძლოა, თავად ქალისთვის ასეც ჯობდეს, მაგრამ დედის ასაკის მატებასთან ერთად ნაყოფის ჯანმრთელობას უფრო და უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. მაშ, რა ასაკში ჯობს დედობა, რა გართულებებს უნდა ველოდეთ ნაადრევი თუ დაგვიანებული ორსულობისგან და როგორ შეიძლება მათი მართვა? გვესაუბრება აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების გამგე მამუკა ნემსაძე.
– რა ასაკი მიიჩნევა ორსულობისთვის ყველაზე ხელსაყრელად?
– რომელიმე ასაკის ერთმნიშვნელოვნად გამოყოფა ძნელია, რადგან თითოეულ პერიოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად, 20 წლის ასაკში ქალი ფიზიკურად ძლიერია და ორსულობა და მშობიარობა ადვილად გადააქვს, ნაკლებია გართულებების რისკიც. 35 წლიდან კი ფინანსურად შემდგარია, ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული, მზად არის დედობისთვის, მაგრამ უძნელდება დაორსულება და შემდგომ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობელემები იჩენს თავს. ამიტომ ექსპერტთა დიდი ნაწილი ჯერაც ვერ შეთანხმებულა იმის თაობაზე, რა ასაკია ოპტიმალური შვილსი გაჩენისთვის. შეიძლება ითქვას, ორსულობისთვის ნებისმიერი ასაკი მისაღებია. მთავარია, სწორად შეფასდეს რისკები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადეკვატურად ჩატარდეს მკურნალობა. 
ასაკთან დაკავშირებული მრავალი გართულება ხშირად საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების შედეგია. ეს განსაკუთრებით ქალის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ეხება. სპეციალისტებიც კი უმეტესად მხოლოდ სომატური სფეროს შეფასებითა და მოვლით შემოიფარგლებიან და ფსიქოემოციური ფონი უყურადღებოდ რჩებათ. არადა, ამ უკანასკნელს თვით სომატურ სფეროზეც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია და მისი უგულებელყოფა დაუშვებელია.
– სახელდობრ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამა თუ იმ ასაკში დაორსულებას?
– ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული ასაკობრივი ჯგუფი.

20-24 წელი
ეს ყველაზე ეფექტური ფერტილური ასაკია, ანუ ქალს ადვილად შეუძლია დაორსულება. მშობიარობის შემდგომ, ორსულობამდელ მდგომარეობასაც ადვილად უბრუნდება. გაცილებით იშვიათად ვითარდება გესტაციური დიაბეტი. ყოველივე ამის გამო ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაცია შეთანხმდა, რომ 25 წლამდე ორსულისთვის რუტინული გლუკოზატოლერანტული ტესტის ჩატარება არც კია საჭირო. ის მხოლოდ რისკფაქტორების არსებობისას ტარდება. თუმცა წონის კონტროლი მაინც აუცილებელია.
რისკფაქტორები ახალშობილთან მიმართებითაც ნაკლებია. ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტის ალბათობა მხოლოდ 9%-ია. ეს მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გენეტიკური პათოლოგების განვითარების შანსი 1/1526-ს არ აღემატება, დაუნის სინდრომისა კი 1/1667-ს, ამიტომ ამ ასაკში არც გენეტიკური სკრინინგის ჩატარებაა აუცილებელი. რაც შეეხება ფსიქოემოციურ სტატუსს: 20-დან 24 წლმადე ქალი კარიერაზეა ორიენტირებული, ოჯახი კი მისთვის ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს. გოგონას მთავარი საზრუნავია, როგორ გამოიყურება. აქცენტს პირად ინტერესებზე სვამს. თუ ოჯახს გააზრებულად ქმნის, ფსიქოლოგების დასკვნით, ამ ეტაპზე მისი ყურადღება მთლიანად მეუღლეს ეკუთვნის და ურთიერთობაში მესამე წევრის გამოჩენისთვის ნაკლებად არის მზად. მეორე მხრივ, სავსეა ენერგიით, მეტი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, მშობიარობას, ბავშვის მოვლას, ღამეების თენებას ადვილად იტანს. 

25-30 წელი
ამ ასაკში ქალს ყველაზე ადვილად შეუძლია რეპროდუქციული გეგმების მართვა და ორსულობის დაგეგმვა. მართალია, ფერტილობის პიკი გასულია, მაგრამ დაორსულება მაინც არ არის ძნელი. თუ ქალი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება, მშობიარობაც ადვილად გადააქვს და ფორმაშიც ადვილად დგება. ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის რისკი ოდნავ, 10%-მდე იმატებს. დაუნის სინდრომის განვითარების ალბათობა 1`1250-ა, სხვა გენეტიკური პათოლოგიებისა კი 1` 476.
 
30-34 წელი
ამ ასაკში ნელ-ნელა ქვეითდება შვილოსნობის ფუნქცია, მაგრამ უნაყოფობის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე 35 წლის შემდეგ. წარმატებული ხელოვნური განაყოფიერების ალბათობაც 25-28%-ია, 40 წლიდან კი ამის შანსი საგრძნობლად მცირდება. ამ პერიოდში, 30 წლამდე ასაკთან შედარებით, ორჯერ მეტია საკეისრო კვეთის სიხშირე. რაც შეეხება ემოციურ სფეროს, ქალები, რომლებიც მთელი არსებით იყვნენ ჩართულნი კარიერულ წინსვლაში, გრძნობენ, რომ ოჯახისთვის მზად არიან, ენერგია და რესურსი საკმარისი აქვთ, თუმცა ამ ეტაპისთვისვეა დამახასიათებელი შიში ძველ მდგომარეობასთან დაბრუნების შეუძლებლობისა.

35-40 წელი
შვილოსნობის უნარი მკვეთრად მცირდება. მუცლად ყოფნის პერიოდში გოგონას დაახლოებით 4 მლნ-მდე პრიმორდიალური ფოლიკული აქვს. დაბადებისთვის მათი რიცხვი 1-2 მლნ-მდე მცირდება, პირველი ოვულაციის დროს კი 300 000-ია. ასაკთან ერთად მათი რაოდენობა განუხრელად იკლებს, ახალი კი აღარ წარმოიქმნება. მაშინაც კი, როდესაც ოვულაცია რეგულარულია, შანსი, რომ მოცემული მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალი დაორსულდეს, არ აღემატება 20%-ს, ხოლო 35 წლიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ოვულატორული ციკლების შემცირება, მეორე მხრივ კი კვერცხუჯრედთა ხარისხის დაქვეითებაა. თუ 35 წლამდე დაუცველი სქესობრივი ურთიერთობის ფონზე ქალს 1 წლის ვადას ვაძლევთ და მერეღა ვსაუბრობთ უნაყოფო ქორწინებაზე, 35 წლიდან მას უკვე 6 თვის შემდეგ სჭირდება რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. დროული ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ასაკის მატებასთან ერთად დაორსულების შესაძლებლობაც იკლებს. მცირდება ეფქტური ხელოვნური განაყოფიერების შანსიც. თუ ქალი დაორსულდა, იმატებს არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები, 2-3-ჯერ იზრდება გესტაციური დიაბეტის განვითარების ალბათობა, მით უმეტეს, თუ ქალი ჭარბწონიანია. საკეისრო კვეთაც ორჯერ უფრო ხშირია. თვითნებითი აბორტების რაოდენობა 18%-ს აღწევს, ანუ 20-24 წლის ასაკთან შედარებით ორჯერ მეტია. მკვდრადშობადობაც ორმაგდება, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ცნობილია, რომ ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზეც კი ნაყოფის სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენა ასიდან მხოლოდ 20 შემთხვევაში ხდება. 
ასაკთან ერთად იზრდება მრავალნაყოფიანი ორსულობების შემთხვევები. შეიძლება ითქვას, რომ საკვერცხე ცდილობს, თავისი ხარისხობრივი არაკომპეტენცია რაოდენობრივით ჩაანაცვლოს და ოვულირდება 2-3 კვერცხუჯრედი. ცხადია, ხშირია ასისტირებადი რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებაც, რაც მრავალნაყოფიან ორსულობათა რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის.
ასაკთან ერთად სასქესო უჯრედების დაყოფის, მეიოზის, შეცდომების გამო ხშირდება გენეტიკური პათოლოგიებიც, ამიტომ აუცილებელი ხდება ამნიოცენტეზისა და სხვა ინვაზიური პრენატალური ტესტების ჩატარება. 
ემოციურ სფეროში წინა პლანზე წამოიწევს შიში, ფორიაქი. ისინი განსაკუთრებით ძლიერდება ტესტების შედეგების მოლოდინში. მათი პასუხის მისაღებად 2-3 კვირაა საჭირო, რაც შფოთვისა და ემოციური არასტაბილურობის მიზეზად იქცევა. ამ დროს ოჯახის მხარდაჭერას უდიდესი მნიშნელობა აქვს. 

40-45 წელი
ამ პერიოდში ბავშვს ქალთა მხოლოდ 1% აჩენს. დაორსულების შანსი ძალზე მცირეა – 5%. ამ ეტაპის ყველაზე გავრცელებული ჩივილი დაღლილობაა. განმეორებითი ორსულობისას ხშირია ჰემოროიდული პრობლემები, შარდის ბუშტზე, საშოს არეში ზეწოლისა და ქაჩვის შეგრძნება. სიმპტომების შესუსტება შესაძლებელია წონის კორექციით და ვარჯიშებით, რომლებიც საშოს ფსკერის კუნთების გამაგრებას უწყობს ხელს. თვითნებითი აბორტის ალბათობა 33%-მდე იზრდება. ხშირია პლაცენტის წინამდებარეობა და პლაცენტის ნაადრევი აცლა. ამ ასაკში ენდომეტრიუმი გათხელებულია და ემბრიონის ადეკვატურ მიმაგრებას ვერ უზრუნველყოფს. საშვილოსნოს სისხლის მომარაგებაც მცირდება, რაც ასევე ვერ ქმნის საუკეთესო პერინატალური გამოსავლის საფუძველს. გენეტიკური პათოლოგიების რისკის მკვეთრად იმატებს და დაუნის სინდრომისთვის 1/38-ს უტოლდება, სხვა დაავადებებისა კი 1/26-ს. 
ემოციური სფერო. მთავარი კითხვაა, როგორი ვიქნები, როდესაც ჩემი შვილი სკოლას დაამთავრებს, რა ვუთხრა უფროს შვილებს. ეს საკითხები აუცილებლად უნდა განიხილებოდეს ოჯახში, მშობლებთან, შვილებთან, ფსიქოლოგთან.
რაც შეეხება დადებით მხარეებს, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ 40 წლის შემდეგ ბუნებრივად დაორსულებული ქალები უფრო მეტხანს ცოცხლობენ. ეს ეხება როგორც პირველ, ისე განმეორებით ორსულობას. აღმოჩნდა, რომ ამ დროს გამოყოფილი ესტროგენებისა და გესტაგენების მზარდი კონცენტრაცია დადებითად მოქმედებს გულზე, ძვალსახსროვან სისტემაზე დასხვა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ოვულაციის დროს ჰორმონთა ცვლილებები ზრდის კიბოს განვითარების რისკს. შესაბამისად, რაც ნაკლებია ოვულაცია, მით ნაკლებია კიბოს ალბათობა. ორსულობის დროს, მოგეხსენებათ, ოვულაცია არ ხდება, ამიტომ რაც უფრო ხშირად არის ქალი ორსულად, მით ნაკლებია შანსი, ძუძუს ან საშვილოსნოს კიბო განუვითარდეს.

– რამდენად ხშირია ადრეულ ასაკში ორსულობა და რა პრობლემები იჩენს თავს ამ დროს?
– ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2009-2012 წლებში მოზარდთა დაორსულების ტენდეცია შემცირებული იყო, 2013 წელს კი ისევ მოიმატა და ათას მოზარდზე 64,7-ს მიაღწია, რაც დასავლეთის ქვეყნების იმავე მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. ეს, ბუნებრივია, ზრდის არასასურველი ჩარევების რისკს. მარტო 2013 წელს 20 წლამდე ასაკის გოგონებთან  1500-მდე აბორტი გაკეთდა, 400-მდე ორსულობა კი სპონტანურად შეწყდა.
როდესაც თინეიჯერი ორსულდება, მის წინაშე სამი ალტერნატივაა: შეინარჩუნოს ნაყოფი, გაიკეთოს აბორტი ან ბავშვი გააშვილოს. საუკეთესო, პირველ ვარიანტს ხშირად ოჯახის წევრები ან საზოგადოება აღუდგებიან წინ. უმეტესად გოგონები ვერც კი ხვდებიან, რა ხდება მათ თავს. ჰგონიათ, პრობლემა თავისთავად მოგვარდება და როდესაც მუცელი გაეზრდებათ და დედა შეამჩნევს, მერეღა იწყებენ გამოსავალზე ფიქრს. მქონია შემთხვევები, როდესაც ორსულობის შესახებ იცოდნენ გოგონამ და დედამ და ვერ ეუბნებოდნენ მამას. 25-30 კვირის ორსულებიც კი მოსულან აბორტის თხოვნით. ასეთი ჩარევა ხომ ყოვლად გამორიცხულია! ეს გოგონას ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე წარუშლელ კვალს დატოვებს. ამიტომ ქალები, რომელთაც დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგეს, საზოგადოებისგან არ უნდა გავრიყოთ. ეს ქალის ყველაზე ნატიფი ასაკია. მას დახმარება, გვერდით დგომა სჭირდება. 
ამ ასაკში ორსულობა განსაკუთრებული, ხშირი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წარიმართოს. აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების კონტროლი, მით უმეტეს, თუ ქალი ძალადობის მსხვერპლია. ყოველდღიურ რაციონში გაცილებით დიდი რაოდენობით უნდა ჩავრთოთ კალციუმი, რკინა და ფოსფორი, რადგან თინეიჯერის ძვალსახსროვანი სისტემა ჯერ კიდევ უმწიფარია. ცხადია, უნდა შეწყდეს ალკოჰოლის, თამბაქოს, სტიმულატორებისა და ტონიკების მიღება. ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა იარონ მშობელთა სკოლაში ან გაეცნონ მის ონლაინ ვერსიას. ასე დედობისთვის უკეთ მოემზადებიან.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა მამის ასაკს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის?
– ცხადია, აქვს, თუმცა მამაკაცებთან მხოლოდ 55 წლიდან იმატებს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების განვითარების რისკი.
შესაძლოა, ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ ღვთისა და ერის წინაშე შვილის ყოლაზე უკეთესი საქმე არ არსებობს, მეტადრე – ჩვენი დემოგრაფიული რეალობის გათვალისწინებით, ამიტომ ვერ დავასახელებთ ასაკს, როდესაც ორსულობა უკუნაჩვენებია. დედობა არც ერთ ასაკში არ შეიძლება იყოს სამარცხვინო ან დაგვიანებული. მთავარია, ზედმიწევნით შესრულდეს ექიმის მითითებები და ორსულობა და მშობიარობა პროფესიონალური მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართოს.


გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: