ამოწურული შესაძლებლობები

გააზიარე:

 მსოფლიოს მოსახლეობის 15% ანუ 1 მილიარდი კაცი უნარშეზღუდულია. ბევრმა – ფაქტობრივად, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა – არ იცის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. ჯანმოს მიზანია, გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, აგრეთვე – ასწიოს ინფორმირებულობის დონე ინვალიდობის მასშტაბებისა და მისი შედეგების შესახებ. სწორედ ჯანმოს ინიციატივით გამოცხადდა 3 დეკემბერი უნარშეზღუდულ პირთა საერთაშორისო დღედ. 110-190 მილიონ კაცს ფუნქციობის საკმაოდ მძიმე შეზღუდვა აღენიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის დაბერებასა და ქრონიკული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ინვალიდობის მაჩვენებელი იმატებს. მცირეშემოსავლიან ქვეყნებში ინვალიდობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით მაღალი კი ქალებსა და მოხუცებშია, ისევე როგორც ბავშვებსა და დაბალი სოციალური ფენის მოსახლეობაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მრავალი ადამიანი ვერ იღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას. ინვალიდთა კონტინგენტის ნახევარს არ შესწევს უნარი, დაფაროს სამედიცინო მომსახურების ხარჯები (შედარებისთვის: ჯანმრთელ ადამიანებს შორის ასეთი მხოლოდ მესამედია). ორჯერ მეტია ალბათობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებენ; ოთხჯერ მეტი – რომ მიიღებენ უფრო დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები და დაახლოებით სამჯერ მეტი – რომ მათ საერთოდ არ გაეწიოთ არავითარი სამედიცინო მომსახურება. 
სხვადასხვაა უნარშეზღუდულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის სრული საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლებიც. მაგალითად, იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და ჯანმრთელ ბავშვებს შორის, რომლებიც დაწყებით განათლებას იღებენ, პროცენტული სხვაობა 10%-დან (ინდოეთი) 60%-მდე (ინდონეზია) მერყეობს. ასევე გაცილებით მაღალია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობის მაჩვენებელი. ოფიციალური აღღიცხვის თანახმად, მთელ მსოფლიოში მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცთა 53% და ქალთა 20%, მაშინ როდესაც ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი 65%-ს უდრის, ხოლო ჯანმრთელი ქალებისთვის – 30%-ს.
მრავალ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ხელი არ მიუწვდებათ რეაბილიტაციის ადეკვატურ სერვისებზე. სამხრეთ აფრიკის მონაცემებით, მათი მხოლოდ 26-55% იტარებს სათანადო სამედიცინო რეაბილიტაციას და მხოლოდ 17-37%-ისთვის არის ხელმისაწვდომი ისეთი დამხმარე საშუალებები, როგორიცაა ინვალიდის სავარძელი, სმენის აპარატი, პროთეზი და სხვა.
უნარშეზღუდული ადამიანები არიან უფრო უმწეონი და ცხოვრობენ უფრო მეტ სიღარიბეში, ვიდრე იმავე შემოსავლების მქონე ჯანმრთელი ადამიანები. 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უნარშეზღუდულ პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ შემდეგი:
• უზრუნველყონ ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობა;
• განახორციელონ უნარშეზღუდულ პირთა სპეციალური პროგრამების ინვესტირება;
• შეიმუშაონ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
• გააუმჯობესონ პერსონალის განათლების დონე, უზრუნველყონ სპეციალიზებული პერსონალის მომზადება და მათი მიღება სამუშაო ადგილზე; 
• უზრუნველყონ სათანადო დაფინანსება;
• აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ინვალიდობის საკითხების შესახებ;
• გააძლიერონ მუშაობა სამეცნიერო კვლევებისა და მონაცემების შეგროვების კუთხით;
• ჩართონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების პროცესში. 
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ შემდეგ ბმულებზე გადასვლისას:
http://www.who.int/mediacentre/events/annual/day–disabilities/en/index.html
http://www.who.int/features/factfiles/disability/en/index.html
P.S. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, 2013 წელი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად გახლდათ გამოცხადებული. წელი მიილია და რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდა, თუმცა ამ პრობლემის მქონეთა დახმარება და თანადგომა მთელი საზოგადოების ვალია და არა მხოლოდ ექიმებისა და ხელისუფლებისა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია მართლაც ამ უკანასკნელის ნებითა და ხელშეწყობით უნდა მოხდეს. ასეა სხვა განვითარებულ ქვეყნებში. იმავეს მოლოდინია ჩვენშიც.
გადაადგილების პრობლემის მიღმა
პანდუსები და უნარშეზღუდულთა პარკირების ადგილები სიახლე აღარ არის ჩვენი ქალაქისთვის. შეჯიბრებებიც იმართება და ფილმებსაც იღებენ, რომლებიც გადაადგილებაშეზღუდული ადამიანების წახალისებას ისახავს მიზნად. მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა, ცოტას თუ სურს იმის გაგება, რა არის მოძრაობაუუნარობის ძირითადი მიზეზი, რატომ არიან ასეთი ადამიანები განწირულნი, მთელი სიცოცხლე სხვისი დახმარების იმედად იყვნენ.
გადაადგილება-მოძრაობის შეზღუდვის ძირითადი მიზეზი დამბლაა, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილიც. თანდაყოლილ პრობლემათაგან ყველაზე მეტად გავრცელებული ცერებრული დამბლაა.
დაბადებიდან განწირული?
ცერებრული დამბლა თავის ტვინის დაზიანებით გამოწვეული მოძრაობის დარღვევაა. ეს ერთი დაავადება არ გახლავთ – ამ კრებითი ტერმინით იხსენიებენ თავის ტვინის ამა თუ იმ მიზეზით დაზიანებას ჩასახვიდან ორ წლამდე, რაც კლინიკურად უპირატესად მოტორული ანუ მოძრაობის სფეროს დარღვევით გამოიხატება. მოძრაობის გაძნელება, კუნთთა ტონუსის მომატება ან დაქვეითება ზოგჯერ ორივე ფეხში აღინიშნება, ზოგჯერ – მხოლოდ ცალ მხარეს, ზოგჯერ კი მეტ-ნაკლებად ოთხივე კიდურია დაზიანებული. შესაძლოა, მოტორული დარღვევა უნებლიე მოძრაობებით ან სხვადასხვა პათოლოგიური პოზის მიღებით გამოიხატოს. 
ცერებრულ დამბლას ხშირად ერთვის გონებრივი განვითარების მეტ-ნაკლები შეფერხება. დაავადებულთა (განსაკუთრებით – მძიმე ფორმების მქონეთა) ნახევარს ეპილეფსიის სხვადასხვა სახეც უვლინდება. ასევე ხშირად ვაწყდებით ქცევის დარღვევებს (ჭირვეულობას, დაუმორჩილებლობას), შედარებით მსუბუქი ფორმების დროს კი – სწავლის სირთულეებს.
თავის ტვინი დაბადებისას უმეტესად უკვე დაზიანებულია, მაგრამ მის კლინიკურ გამოვლენას დრო სჭირდება. თუ, მაგალითად, ერთი წლის ბავშვი თავს ვერ იჭერს ან ორი წლისა დამოუკიდებლად ვერ ზის, პათოლოგიას ნებისმიერი იეჭვებს, ნევროლოგებს კი აქვთ სპეციალური სქემები, რომელთა მიხედვითაც გაცილებით ადრე შეუძლიათ საეჭვო ნიშნების გამოვლენა, ამიტომ რეკომენდებულია, პრობლემური ორსულობა-მშობიარობის შედეგად დაბადებული ჩვილი 2, 4, 8 თვის ასაკში ნევროლოგმა გასინჯოს. თუ მოძრაობის სფეროში რაიმე დარღვევა აღმოაჩნდა, რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა და დაიწყოს მართვა. დიაგნოზის დასმა, ჩვეულებრივ, 6-8 თვის ასაკისთვის არის შესაძლებელი, მაგრამ გამორიცხული არ გახლავთ, დარღვევა უფრო ადრე – ოთხი თვის ასაკშიც აღმოაჩინონ. ამ შემთხვევაში უმჯობესია, პაციენტი მაშინვე ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამაში. 

სად არის ხსნა
მკურნალობის ამჟამად არსებულ მეთოდებს თავის ტვინის დაზიანებული უჯრედების აღდგენა არ შეუძლია. ცერებრული დამბლისა და მრავალი სხვა სახის უნარშეზღუდულობის მართვა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მოზარდ ტვინის პლასტიკურობის ძალიან მაღალი ხარისხი ახასიათებს და ფუნქციათა გადანაწილების უნარი აქვს: დაზიანებული უბნის ფუნქცია შესაძლოა ჯანსაღმა უბნებმა აიღონ საკუთარ თავზე. ისეთი შემთხვევებიც კია ცნობილი, როდესაც ტომოგრაფია დაზიანებას ავლენს, კლინიკურად კი ადამიანს არავითარი სიმპტომი არ აღენიშნება. დღეს ცერებრულ დამბლას მხოლოდ ერთი სპეციალისტი კი არა, მთელი ინტერდისციპლინური გუნდი მკურნალობს. მასში შედიან ნევროლოგი, პედიატრი, მეტყველების სპეციალისტი, შრომითი და ფიზიკური თერაპიის სპეციალისტები (პირველი მათგანი პაციენტს შრომითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება და ამით გარემოსთან შეგუებას უადვილებს, ხოლო მეორე ვარჯიშით, სწორი პოზების მიცემით, პათოლოგიურ პოზებთან ბრძოლით აუმჯობესებს მოძრაობით ფუნქციას), ფსიქოლოგი. აუცილებელია ჯგუფში ორთოპედის ყოფნაც – ცერებრულ დამბლას ხშირად ახლავს თან კონტრაქტურები ანუ სახსრების ჩაკეტვა. თუ მათი მართვისთვის ვარჯიში საკმარისი არ აღმოჩნდა, ორთოპედიული ოპერაციის საკითხი დგება.
მედიკამენტი, ცერებრულ დამბლას რომ არჩენდეს, არ არსებობს. წამლებს სულ რამდენიმე შემთხვევაში იყენებენ სპეციალისტები:
. როდესაც პაციენტს აქვს გულყრები (თანმხლები ეპილეფსია), აუცილებელია მკურნალობის სქემაში კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჩართვა;
. გამოხატული ქცევითი დარღვევებისას აუცილებელია იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ქცევას აწესრიგებს; 
. კუნთთა ტონუსის მომატების დროს გამოიყენება ტონუსის დამქვეითებელი პრეპარატები. ბოლო ხანს განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ ბოტულინის ტოქსინს. გამოიყენება ბაკლოფენიც, რომელსაც ასეთივე მოქმედება აქვს. ზოგჯერ მედიკამენტი ერთჯერადად ან გახანგრძლივებულად სპეციალური პომპებით შეჰყავთ ხერხემლის არხში. ჩვენში მეტად გავრცელებულია ახალშობილისთვის ამა თუ იმ ნევროლოგიური დიაგნოზის (ვთქვათ, ქალასშიგა წნევის მომატების) დასმა. ხშირად ეს დიაგნოზი სრულიად არაადეკვატურია, ამგვარი სიმპტომები ნერვული სისტემის ნორმალური განვითარების მქონე ბავშვებსაც აქვთ. ე.წ. ტვინის კვების გამაუმჯობესებელი მედიკამენტების გავლენაც საეჭვოა. განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი წამლების მიღება თუ მიუღებლობა არც დამბლის განვითარების რისკს ამცირებს და არც მის სიმძიმეს. უბრალოდ, საჭიროა ძალზე ფაქიზი დაკვირვება ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. მომავალი გვიჩვენებს, ეს პრობლემა გარდამავალია თუ მძიმე მოტორული დარღვევის პირველ ნიშნებს წარმოადგენს. წამლები კი არამცთუ პროფილაქტიკისთვის, არამედ, როგორც უკვე მოგახსენეთ, მკურნალობისთვისაც ერთობ შეზღუდულად გამოიყენება.
ჩვენი მეგობარი ცხენი
ბავშვებისთვის ცხენთან მეგობრობა თავისუფლების სინონიმია. წარმოიდგინეთ, რას განიცდის ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მოზარდი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ულაყზე ამხედრდება და მთელ ქვეყანას ზემოდან  გადმოხედავს.
ბევრის ცხოვრება ცხენთან ურთიერთობამ სრულიად შეცვალა. დამეგობრებიდან რამდენიმე თვეში ხეიბარმა ორივე ხელის გამოყენება დაიწყო, გაუსწორდა ზურგი, კისერი, განუვითარდა მკერდის კუნთები, დაუგრძელდა ფეხები, უკეთესად ამეტყველდა...
მაინც, რა ხდება ამ დროს? ის, რომ ცხენით მკურნალობა მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს. საცხენოსნო ვარჯიშები პაციენტს რთულ მოძრაობათა ათვისებაში ეხმარება. ჯირითის დროს ამოქმედდება სხეულის სხვადასხვა ნაწილი, უმჯობესდება წონასწორობა, ვარჯიშდება ვესტიბულური აპარატი. პაციენტს საშუალება ეძლევა, სძლიოს შიშს, მიაღწიოს წარმატებას, აღმოაჩინოს, რომ მასაც შესძლებია სირთულეების გადალახვა და სიამაყე იგრძნოს.
სავარძელს მიჯაჭვული ბავშვი ცხენის უნაგირზე ჯანმრთელი თანატოლების თანასწორად მიიჩნევს თავს, მათსავით დააჯირითებს, აჭმევს, ასუფთავებს თავის კეთილშობილ ოთხფეხა მეგობარს. ამ დროს საკუთარი არსებობის აუცილებლობას გრძნობს, უსასოობას თავს აღწევს და  ბედნიერების განცდის უნარი უბრუნდება. მოქმედებაშეზღუდული ბავშვი იძულებულია, ცხენზე სწორად დაჯდეს. სხვაგვარად  მისი და ცხენის  ანტიგრავიტაციული სისტემა ერთმანეთს არ დაემთხვევა და პატარა მხედარი, უბრალოდ, გადმოვარდება. ამიტომ ბავშვი იძულებულია, საკუთარი თავის მობილიზაცია მოახდინოს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს  შიშის ფაქტორიც. ოღონდ, ცხადია, შიში პანიკაში არ უნდა გადაიზარდოს, რომ ბავშვმა დამატებითი სტრესი არ მიიღოს.
თანაბარი უფლებებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) მიმართ თავის დამოკიდებულებას სახელმწიფო კანონის დონეზე გამოხატავს. გარდა კანონისა, არსებობს სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მათ სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას და ავალდებულებს სხვებს, თანაბრად უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნან ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. კანონის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: http://disability.ge/index.php?option=com–content&task=view&id=8609&Itemid=58
გარდა ჩვენი ხელისუფლებისა, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს აშშ-ის მთავრობაც. სწორედ ამეირკის ელჩის მიერ გახლდათ ინიცირებული საზოგადოებაში შშმპ ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები. აშშ-ის განვითარების სააგენტოს მომავალი წლიდან დაგეგმილი აქვს იმპლემენტაცია პროექტისა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება შშმპ სოციალურ მომსახურებას, მათ შეუძლიათ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა. იმავდროულად, მათთვის მოქმედებს შემდეგი შეღავათები: სახელმწოფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, სავარძელ-ეტლებითა და საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებ
ით და სმენითი აპარატით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, შექმნილია სპეციალური სათემო ორგანიზაციები, რომლებიც ოპტიმალური გარემოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინდივიდუალური განვითარებისთვის, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება და მოხუცებულთათვის თავშესაფარს უზრუნველყოფს.
აღნიშნულ პროგრამებსა და ინიციატივებზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ შემდეგ ბმულზე: 
http://ssa.gov.ge/index.php?lang–id=GEO&sec–id=91
რთული გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ
ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების ფეხზე დაყენება დიდ ძალისხმევას, დროსა და მოთმინებას მოითხოვს. დღეს მათი მკურნალობისა თუ რეაბილიტაციის უამრავი მეთოდი არსებობს.
რა თქმა უნდა, ადვილი არ არის იმ აზრთან შეგუება, რომ შენი შვილი ბოლომდე ვერასოდეს განიკურნება, მაგრამ ჯობს, თავიდანვე იცოდე ეს და ამაო მოლოდინი არ გქონდეს. ისიც გახსოვდეთ, რომ კომპლექსურ თერაპიას შეუძლია, დიდი დახმარება გაუწიოს ბავშვს. ყველაფერი მისი მოტორული ფუნქციების დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. თერაპიისა და სწავლების სტრატეგიაც ამის გათვალისწინებით იგეგმება.
ოკუპაციური თერაპია ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დახმარებას გულისხმობს. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე სპეციალური სავარჯიშოების სისტემით ასწავლიან ჩაცმას, ჭამას, ფანქრის, მაკრატლისა თუ სხვა ნივთების ხმარებას, დაბანას, კბილების გახეხვას, ფერების, ფორმების გარჩევას. რეკრეაციული თერაპია მოიცავს სხვადასხვა საქმიანობას, რომელთა შესრულებაც ხვეწს მოტორიკას. ამ თერაპიის მიზანია, ბავშვს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უნარი განუვითაროს. ბავშვებს, მათი მოტორული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ასწავლიან ცხენზე ჯდომას (რაიდთერაპია), ცურვას, ხატვას, ძერწვას, ხელსაქმეს, მცენარეების მოვლას... ასეთი თერაპია, უპირველეს ყოვლისა, ფსიქიკური – როგორც შემეცნებითი, ისე ემოციური სფეროს – განვითარების ხელშეწყობას, იზოლაციისა და გარიყულობის განცდის შემცირებას ემსახურება. ბავშვი რადიკალურად იცვლება, როდესაც ხედავს, რომ ისეთი რამის კეთება შეუძლია, რასაც ადრე ვერ ახერხებდა.
მაგრამ ვიდრე საქმე ნატიფ მოტორიკ
ამდე მივა, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, აქ კი ფიზიკური თერაპიის გარეშე ფონს ვერ გავალთ.
ფიზიკური თერაპია გულისხმობს ფიზიკური ვარჯიშებით კუნთების ტონუსისა და მოძრაობის გაუმჯობესებას; იმ კუნთების დასუსტებისა და განლევის თავიდან აცილებას, რომელთა გამოყენებაც არ ხდება; ჯდომის, დგომისა და სიარულის უნარების განვითარებას; ასევე – კონტრაქტურების ანუ სახსრებში ჩაკეტვის პრევენციას (ეს ცერებრული დამბლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული და მძიმე გართულებაა). ფიზიკური თერაპევტი დედას ასწავლის, როგორ პოზაში უნდა აჭამოს ბავშვს, როგორ მოიქცეს მისი წოვის რეფლექსის გასაძლიერებლად. ფიზიკური თერაპია თავიდან გვაცილებს არასწორი პოზების ჩამოყალიბებას, ასწავლის ჯდომას, დგომას, სიარულს, კიბეზე ასვლა-ჩასვლას, მძიმე შემთხვევაში ეტლის გამოყენებას. იყენებენ სავარჯიშოების სპეციალურ სისტემას, რომელიც ამსუბუქებს კიდურებისა და ტანის დაძაბულობას, ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციას, არასწორი პოზის კორექციას.
ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების ფიზიკური თერაპია პათოლოგიური პოზებისა თუ ქცევების გადაჩვევით იწყება. კუნთთა მომატებული თუ, პირიქით, დაქვეითებული ტონუსის გამო ასეთი ბავშვი პათოლოგიურ მდგომარეობას არის მიჩვეული. ეს ჩვენთვის არის პათოლოგიური, თორემ თავად ბავშვები ამ პოზაში თავს კომფორტულად გრძნობენ. როდესაც ფიზიკური რეაბილიტაციის ექიმები ასეთი პოზის აღმოფხვრას იწყებენ, ცხადია, წინააღმდეგობას აწყდებიან. აბა, როგორია, ვინმემ მთელი დღე გამართულს გაიძულოს სიარული, როცა მოხრილი ხარ მიჩვეული ყოფნას?! ჰოდა, ბავშვებიც ასე არიან. ზოგჯერ შესაძლოა გაჯიუტდნენ, იტირონ კიდეც. მშობლებს უმძიმთ ამის ატანა, ჰგონიათ, ბავშვს სტკივა. სინამდვილეში ეს მხოლოდ პროტესტია. ასე რომ, უპირველესად, თავად მშობლები უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად მზად რეაბილიტაციისთვის. მართალია, ყველა დედის ოცნებაა, ნახოს, როგორ გაივლის მისი შვილი, მაგრამ აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. შესაძლოა, ბავშვმა რამდენიმე თვე მხოლოდ თავის დაჭერის სწავლას მოანდომოს. მერე უნდა ისწავლოს გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, წამოჯდომა, ოთხზე დგომა, ხოხვა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მისი სხეული მზად პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. შესაძლოა, ხელჩასაჭიდი შედეგი რამდენიმე კურსის შემდეგაც კი არ ჩანდეს, მაგრამ გახსოვდეთ, ფიზიკურ რეაბილიტაციას აზრი ყოველთვის აქვს, ის ბავშვის სხეულში, კუნთებში აკუმულირდება და აუცილებლად იჩენს თავს. შედეგიც ინდივიდუალურია და დაავადების სი
მძიმეზეა დამოკიდებული, თუმცა ისეც ხდება, რომ, რეაბილიტოლოგების აზრით, “მძიმე” შემთხვევა უფრო იოლად ემორჩილება თერაპიას ან, მსუბუქი ფორმის მიუხედავად, შედეგი იგვიანებს. 
ფიზიკური თერაპია რამდენიმე მეთოდს მოიცავს. საქართველოში არსებულ რეაბილიტაციურ კლინიკებში უმთავრესად შემდეგ მეთოდებს მისდევენ: სამკურნალო ფიზკულტურას, მექანოთერაპიას, სამკურნალო მასაჟს, მანუალურ თერაპიასა და ფიზიოთერაპიას. მოდი, სათითაოდ აღვწეროთ, როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვებზე. 
სამკურნალო ფიზკულტურა – მისივე მდგომარეობისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, პაციენტს სხვადასხვა ვარჯიშის შესრულებას აიძულებენ. ამის შედეგად უმჯობესდება მოძრაობა, მაგრდება კუნთოვან-სახსროვანი აპარატი, იზრდება პაციენტის შინაგანი მოტივაცია. ეფექტური რეაბილიტაციისთვის აუცილებელია რეჟიმის შინ გაგრძელება ვარჯიშთა რეკომენდებული კომპლექსის გამოყენებით, ამიტომ მშობლები მონაწილეობენ სამკურნალო ფიზკულტურის პროგრამაში და ითვისებენ საჭირო ვარჯიშების კომპლექსს. მექანოთერაპია ვარჯიშით მკურნალობაა, რომელიც სპეციალურ მოწყობილობებზე სრულდება. მისი მიზანია, იმოქმედოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განსაზღვრულ ფუნქციებზე. ფიზიკური თერაპიის ამ მეთოდს წარმატებით იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მისი მეშვეობით აღდგება სხეულის შესუსტებული ან მკვეთრად შეზღუდული მოძრაობები. მექანოთერაპიის დროს იყენებენ სპეციალურ ტრენაჟორებს, რომლებიც ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციისთვისაა შემუშავებული. ეს მოწყობილობები რეაბილიტოლოგებს სხვადასხვა ვარჯიშის შესრულებაში ეხმარება. მანუალური თერაპია მკურნალობის ძველისძველი მეთოდია, რომელიც მიმართულია ხერხემალში, სახსრებსა და კუნთოვან აპარატში პათოლოგიურ გამოვლინებათა კორექციისა და აღმოფხვრისკენ. ამის ხარჯზე უმჯობესდება ქსოვილთა სისხლით მომარაგება, ნივთიერებათა ცვლა, აღდგება შინაგანი ორგანოების მუშაობა, სახსრების ბუნებრივი მდგომარეობა, ხდება ზემოქმედება კუნთების გარკვეულ ჯგუფზე, იწყება ორგანიზმის საერთო გამოჯანმრთელება. სამკურნალო მასაჟი – წესისამებრ, დგება მასაჟის ინდივიდუალური სქემა, რომელიც მოიცავს კლასიკური, სეგმენტურ-რეფლექტორული, წერტილოვანი და პერიოსტალური მასაჟის ხერხებს. სამკურნალო მასაჟი ტარდება ინდივიდუალურად შერჩეულ რელაქსაციურ პოზაში. ჰიპოტონური, უმოქმედო კუნთების აქტივაციისთვის გამოიყენება მატონიზებელი მასაჟი. ფიზიოთერაპიას (ოზოკერიტომკურნალობას) იყენებენ კურორტებზე და კლინიკებში, ფიზიოთერაპევტულ განყოფილებებში. ოზოკერიტი ნავთობის ბითუმების ჯგუფის მინერალია, რომელიც ცვილს მოგვაგონებს. მისი 85% ნახშირწყლებია, 14% – წყალბადი. გარდა ამისა, შეიცავს ცერეზინს, პარაფინს, ნავთობპროდუქტებს, მინერალურ ზეთებს, რომლებსაც სამკურნალო თვისებები აქვს. ასეთი შემადგენლობის წყალობით ოზოკერიტის გამოყენება შესაძლებელია საკმაოდ მაღალ (60-70 გრადუსამდე) ტემპერატურაზეც ისე, რომ პაციენტი არ დაიწვას. მას ახასიათებს სითბოს შენარჩუნების კარგი უნარი, მინიმალური თბოგამტარობა და სითბოს შენელებული გაცემა. მოქმედებს ორგანიზმზე ტემპერატურულად, ქიმიურად და მექანიკურად. უნარი შესწევს, 10-12%-ით დაიკლოს მოცულობა, რაც იწვევს ქსოვილთა მცირედ შევიწროებას, ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას. ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და ანტისპასტიკურ ეფექტს.
გახსოვდეთ, რეაბილიტაცია მუდმივი პროცესია, თქვენს შვილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დასჭირდება ფიზიკური თერაპიის კურსები. თუმცა, ცხადია, ინტენსიური თერაპიის პირობებში ბავშვის მუდმივი ყოფნა არ შეიძლება. ინტენსიური კურსის გავლა ორ თვეში ერთხელ არის სასურველი, დანარჩენ დროს კი საკმარისია, თუმცაღა აუცილებელი, სამკურნალო ფიზკულტურა და სახსრების დამუშავება, რათა მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ.
არც არაფერი მესმის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით, მთელ მსოფლიოში 278 მილიონ კაცს სმენა ორივე ყურში ზომიერად ან ძლიერ აქვს დაქვეითებული, მსუბუქად ან მხოლოდ ცალ ყურში – უფრო მეტს. ამ ადამიანების 80% მცირე ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს და, რაც მთავარია, შემთხვევათა ნახევარში სმენასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
40-50 წლიდან ასაკთან ერთად სმენის დაქვეითება მართლაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ბოლო ხანს კი აუდიოლოგიური პრობლემების უფრო და უფრო ახალგაზრდა ასაკში დაწყებას აღრიცხავენ. რა თქმა უნდა, არსებობს თანდაყოლილი სიყრუეც.
რატომ არ მესმის?
სმენანაკლულობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან რომელიმე სისხლით ნათესავი დაბადებიდან ყრუა, სმენანაკლული ბავშვის დაბადების ალბათობა შედარებით დიდია. მემკვიდრეობით გადაეცემა ასაკთან ერთად სმენის დაქვეითების ტენდენციაც.
დაბადებამდე ან დაბადების დროს სმენის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:

 * დღენაკლულობამ;
* ნაყოფის ჰიპოქსიამ (ჟანგბადის ნაკლებობამ) მშობიარობის დროს;
* ორსულობის დროს გადატანილმა წითურამ, სიფილისმა და ზოგიერთმა სხვა ინფექციამ (ციტომეგალოვირუსმა, ტოქსოპლაზმამ, ჰერპესმა);
* ორსულობის დროს ოტოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენებამ. ამ ჯგუფში 130-ზე მეტი წამალი შედის. თითოეული მათგანის მიზანშეუწონელმა ან არაზუსტი დოზით გამოყენებამ შესაძლოა სმენის ნერვის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი ზემოქმედებისგან არც ერთი ასაკის ადამიანი არ არის დაზღვეული;
* რეზუსშეუთავსებლობამ დედასა და ნაყოფს შორის.
დაბადების შემდეგ სმენის დაქვეითების მიზეზად შესაძლოა იქცეს: 
* ინფექციური დაავადება, კერძოდ, მენინგიტი, წითელა, ყბაყურა, ყურის ქრონიკული ინფექცია;
* თავის ან ყურის ტრავმა;
* გარეთა სასმენ არხში გოგირდის დაგროვება ან უცხო სხეულის მოხვედრა;
* ხმაური. მშენებლებს, მუსიკოსებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს სმენის დაქვეითება პროფესიულ დაავადებადაც შეიძლება ჩაეთვალოთ, თუმცა სმენის ნერვს მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული ხმაური არ აზიანებს – დისკოთეკა, მაღალ ხმაზე ჩართული პერსონალური სტერეომაგნიტოფონი სმენის დაკარგვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია; 
* სროლა, აფეთქება. ამ დროს ხმასთან ერთად დამაზიანებელ გავლენას ახდენს ბაროტრავმაც (ჰაერის ტალღის ძალა). 
სამუდამოდ?!
საინტერესოა, სამუდამო განაჩენია თუ არა სმენის სრული ან ნაწილობრივი დაქვეითება. ამის გასარკვევად, მოდი, ყურის ანატომია გავიხსენოთ: გარეთა და შუა ყური ხმოვანი სიგნალის გატარებას ემსახურება, ხოლო შიგნითა ყურში მოთავსებული ლოკოკინას აპარატი სმენის ნერვის მგრძნობიარე დაბოლოებებით ამ სიგნალებს ნერვულ იმპულსებად გარდაქმნის. ამის მიხედვით სმენის დაქვეითების ორ სახეს განასხვავებენ: კონდუქტიურს ანუ გამტარობითს და ნეიროსენსორულს ანუ აღქმითს. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა ნაწილი (მაგალითად, შუა ყურის ინფექციები და ყურში გოგირდის დაგროვება) კონდუქტიურ სმენანაკლულობას იწვევს, ნაწილი კი ნეიროსენსორულს. პირველი ვარიანტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მკურნალობას ექვემდ
ებარება, ნეიროსენსორული სმენანაკლულობისას კი დაზიანება შეუქცევადია. ამ დროს მკურნალობის მიზანი სმენის არსებულ დონეზე შენარჩუნება გახლავთ.
ნეიროსენსორული და კონდუქტიური სმენანაკლულობა დაახლოებით ერთნაირი სიხშირით გვხვდება. შედარებით იშვიათად შერეულ დაზიანებასაც ვაწყდებით. ერთმანეთისგან გასარჩევად და სმენის ფუნქციის შესაფასებლად კი აუდიოლოგიური გამოკვლევები ტარდება. შუა ყურის ფუნქციას ტიმპანომეტრიით აფასებენ, შიგნითა ყურისას კი აუდიომეტრიით. ამავე დროს, ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, გაირკვეს სმენანაკლულობის ხარისხიც და ისიც, მოხერხდება თუ არა სმენის შენარჩუნება.
ბგერების გაზომვა
ბგერას სიხშირისა და ძალის მიხედვით ახასიათებენ. სიხშირე ბგერის სიმაღლეს განსაზღვრავს (ბოხი ხმა უფრო დაბალი სიხშირისაა, წვრილი – უფრო მაღალი სიხშირისა) და ჰერცებით იზომება, ძალა კი ბგერის ხმამაღლობას გულისხმობს და მას დეციბელებით გამოსახავენ. ოდნავ გასაგონი, ბუზის გაფრენის ან სუსტი სიოს ხმის ძალა 0 დბ-ა, ჩურჩულისა – 30 დბ, ჩვეულებრივი ლაპარაკისა – 60 დბ, ავტომატური ხერხისა, ბურღისა, თოვლმავალისა – 100 დბ, ზოგიერთი როკკონცერტისა – 110 დბ, თოფის გასროლისა – 149 დბ. 
აუდიომეტრია ადგენს სხვადასხვა სიხშირის (125-დან 8000 ჰერცამდე) ბგერების მგრძნობელობის ზღურბლს ანუ მინიმალურ ძალას, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ესმის. ბუნებრივია, რაც უფრო დაბალია მისი კოეფიციენტი, მით უფრო
 უკეთესი სმენა აქვს გამოსაკვლევ პირს. ნორმად 0-დან 25 დბ-მდე მაჩვენებელი ითვლება.
საერთაშორისო კლასიფიკაციით, სმენანაკლულობის ოთხი ხარისხი გამოიყოფა. როდესაც ბგერის აღქმის ზღურბლი 26-40 დბ-ია, ეს I ხარისხის სმენანაკლულობად ითვლება, 41-55 დბ – II ხარისხისად, 56-70 – III ხარისხისად, 71-90 კი IV-ისად. შესადარებლად ოთხ სხვადასხვა სიხშირეზე (500, 1000, 2000 და 4000 ჰერცზე) დადგენილი ზღურბლის საშუალო მაჩვენებელს იყენებენ. III და IV ხარისხის სმენანაკლულობის დროს ადამიანს უნარშეზღუდულის სტატუსი ენიჭება.
მაშასადამე, I და II ხარისხის სმენანაკლულობის დროსაც კი ადამიანმა შეიძლება სხვისი მეტყველება ჩვეულებრივ გაიგონოს, ამიტომ სმენის დაქვეითებას, განსაკუთრებით კი მაღალ, არასამეტყველო სიხშირეებზე, სმენანაკლული ძნელად თუ შეამჩნევს. ხშირად ექიმთან სმენის დაქვეითების გამო კი არა, სხვა ჩივილებით მიდიან. მაგალითად, უჩივიან შუილს ან ყურების დაგუბების შეგრძნებას. არსებობს მენიერის დაავადებაც, რომელიც თავბრუხვევის შეტევებით ვლინდება, რამდენიმე შეტევის შემდეგ კი სმენის დაქვეითებაც იჩენს თავს. სმენის უფრო ძლიერი დაქვეითებისას ადამიანს უჭირს მეტყველების აღქმა, განსაკუთრებით – ხმაურიან გარემოში, ტელეფონით საუბარი. ეჩვენებათ, რომ ირგვლივ მყოფებმა ჩლიფინი დაიწყეს. მამაკაცები ხშირად იმიტომ მოდიან, რომ ცოლი ან შვილები ტელევიზორისთვის ხმის მეტისმეტად აწევის გამო საყვედურობენ. როგორც უკვე გითხარით, ნეიროსენსორული სმენანაკლულობა შეუქცევადია, თუმცა შესაძლებელია სმენის ფუნქციის უფრო მძიმე დაზიანებისგან დაცვა. ამის კვალობაზე, რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ დარღვევას, მით უფრო დიდია შანსი, სმენანაკლულს ცხოვრება ნაკლებად გაურთულოს. აღარაფერს ვიტყვით ბავშვებზე – აქ სმენანაკლულობის ადრეულ აღმოჩენას მეტყველების განვითარების, განათლებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პრობლემა დაბადებიდანვე
ზოგჯერ ბავშვი სმენის პრობლემებით იბადება. სმენანაკლულობას ეჭვობენ, თუ ბავშვი დედის ხმის გაგონებისას ცოტა ხანს მაინც არ ჩერდება, არ აღვიძებს მოულოდნელი ხმაური (ვთქვათ, ზარი), ტაშის დაკვრაზე, არ აბრუნებს თავს ხმაურის წყაროსკენ და თვალებით არ ეძებს მას. შედარებით მოზრდილ ჩვილებს რეაქცია უნდა ჰქონდეთ თავიანთ სახელზე, ცდილობდნენ უფროსების მიერ წარმოთქმული ბგერების გამეორებას... თუმცა ზოგჯერ 2-3 წლის ბავშვის მშობლებიც ვერ ხვდებიან უყურადღებობის ნამდვილ მიზეზს და შვილი უბრალოდ უგულისყურო ჰგონიათ. ერთადერთი მეთოდი, რომლითაც თანდაყოლილი სმენანაკლულობის დროული აღმოჩენაა შესაძლებელი, ახალშობილის სკრინინგია. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვს სმენას სამშობიაროშივე უმოწმებენ. ვიდრე ამგვარი პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება, გირჩევთ, სამ თვემდე შვილს ეს გამოკვლევა საკუთარი ინიციატივით ჩაუტაროთ. 
გარდა ახალშობილებისა, ექოსკრინიგით ხდება დიდი პოპულაციების, მაგალითად, ხმაურიან გარემოში მომუშავე პირთა, გამოკვლევაც. ექოსკრინინგის აპარატი პორტატიულია და შეიძლება ეს გამოკვლევა ორგანიზაციაშივე ჩატარდეს. ექოსკრინინგი მნიშვნელოვანია უნარშე
ზღუდული და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვისაც, რომელთაც უჭირთ გაგვაგებინონ, ესმით თუ არა.
მკურნალობის თვაისებურებანი
ნეიროსენსორული სმენანაკლულობისას სმენის კორექცია სასმენი აპარატითა და კოხლეარული იმპლანტატით არის შესაძლებელი. პირველი ბგერებს აძლიერებს, მეორე კი სმენის ნერვს ლოკოკინას გვერდის ავლით აწვდის იმპულსებს.
ზოგს სასმენი აპარატის ხმარება უჭირს. ეს არც არის გასაკვირი: ამ აპარატს ისევე სჭირდება შეჩვევა, როგორც კბილის პროთეზს. მუდმივად უნდა გეკეთოთ, არ მოიხსნათ და დროთა განმავლობაში უკეთ გაიგონებთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კარგად შერჩეული და მორგებული სასმენი აპარატი სმენადაქვეითებულთა 90%-ზე მეტს უუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს. ამავე მონაცემების თანახმად, განვითარებად ქვეყნებში 40 სმენადაქვეითებული ადამიანიდან 39-ს სასმენ აპარატზე ხელი არ მიუწვდება. საქართველოში მოქმედებს სმენადაქვეითებულთა სასმენი აპარატებითა და კოხლეარული იმპლანტატებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. აუდიოლოგის მიერ გაცემული ცნობით ავადმყოფები შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ადიან აღრიცხვაზე და ამ აპარატებს უფასოდ იღებენ.
ჩამქრალი თვალისჩინი
სიბრმავე მდგომარეობაა, რომელიც მხედველობის ორგანოს სხვადასხვა სახის დაზიანების შედეგად ვითარდება. აბსოლუტურ სიბრმავედ მიიჩნევა სინათლის მყარი შეუგრძნობლობა ორივე თვალში.
სიბრმავე შეიძლება იყოს პროფესიულიც და პრაქტიკულიც. განასხვავებენ ასევე სრულ და არასრულ, შეუქცევად და შექცევად ანუ გარდამავალ სიბრმავეს. არასრული ანუ ნაწილობრივი სიბრმავე მხედველობის სიმახვილის მკვეთრი დაქვეითებაა – ამ დროს ის არ აღემატება 0,04-ს უკეთ მხედველ თვალში (კორექციით). შექცევადია სიბრმავე, რომელიც მკურნალობით, მათ შორის - ქირურგიული ჩარევითაც, უკუიქცევა, ანუ რომლის დროსაც შესაძლებელია მხედველობის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა, ხოლო შეუქცევადი – სიბრმავე, როდესაც მხედველობის აღდგენა-გაუმჯობესება ვერც ქირურგიული ჩარევით და ვერც სხვაგვარი მკურნალობით ვერ ხერხდება. 

რა მოსდის თვალს

 შექცევად სიბრმავეს სხვადასხვა რამ უდევს საფუძვლად. მაგალითად, კატარაქტა (ბროლის შემღვრევა) შექცევადი სიბრმავის მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში. ის ფართოდაა გავრცელებული როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს შორისაც, თუმცა ბოლო ხანს მის მკურნალობაში მედიცინას ძალზე თვალსაჩინო შედეგები აქვს. კატარაქტა ქირურგიულ პათოლოგიად მიიჩნევა, რადგან მისი მკურნალობა უმთავრესად ქირურგიულ ჩარევას მოიაზრებს.
მხედველობა ქრონიკული დაავადების შედეგადაც შეიძლება დაკარგოს ადამიანმა, თანაც ისე ნელა, რომ მაშინღა მოვიდეს გონს, როცა უკვე ვეღარაფერს დაინახავს. ზოგჯერ კი მხედველობა ერთბაშად იკარგება. საბედნიეროდ, ასეთი რამ გაცილებით იშვიათია. აი, რამდენიმე მიზეზი:
* ნახეთქი ბადურაზე. ის შეიძლება ახლომხედველობის, ტრავმის, ინსულტისა და შაკიკის შეტევის დროსაც კი გაჩნდეს. კლინიკურად იშვიათად ვლინდება. პაციენტი მხოლოდ მოცურავე წერტილებს ან გაელვებებს უჩივის. შორს წასულ შემთხვევაში ნახეთქი შესაძლოა ბადურას ჩამოცლისა და სიბრმავის მიზეზად იქცეს, ამიტომ ზემოთ აღნიშნული ჩივილების წარმოშობისას აუცილებელია ოფთალმოლოგთან მისვლა, რათა დროულად დავიზღვიოთ თავი ბადურას ჩამოცლისგან და ლაზერკოაგულაციით ნახეთქი საიმედოდ შემოვსაზღვროთ.
* ცენტრალური არტერიის მწვავე გაუვალობა. თავს იჩენს უეცრად და ახასიათებს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ცალ თვალში. მისი მიზეზი შეიძლება იყოს არტერიის სპაზმი, თრომბოზი ან ემბოლია. ხშირად გვხვდება ჰიპერტონიით დაავადებულებთან. არ არის გამორიცხული, ენდოკარდიტით, გულის მანკით, ქრონიკული ინფექციური პათოლოგიებით დაავადებულ ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.
* ჰემოფთალმი – სისხლჩაქცევაა თვალის მინისებრ სხეულში ბადურას სისხლძარღვებიდან ან თვალის სისხლძარღვოვანი ტრაქტიდან. ახასიათებს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, ზოგჯერ – თვით სიბრმავემდეც კი. ხშირად ვითარდება ტრავმის: კონტუზიის ან გამჭოლი ჭრილობის დროს, იშვიათად – სისხლძარღვოვანი დაავადებების: არტერიული ჰიპერტენზიის ან დიაბეტის – შემთხვევაშიც. ჰემოფთალმის დროს მინისებრი სხეული მთლიანად ან ნაწილობრივ იჟღინთება სისხლით. ჰემოფთალმის გაწოვას, წესისამებრ, რამდენიმე თვე სჭირდება. შესაძლოა, გაჩნდეს შვარტები – ბადურასთან შეხორცებული შემაერთებელქსოვილოვანი სიმები, ამან კი ბადურას ჩამოცლა და დაბრმავება გამოიწვიოს.
ჰემოფთალმის მკურნალობა საწყის ეტაპზე კონსერვატიულია, შორს წარსულ შემთხვევაში კი –ქირურგიული.
* ქერქული სიბრმავე. ახასიათებს მხედველობის უეცარი დაკარგვა, რასაც ხანდახან წინ უძღვის ჰემიანოფსია – მხედველობის ნახევარი ველის გამოვარდნა. ქერქული სიბრმავის ხშირი მიზეზია სისხლის მიმოქცევის მოშლა. გვხვდება ჰიპერტენზიით (არტერიული წნევის მომატებით), ათეროსკლეროზით დაავადებულებთან. გამორიცხული არ არის, წავაწყდეთ წამლისმიერი ან ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით მოწამვლის ფონზეც.
ქერქული სიბრმავის დროს ადამიანი უეცრად კარგავს ხედვის უნარს, თუმცა სინათლეზე გუგების რეაქცია შენარჩუნებული აქვს; ვეღარ ახერხებს ქუთუთოების მოძრაობას; უჭირს დროსა და სივრცეში ორიენტაცია.
* საძილე არტერიაში სისხლის
 მიმოქცევის მოშლა. თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით საძილე არტერიის დაცობის ან მკვეთრად გამოხატული გაუვალობის შემთხვევაში ვითარდება ე.წ ჯვარედინი ამავროზულ-ჰემიპლეგიური (მხედველობის დაკარგვითა და სხეულის ნახევრის დამბლით გამოხატული) სინდრომი. ამ სინდრომს ახასიათებს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სრული დაკარგვა დაზიანებულ მხარეს, სინათლეზე გუგის რეაქციის შესუსტება ან გაქრობა. თვალის ფსკერის დათვალიერებისას ზოგჯერ ყურადღებას იქცევს ბადურას ცენტრალური არტერიის თრომბოზი. ამავე დროს, თუ, ვთქვათ, მხედველობა მარჯვენა თვალშია დაკარგული, გამოხატულია მარცხენა ხელისა და ფეხის სრული ან არასრული დამბლა. ეს სინდრომი შესაძლოა სისხლძარღვების სპაზმმა ან ძირითად სისხლძარღვებში წნევის რეფლექსურმა დაცემამ გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში სიმპტომები შექცევადია.

P.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად უტარებენ შემოწმებას ბავშვებს, რომლებიც სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებენ. საქართველოში მხედველობის სკრინინგი პირველ კლასში ტარდება. ექიმთა გარკვეული ჯგუფები დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგსაც ეწევიან, თუმცა, საერთო ჯამში, ბავშვის მხედველობის მეთვალყურეობა ჩვენში გაცილებით სუსტად არის განვითარებული, ვიდრე აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ამიტომ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა არ გამოეპაროთ, რომ მათი პატარა ცუდად ხედავს.

ცხოვრება გრძელდება
უნარშეზღუდული პირები რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, კანონიც ადასტურებს, თუმცა თავად ამ პირთა საზოგადოებრივი საქმიანობა კანონის ყოველგვარ ჩარჩოს სცდება. ისინი საზოგადოების სასიკეთოდ იღვწიან, საზოგადოება კი მათ სათანადოდ აფასებს. დიახ, უნარშეზღუდულთა შორის უამრავი ცნობილი ადამიანია.
ინვალიდის პირველი  ეტლი 1670 წელს შეიქმნა. წარმოიდგინეთ, როგორ განსხვავდებოდა ის ელექტრონული ღილაკებითა და სამართავი პულტით აღჭურვილი თანამედროვე ბორბლებიანი სავარძლისგან. იმ დროისთვის ავად თუ კარგად შეჭედილი ეტლი ამერიკის 32-ე პრეზიდენტსაც გამოადგა, რომელიც ავადმყოფობამ წელს ქვემოთ მოწყვიტა. ფრანკლინ რუზველტი მთელი სიცოცხლე ებრძოდა “პოლიომიელიტს” და ფეხზე დადგომას ცდილობდა. 2003 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ პრეზიდენტს პოლიომიელიტი კი არა, გიიენ-ბარეს სინდრომი ჰქონია, რომელიც ასევე იწვევს ქვედა კიდურების დამბლას.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ინვალიდის ეტლში გაატარა ქრისტოფერ რივმაც, რომელმაც თავი ზეკაცის როლით დაგვამახსოვრა. “სუპერმენის” გარდა, რივი სხვა ფილმებშიც თამაშობდა, მაგრამ კინოსთვის თავის დანებება მოუხდა, რადგან ჯირითის დროს დაშავდა და სამუდამოდ მიაჯაჭვა ეტლს. მან ჯერ წერას მიჰყო ხელი, შემდეგ – ხერხემლის თიაქრით დაავადებულთა დაფინანსებას, ბოლოს კი საქველმოქმედო ფონდი და რივ-ირვინის ცნობილი კვლევითი ცენტრი დააარსა.
ჯონ ჰოკენბერი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტია, სამი “ემისა” და ოთხი “პიბოდის” მფლობელი. ის რადიოშიც მუშაობდა, ჟურნალ-გაზეთებშიც აქვეყნებდა სტატიებს, თუმცაღა კარიერის დაწყებისას უკვე ინვალიდის ეტლს გახლდათ მიჯაჭვული. 19 წლისას ავტოკატასტროფის დროს ხერხემალი დაუზიანდა, რამაც გულმკერდის ქვემოთ საძრაობა წაართვა. 2007 წელს ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო წევრად აირჩიეს, ხოლო 2008 წელს სატელევიზიო კარიერას მოჰკიდა ხელი: უძღვებოდა რამდენიმე შოუს, წერდა სიუჟეტებს, სცენარებს...
პულიტცერის პრემიის დამაარსებელი, თავად იოსეფ პულიტცერიც უსინათლო იყო. ბადურას აშრევებამ მას თვალისჩინი წაართვა, მაგრამ ვერაფერი დააკლო მის მტკიცე სულს. უნგრელ-ამერიკელი პუბლიცისტი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. 1882 წელს მან შეისყიდა გაზეთი Nეწ Yორკ ჭორლდ, რომელიც გაკოტრების პირას იყო, შეუცვალა შინაარსი, სტილი და ადრინდელზე პოპულარული გახადა.
უსინათლო გახლდათ “მშვენიერი ამერიკის” (Aმერიცა ტჰე Bეაუტიფულ)  ავტორი რეი ჩარლზი; კლოდ მონე, რომლის ტილოები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მუზეუმების კედლებს ამშვენებს, მხედველობადაქვეითებულიც კი ხატავდა და მაშინღა დადო ფუნჯი, როდესაც საბოლოოდ წაერთვა თვალისჩინი; გალილეო გალილეი, ჰორაციო ნელსონი, სტივი უანდერი... კიდევ უამრავი ცნობილი ადამიანის ჩამოთვლა შეიძლება, ვისთვისაც სიბრმავეს თავისი ნიჭის რეალიზაციაში ხელი არ შეუშლია.
ყურთასმენა აკლდათ თომას ედისონს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს, ფრანსისკო გოიას... 
აქ შევჩერდებით, რადგან სტატიის მიზანი ამ ადამიანთა ბიოგრაფიების გახსენება არ ყოფილა. მხოლოდ იმის შეხსენება გვინდოდა, რაც, ფაქტობრივად, არც კია საკამათო: უნარშეზღუდული ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. მათ ხშირად გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ გარშემო მყოფთათვის, ვიდრე საკუთარი ფეხით მოსიარულე, სრულყოფილი მხედველობისა და სმენის მქონე მოქალაქეებს. საჭიროა მხოლოდ იმედი, რწმენა და სულ ცოტა დახმარება.

გააზიარე: