ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები

გააზიარე:

 ცოტა რამ ფარისებრი ჯირკვლის შესახებ

ჯირკვლის სახელწოდება Tireoidea ბერძნულიდან მომდინარეობს – Tireos ფარს ნიშნავს, idos – მსგავსს. მართლაც, ეს უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანო, რომლის წონაც სულ რაღაც 25 გრამია, წინიდან ფარივით აქვს აფარებული ხორხსა და ტრაქეას.

ჯირკვალი შედგება ორი წილისგან, რომლებიც ერთმანეთს წვრილი ხიდაკით უკავშირდებიან. ჯირკვლის ქსოვილი წარმოადგენს უწვრილესი ბუშტუკების (ფოლიკულების) ერთობლიობას, რომლებშიც უმნიშვნელოვანესი ელემენტი იოდი გროვდება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს და, ამდენად, ორგანიზმს ძალიან სჭირდება.
იოდი ორგანიზმში წყლისა და საკვების, ზოგ შემთხვევაში კი დამატებით პრეპარატების სახით აღწევს.

ჰორმონები კოდური სახელწოდებით T3 და T4

ფარისებრი ჯირკვალი ორ უმნიშვნელოვანეს ჰორმონს – ტრიიოდთირონინსა და ტეტრაიოდთირონინს (იმავე თიროქსინს) გამოიმუშავებს. მათ მოკლედ ასე აღნიშნავენ: T3 და T4, – სადაც ციფრები იოდის ატომის რაოდენობას გამოხატავს.
ჰორმონები, რომლებიც იოდისა და ერთ-ერთი შეუცვლელი ამინომჟავასგან – თიროზინისგან სინთეზირდება, ჯირკვლიდან სისხლში ხვდება და თითქმის ყველა ორგანომდე მიდის.

სისხლში 95% თიროქსინია, ტრიიოდთირონინი კი სულ რაღაც 5%. გარედან შემოსული და სისხლში დაგროვილი იოდის შებოჭვას, მისგან ჰორმონების სინთეზსა და მათ ხელახლა სისხლში გადასროლას ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონი აწესრიგებს, რომლის მუშაობასაც, თავის მხრივ,  ჰიპოთალამუსის ორი ჰორმონი – თირეოლიბერინი და თირეოსტატინი  აკონტროლებს. ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი თავის ტვინშია მოთავსებული და ნაწილობრივ ჯირკვლოვანი აგებულების ნერვული ქსოვილის წყალობით ორგანიზმში არსებული ჰორმონების სინთეზსა და მუშაობას არეგულირებს. ამდენად, ეს ორი ორგანო ორგანიზმის ენდოკრინული სისტემის ერთგვარ დირიჟორებადაც კი გვევლინება. საკმარისია, სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონემ დაიკლოს, რომ ჰიპოთალამუსში გამოიყოფა თირეოლიბერინი, რომელიც ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის  გამომუშავებას ააქტიურებს, ეს უკანასკნელი კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას ასტიმულირებს.

კეთილი საქმე

სისხლში მოხვედრილი თირეოიდული ჰორმონები სისხლის პლაზმის სპეციალური სატრანსპორტო ცილების საშუალებით დანიშნულების ადგილამდე მიდის, სამიზნე უჯრედების გარსში აღწევს და მათში მიმდინარე თითქმის ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში ერთვება.
 ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზემოქმედებით აქტიურდება ნახშირწყლოვანი ცვლა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უფრო ინტენსიურად შეიწოვება გლუკოზა, იზრდება ინსულინის  (კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის) მოქმედების ეფექტი.

ყოველივე ამასთან ერთად, T3-ისა და T4-ის გავლენით საგრძნობლად აქტიურდება ცხიმების სინთეზი და დაშლა. ამიტომაც არის, რომ როგორც კი ამ ჰორმონების დონე მოიმატებს, ადამიანი წონას იკლებს, ხოლო მათი დეფიციტის დროს კი ზედმეტ კილოგრამებს კრეფს.
თირეოიდული ჰორმონების სიჭარბის დროს ორგანიზმში ცილების დეფიციტი წარმოიქმნება, რაც კუნთოვანი მასის შემცირებით ვლინდება. გარდა ამისა,  T3-ისა და T4-ის დონის მატება ჟანგბადზე ქსოვილების მოთხოვნილებას ზრდის, ორგანიზმს ცხოველმყოფელობისთვის მეტი ვიტამინი სჭირდება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მხოლოდ ფიზიკური კი არა, ფსიქიკური განვითარებისთვისაც აუცილებელია. მათი ნაკლოვანების დროს ბავშვები თანატოლებს შესამჩნევად ჩამორჩებიან გონებრივად, ზრდასრულ ადამიანს კი თირეოიდული ჰორმონების დეფიციტის დროს მეხსიერების გაუარესება და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება აღენიშნება.

როგორ ვლინდება პათოლოგია

ალბათ, უფრო მართებული იქნებოდა, “პათოლოგიები“ გვეთქვა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა რიცხვი მეტად შთამბეჭდავია. ისინი უმთავრესად ორი ტიპისაა: ერთნი ჰორმონების სინთეზის გაძლიერებით მიმდინარეობს, მეორენი – შემცირებით. ჰორმონთა წარმოქმნის გაძლიერებას ჰიპერთირეოზს ან თირეოტოქსიკოზს უწოდებენ, ხოლო შემცირებას – ჰიპოთირეოზს.
გარდა ჯირკვლის ფუნქციისა, დაავადების დროს ყურადღება ექცევა ჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურასა და სიდიდეს. ფარისებრი  ჯირკვლის გადიდებას ჩიყვი ეწოდება.

თუ გვსურს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე სრული წარმოდგენა გვქონდეს, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ქსოვილის სტრუქტურა – ამის საშუალებას ულტრაბგერითი მეთოდი გვაძლევს – და ფუნქციური მდგომარეობა, რისთვისაც სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონის განსაზღვრაა საჭირო.

***
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. სტატისტიკის თანახმად, თირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 2%-ს აღენიშნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო იოდის დეფიციტის ენდემურ კერად ითვლება, საერთო პროცენტულ მაჩვენებელში ჩვენი წილი მთლად უმნიშვნელო არ უნდა იყოს.
-----------------

რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შესახებ

ცნობები ენდემური ჩიყვისა და კრეტინიზმის გავრცელების შესახებ ჯერ კიდევ ჩინელი, ინდოელი, ბერძენი და რომაელი ექიმების ათასწლეულების  წინანდელ ნაშრომებში მოიპოვება. ჩიყვი დღემდე პრობლემად რჩება, თანაც ის ფარისებრი ჯირკვლის ერთადერთი პათოლოგია არ გახლავთ. კიდევ რომელი თირეოიდული დაავადებებია ასე გავრცელებული? რამ გამოიწვია მათი ესოდენ გახშირება? როგორ სვამენ ამ დაავადებათა დიაგნოზს ან როგორ მკურნალობენ? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ქეთევან მიქაძე.

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მთელ მსოფლიოში საკმაოდ არის გავრცელებული, ხოლო საქართველოსთვის მეტად აქტუალური პრობლემა გახლავთ. განსაკუთრებულ ყურადღებას და მკურნალობის შესაბამის ტაქტიკას მოითხოვს ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელთაც იოდით უზრუნველყოფილ გარემოში უშუალო გასინჯვით ასიდან 4-6 შემთხვევაში ავლენენ, იოდდეფიციტურ გარემოში კი მათი გავრცელების სიხშირე გაცილებით მაღალია. საკმაოდ ხშირია აუტოიმუნური ცვლილებებით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიც.

რა როლს ასრულებს ყოველივე ამაში მემკვიდრეობითი ფაქტორი?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარებაში მემკვიდრეობით ფაქტორს გარკვეული მნიშვნელობა უდავოდ აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება. ამიტომაც არის ხშირი პათოლოგიის ოჯახური შემთხვევები. გარდა მემკვიდრეობითი ფაქტორებისა, ერთსა და იმავე გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე ერთნაირად მოქმედებს იოდის დეფიციტი, რადიაციული ფონი, თანაბრად არასრულფასოვანი კვება და ა.შ.

ხალხი ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ პათოლოგიას ჩიყვს უწოდებს. რა დაავადებაა ის სინამდვილეში?

– ტერმინი “ჩიყვი” კლინიკური ცნებაა, რომელიც აერთიანებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ეტიოლოგიისა და პათოგენეზის დაავადებებს, რომელთაც თან ახლავს ამ ორგანოს ზრდა (დიფუზური ჩიყვი) ან ფარისებრ ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნების გაჩენა (კვანძოვანი ჩიყვი). გამოკვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვამ კვანძების გამოვლენა გააადვილა, განსაკუთრებით – ქალებს შორის, და ცხადი გახადა, რომ მათი სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს.

როგორც თქვენი სიტყვებიდან ჩანს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ფუნქციის ცვლილებით მიმდინარეობს...

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს სხვადასხვა ეტიოპათოგენეზური მექანიზმი აქვს, ამიტომ თითოეული მათგანი განსხვავებული ფუნქციური მდგომარეობით მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი ერთი ფუნქციური მდგომარეობა მეორით იცვლება.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება, ფუნქციის სიჭარბეს კი ჰიპერთირეოზი.
არის შემთხვევები, როცა ჯირკვალი, ზომის პათოლოგიური ცვლილების მიუხედავად, ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, ეუთირეოიდული ჩიყვის დროს.

რა აწუხებს ადამიანს, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია აქვს?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კლინიკური ნიშნებით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სიმპტომები ზოგადად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ. პირველი ჰორმონების სიჭარბით არის განპირობებული, მეორე კი, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. მოდით, განვიხილოთ ორივე მათგანი.
თირეოტოქსიკოზის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, პაციენტს აღენიშნება:
–წონის ერთი შეხედვით უმიზეზო კლება, ზოგჯერ – გაძლიერებული მადის ფონზეც კი;
–მომატებული აგზნებადობა, ემოციურობა, ცვალებადი ხასიათი; 
–ჭარბი ოფლიანობა;
–გულის ფრიალი, რომელსაც საგულე საშუალებების მიღების შემთხვევაშიც არ გაივლის;
–ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
–ხელის თითების კანკალი (ტრემორი) და ა. შ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის დროს აღინიშნება:
–დეპრესია, მოდუნება, ადინამია;
–წონის აუხსნელი მატება;
–ყაბზობა;
–თმის ცვენა;
–კანის სიმშრალე.
ზოგჯერ ჩივილები მხოლოდ  ნევროლოგიური (ემოციური ლაბილურობა, დეპრესია და ა.შ.) ან კარდიული (არითმიები, ექსტრასისტოლიები და ა.შ.) ხასიათისაა, ამიტომ საკმაოდ ხშირად ხდება საჭირო, პაციენტს ერთობლივად უმკურნალოს რამდენიმე სპეციალობის ექიმმა.

რამდენად საშიშია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ბავშვებისთვის?

– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ამიტომ მოზარდთა პროფილაქტიკური გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში – დროული მკურნალობა აუცილებელია. იგივე შეიძლება ითქვას ორსულებზეც.
ფეხმძიმობის დროს იოდდეფიციტურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის არასრულფასოვანი განვითარება, თვითნებური აბორტი, მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი სიმახინჯეები და სხვა პათოლოგიები. მეორე მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება უნაყოფობის მიზეზად იქცეს. საბედნიეროდ, სწორი და დროული მკურნალობა პრობლემის მოგვარების საშუალებას გვაძლევს. რა თქმა უნდა, მცდარია ხალხში გავრცელებული აზრი, რომ ორსულობისას მკურნალობა არ შეიძლება. რაც უფრო ადრე მოხდება ჩარევა, მით უფრო მეტია ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენის შანსი.
ზოგადად, სასურველია ქალებმა მანამდე ჩაიტარონ გამოკვლევა, სანამ შვილის გაჩენას დაგეგმავენ, ორსულობის დროს კი ამგვარი კონტროლი უკვე აუცილებლობაა. პროფილაქტიკის მიზნით კი იოდის პრეპარატები ყველა ჯანმრთელმა ორსულმა უნდა მიიღოს.

თქვენ არაერთხელ ახსენეთ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური პათოლოგია. რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში ამ დროს?

– აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ორგანიზმში აუტოაგრესია მიმდინარეობს. ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის სხვადასხვა კომპონენტების მიმართ წარმოქმნილი ანტისხეულები იმუნური ანთების ფონზე ნელ-ნელა არღვევენ მოფუნქციე ფოლიკულის ეპითელიუმს. ლიმფოციტური ინფილტრაციას შემთხვევაში ჯირკვალი შეიძლება გაიზარდოს, წარმოიქმნას კვანძები. შესაძლოა, გადიდებული ორგანო ყოველგვარი მკურნალობის გარეშე, თავისთავად დაპატარავდეს. ასეთ შემთხვევაში უმეტესად ჰიპოთირეოზი ვითარდება.
აუტოიმუნური გენეზისაა გრეივსის დაავადება, რომელსაც ადრე ბაზედოვის დაავადებას უწოდებდნენ. მისი განვითარების მექანიზმი განსხვავებულია და თირეოტოქსიკოზის კლინიკური სურათით მიმდინარეობს.

რა გამოკვლევებია საჭირო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოსავლენად?

– თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების არსებობის მიუხედავად, დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს ისეთი ტრადიციული მეთოდები, როგორიც არის ავადმყოფის გულდასმით გამოკითხვა და უშუალო სამედიცინო გასინჯვა, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის, მასში არსებული კვანძების, სტრუქტურული მდგომარეობის, მტკივნეულობის (არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებებიც), ფიქსაციისა და სიმკვრივის შესახებ, მაგრამ ასევე აუცილებელია ინსტრუმენტული თუ ჰორმონული გამოკვლევების ჩატარება.

ულტრასონოგრაფია საშუალებას იძლევა, დიდი სიზუსტით განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლის და მასში არსებული კვანძების ზომები, რაოდენობა, ექოგენურობა და დინამიკაში შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა, თუმცა მისი მეშვეობით შეუძლებელია ფუნქციისა და კვანძების ავთვისებიანობის საკითხის განსაზღვრა. აუცილებელია სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და  ჰიპოფიზის ჰორმონების დონისა და ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრაც, ზოგ შემთხვევაში კი ფარისებრი ჯირკვლის სკანირებას მივმართავთ – მისი მეშვეობით ზუსტად ფასდება ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციური აქტივობა, რასაც თირეოტროპული ჰორმონის დათრგუნვის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციალური დიაგნოზის გასატარებლად.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ულტრასონოგრაფიული კონტროლის თანხლებით წვრილი ნემსით აღებული ასპირაციული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს (?), განსაკუთრებით – როცა ამისთვის იმუნოციტოქიმიურ მეთოდს ვიშველიებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად გადავწყვიტოთ ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობის საკითხი.

რა პრინციპით მკურნალობენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს?

– მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ინიშნება შენაცვლებითი თერაპია, რომლის დროსაც ადამიანი შესაბამისი დოზით იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს. განსხვავებული მკურნალობაა საჭირო თირეოტოქსიკოზის შემთხვევაში. ამ დროს ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის დასათრგუნავად თირეოსტატიკებს. ბეტა-ბლოკატორებს, კორტიკოსტეროიდებს იყენებენ. სათანადო მკურნალობა ტარდება ანთებითი დაავადებების დროსაც. უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობა უმეტესად ხანგრძლივია და ავადმყოფის მხრივ საკმაო მოთმინებას მოითხოვს. 

როდის კეთდება ოპერაცია?

– ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ ქირურგიულ ჩარევას მაშინ მივმართავთ, როცა დასტურდება ავთვისებიანი წარმონაქმნი, დიდი ზომის კეთილთვისებიანი ან მზარდი კვანძი, ზოგჯერ – გრეივსის დაავადების დროს, დიდი ზომის ჯირკვლის ან მორეციდივე ფორმის არსებობისას, მაგრამ აუცილებელია, ოპერაციულ ჩარევამდე მოიხსნას თირეოტოქსიკოზი ანუ მოწესრიგდეს ჰორმონული ფონი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ავადმყოფი გავაფრთხილოთ ოპერაციის შემდეგ დროული კონტროლისა და შემდგომი მკურნალობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთ ალტერნატივას რადიაქტიური იოდით მკურნალობა წარმოადგენს. ჩვენთან ტექნიკური პრობლემების გამო ამ მეთოდის გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ძალზე სასურველია, განსაკუთრებით – ასაკოვანი პაციენტებისთვის, ვისთვისაც ოპერაციული ჩარევა გარკვეულწილად სარისკოა.

დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მოსახლეობას?

– ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა არ არის რთული, თუკი დიაგნოზსაც დროულად დავსვამთ და მკურნალობასაც დროულად დავიწყებთ. ასე რომ, თუ რომელიმე საეჭვო ნიშანს შეამჩნევთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ორსულებისა და ბავშვების მიმართ – მათ ყველა შემთხვევაში უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევა და ადეკვატური დოზით მიიღონ იოდის პრეპარატები.  
მინდა გთხოვოთ: ენდეთ თქვენს ექიმს, დაუჯერეთ მას, ნუ დააგვიანებთ კონსულტაციაზე მისვლას და თვითნებურად ნუ შეწყვეტთ მკურნალობას. ექიმისა და პაციენტის ურთიერთდამოკიდებულება, პატივისცემა და ნდობა დაავადების დამარცხების საწინდარია.

ჩიყვის დროს ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მომატებულიც იყოს, დაქვეითებულიც და უცვლელიც (ეუთირეოიდული ჩიყვის შემთხვევაში). თითოეული ეს მდგომარეობა განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. 

ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება დიფუზურად იყოს გადიდებული ან კვანძოვანი იყოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში უთუოდ უნდა განისაზღვროს კვანძის სახეობა (ავთვისებიანია თუ არა), საჭიროა თუ არა ოპერაციის გაკეთება, რაშიც პუნქციური ბიოფსია გვეხმარება. თუმცა მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში მხოლოდ ჯირკვლის მოცულობის განსაზღვრა როდი გვეხმარება. დიაგნოზის დასმისთვის მეტად მნიშვნელოვანია თავად ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა (თირეოიდული ჰორმონები ჭარბად გამომუშავდება თუ მათი დეფიციტი აღინიშნება), იშვიათად – ანტისხეულების განსაზღვრა. შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი ნორმალური ზომისა იყოს, მაგრამ აღინიშნებოდეს რიგი სხვა ცვლილებებისა, ასე მაგალითად,  ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს,  ადგილი აქვს იმუნური სისტემის აუტოაგრესიას, რაც ჯირკვლის ქსოვილის დაზიანებას იწვევს, ამავდროულად ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაც.

დიაგნოზის მოლოდინში

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე მეტად აქტუალური პრობლემა გახლავთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჩიყვის ენდემურ კერად ითვლება, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი დაზიანება, თავის მხრივ, სიმსივნური გადაგვარების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს, უნდა ვიფიქროთ, რომ თირეოიდული ქსოვილის სიმსივნე არც ჩვენში იქნება იშვიათობა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო მთელ მსოფლიოში გახშირდა.
პრობლემის ასეთმა აქტუალობამ მეცნიერებსაც მისცა ბიძგი, გამოეკვლიათ მიზეზები, შეემუშავებინათ მკურნალობისა და პროფილაქტიკის ახლებური მეთოდები.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვლევა ჩატარდა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის უშუალო მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს ჩამოყალიბებას. ესენია: მემკვიდრეობითობა, იოდის დეფიციტი, მაიონიზებელი რადიაციის გავლენა, იმუნო-ნეირო-ენდოკრინული ჰომეოსტაზის დარღვევა, ჯირკვლის სხვა პათოლოგიები, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, მრავალკვანძოვანი ჩიყვი, კისტა და ა.შ.

ისევე, როგორც სხვა ორგანოებისა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეც ორგვარია: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. როგორც სტატისტიკური გამოკვლევები გვამცნობენ, ამ ენდოკრინული ორგანოს კიბო ორჯერ ხშირად გვხვდება სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის.

როგორ გამოვავლინოთ საშიში კვანძები

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ. უფრო ზუსტად, მაშინ, როცა კისრის წინა ზედაპირზე შემკვრივებულ წარმონაქმნს შეამჩნევენ. ამ წარმონაქმნებს ზოგი თვითონვე აქცევს ყურადღებას, ზოგს კი ექიმი უპოვის ხოლმე. ამგვარი კვანძების უმრავლესობა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, კეთილთვისებიანია, მაგრამ გულის დასამშვიდებლად და უტყუარი დიაგნოზის დასასმელად დამატებითი კვლევის ჩატარება ხდება ხოლმე საჭირო.

საზოგადოდ, პალპაციით ანუ ხელით გასინჯვით ფარისებრი ჯირკვლის კვანძები მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 4-7%-ს აღენიშნება. ეს კვანძები ზედაპირულად მდებარეობს და მათი ზომა 1 სმ-ზე მეტია. გაცილებით ხშირია პატარა კვანძები, ე.წ. ინციდენტალომები, რომლებსაც ექიმები სრულიად შემთხვევით წააწყდებიან ხოლმე ამა თუ იმ გამოკვლევის (მაგალითად, კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიის, საძილე არტერიის დოპლეროგრაფიის) დროს. ისინი მოკრძალებული ზომისაა (1 სმ-ზე ნაკლები) და ღრმადაც მდებარეობს. ასეთი კვანძები 60 წელს გადაცილებულთა თითქმის ნახევარს აღენიშნება. საერთოდ, ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელთა ნახევარი ერთეული ანუ სოლიტარულია, ასაკთან ერთად ხშირდება.
საბოლოო დიაგნოზისთვის საჭიროა შევისწავლოთ ქსოვილის სტრუქტურა, მაგრამ არის რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც მიგვანიშნებს, რამდენად საშიშია კვანძი. მაგალითად, კვანძი კეთილთვისებიანია, თუ:

  • ოჯახის წევრებს აღენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ისეთი დაავადება, როგორიც არის აუტოიმუნური თირეოიდიტი, კეთილთვისებიანი კვანძი ან ჩიყვი;
  • ხელით გასინჯვას თან სდევს ტკივილი;
  • კვანძი რბილი, გლუვი და მოძრავია.
  • ავთვისებიანი კვანძის არსებობაზე შემდეგი სიმპტომები მიუთითებს:
  • ასაკი – 20 წლამდე და 70 წლის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო ხშირია;
  • სქესი – მამაკაცებს ავთვისებიანი კვანძები ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ;
  • კვანძის გამო ადამიანს უჭირს ყლაპვა, ხმა კი ჩახლეჩილი აქვს;
  • ახალგაზრდობისას ან ბავშვობაში პაციენტმა რადიაციული დასხივება განიცადა;
  • ხელით გასინჯვისას კვანძი მაგარი, უსწორმასწორო და უძრავია;
  • კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაცემებით ვერ განვსაზღვრავთ, ავთვისებიანია თუ არა კვანძი. მათ საფუძველზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ.

გამოსავალი

დიაგნოზის დასმაში სპეციალისტებს ყველაზე მეტად ჯირკვლის პუნქცია და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ეხმარება. ამის შემდეგ უკვე აშკარა ხდება, საჭიროა თუ არა ოპერაცია, რომელიც ჯირკვლის სრულ ან ნაწილობრივ ამოკვეთას გულისხმობს. პარალელურად საჭიროა ჰორმონული თერაპიის დანიშვნაც.

თუკი ფარისებრი ჯირკვლის კვანძი აღმოგაჩნდათ, ავთვისებიანი გადაგვარება რომ არ გამოგეპაროთ, დროდადრო ეწვიეთ ენდოკრინოლოგს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტარეთ.

სპეციალისტთა უმრავლესობა უვნებელ კონტროლს – ხელით გასინჯვას, ულტრაბგერით კვლევას – სავარაუდოდ 6 -12 თვეში ერთხელ გირჩევთ. თუ კვანძი იზრდება, საჭიროა ბიოფსიის გამეორებაც. ზოგიერთი ექიმის აზრით, კვანძი რომც არ იზრდებოდეს, ბიოფსიური კვლევა 6-24 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩავიტაროთ.

დაიმახსოვრეთ: ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა და თერაპია, რაც უმთავრესად ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს, ავთვისებიანი გადაგვარების შემთხვევაშიც კი პაციენტის სრული განკურნებით მთავრდება.

გააზიარე: