ინ ვიტრო განაყოფიერება
გააზიარე:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ზრდასრული (სულ - ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 17.5%) უნაყოფოა. ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას თანამედროვე მედიცინა კონსერვატიული თერაპიით და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (Assisted Reproductive Technologies, ART) ცდილობს. ყველაზე მაღალტექნოლოგიური და ეფექტური მეთოდია ექსტრაკორპორალური (ინ ვიტრო) განაყოფიერება. ბევრს ის უნაყოფობის მკურნალობის ერთადერთ და უალტერნატივო გზად მიაჩნია, თუმცა ინ ვიტრო განაყოფიერებას მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს.
ტერმინების განმარტება
თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, წყვილს უშვილობის დიაგნოზს უსვამენ. შემთხვევათა მესამედში უშვილოა ქალი, მესამედში - კაცი, მესამედში კი ან ორივე პარტნიორს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ან მიზეზი ვერ იძებნება. იმის გამო, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალის ნაყოფიერებაც იკლებს, თანამედროვე გზამკვლევები 35 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ქალებს უკვე ექვსთვიანი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ურჩევს მკურნალობის დაწყებას.
გინეკოლოგსა და ოჯახის ექიმს გამოკვლევისა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ საწყის ეტაპზე შეუძლიათ, უშვილობას - როგორც დაორსულების შეუძლებლობას, ისე განმეორებით მუცლის მოშლას - რეპროდუქტოლოგ - ენდოკრინოლოგები მკურნალობენ.
როდესაც წყვილი ზედმიწევნით ასრულებს ექიმის მითითებებს, მაგრამ, მიუხედავად კონსერვატიული თუ ინვაზიური მკურნალობისა, ორსულობა არ დგება, რეკომენდებულია მაქსიმუმ ორი წლის ვადაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება. ლოდინის პერიოდი ხშირად უფრო ხანმოკლეა, განსაკუთრებით - 35 წელს გადაცილებული და მძიმე პათოლოგიის მქონე წყვილებისთვის.
ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას არა ბუნებრივ პირობებში ანუ ქალის სხეულში, არამედ კონტროლირებად გარემოში - მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ უშვილობის გამომწვევი ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიც არის შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში, ენდომეტრიოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ანოვულაცია, დაუდგენელი წარმოშობის უშვილობა, მძიმე ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია.
პროცედურის არსი და ეტაპები
ინ ვიტრო განაყოფიერება მაქსიმალურად იმეორებს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს. სასურველი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია, მომავალმა მშობლებმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყონ პროცედურისთვის მზადება.
პროცედურის დაგეგმვამდე
თუ მედიკამენტებს (თუნდაც მცენარეულს) ან საკვებ დანამატებს იღებთ, აუცილებელია, ამის შესახებ თქვენს რეპროდუქტოლოგს აცნობოთ, ვინაიდან ზოგიერთი წამლის მიღება არც ხელოვნური ჩასახვის დროს შეიძლება და არც ორსულობის პერიოდში. ზოგ მედიკამენტს გარკვეული დრო სჭირდება, რომ ორგანიზმიდან გამოიდევნოს, ზოგჯერ - რამდენიმე თვეც კი.
ინ ვიტრო განაყოფიერების დაგეგმვამდე უნდა გქონდეთ ინფორმაცია საკუთარი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ. დღეს ეროვნული კალენდრის მიხედვით თითქმის ყველა ქალი აცრილია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა წითელა, ყბაყურა, წითურა, ტეტანუსი, დიფტერია, პოლიომიელიტი, ჩუტყვავილა, B ჰეპატიტი, მაგრამ საპირისპიროს ალბათობაც არსებობს, ამიტომ უნდა შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა იმუნიტეტი ჩამოთვლილი ინფექციების მიმართ. ამის გარკვევა სისხლში ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრით არის შესაძლებელი.
ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ვაქცინის გაკეთება არც ორსულობის დროს, არც ორსულობამდე სამი თვის განმავლობაში არ შეიძლება, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შუალედს და შეასრულეთ სპეციალისტის რეკომენდაციები.
როდესაც ხელოვნური განაყოფიერება იგეგმება, უმჯობესია, მამაკაცი ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდეს და რეგულარულად მიირთმევდეს ვიტამინებით, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს (ხილსა და ბოსტნეულს), ქალებისთვის კი რეკომენდებულია, რაციონში შეიტანონ ადეკვატური რაოდენობის რკინა და ფოლიუმის მჟავა . ეს უკანასკნელი საკვებში ცოტაა, ამიტომ დანამატის სახით მიიღება. მისი მარაგი გვაზღვევს ნაყოფის ნერვული მილის თანდაყოლილი დეფექტისგან, ამიტომ თუ დაორსულებას გეგმავთ, ერთი თვით ადრე მაინც დაიწყეთ ფოლიუმის მჟავаს მიღება.
ხელოვნური განაყოფიერების დაწყებამდე ქალმა უარი უნდა თქვას მავნე ჩვევებზე - შეწყვიტოს თამბაქოს წევა, ალკოჰოლიანი სასმელების სმა, ნარკოტიკული საშუალებების მიღება. ამ ნივთიერებების მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია, ზიანი მიაყენოს პროცესს. პარტნიორმა მამაკაცმაც უნდა შეწყვიტოს მოწევა, სმა, მავნე ნივთიერებების მოხმარება. ცხოვრების არაჯანსაღი წესი მამის ჯანმრთელობასა და გენეტიკურ მასალაზეც ისეთსავე გავლენას ახდენს, როგორსაც დედისაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სათესლე ჯირკვლებზე მაღალი ტემპერატურის ხშირი ზემოქმედება (მაგალითად, ცხელი აბაზანის ხშირი მიღება) უარყოფითად მოქმედებს სპერმატოგენეზზე (სპერმის წარმოქმნის პროცესზე).
ინ ვიტრო განაყოფიერება შედეგიანი რომ იყოს, წინასწარ აუცილებელია:
* ქალისთვის - ჰორმონული კვლევები (კვერცხუჯრედების მარაგის შესაფასებლად), ულტრაბგერითი მონიტორინგი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამორიცხვა;
* მამაკაცისთვის - სპერმოგრამა (სპერმის რაოდენობის, ფორმისა და მოძრაობის შესწავლა).
პროცედურის მიმდინარეობა
ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
* საკვერცხეების სტიმულაცია - ბუნებრივი ციკლის დროს ქალის ორგანიზმში მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი მწიფდება. იმისთვის, რომ პროცედურის წარმატების შანსმა მოიმატოს, რამდენიმე ხარისხიანი კვერცხუჯრედის მიღებაა საჭირო. ამისთვის პაციენტი 10-12 დღის განმავლობაში სპეციალურ მედიკამენტებს იღებს. ამ პერიოდში ექიმი ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით აკონტროლებს ფოლიკულების ზრდას.
* კვერცხუჯრედების ტრანსვაგინალური ასპირაცია - როდესაც ფოლიკულები მომწიფდება და სასურველ ზომას მიაღწევს, იწყება ინ ვიტრო პროცედურის მომდევნო ეტაპი - ფოლიკულების შიგთავსის ასპირაცია (ამოსრუტვა) კვერცხუჯრედების მისაღებად. ეს პროცედურა ხანმოკლე ვენური ანესთეზიის ფონზე ტრანსვაგინალური (საშოსგავლითი) პუნქციის საშუალებით, ულტრაბგერითი კონტროლით ტარდება. მიღებულ სითხეში მოძიებულ კვერცხუჯრედებს იღებენ, წმენდენ და სპეციალურ სითხეში ათავსებენ. ფასდება მათი მომწიფების ხარისხი. კვერცხუჯრედები ინკუბატორში რამდენიმე საათი ინახება.
ამ პერიოდში მუშავდება სპერმაც. სპეციალური ხსნარების მეშვეობით შესაძლებელია მორფოლოგიურად სრულფასოვანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამოცალკევება სათესლე სითხიდან და ბაქტერიებისა და მკვდარი სპერმატოზოიდებისგან გაწმენდა. თუ სპერმის მახასიათებლები დარღვეულია (სპერმატოზოიდების კონცენტრაცია დაბალია, მოძრაობა - შეზღუდული, ფორმა - ანომალიური), დასმულია აზოოსპერმიის დიაგნოზი, მიმართავენ ტესტიკულური სპერმის ასპირაციას (ТESA): ადგილობრივი ან ვენური ანესთეზიის ფონზე ექიმს სპეციალური თხელი ნემსით სათესლე ჯირკვლიდან გამოაქვს ქსოვილის მცირე ნაწილი ან სითხე, რომელსაც შემდეგ ემბრიოლოგი მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებს სპერმატოზოიდების აღმოსაჩენად.
* თუ ინ ვიტრო პროცედურის წინა ციკლში სტანდარტული ინსემინაციით (როდესაც სპერმა და კვერცხუჯრედი ერთ ჭურჭელში თავსდება) კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდა, ტარდება სპერმის ინტრაციტოპლაზმური ინექცია (ICSI). ამ დროს ერთი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდია საჭირო. ემბრიოლოგი სპეციალური მიკროინექტორით არღვევს კვერცხუჯრედის გარსის მთლიანობას და სპერმატოზოიდი მასში მექანიკურად შეჰყავს. მამაკაცის უნაყოფობის ტიპი (ოლიგოსპერმია, ასთენოსპერმია თუ ოლიგოასთენოსპერმია) ICSI-ს შედეგზე გავლენას, ფაქტობრივად, არ ახდენს. მთავარია, გარკვეული რაოდენობის ცოცხალი სპერმატოზოიდის მიღება მაინც მოხერხდეს.
* ემბრიონების კულტივირება და გენეტიკური სკრინინგი . განაყოფიერებული კვერცხუჯრედები თავსდება ინკუბატორში, სადაც საშვილოსნოს იდენტური გარემოა შექმნილი. ემბრიონები 3-დან 5 დღემდე იზრდებიან. სურვილის შემთხვევაში ან სამედიცინო ჩვენებით, ამ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირებაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზოგიერთი ქრომოსომული ანომალიის მქონე ემბრიონის გადატანის რისკს.
* საშვილოსნოს ღრუს მომზადება . საშვილოსნოს ღრუს მომზადება ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპია. იმისთვის, რომ ემბრიონი საშვილოსნოს კედელს მიემაგროს, საჭიროა შესაფერისი "ნიადაგის" შექმნა. მთავარი სამიზნეა ენდომეტრიუმი - საშვილოსნოს შიგნითა გარსი. ემბრიონის გადატანის მომენტისთვის ის უნდა იყოს საკმარისად სქელი (7-დან 12 მილიმეტრამდე სისქისა) და სამშრიანი (ექოსკოპიურმა კვლევამ უნდა აჩვენოს ენდომეტრიუმის მკაფიო სამშრიანი სტრუქტურა, რაც მის ჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს).
ქალი ციკლის დასაწყისიდანვე იღებს ესტროგენებს (აბების, გელის ან პლასტირის სახით), რათა ენდომეტრიუმი გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც მისი სისქე სასურველ ნიშნულს მიაღწევს, დანიშნულებას ემატება პროგესტერონი, რომელიც ემბრიონის მისაღებად "აფხვიერებს" ნიადაგს.
თუ ქალს რეგულარული ოვულაცია აქვს, ექიმი მხოლოდ აკვირდება მის ბუნებრივ ჰორმონულ ფონს და ემბრიონის გადატანას ოვულაციიდან განსაზღვრულ დღეს ამთხვევს.
ზოგჯერ მცირე დოზით სტიმულაციის მეთოდს იყენებენ, რათა ორგანიზმმა ენდომეტრიუმის მოსამზადებლად თავად გამოიმუშაოს საჭირო ჰორმონები.
* ემბრიონის / ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში . განაყოფიერებიდან 3-5 დღის შემდეგ საუკეთესო ემბრიონი (ან ემბრიონები) წვრილი კათეტერით, ექომონიტორინგის თანხლებით, მომავალი დედის საშვილოსნოს ღრუში გადააქვთ. ეს პროცედურა ანესთეზიას არ მოითხოვს, რადგან ჩვეულებრივ გინეკოლოგიურ გასინჯვას ჰგავს და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
* კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების კრიოპრეზერვაცია . თუ მკურნალობის ციკლის დასრულების შემდეგ დარჩა ზედმეტი მაღალი ხარისხის ემბრიონი ან კვერცხუჯრედი, შესაძლებელია მათი გაყინვა. თუ წყვილს მომავალში მეორე შვილის გაჩენის სურვილი ექნება, გაყინული ემბრიონის ან კვერცხუჯრედის არსებობა თავიდან ააცილებს ზედმეტ პროცედურებს და დააზოგვინებს დროს.
ემბრიონის გადატანიდან დაახლოებით 10-12 დღის შემდეგ კეთდება სისხლის ანალიზი (HCG) ორსულობის დასადასტურებლად. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ექიმის მიერ დანიშნული ჰორმონული მხარდაჭერის გაგრძელება.
ხშირად დასმული კითხვები
* მტკივნეულია თუ არა პროცედურა?
- პროცესის ყველაზე ინვაზიური ნაწილi, კვერცხუჯრედების ამოღება (პუნქცია), ტარდება ვენური ანესთეზიის ფონზე. პაციენტს სძინავს და ვერაფერს გრძნობს. რაც შეეხება ემბრიონის გადატანას, ის, როგორც უკვე ვთქვით, სრულიად უმტკივნეულოა და ჩვეულებრივ გინეკოლოგიურ გასინჯვას ჰგავს. მცირე დისკომფორტი შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ ჰორმონულმა ინექციებმა სტიმულაციის ეტაპზე.
* როგორია შანსი, ორსულობა პირველივე მცდელობისას მივიღოთ?
- პროცედურის წარმატების შანსი ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ერთ ციკლზე 35-45%-ს უტოლდება. 35 წლამდე ასაკის ქალებთან მაჩვენებელი უფრო მაღალია. სასურველი შედეგის მისაღებად ხშირად საჭიროა 2 ან 3 მცდელობა. უნდა გვახსოვდეს, რომ გაყინული ემბრიონები მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების ჯამურ (კუმულაციურ) შანსს.
* იმატებს თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერებისას ტყუპის გაჩენის ალბათობა?
- საშვილოსნოში ერთზე მეტი ემბრიონის გადატანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმატებს, თუმცა თანამედროვე მედიცინის ტენდენციაა ერთი საუკეთესო ემბრიონის გადატანა (eSET), რათა თავიდან იქნეს აცილებული მრავალნაყოფიანი ორსულობა, რომელიც ხშირად სარისკოა როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვისაც.
* საჭიროა თუ არა წოლითი რეჟიმი ემბრიონის გადატანის შემდეგ?
- ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი არ ზრდის დაორსულების შანსს. პირიქით, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გადატანის დღეს რეკომენდებულია დასვენება, მერე კი ჩვეულ რეჟიმში (მძიმე ფიზიკური დატვირთვის გარეშე) დაბრუნება.
* აქვთ თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები?
- დღევანდელი მონაცემებით, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვების უმრავლესობა ნორმალურად ვითარდება და მნიშვნელოვანი განსხვავებები პოპულაციურ დონეზე არ აღირიცხება. პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი განსაზღვრული გენეტიკური დაავადებების პრევენციის საშუალებას გვაძლევს.
* რამდენი ხანს გრძელდება მთელი პროცესი?
_ უშუალოდ მკურნალობის ციკლი (სტიმულაციიდან გადატანამდე) დაახლოებით 4-6 კვირას მოიცავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოსამზადებელ ეტაპს (ანალიზები, ვიტამინები, ცხოვრების წესის მოწესრიგება), პროცესი შესაძლოა 2-3 თვეს გაგრძელდეს.
მოსალოდნელი გართულებები და რისკები
ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის მსგავსად, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც ახლავს გართულების ერთგვარი რისკი.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გართულებაა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც საკვერცხეები ჰორმონულ სტიმულაციაზე მეტისმეტად ძლიერად რეაგირებს. მსუბუქ შემთხვევებში ქალი შესაძლოა უჩიოდეს მუცლის შებერილობას, სიმძიმის შეგრძნებას, დისკომფორტს მცირე მენჯის არეში. მძიმე ფორმის დროს მოსალოდნელია მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, ძლიერი ტკივილი, ქოშინი, იმატებს სისხლის შედედების რისკი, ირღვევა წყალელექტროლიტური ბალანსი.
დღეს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ფორმები იშვიათია, რადგან თანამედროვე პროტოკოლები ექიმებს საშუალებას აძლევს, რისკი წინასწარ შეაფასონ და სტიმულაციის სქემა ინდივიდუალურად მოარგონ პაციენტს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს, რადგან მათთან ჰიპერსტიმულაციის ალბათობა უფრო დიდია.
მიუხედავად იმისა, რომ ემბრიონი უშუალოდ საშვილოსნოში გადააქვთ, იშვიათად ის საშვილოსნოს გარეთ, მეწტილად საშვილოსნოს მილში იმპლანტირდება. ამას ექტოპიური ორსულობა ეწოდება. ეს მდგომარეობა დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს, რადგან შეუძლია, სიცოცხლისთვის საშიში გართულება გამოიწვიოს.
ტრანსვაგინალური პუნქცია მცირეინვაზიური პროცედურაა და, წესისამებრ, უსაფრთხოდ მიმდინარეობს ულტრაბგერითი კონტროლის ფონზე, მაგრამ იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა, ინფექცია, მეზობელი ორგანოების (ნაწლავის, შარდის ბუშტის, სისხლძარღვების) დაზიანება, ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებები.
ზოგჯერ ინ ვიტრო განაყოფიერებას თან ახლავს ძლიერი ემოციური სტრესი. განსაკუთრებით რთულია მოლოდინის პერიოდი, წარუმატებელი ციკლები, განმეორებითი პროცედურები, ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული ემოციური ფონი. გარდა ამისა, ხელოვნური განაყოფიერება საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა, ამიტომ პაციენტმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეაფასოს თავისი ჯანმრთელობისა და ფინანსური რესურსები.
მარი მარღანია











