ადრენალინის ტალღებზე - ჯომარდობა საქართველოსა და მსოფლიოში
გააზიარე:
წყალჯომარდობა (რაფტინგი) სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აზარტული სახეობაა. სიტყვა “ჯომარდი” ვაჟკაცურს, გულადსა და ხელგაშლილს ნიშნავს, რაც ზედმიწევნით გამოხატავს რაფტინგის სულისკვეთებას.
თანამედროვე ჯომარდობა გუნდური სპორტია _ მთის მდინარეებზე სპეციალური მრავალადგილიანი გასაბერი ნავით (რაფტით) დაშვება. ნავი ინსტრუქტორის მითითებებისამებრ ნიჩბებით იმართება.
ადამიანის მიერ მდინარის ჭორომების გახედვნის შესახებ პირველი წერილობითი ცნობა 1869 წლით თარიღდება. რაფტინგის ერთ-ერთ პიონერად ამერიკელი ჯონ უესლი პაუელი მიიჩნევა. მან ხის მძიმე ნავებით მდინარე კოლორადოსა და დიდ კანიონში პირველი საჯომარდო ექსპედიცია მოაწყო.
თანამედროვე რაფტინგის მამის ტიტულიც ამერიკელს _ ჯონ როკფელერ უმცროსს _ ეკუთვნის, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში ვაიომინგში, მდინარე სნეიკზე, ექსკურსიების მოწყობა გადაწყვიტა. მდინარეზე დაშვებისას უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს ტვირთის გადასაზიდად შექმნილი გასაბერი სამხედრო ნავები იქნა გამოყენებული. სწორედ ამ ინოვაციამ დაუდო სათავე კომერციულ რაფტინგს.
აღსანიშნავია რაფტინგის განვითარებაში ნათანიელ გალოუეის მიერ შეტანილი წვლილიც _ მან ნიჩბების გამოყენების ტექნიკა შეცვალა. თუ მანამდე რაფტერები დინებისკენ ზურგით ისხდნენ და დაბრკოლებებს ვერ ხედავდნენ, გალოუეის ტექნიკის დანერგვის შემდეგ მათ სახე დინებისკენ იბრუნეს, რამაც მანევრირება საგრძნობლად გააადვილა.
1972 წელს რაფტინგი როგორც საჩვენებელი სპორტი მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიაში შეიტანეს.
სირთულის მიხედვით მდინარეები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
I-II კატეგორია _ მშვიდი. იდეალურია დამწყებთათვის და საოჯახო ტურებისთვის.
III-IV კატეგორია _ საშუალო სირთულის. მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობასა და სწრაფ რეაგირებას.
V-VI კატეგორია _ ექსტრემალური და სახიფათო, მხოლოდ პროფესიონალებისთვის.
ჯომარდობა საქართველოში
საქართველოში რაფტინგის ძირითადი ლოკაციებია:
ფშავისა და მთიულეთის არაგვი - ეს ყველაზე პოპულარული მარშრუტია თბილისთან სიახლოვის გამო. იდეალურია დამწყებთათვის;
რიონი - ყველაზე წყალუხვი მდინარე დასავლეთ საქართველოში; აქ გვხვდება როგორც მარტივი, ისე ძალიან რთული მონაკვეთები;
მტკვარი, ძირითადად ბორჯომისა და ვარძიის მიმდებარედ;
ტეხური და ცხენისწყალი - მაღალი სირთულის გამო ექსტრემალების საყვარელი ადგილებია.
უსაფრთხოება და აღჭურვილობა
თუ დაიცავთ წესებს, ჯომარდობა უსაფრთხოა.
აუცილებელ აღჭურვილობაში შედის:
- ნიჩაბი;
- ჩაფხუტი;
- სამაშველო ჟილეტი _ აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, იცის თუ არა ადამიანმა ცურვა;
- ნეოპრენის ჰიდროკოსტიუმი _ იცავს ცივი წყლისგან და ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას;
- სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც სველ ზედაპირზე არ სრიალებს.
დრო
საქართველოში ჯომარდობის სეზონი, ჩვეულებრივ, აპრილის ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. მაის-ივნისის პერიოდში, თოვლის დნობის გამო, მდინარეების უმეტესობა წყალუხვი, ადიდებული და აგრესიულია. ზაფხულის ბოლოს წყლის დონე იკლებს და დაშვებაც მშვიდი და შედარებით უსაფრთხო ხდება.
ფასი
მდინარეზე დაშვება ჯგუფის სიდიდეზე, მარშრუტის სირთულესა და დამატებით სერვისებზეა (ტრანსპორტირება, კვება) დამოკიდებული.
ყველაზე ბიუჯეტურად და პოპულარულად ფშავისა და მთიულეთის არაგვი მიიჩნევა. ის II-III კატეგორიის სირთულისაა. აქ დაშვების ხანგრძლივობა 1,5-2 საათს შეადგენს და ფასი ერთ პერსონაზე 70-დან 120 ლარამდე მერყეობს.
მტკვარის (Bბორჯომი/ვარძია) სირთულის II-III კატეგორიას მიეკუთვნება და დაშვება აქაც 1,5-2 საათს გასტანს. საფასურში (80-100 ლარი) ხშირად ვარძიის უნიკალური კომპლექსის დათვალიერებაც შედის.
II-IV კატეგორიის რაჭა-ლეჩხუმის რიონზე დაშვების ხანგრძლივობა 2-3 საათს შეადგენს. ფასი ერთ პერსონაზე 120-დან 150 ლარამდეა.
ტეხურის (სამეგრელო) ხეობის რთული რელიეფი რაფტინგის შედარებით მაღალ ფასს _ 150-200 ლარს _ განაპირობებს. დაშვების ხანგრძლივობა 2-4 საათამდეა, სირთულის კატეგორია _ IV-V. ტეხურზე დაშვება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და ხშირად მხოლოდ წინასწარი დაჯავშნით და გამოცდილების მქონე ჯგუფებისთვის ეწყობა.
ნავის დაშვებისას მოჯომარდეთა მინიმალური რაოდენობა 4-6-ია. მარტო ან წყვილად დაშვების შემთხვევაში ფასი იზრდება.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ლოკაციები
მდინარე კოლორადო (აშშ)
დედამიწის ყველაზე ცნობილი ხეობის _ ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში მდებარე დიდი კანიონის _ გულში გამავალ მარშრუტს რაფტინგის მექად მოიხსენიებენ. კოლორადოზე ყოველწლიურად 22 000-ზე მეტი ადამიანი ეშვება. ნახევარი მილიარდი წლის უცნაური გეოლოგიური წარმონაქმნები, წითელი კლდეები და ლეგენდარული ჭორომები ამ ადგილებს რაფტერების ნომერ პირველ სამიზნედ აქცევს.
მდინარეზე სხვადასხვა სირთულის რამდენიმე მონაკვეთია:
უშუალოდ კანიონში (არიზონა) გამავალი მონაკვეთი ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. რაფტინგი აქ შესაძლოა 3-დან 18 დღემდე გაგრძელდეს. გაივლით მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჭორომებს და მილიონობით წლის წინანდელი კლდოვანი ფენების ხედებით დატკბებით.
კატარაქტის კანიონი იუტაში, კანიონლენდსის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ცნობილია ძლიერი, ე.წ. “ველური” ჭორომებით, განსაკუთრებით გაზაფხულზე, თოვლის დნობისას.
ვესტუოტერ კანიონი – ესეც იუტაში _ იდეალურია მათთვის, ვისაც მოკლე, ერთ-ორდღიანი მძაფრი თავგადასავალი სურს.
ნაპირზე შესვენების დროს შესაძლებელია მკვიდრი ამერიკელების დასახლებათა ნანგრევების დათვალიერება.
სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.
მსურველთა სიმრავლის გამო ტურები ერთი-ორი წლით ადრე იჯავშნება. ფასიც სოლიდურია _ 250-დან 7000 აშშ დოლარამდე მერყეობს, გააჩნია კანიონსა და რაფტინგის ხანგრძლივობას.
მდინარე ზამბეზი (ზიმბაბვე/ზამბია)
რაფტინგი ზამბეზიზე ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და სახიფათო, მაგრამ იმავდროულად დაუვიწყარი გამოცდილებაა.
თავგადასავალი პირდაპირ ჩანჩქერ ვიქტორიას ძირიდან, ე.წ. დუღაბის ქვაბიდან იწყება. აქ წყალი ვიწრო ხეობაში მიედინება და გიგანტურ ტალღებსა და მორევებს ქმნის.
მდინარე V კატეგორიის ჭორომებით არის ცნობილი. ეს გახლავთ ყველაზე მაღალი დონე, რომელიც კომერციული რაფტინგისთვის არის მიღებული. მშვიდი მონაკვეთების გავლისას ნიანგებთან შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია.
ყველაზე ცნობილი ჭორომებია The Overland Eater, The Gnashing Jaws of Death და Oblivion, სადაც ნავის ამოყირავების საფრთხე მაქსიმალურია.
ზამბეზის წყალი, კოლორადოსგან განსხვავებით, თბილია, ასე რომ, თუ ნავიდან გადავარდით (და ნიანგის კბილებსაც გადაურჩით), ჰიპოთერმია არ გემუქრებათ.
ზამბეზიზე წყალჯომარდობა პირდაპირ არის დამოკიდებული წყლის დონეზე. საუკეთესო თვეებია აგვისტო-იანვარი _ ამ პერიოდში ტალღები ყველაზე მაღალია. თებერვალ-ივლისში, მეტისმეტად ძლიერი დინების გამო, ზოგიერთი მონაკვეთი იკეტება.
ერთდღიანი ტურის ფასი 120-დან 160 აშშ დოლარამდე მერყეობს, მრავალდღიანი ექსპედიციებისა (2-6 დღე) კი _ 500-დან 1200-მდე (დამოკიდებულია ხანგრძლივობაზე).
მდინარე ფუტალეუფუ (ჩილე)
ჩილეში, ულამაზესი ალპური ბუნების ფონზე მოლივლივე კრისტალურად სუფთა, ზურმუხტისფერ ფუტალეუფუს პატაგონიის მარგალიტს უწოდებენ. მდინარე ანდების მყინვარებითა და ტბებით იკვებება. წყალი ისეთი სუფთაა, რომ მისი დალევა პირდაპირ მდინარიდან შეიძლება, თუმცა, როგორც ვიცით, სიფრთხილეს თავი არ სტკივა!
დაუჯერებელ სილამაზესთან ერთად ფუტალეუფუ ტექნიკური სირთულითაც ცნობილია. ჭორომები, მათ შორის ლეგენდარული თერმინატორ, Himalayas და Inferno, IV და V კატეგორიისაა. ნავიდან გადავარდნის შანსი დიდია.
ინფრასტრუქტურა სანიმუშოდ არის მოწყობილი _ აქაური მდინარისპირა ბანაკები (ღივერ ჩამპს) ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. რაფტინგის შემდეგ ტუროპერატორები დათოვლილი მწვერვალებით გარშემორტყმულ ჩანჩქერებიან ტყეებში ცხენით გასეირნებასა და თევზაობას შემოგთავაზებენ.
ლოჯისტიკური სირთულეების გამო რაფტინგი ჩილეში ძვირი სიამოვნებაა. ერთდღიანი ტური 150-250 აშშ დოლარი დაგიჯდებათ, 7-9 დღიანი ექსპედიცია _ 3500-5000. ტურის საფასურში ხშირად ბანაკში განთავსება და ცხელი აბაზანითა და საუნით სარგებლობაც შედის.
ფუტალეუფუზე წასვლას იმ რაფტერებს ვურჩევდით, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება.
მდინარე ნოჩე (იტალია)
ნოჩე ევროპის გულში, იტალიის ჩრდილოეთში, ტრენტინოს რეგიონის ვალ-დი-სოლეს (მზიანი ველი) ხეობაში მოედინება.
80 კმ სიგრძის მდინარე სათავეს ალპების მყინვარებიდან იღებს. National Geographic-მა ის რაფტინგისთვის საუკეთესო მდინარეების ათეულში შეიყვანა და ევროპის საუკეთესო საჯომარდო მდინარის ტიტული მიანიჭა.
წყალჯომარდობის ევროპელ მოყვარულთათვის იტალიაში ჩასვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე პატაგონიასა თუ არიზონაში. მით უმეტეს, აქაური სერვისი და ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტისაა და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია. ვალ-დი-სოლე ცნობილია კომფორტული რაფტინგ-ცენტრებით, რესტორნებით, ცხელი საშხაპეებითა და აუზებით. შესაძლებელია ჯომარდობის შეთავსება მთის ველოსიპედით გასეირნებასთან, დოლომიტის ალპებში ლაშქრობასთან, გასტრონომიულ ტურებთანაც კი.
მMოკლე (1.5-2-საათიანი) საჯომარდო ტურის ფასი 35-45 ევროა, კKლასიკურისა (15-20 კმ), რომელიც დაახლოებით 3 საათს გრძელდება _ 55-70 ევრო. გამოცდილი რაფტერებისთვის განკუთვნილი ყველაზე რთული მონაკვეთების გავლა 80-100 ევრო ღირს.
ნოჩე იდეალურია მათთვის, ვისაც ევროპული კომფორტისა და ნამდვილი ექსტრიმის შეთავსება სურს. აქაური ჭორომები, მაგალითად, Mეზზანა-ს მონაკვეთი, სადაც წყალჯომარდობაში მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება, ნებისმიერ პროფესიონალს დააკმაყოფილებს.
მდინარე განგი (ინდოეთი)
ინდოეთში რაფტინგის მთავარ ცენტრად მსოფლიოს იოგას დედაქალაქად წოდებული ქალაქი რიშიკეში მიიჩნევა.
განგზე ჯომარდობა გაცილებით იაფია, ვიდრე ზემოთ აღწერილ ლოკაციებზე, თუმცა მიმზიდველობით მათ არ ჩამოუვარდება. მMდინარის ნაპირებზე განლაგებული ტაძრები, აშრამები (მონასტრის მსგავსი განმარტოების ადგილები, სადაც ადამიანები იოგაში, მედიტაციასა და სულიერ განვითარებაში ხარჯავენ დროს) და ჰიმალაების ულამაზესი ხედები განგზე დაშვებას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.
მდინარე რამდენიმე მონაკვეთად იყოფა:
Brahmpuri-Rishikesh (9 კმ) ყველაზე მარტივი, I-II კატეგორიისაა და იდეალურია ბავშვებიანი ოჯახებისა და დამწყებთათვის. ფასი: 8-12 აშშ დოლარი.
Shivpuri-Rishikesh (16 კმ) ყველაზე პოპულარული, III კატეგორიის მარშრუტია. აქ ცნობილ ჭორომებს _ ღოლლერ ჩოასტერ-ს და Gოლფ ჩოურსე-ს გაივლით. ფასი: 12-18 აშშ დოლარი.
Marine Drive-Rishikesh (26 კმ) III+ კატეგორიის, რთული და დამღლელი მონაკვეთია. ფასი: 18-30 აშშ დოლარი.
Kaudiyala-Rishikesh (35 კმ) მხოლოდ გამოცდილებისთვის არის განკუთვნილი. აქ მდებარეობს IV კატეგორიის ცნობილი ჭორომი თჰე ჭალლ. ფასი: 30-40 აშშ დოლარი.
რაფტინგს ხშირად თან ახლავს კემპინგი -მდინარის პირას გაჩერება დასვენებისა და განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა.
დაშვებისთვის საუკეთესო დრო სექტემბრის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდეა. სეზონის პიკი მარტი-მაისის პერიოდზე მოდის _ ამ დროს ამინდი იდეალურია. ივლის-სექტემბრის პერიოდში, მონსუნების სეზონზე, როდესაც ქარები მიმართულებას იცვლის, წყლის დონე კრიტიკულად იმატებს და რაფტინგი იკრძალება.
კაიტუნა (ახალი ზელანდია)
ეს მიხვეულ-მოხვეული მდინარე როტოიტის ტბიდან გამოედინება და პლენტის ყურეს ერწყმის. მთავარი კი ის არის, რომ კაიტუნაზე მდებარეობს შვიდმეტრიანი ჩანჩქერი ტუტეა (Tutea Falls), რომელზეც ნებადართულია კომერციული რაფტინგი.
მთელი მსოფლიოს ექსტრემალური რაფტინგის მოყვარულები აქ იყრიან თავს, რათა განუმეორებელი ვარდნა განიცადონ _ ნავი ჩანჩქერიდან თითქმის ვერტიკალურად ეშვება, წამიერად იძირება წყალში და შემდეგ ისევ ზედაპირზე ამოდის…….
მდინარე ვიწრო, ტროპიკული ტყით დაფარულ ხეობაში მიედინება. კაიტუნაზე ტუტეას ჩათვლით სულ სამი ჩანჩქერია. ისინი ერთმანეთთან მშვიდი დინების აუზებით არიან დაკავშირებული, რაც რაფტერებს ამოსუნთქვისა და ამოყირავებული ნავის გასწორების საშAუალებას აძლევს.
მაორებისთვის (ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა) კაიტუნა წმინდა მდინარეა. ტურის დაწყებამდე გიდები მის შესახებ ლეგენდებს ჰყვებიან და პატივისცემის ნიშნად მოკლე რიტუალს ან ლოცვას აღასრულებენ.
ტურის ხანგრძლივობა 50-60 წუთია, ფასი კი 65-85 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. დაშვება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
მდინარე პაკუარე (კოსტა-რიკა)
თავბრუდამხვევი ჭორომებისა და წარმოუდგენელი ბიომრავალფეროვნების გამო National Geographic-მა პაკუარე მსოფლიოს საუკეთესო სარაფტინგო მდინარეების ხუთეულში შეიყვანა.
ველურ ბუნებაში რაფტინგის დროს ეგზოტიკურ ფრინველებთან (ტუკანებთან, ტროპიკულ ჭრელ თუთიყუშებთან) და ცხოველებთან (მაიმუნებთან, ზარმაცებსა და იაგუარებთან) მოგიწევთ შეხვედრა, პირდაპირ პაკუარეში ჩამდინარე გიგანტური ჩანჩქერები კი ხელუხლებელი ბუნების სიდიადეს არასადეს დაგავიწყებთ.
წყალჯომარდობის მოყვარულებს პაკუარე III-IV კატეგორიის ჭორომებს სთავაზობს. განუმეორებელია Huacas Falls-ი: ამ ადგილას ვიწრო კლდეებს შორის მიმავალ მდინარეში ორივე მხრიდან ორმოცდაათმეტრიანი ჩანჩქერები მოჩქეფს.
30-კილომეტრიან მარშრუტზე 50-ზე მეტი ჭორომია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოიცლით.
კოსტა-რიკა ცნობილია მაღალი დონის ეკოტურიზმით. ერთდღიანი ტურის ღირებულება, რომელშიც სან-ხოსედან ტრანსპორტირება და ჯუნგლებში სადილიც შედის, 100-130 აშშ დოლარია, ორ-სამდღიანი კი 400-600 აშშ დოლარი ღირს.
რაფტინგისთვის საუკეთესო დროდ მაისი-ნოემბერი (წვიმიანი სეზონი) მიიჩნევა. მშრალ სეზონზე (დეკემბერი-აპრილი) მდინარე უფრო მშვიდია და სუფთა.
ირაკლი კარტოზია









