ვალერიან კვერენჩხილაძე — ექიმი, რომელმაც ეპოქის ქარტეხილებს გაუძლო

გააზიარე:

მუდამ მოღიმარი, ენერგიული და საოცრად თბილი — ასე ახასიათებდნენ თანამედროვეები ქართველ ქირურგს, პროფესორ ვალერიან კვერენჩხილაძეს, კაცს, რომელსაც მტკიცე ხასიათმა და მედიცინის სიყვარულმა მრავალი დაბრკოლება გადაალახვინა.

დიდი ექიმისა და მეცნიერის ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების ამსახველი წყაროები და ფოტომასალა საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მოგვაწოდა.

რთული დასაწყისი

1902 წლის 10 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხორეთში კონსტანტინე და მარიამ კვერენჩხილაძეებს მერვე შვილი — ვალერიანი შეეძინათ. მშობლები დღედაღამ შრომობდნენ, მაგრამ მრავალშვილიან ოჯახს მაინც ძალიან უჭირდა. სახნავ-სათესი მიწის სიმცირემ ცოლ-ქმარს მშობლიური სოფლის მიტოვება და სუფსაში გადასახლება აიძულა, თუმცა სიღარიბეს ვერც იქ დააღწიეს თავი.

მიუხედავად გაჭირვებისა, კონსტანტინე ლუკმას იკლებდა, რომ შვილებისთვის განათლება მიეცა. სუფსის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულებისთანავე ვალერიანი ფოთის გიმნაზიაში ჩაირიცხა, მისი დამთავრების შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გაემგზავრა და ახალგახსნილი უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა.

სტუდენტობის წლები

თბილისში ვალერიანს საკუთარი შრომით უწევდა თავის რჩენა. სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელსაც იმხანად მიხეილ ასათიანი ხელმძღვანელობდა. ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდა ყურადღებით აკვირდებოდა დიდი კლინიცისტის საქმიანობას. სწორედ მისგან ისწავლა ავადმყოფის მოვლა და პაციენტთან ურთიერთობის ფსიქოლოგია.

ვალერიან კვერენჩხილაძეს განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა თანაკურსელ ილია ჩხაიძესთან, შემდგომში ცნობილ ოტორინოლარინგოლოგთან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის პირველ წლებში ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები სულ რამდენიმე დისციპლინაში არსებობდა, რუსული პროფესიული ლიტერატურა კი ძნელად იშოვებოდა. სტუდენტები უმეტესად იწერდნენ ლექციებს. ვინაიდან ილია ფარმაცევტად მუშაობდა, ვალერიანი კი — ექთანად, ძალაუნებურად უწევდათ ლექციების გაცდენა, მაგრამ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ხან ერთი ესწრებოდა ლექციას, ხან მეორე, მორიგეობით იწერდნენ სალექციო მასალას და შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ.

სტუდენტობის დროინდელი მეგობრები იგონებდნენ, რომ ვალერიანი ფართო ინტერესებით, კარგი მეხსიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, წუთს არ კარგავდა უქმად, თავაუღებლივ მეცადინეობდა, არდადეგებზე კი სოფელში ჩადიოდა და უკვე ასაკში შესულ მშობლებს მეურნეობაში ეხმარებოდა. მოგვიანებით პროფესორი ამბობდა, რომ მისი უშრეტი ენერგიის საიდუმლო ის ფიზიკური შრომა იყო, რომელსაც ბავშვობიდან მიეჩვია.

სტუდენტობის პერიოდშივე ვალერიან კვერენჩხილაძეს დიდი ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს: პირველ მსოფლიო ომში დაეღუპა უფროსი ძმა, მეორე ძმა სარკინიგზო კატასტროფამ იმსხვერპლა, სამი და ზედიზედ გამოასალმა სიცოცხლეს ავადმყოფობამ. დარდმა საბოლოოდ გატეხა მშობლები, ვალერიანს კი ჯაფა და პასუხისმგებლობა მოემატა. სწავლასა და მძიმე შრომაში გადიოდა წლები...

მომავალი მეუღლე, ნინო თოდრია, ვალერიან კვერენჩხილაძემ უნივერსიტეტში გაიცნო. სამკურნალო ფაკულტეტის ნიჭიერი სტუდენტი, შემდგომში წარმატებული გინეკოლოგი, ვალერიანის უახლოესი მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი გახდა.

1928 წელი ვალერიანისა და ნინოს ცხოვრებაში გამორჩეული აღმოჩნდა: ვალერიანმა ექიმის დიპლომი აიღო და წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა.

პირველი ნაბიჯები

ვალერიან კვერენჩხილაძე განაწილებით რაჭა-ლეჩხუმში მიავლინეს. ამბროლაური იმ დროს პატარა, მოუწყობელი, ღარიბი დასახლება იყო. აღმოჩნდა, რომ თორმეტი უბნიდან ხუთში ექთანიც კი არ ჰყავდათ. ახალგაზრდა ექიმს სიხარულით შეხვდნენ და ნიკორწმინდის საექიმო პუნქტის გამგედ დანიშნეს.

ნოემბრის სუსხიან დღეს მსუბუქად შემოსილი ახალგაზრდა ექიმი ცხენით გაემგზავრა ნიკორწმინდისკენ და შუაღამისას, გათოშილმა და არაქათგამოლეულმა, ძლივს მიაგნო საექიმო პუნქტს.

მეორე დღეს ვალერიანი დილაადრიან შეუდგა ავადმყოფთა მიღებისთვის მზადებას, თან ნატრობდა, ნეტავ დღეს არავინ მოვიდეს, იქნებ რეცეპტურული ცნობარისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადავლება მოვასწროო... რაჭაში გადაადგილება იმ დროს ადვილი არ იყო: ქუთაისიდან ონამდე მანქანა ძლივს აღწევდა, სოფლებს შორის მიმოსვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენით იყო შესაძლებელი.

საბრძოლო ნათლობა იმავე დღეს მიიღო: მძიმე ავადმყოფთან მიიწვიეს, მაგრამ გაუკვალავ თოვლში ცხენით სიარული შეუძლებელი აღმოჩნდა და პირველი პაციენტის სანახავად ახალგაზრდა ექიმს ფეხით მოუხდა წასვლა.

საექიმო პუნქტის გატიხრულ ხის შენობაში ერთი ოთახი ავადმყოფების მისაღები იყო, მეორე — ექიმის საცხოვრებელი. იქვე ტარდებოდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებიც: ჭრილობების დამუშავება, ნაკერების დადება, აბსცესების გაკვეთა, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების რეპოზიცია.

მისაღებში ქირურგიული მაგიდა იდგა. ინსტრუმენტების სტერილიზაცია ნავთქურაზე, მდუღარე წყლის საშუალებით ხდებოდა, ხოლო სახვევი მასალა გასასტერილებლად სპეციალური ყუთებით რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში იგზავნებოდა.

ორი წლის შემდეგ ვალერიან კვერენჩხილაძეს ამბროლაურის რაიონული საავადმყოფოს გამგის თანამდებობა ჩააბარესB. ორმოცდაათსაწოლიანი საავადმყოფო-პოლიკლინიკა ნათავადარისთვის ჩამორთმეულ შვიდოთახიან სახლში იყო განთავსებული. ემსახურებოდა სამი ექიმი: ვალერიან კვერენჩხილაძე, თერაპევტი დავით გვაზავა და გინეკოლოგი ნინო თოდრია, — ექიმის თანაშემწე, ხუთი ექთანი და ექვსი სანიტარი.

გრიგოლ მუხაძის მოსწავლე

1934 წელს ამბროლაურს პროფესორი გრიგოლ მუხაძე ესტუმრა. ცნობილ ქირურგს წესად ჰქონდა, რეგიონებში მომუშავე ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები გაეცნო, შეეფასებინა მათი პოტენციალი და პროფესიულ ზრდა-განვითარებაში დახმარებოდა. ვალერიან კვერენჩხილაძემ უმალვე მიიპყრო მისი ყურადღება. რუხაძემ ახალგაზრდა ქირურგს თავის კლინიკაში მუშაობა შესთავაზა და თბილისში წაიყვანა.

კლინიკაში მუშაობის პერიოდში ვალერიან კვერენჩხილაძე გაეცნო ახალგამოცემულ წიგნებს ქირურგიაში და დახვეწა თავისი ოპერაციული ტექნიკა. ამავე წლებში დაამუშავა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "საზარდულის თიაქრები, მათი მკურნალობა და შორეული შედეგები".

1941 წლის დასაწყისში გრიგოლ მუხაძის კლინიკას გამოეყო პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრა. გამგედ პროფესორი ეგნატე ფიფია აიჩიეს, კათედრის ასისტენტად კი ვალერიან კვერენჩხილაძე. იმავე წლის 23 ივნისს, ღამის 3 საათზე, კლინიკაში მორიგეობის დროს, ახალგაზრდა ექიმმა მიიღო ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

საველე ჰოსპიტლის მთავარი ქირურგის ხელში ათასობით დაჭრილმა გაიარა. უმეტესობას მან თავად გაუკეთა ოპერაცია. თავს არ ზოგავდა, რომ დაჭრილების მოვლისა და მკურნალობისთვის საუკეთესო პირობები შეექმნა. დიაგნოზის დასმისას იშვიათად ცდებოდა.

1946 წელს პოდპოლკოვნიკი ვალერიან კვერენჩხილაძე დემობილიზებულ იქნა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ის ძველ სამსახურს დაუბრუნდა. მცირე ხნის შემდეგ კათედრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ეგნატე ფიფიამ, გულმკერდის ქირურგიის შესასწავლად მოსკოვში მიავლინა. იქ, ცნობილი მეცნიერის, პროფესორ ვლადიმირ კაზანსკის კლინიკაში, დაამუშავა დისერტაციის თემა — “ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური პროცესები”. ამ ნაშრომისთვის ვალერიან კვერენჩხილაძეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1950 წელს პროფესორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ აირჩიეს, ოთხი წლის შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს მთავარი ქირურგი გახდა. ამ პოსტზე მან საქვეყნოდ ცნობილი ქართველი დასტაქარი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ანთელავა შეცვალა.

მუცლის მწვავე ქირურგიული დაავადებების დროს მკურნალობის შედეგების გასაუმჯობესებლად ვალერიან კვერენჩხილაძემ ახალი წესი შემოიღOო: მუცლის ღრუს ორგანოების ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების დისპანსერულ აღრიცხვაზე აყვანა და გამოვლენილ ავადმყოფობათა გეგმური მკურნალობის დასანერგავად ბრძოლა დაიწყო. უკრაინის სსრ მთავარმა ქირურგმა, პროფესორმა მიხაილ კოლომიიჩენკომ, ეს პრინციპი მალე თავის რესპუბლიკაშიც დანერგა.

სამეცნიერო, პედაგოგიური და ადმინისტრაციული საქმიანობის პარალელურად ვალერიან კვერენჩხილაძე ოპერაციებსაც ატარებდა და პრაქტიკულ ქირურგიას თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მოიხსენიებდა.

უკანასკნელი წლები

ვალერიანს და ნინოს სამი ქალიშვილი ჰყავდათ: ლეილა, ცისანა და ნატო. ისინი ზრდიდნენ ვალერიანის გარდაცვლილი და-ძმის შვილებსაც. ნინოს ძალიან უყვარდა შვილობილები და დიდი მზრუნველობით უვლიდა. დღესასწაულებზე კვერენჩხილაძეების დიდი ოჯახი ერთად იკრიბებოდა, შესანიშნავი მუსიკალური გემოვნებისა და სმენის მქონე მამა-შვილების ოჯახური "ანსამბლი" სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა.

ვალერიან კვერენჩხილაძე 1985 წლის 8 იანვარს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

მარი მარღანია

გააზიარე: