გიორგი ონიანი ― ქართველი ტენორი მსოფლიოს ელიტურ სცენებზე

გააზიარე:

საოპერო ხელოვნება ელიტური, განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მხოლოდ რჩეულები აღწევენ. ტენორი გიორგი ონიანი იმ გამორჩეულ ხელოვანთაგანია, ვისი კარიერაც სამშობლოდან შორს, დიდ სცენაზე განვითარდა. თავად მომღერალი საკუთარ წარმატებას ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად შინაგან თავისუფლებასა და პასუხისმგებლობიანობასაც უმადლის.

სვანეთის მთებიდან ევროპის წამყვან საოპერო თეატრებამდე გზა ადვილი არ ყოფილა. დღეს გიორგი ონიანი მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მღერის და მიაჩნია, რომ მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.

მიზნები, რომლებიც ოცნებებს დაემთხვა

― არასოდეს ვყოფილვარ მეოცნებე, უფრო იმას ვიტყოდი, რომ მიზანდასახული ადამიანი ვარ. ჩემი ოცნებები და მიზნები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩემი პროფესიის მთავარი ხიბლი ის არის, რომ უცხოეთში ვარ არა მხოლოდ მომღერალი, არამედ საქართველოს არაოფიციალური ელჩიც. როცა 1600-მდე სპექტაკლში გიმღერია და მილიონობით ადამიანს მოუსმენია შენთვის, გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, შენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინო.

სვანეთიდან დიდ სცენამდე

გიორგი ონიანი სვანეთში გაიზარდა, სადაც ვოკალის მასწავლებელი მიუწვდომელი ფუფუნება იყო. მიუხედავად ამისა, ბავშვობიდანვე გრძნობდა იმ შინაგან მუხტს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენდა თავს ― ტელევიზორში ნანახ მომღერლებს ბაძავდა და გასაოცარი სიზუსტით იმეორებდა ურთულეს საოპერო არიებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ სფეროში აღმოჩნდა, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიუწევდა გული:

― არსებობს ჩინური ანდაზა: "თუ გინდა, რომ არ იმუშაო, აკეთე საყვარელი საქმე". მეც სწორედ ასე დამემართა, თუმცა სცენაზე შემთხვევითობის წყალობით მოვხვდი: უნივერსიტეტის "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში" კვარტეტ "ოთხი გიას" მომღერალმა გია ნაცვლიშვილმა შემამჩნია, შენი ხმის ტემბრი ღვთის საჩუქარიაო, მითხრა და ცნობილ ტენორთან ნუგზარ გამგებელთან მიმიყვანა. ეს იყო მომენტი, რომელსაც ქვეცნობიერად ალბათ მთელი ბავშვობა ველოდი...

"ოტელო" და ტრიუმფი "ლა სკალაში"

― არასოდეს დამავიწყდება "ლა სკალაში" გამართული კონცერტი. ბოლო ნომრად "ნესუნ დორმა" ვიმღერე (ტენორის არია პუჩინის ოპერიდან “ტურანდოტი” ― ავტ.). წარმოიდგინეთ, ორი ათასი კაცი ფეხზე დგება და "ბისს" გაიძახის. დირიჟორმა გამომხედა: გაიმეორებო? რომც მოვკვდე, გავიმეორებ-მეთქი. გაოცდა ― აღმოჩნდა, რომ მის პრაქტიკაში ამ სცენაზე ეს არია ზედიზედ ორჯერ არავის შეუსრულებია. დარბაზში იტალიური ენის ქართველი პროფესორი მარიეტა ჩიხლაძე იმყოფებოდა. მისი ცრემლები და სიტყვები: "ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ", ― ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასი იყო.

აღიარებს, რომ ოპერა შეიცვალა ― ის აღარ არის მხოლოდ სიმღერა. თანამედროვე რეჟისურა დრამატულ თამაშს მოითხოვს, ამიტომ დღეს არტისტიზმი ვოკალურ მონაცემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მის რეპერტუარში მრავალი რთული პარტიაა: “ჯამბაზები”, “ტოსკა”, “აიდა”, “ბალ-მასკარადი”... ბოლოდროინდელი დებიუტი "ოტელოში" მისთვის, როგორც თავად ამბობს, ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა:

– ტენორისთვის ოტელოს როლი იგივეა, რაც მთამსვლელისთვის ― ევერესტი. "ოტელომ" საკუთარ თავში ახალი რესურსები აღმომაჩენინა. რაც შეეხება პარტნიორებს, გეტყვით, რომ სცენა დოღივითაა. თუ ცხენს კონკურენტი არ ჰყავს, სისწრაფეს ვერ კრეფს. სცენაც ასევეა ― ნამდვილი ემოციური მუხტი მაშინ ღვივდება, როდესაც შენ გვერდით საუკეთესო პარტნიორი დგას.

ევროპული გამოცდილება და ქართული ფესვები

– იტალიაში სამი წელი ვიცხოვრე, მერე გერმანიაში გადავედი. ეს ორი ქვეყანა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. იტალია სამხრეთული ტემპერამენტით საქართველოს ჰგავს, გერმანია კი თავისი პუნქტუალობითა და კანონმორჩილებით გამორჩეულად კომფორტულია საცხოვრებლად. მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ქართველი ვარ. ჩემი მშობლები 56 წლის განმავლობაში სოფლის სკოლის პედაგოგები იყვნენ. დღემდე სვანეთში ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ შვილები ზოგი თბილისში, ზოგი ბარსელონაში ვეპატიჟებით საცხოვრებლად. ყოველ ზაფხულს ხუთივე და-ძმა სვანეთში ვიკრიბებით და ეს დღეები ჩემთვის ენერგიის მთავარი წყაროა.

მტკივნეული თემაა ენა ― ჩემი შვილიშვილები უცხოეთში იზრდებიან და ქართულად ვერ ლაპარაკობენ. გული მწყდება. ვცდილობ, სამშობლოსთან კავშირი არ დაკარგონ.

– თქვენს ოჯახში ინახება ნივთი, რომელიც პაბლო პიკასოს სახელს უკავშირდება...

– ბონში ცხოვრობდა პიკასოს ბიძაშვილი, იტალიური ენის მასწავლებელი, რომელმაც პიკასოს ოჯახის კუთვნილი საშაქრე მე მიანდერძა. ჩემთვის ეს უძვირფასესი რელიკვიაა, ისევე როგორც ბებიაჩემის ბებიის ნაქონი მაკრატელი, რომელსაც დღემდე ვიყენებთ, ქალის მოვერცხლილი უნაგირი და ვერცხლის ქამარი.

სცენის დისციპლინა

უყვარს სიმეტრია და წესრიგი. მკაცრად იცავს დისციპლინას, განსაკუთრებით ― სპექტაკლის წინა დღეს: ტელეფონს თიშავს და არავის ელაპარაკება, რომ ყელი დაასვენოს და სცენიდან მისი ხმა იდეალურად ჟღერდეს. როგორც თავად ამბობს, სცენაზე ყოველდღიურად უნდა ამტკიცო, რომ იქ დგომას იმსახურებ.

ჰობი

ჭადრაკი მისთვის არა მხოლოდ გართობა, არამედ გონების ვარჯიშიცაა. რამდენიმე ათეული როლის უცხო ენებზე დამახსოვრება დიდ ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს, ჭადრაკი კი გონების სიფხიზლის შენარჩუნებაში მეხმარებაო, ამბობს.

კულინარია მისი კიდევ ერთი გატაცებაა. შინ კერძის მომზადებას არავის ანდობს. ხშირად თავადაც იგონებს ახალ-ახალ კერძებს.

― საქართველოში ხშირად დავდივარ სათევზაოდ. ბუნებასთან ურთიერთობა საოცარი ძალით მავსებს. როდესაც, გერმანიაში დაბრუნებულს, ტკბილი ძილი მენატრება, ამ მომენტებს ვიხსენებ, კადრებად შემონახულ ბედნიერებას ხელმეორედ განვიცდი და დიდხანს ვიკვებები ამ გრძნობით.

― რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი?

― მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ.

მიუღწეველი არაფერია

― ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ შევძელი სვანეთის პატარა სოფლიდან ჩამოსულმა ბიჭმა მსოფლიოს საუკეთესო თეატრების სცენებზე თავის დამკვიდრება. პასუხი დღემდე არ მაქვს, თუმცა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მიუღწეველი არაფერია. მინდა, მაგალითი ვიყო მათთვის, ვინც ზრდასრულ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს.

― რა არის თქვენი როგორც ხელოვანის მთავარი სათქმელი?

― ხელოვნებამ ადამიანი თანამედროვე ქაოსს უნდა მოსწყვიტოს და სხვა სამყაროში ამოგზაუროს. სანამ მაყურებელი ოვაციებით მხვდება და "ბრავოს" ძახილით მაცილებს, მიმაჩნია, რომ ჩემს მისიას ვასრულებ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: