პლანშეტი და ყურადღების კონცენტრაცია

გააზიარე:

დიდი ხანია, პლანშეტი სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად და წერისთვის, კითხვისთვის, ინფორმაციის ძიებისა თუ ინტერაქციული სწავლისთვის აუცილებელ ინსტრუმენტად იქცა, თუმცა გაჩნდა ახალი გამოწვევაც: ყურადღების გაფანტვა.

ბავშვი იღებს პლანშეტს დავალების შესასრულებლად და რამდენიმე წამში უჩნდება ცდუნება, თამაშზე ან სხვა გასართობზე გადაერთოს.

მაშ, რა ხდება: ეხმარება პლანშეტი ბავშვებს სწავლაში თუ, პირიქით, ხელს უშლის?

როდის არის პლანშეტი ნამდვილად სასარგებლო

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ პლანშეტი თავისთავად არ არის უარყოფითი მოვლენა. ის მართლაც ამარტივებს სწავლის პროცესს. ბავშვებისთვის, რომლებსაც ტრადიციული მეთოდებით სწავლა უჭირთ, შესაძლოა, პლანშეტი ინფორმაციის მიღების უფრო ხელმისაწვდომ საშუალებად იქცეს. ინტერაქციული აპლიკაციები და სწრაფი უკუკავშირი ხშირად ამარტივებს რთული საკითხების გაგებას.

ამასთან, პლანშეტი იმ რეალობასაც ასახავს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან. ციფრული უნარები თანამედროვე სამყაროში უკვე აუცილებელია და მათი სწორად გამოყენების სწავლაც განათლების ნაწილია.

ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის, უნდა იყოს თუ არა დაშვებული პლანშეტით სარგებლობა გაკვეთილზე ― მთავარია, როგორ გამოიყენებს მას ბავშვი.

პრობლემა ყურადღებაა და არა ნივთი

პლანშეტთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა ყურადღების კონცენტრაციაზე მისი გავლენაა. გაჯეტი უზომოდ მიმზიდველია ბავშვისთვის სწრაფი ვიზუალური სტიმულატორებით, მარტივი ჯილდოებით, უსასრულო კონტენტით ― ყველაფერ იმით, რაც ტვინს მუდმივ სტიმულაციას აჩვევს.

სასწავლო გარემოში კი ხშირად საჭიროა მოთმინება, ძალისხმევა და კონცენტრაცია იმ დავალებებზე, რომლებიც ყოველთვის არ არის საინტერესო.

ამ ორ სამყაროს შორის წარმოიშობა დაძაბულობა. პლანშეტი ბავშვებს მარტივ გამოსავალს სთავაზობს და დროთა განმავლობაში ბავშვი იწყებს სწავლის აღქმას პროცესად, რომელიც დინამიკური და ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს. რეალურად კი ასე არ არის.

კი მაგრამ, სკოლაში რომ სჭირდებათ?!

ბევრი მშობლისთვის ეს ნამდვილი დილემაა: ერთი მხრივ, სკოლა მოითხოვს პლანშეტის გამოყენებას; მეორე მხრივ, მშობელი ხედავს, რა ადვილად ეფანტება ბავშვს ყურადღება გაჯეტის ხელში აღებისას.

აქ უნდა განვასხვაოთ ორი რამ: ხელმისაწვდომობა და ჩვევა. შესაძლოა, ბავშვს ნამდვილად სჭირდებოდეს პლანშეტი სწავლისთვის, მაგრამ, იმავდროულად, სჭირდება სწორი გამოყენების უნარებიც. ამ უნარების გარეშე პლანშეტი სწრაფად იქცევა გასართობ საშუალებად, რომელიც ბავშვს სწავლაში მხოლოდ ხელს შეუშლის.

რა ხდება შესვენების დროს

ბევრი ჩივის, რომ გაკვეთილზე თუ პლანშეტის გამოყენება კონტროლდება, შესვენებაზე ბავშვს უკონტროლოდ შეუძლია მისი გამოყენება.

შესვენებას თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ეს არის დრო, როცა ტვინი ისვენებს, გადაამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და ემზადება მომდევნო აქტივობისთვის. როცა ბავშვი ამ დროსაც ეკრანთან ატარებს, ტვინი ვერ ისვენებს, ისევ სტიმულაციის რეჟიმში რჩება.

ამან შესაძლოა გაართულოს გაკვეთილზე დაბრუნება და ყურადღების კონცენტრაცია. ამასთან, ეკრანი ხშირად ანაცვლებს სხვა მნიშვნელოვან გამოცდილებებს, მოძრაობას, თამაშს, სოციალურ ურთიერთობებს ან თუნდაც ოდნავ მოწყენას, რომელიც ხშირად წარმოსახვის განვითარების წყაროა.

ეს არ ნიშნავს, რომ შესვენებაზე ბავშვებს პლანშეტთან მიკარება ავუკრძალოთ, მაგრამ მისმა შეუზღუდავმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.

რა შეუძლია მშობელს

თანამედროვე ბავშვის დღის წესრიგიდან პლანშეტის სრულიად ამოღება არც რეალისტურია და არც აუცილებელი. უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვასწავლით ბავშვს მის გამოყენებას. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა გულახდილი საუბარი. არა აკრძალვის ენით, არამედ ისე, რომ ბავშვმა თავად დაიწყოს საკუთარი ქცევის გაცნობიერება.

შეგიძლიათ, დაუსვათ მარტივი კითხვები: "გრძნობ, რომ თამაშის შემდეგ ყურადღების მოკრება გიჭირს?" "როგორ ხარ, როცა შესვენებაზე ეკრანს არ იყენებ?"

ასეთი საუბრები ბავშვს საკუთარი გამოცდილების გააზრებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია წესების ჩამოყალიბებაც იმის შესახებ, როდის გამოიყენება პლანშეტი სწავლისთვის და როდის ― გასართობად. ეს განსხვავება ბავშვს უკეთ დაანახებს გაჯეტის დანიშნულებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ალტერნატივის შეთავაზება. სპორტული თამაშები, სამაგიდო თამაშები, გორგოლაჭებით სრიალი ან ველოსიპედით ქროლა, მეგობრებთან ურთიერთობა ― ეს ყველაფერი დადებით გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და ემოციურ ბალანსზე.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითიც. ბავშვი აკვირდება, როგორ იყენებს მშობელი საკუთარ მოწყობილობას. თუ სმარტფონი თავადაც მუდმივად ხელში გიჭირავთ, ბავშვი ვერ გაიგებს, რატომ უნდა შეზღუდოს ეკრანთან გატარებული დრო.

ბალანსის პოვნა

იქ, სადაც პლანშეტის გამოყენებაზე მსჯელობენ, ხშირად ორი უკიდურესობა ეჯახება ერთმანეთს: ზოგი მთელი არსებით ემხრობა მის გამოყენებას, ზოგი კი სასტიკად უარყოფს.

ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია: პლანშეტს ნამდვილად შეუძლია სწავლაში დახმარება, მაგრამ მისი არასწორი გამოყენებით შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს ყურადღების კონცენტრაციას.

დროის ლიმიტის დაწესება მნიშვნელოვანია, თუმცა აქაც ბალანსის პოვნაა საჭირო. აკრძალვაზე გაცილებით ეფექტურია წინასწარ შეთანხმებული დროის ჩარჩო, მაგალითად, რამდენ ხანს შეიძლება პლანშეტის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის და რამდენ ხანს ― გასართობად. როცა ბავშვი წესების შექმნაში თავადაც მონაწილეობს, უფრო ადვილადაც იღებს და ემორჩილება მათ.

მნიშვნელოვანია ეკრანთან გატარებული დროის ხარისხიც. ერთია, როცა ბავშვი რამდენიმე წუთის განმავლობაში იყენებს პლანშეტს კონკრეტული დავალებისთვის და სრულიად სხვა ― როცა ის დიდხანს უზის გასართობ კონტენტს, ამიტომ სასარგებლოა ეკრანთან მუშაობის შემდეგ შესვენების ჩვევის დანერგვაც: ეკრანის გარეშე გატარებული რამდენიმე წუთი ეხმარება ბავშვს, აღიდგინოს ყურადღების კონცენტრაცია და დაუბრუნდეს სწავლას.

პლანშეტი უკვე სასწავლო გარემოს ნაწილია და, დიდი ალბათობით, მომავალშიც ასე დარჩება, ამიტომ მთავარი კითხვაა ის, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მისი სწორად გამოყენება და არა ის, საერთოდ გამოიყენონ თუ არა.

როცა პლანშეტს სწორად ვიყენებთ, ის ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია, მაგრამ როცა ის ყურადღების კონცენტრაციას აქვეითებს, სწავლა რთულდება. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ეკისრება მშობელს ― არა როგორც მკაცრ კონტროლიორს, არამედ როგორც გზის მაჩვენებელს, რადგან ბავშვს არ სჭირდება მხოლოდ ტექნოლოგიის გამოყენების სწავლა - მას სჭირდება უნარი, თავად მართოს საკუთარი ყურადღება, ეს უნარი კი მომავალშიც გაუადვილებს ახალი გამოწვევების დაძლევას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: