ლიდერობა და დათმობა

Поделитесь:

თითქმის ყველა კლასშია ერთი პატარა, უხილავი ძალა – ბავშვი, რომლის სიტყვასაც სხვები ითვალისწინებენ. ის შესაძლოა არც ყველაზე აქტიური იყოს და არც ყველაზე ჭკვიანი, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდეს, რომ ჯგუფი მას გაჰყვეს. იქვე არიან ბავშვები, რომლებიც თითქოს უფრო ადვილად ექცევიან ამ გავლენის ქვეშ.

მშობლებისთვის ეს ხშირად დამაბნეველია: რატომ ხდება ასე და სად არის ჩვენი შვილი ამ სტრუქტურაში?

სიმართლე იმაზე გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ "ვინ არის ძლიერი" და "ვის აქვს მეტი გავლენა".

რა ნიშნავს გავლენა?

გავლენა არ ნიშნავს აუცილებლად ბრძანებების გაცემას – ხშირად ეს არის უნარი, რომ:

  • მოგისმინონ;
  • შენი აზრი უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს;
  • შენ გვერდით ყოფნა სასიამოვნო იყოს.

ასეთი ბავშვები ქმნიან პატარა სოციალურ ცენტრს, რომლის გარშემოც სხვები ბუნებრივად ერთიანდებიან.

რატომ ახერხებს ზოგი ბავშვი სხვებზე გავლენის მოხდენას?

პირველი, რაც უნდა ვთქვათ: ეს არ არის მხოლოდ ერთი თვისება. ეს არის რამდენიმე თვისებისა და უნარის კომბინაცია, რომელიც ხშირად ბუნებრივად ყალიბდება.

ერთ-ერთი მთავარი უნარია კომუნიკაცია.

ბავშვი, რომელსაც შეუძლია, ადვილად დაუახლოვდეს სხვებს, დაელაპარაკოს, ჩართოს თამაშში, ავტომატურად იქცევა ყურადღების ცენტრად. ეს აუცილებლად ბევრ და ხმამაღალ საუბარს არ ნიშნავს – ზოგჯერ საკმარისია სწორი ტონი, სწორი სიტყვები და სწორი მომენტი.

მეორე მნიშვნელოვანი თვისებაა თავდაჯერება. როცა ბავშვი არ ყოყმანობს და ამბობს: "მოდი, ასე ვქნათ", – სხვებისთვის ეს კომფორტულია. ჯგუფს ყოველთვის სჭირდება ადამიანი, რომელიც მიმართულებას მისცემს. როცა ამას თან ახლავს საკუთარი თავის მშვიდი რწმენა და არა აგრესია, გავლენა კიდევ უფრო იზრდება.

ძალიან საინტერესოა ემოციური ინტელექტიც. ზოგი ბავშვი საოცრად კარგად გრძნობს სხვების ემოციებს – ვინ არის მოწყენილი, ვინ უნდა ჩართოს აქტივობაში, ვის რა ესიამოვნება. ასეთი ბავშვი იზიდავს სხვებს და ეს უკვე გავლენის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმაა.

დაბოლოს, გამოცდილება. თუ ბავშვი ხშირად ხვდება სიტუაციაში, სადაც მის აზრს ითვალისწინებენ, ის სწავლობს, რომ მისი სიტყვა მუშაობს და უფრო თამამად იყენებს ამ უნარს.

რატომ ექცევა ზოგი ბავშვი სხვების გავლენის ქვეშ?

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ – ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი სუსტია.

ზოგი ბავშვი უბრალოდ უფრო დაკვირვებულია. მას ურჩევნია, ჯერ დააკვირდეს, მერე ჩაერთოს. ასეთ ბავშვებს ხშირად არ აქვთ შინაგანი საჭიროება, თავად მართონ პროცესები.

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს თავდაჯერების ნაკლებობა.

თუ ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მის აზრს არ იღებენ, ის უფრო ადვილად ეთანხმება სხვებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა ჯგუფში უფრო აქტიური ბავშვი ჩნდება.

ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდა.

ზოგი ბავშვი სხვას მიჰყვება იმიტომ, რომ ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. როდესაც გადაწყვეტილებას სხვა იღებს, მას პასუხისმგებლობის აღება აღარ უწევს.

ზოგჯერ კი ეს უბრალოდ ხასიათია – მშვიდი, მოქნილი, კონფლიქტების თავიდან ამრიდებელი.

რა ასაკში ყალიბდება ეს თვისებები?

პირველი ნიშნები უკვე ბაღის ასაკში, დაახლოებით 3–4 წლიდან იჩენს თავს. აქ უკვე ჩანს, ვინ იწყებს თამაშს და ვინ ერთვება. მაგრამ უფრო მკაფიოდ ეს თვისებები ვლინდება სკოლაში, იმ ასაკში, როცა ბავშვებისთვის მეგობრობა და ჯგუფში ადგილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ამ პერიოდში ისინი სწავლობენ:

  • როგორ მოიპოვონ ყურადღება;
  • როგორ შეინარჩუნონ ადგილი ჯგუფში;
  • როგორ მოერგონ სხვებს.

როგორ გავიგოთ, სად არის ჩვენი ბავშვი?

თუ თქვენი ბავშვი არის ის, ვინც ახდენს იდეების გენერირებას, სხვები კი მიჰყვებიან – მას უკვე აქვს გავლენის მოხდენის უნარი.

თუ უმეტესად ელოდება, რას იტყვიან სხვები, ადვილად ეთანხმება და იშვიათად იღებს ინიციატივას – ის უფრო მიმდევრის როლშია.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ ეს როლები ფიქსირებული არ არის. ერთი და იგივე ბავშვი ერთ გარემოში შესაძლოა ძალიან აქტიური იყოს, ხოლო მეორეში – უფრო მშვიდი.

როგორ მოიქცეს მშობელი?

თუ თქვენი ბავშვი ახერხებს სხვებზე გავლენის მოხდენას, უნდა დავეხმაროთ, ეს უნარი სწორად განივითაროს. ასეთ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ გავლენა არ ნიშნავს სხვების მართვას – ის ნიშნავს პასუხისმგებლობას, სხვების გათვალისწინებას და ზოგჯერ უკან დახევასაც. როცა ბავშვი ხვდება, რომ სხვისი აზრიც მნიშვნელოვანია, მისი გავლენა უფრო ჯანსაღი და მდგრადი ხდება.

თუ თქვენი ბავშვი უფრო ხშირად სხვების გავლენის ქვეშ ექცევა, მთავარ ამოცანად მის გადაკეთებას ნუ დაისახავთ – არ არის საჭირო, ყველა ბავშვი ლიდერი იყოს. მთავარია, მას ჰქონდეს საკუთარი ხმა.

აქ ძალიან კარგად მუშაობს პატარ-პატარა ყოველდღიური სიტუაციები – როცა ბავშვს ვეკითხებით აზრს, ვაძლევთ არჩევანს, ვაქებთ კონკრეტული ქცევისთვის, მას საკუთარი თავის რწმენა ემატება.

ბავშვს უნდა შეეძლოს არას თქმაც. არა კონფლიქტურად, არამედ მშვიდად და თავდაჯერებულად. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც მას მომავალშიც გამოადგება.

ბავშვთა ჯგუფში გავლენა და თანხმობა ბუნებრივი პროცესია. ეს არ არის ბრძოლა ძლიერსა და სუსტს შორის. ეს არის ურთიერთობის, ხასიათისა და გამოცდილების ჩამოყალიბების პროცესი.

ჩვენი, მშობლების მიზანი უნდა იყოს არა ბავშვის შეცვლა ან გადაკეთება, არამედ მისი გაძლიერება ისე, რომ ნებისმიერ გარემოში იყოს არა ზედმეტად დამთმობი ან მოძალადე, არამედ უბრალოდ საკუთარ თავში დარწმუნებული.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: