გაბრიელ გოკიელი – ექიმი, ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე

Поделитесь:

მისი სახელი დასავლეთ საქართველოში ყველამ იცოდა. გულისხმიერი ექიმი უფასოდ მკურნალობდა მოსწავლეებსა და ღარიბებს და ხშირად წამლის ფულსაც თავად აძლევდა. ერთხელ მასთან პატარა კოწია ერისთავი მიუყვანიათ. გაბრიელს გაუსინჯავს, დანიშნულება გამოუწერია, დაუიმედებია, მალე კარგად გახდებიო, გასამრჯელო კი არ აუღია. მის სათნოებასა და უანგარობას ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია პატარა პაციენტზე, რომ მიზნად დაუსახავს, გაბრიელ გოკიელივით სახელგანთქმული მკურნალი გამოსულიყო. წლების შემდეგ უკვე ცნობილი ქირურგი კონსტანტინე ერისთავი ამ შემთხვევას ხშირად ახსენებდა თავის უფროს კოლეგასა და მეგობარს.

ყრმობის წლები

გაბრიელ გოკიელი 1868 წლის 6 ნოემბერს ახალციხეში, ისტორიულ მესხეთში დაიბადა. მამამისს, იოსებ გოკიელს, განთქმულ ოქრომჭედელს, თურქეთსა და ირანშიც უვლია სავაჭროდ. იოსებ გოკიელის თანამედროვე, ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ თამარაშვილი წერდა: "საქართველოსა და თურქეთ-სპარსეთის გზაზე იოსები არაერთხელ შებმია ქართველი ტყვეების მიმტაცებლებს და თავისუფლება დაუბრუნებია გასაყიდად განწირული მრავალი ქართველისთვის".

იოსების მეუღლე, ელისაბედი, ახალციხეში სახელმოხვეჭილი გვარის, ფირალიშვილების, ჩამომავალი იყო. სასიამოვნო გარეგნობის დარბაისელი ქალბატონი მთელ დროს ოთხი ვაჟის აღზრდას უთმობდა. სამი მათგანი მამის კვალს გაჰყვა და დიდ წარმატებასაც მიაღწია, გაბრიელი კი ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა და ღობეებს ხშირად აჭრელებდა წარწერით: "აქიმი გაბო გოკიელი", – რისთვისაც არაერთხელ დაუტუქსავს მეზობლების ჩივილით დაღლილ დედას.

ახალციხეში იმ დროს მხოლოდ ერთი ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი იყო. მისი დასრულების შემდეგ გაბრიელი ოჯახთან ერთად ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა გიმნაზიაში განაგრძო. სანამ გოკიელები საბოლოოდ დაფუძნდებოდნენ ქალაქში, იოსებმა შვილი თავისი მეგობრის, ალექსი თოქმაჯიშვილის ოჯახში დააბინავა. სწორედ იქ გაიცნო გაბრიელმა თავისი მომავალი მეუღლე, მასპინძლის უფროსი ქალიშვილი ლიზა, რომელიც იმ დროს წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. ლიზა, ერთგული და მოსიყვარულე, სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ედგა ქმარს.

ახალგაზრდობა

1893 წელს, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაბრიელ გოკიელმა ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. იქ მრავალ ქართველ ახალგაზრდას დაუმეგობრდა და ძლიერი სათვისტომოც შექმნა. ერთხელ, არდადეგების შემდეგ, როდესაც თანაკურსელები ხარკოვში მატარებლით ბრუნდებოდნენ, ერთ-ერთ სადგურზე მათ ვაგონში ასულა შუახნის კაცი საექიმო ჩანთით ხელში. სტუდენტებს მწერალი ანტონ ჩეხოვი უცვნიათ, სიხარულით მიუღიათ და პატარა ქართული სუფრაც გაუშლიათ. გაბრიელი შემდგომაც ხშირად ხვდებოდა სახელგანთქმულ კოლეგას ექიმთა ყრილობებზე.

უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ გაბრიელ გოკიელმა მოსკოვის უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კლინიკაში, პროფესორ ალექსეი ოსტროუმოვთან, ორდინატორად დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შესთავაზეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო საქმიანობა, მან პრაქტიკული საექიმო გამოცდილების გამდიდრება ამჯობინა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად 1899 წელს საფრანგეთში გაემგზავრა. ორი წლის განმავლობაში გაბრიელ გოკიელი პარიზის წამყვან კლინიკებში მუშაობდა ცნობილი მედიკოსების – პროფესორების ჟორჟ დელაფუასა და ფელიქს გიუონის ხელმძღვანელობით. სამშობლოში დაბრუნებული, ის ხშირად აღნიშნავდა, რომ რენტგენის სხივების აღმოჩენამ დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად გაამარტივა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ექიმის ალღო და გამოცდილებით გამოწრთობილი ინსტინქტი იყო.

გაბრიელ გოკიელი სამედიცინო დარგების მკაცრ დიფერენციაციას არ ემხრობოდა. "ადამიანის ორგანიზმი ერთი მთლიანობაა, – ამბობდა ის, – ამიტომ ექიმი, გარდა ვიწრო სპეციალობისა, სხვა სფეროებშიც უნდა ერკვეოდეს".

ქუთაისში დაბრუნება

1901 წელს გაბრიელი სამშობლოში დაბრუნდა და დასახლდა ქუთაისში, სადაც მთელი დანარჩენი ცხოვრება გაატარა. მართალია, სპეციალობით შინაგან სნეულებათა მკურნალი იყო, მაგრამ, თანამედროვეთა შეფასებით, პედიატრიაშიც, კანისა და ვენერულ დაავადებებშიც სიღრმისეულად ერკვეოდა. დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა პროფილის ექიმთა ნაკლებობის გამო ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის დაავადებებისთვისაც არაერთხელ წარმატებით უმკურნალია, არცთუ იშვიათად ჩაუტარებია მცირე ქირურგიული ჩარევებიც.

თანამედროვენი იმასაც იხსენებდნენ, რომ გოკიელი უსასყიდლოდ მკურნალობდა ინტელიგენტებს, სტუდენტებს, გლეხებს. თუ შეამჩნევდა, რომ ავადმყოფი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ფულს ჩუმად ამოუდებდა ბალიშის ქვეშ და ოჯახის წევრებს, რომლებიც კარამდე მიაცილებდნენ, ეტყოდა: რეცეპტი დავწერე, წამლები ახმარეთ, მაგრამ ყველაზე საჭირო წამალი ბალიშის ქვეშ დავტოვე და ლოგინის ალაგების დროს არ დაგეკარგოთო.

1902 წლიდან გაბრიელ გოკიელი ქალაქის თვითმმართველობის წევრი გახდა. იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი. ის ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ქუთაისში წყალსადენის აშენების ინიციატივით, რადგან მოსახლეობა იმხანად რიონის დაბინძურებულ წყალს სვამდა. ამასთან, გაბრიელი დაჟინებით მოითხოვდა, წყალსადენის აგება კერძო პირთათვის არ მიენდოთ – ისინი სათანადო კეთილსინდისიერებას არ გამოიჩენენ და მხოლოდ პირად სარგებელზე იფიქრებენო.

თვითმმართველობაში მისი გამოსვლები ქუთაისში სააფთიაქო საქმის მოწესრიგებასაც ეძღვნებოდა. ახალგაზრდა ექიმის აზრით, წამლების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი ქალაქის საავადმყოფოს მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, ხოლო აფთიაქი კერძო პირის საკუთრებაში არ უნდა ყოფილიყო.

გაბრიელ გოკიელის ინიციატიცით დაარსდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლა. მან იქ ოცი წელი უსასყიდლოდ იმსახურა და მხოლოდ 1921 წლიდან დაენიშნა ხელფასი. მკურნალობდა სოფლებიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, პედაგოგებს და მათი ოჯახის წევრებს, ასწავლიდა ჰიგიენას. მალევე გადაწყვიტა მათთვის ამბულატორიისა და სტაციონარის აშენება. ამ დიდ საქმეში გაბრიელ გოკიელს ფინანსურად დაეხმარა სიმონ ხეჩინაშვილი. ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმთან აშენდა ამბულატორია და 250–საწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

1913 წელს გაბრიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი გახდა. მისი საზოგადო მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი სარბიელი იყო ქუთაისის თეატრი, რომელსაც იგი გარდაცვალებამდე უანგაროდ ემსახურებოდა და არა მარტო მსახიობებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც უფასოდ მკურნალობდა.

გოკიელი კავკასიაში ტუბერკულოზთან მებრძოლი საზოგადოების წევრიც გახლდათ. ვინაიდან იმ ეპოქაში ჭლექის საუკეთესო მკურნალად მთის ჰაერი ითვლებოდა, გაბრიელმა გადაწყვიტა, აბასთუმანში დაეარსებინა პირველი სანატორიუმი. 1908 წელს მან გენერალ ალიხანოვისგან აგარაკი შეისყიდა და ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების შესასწავლად რამდენიმე თვე მოსკოვისა და პეტერბურგიის საავადმყოფოებში იმუშავა. შემდგომ რამდენიმეჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ – ფინეთში, შვეიცარიასა და პარიზში – დაავადებულთა მოვლისა და მკურნალობის მეთოდების შესასწავლად.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიწყო აბასთუმნის აგარაკის რეკონსტრუქცია და 13-ოთახიანი კერძო სახლი 25-ნომრიან სანატორიუმად აქცია. ამ საქმეში ქართველ ექიმს ეხმარებოდა ერთგული მეუღლე ლიზა, რომელმაც ორი ზამთარი აბასთუმანში, მშენებლობის ზედამხედველად გაატარა. მისივე გემოვნებით მოეწყო შიდა სივრცე, რომელსაც უცხოეთიდან საგანგებოდ გამოწერილი ავეჯი ამშვენებდა. აგარაკის ერთ-ერთ, ტყის პირას მდებარე ოთახს მოგვიანებით ალექსანდრე აბაშელის სახელი დაერქვა, რადგან ქართველმა მწერალმა ეს ოთახი თავად აირჩია საცხოვრებლად და რამდენიმე ზაფხული გაატარა იქ.

სანატორიუმი მზად იყო პაციენტების მისაღებად, მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და იქ სამხედრო ჰოსპიტალი გახსნეს, 1917 წელს კი, როცა თურქებმა აბასთუმანი დაარბიეს, სანატორიუმიც განადგურდა.

გაბრიელ გოკიელი საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობის ერთ-ერთი პიონერი იყო. პირველმა მან გახსნა ქუთაისში "ელექტრონისა და სინათლის სამკურნალო კაბინეტი", რომელიც თავისივე ჩამოტანილი აპარატურით აღჭურვა.

მემკვიდრეობა

გაბრიელმა და ლიზამ ოთხი შვილი აღზარდეს: ფატი, თამარი, მაგდა და ვახტანგი. ოთხივე საზოგადოების გამორჩეული წევრი გახდა. გოკიელების სახლი წარმოადგენდა ქართული კულტურის მოღვაწეთა სალონს, სადაც არ შეწყვეტილა თანამოაზრეთა სჯა-ბაასი საქართველოს ბედ-იღბალზე, ქართული კულტურის მომავალზე. ამ სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, გიორგი წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი, გრიგოლ რობაქიძე, კიტა აბაშიძე, ივლიანე ანჯაფარიძე, კოტე მარჯანიშვილი, ლადო მესხიშვილი...

უკვე სიცოცხლის მიწურულს გაბრიელ გოკიელი წერდა: "როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, არ დამიზოგავს ძალ-ღონე და შეძლებისდაგვარად შევიტანე ჩემი წვლილი როგორც საექიმო დარგში დახმარებით, აგრეთვე საზოგადო საქმეებში და პრესაში მონაწილეობით. ახლაც, ასაკის მიუხედავად, ვცდილობ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გავაშუქო ჩვენი საექიმო მეცნიერების ისტორიისთვის ზოგიერთი ყურადსაღები საკითხი – ამით იქნებ მცირე სახსოვარი დავტოვო. თუ ეს ცოტათი მაინც შევასრულე, ჩემს თავს ბედნიერად ჩავთვლი".

გაბრიელ გოკიელი 1938 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ლიზას დიდხანს აღარ უცოცხლია. ისიც მეუღლის გვერდით – თბილისში, ვერის სასაფლაოზე, დაკრძალეს. ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე იმ სახლის ფასადს, სადაც ღვაწლმოსილი ექიმი ცხოვრობდა, მემორიალური დაფა ამშვენებს.

მარი მარღანია

Поделитесь: