მაია ავლოხაშვილი: მხატვრობა ენაა, რომლითაც სამყაროს ვესაუბრები

გააზიარე:

ეს სახლი პატრონს ჰგავს: მკაცრი წესრიგის, მკაფიო ხაზების პარალელურად – საოცარი ფერებისა და ფორმების კალეიდოსკოპი; სისადავე და იქვე – თვალისმომჭრელი ფერადოვნება; სიმშვიდე და, იმავდროულად, ტილოზე გადატანილი ემოციების ქარიშხალი.

აქ მაია ავლოხაშვილი ცხოვრობს – მხატვარი და მათემატიკოსი, ან მათემატიკოსი და მხატვარი. ძნელი სათქმელია, რომელი უფრო, რადგან, მისივე სიტყვები რომ მოვიხმო, ხელოვნება და მეცნიერება, ლოგიკა და შემოქმედებითობა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან.

– მთელი ჩემი ბავშვობა ხატვა იყო. მათემატიკური ამოცანებიც კი. ყველაფერს ფერსა და ხაზში ვხედავდი. მაგრამ გარშემო უნიჭიერესი და ძალიან მრავალმხრივი ადამიანები მყავდა, – მაგალითად, მამა, მიუხედავად იმისა, რომ ისიც მათემატიკოსი გახლდათ, შესანიშნავად ძერწავდა, ფანტასტიკურად ერკვეოდა ლიტერატურაში, ისტორიაში, – ამიტომ ხატვით ჩემი გატაცება რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად არავის მიუჩნევია.

ვსწავლობდი 143-ე სკოლაში, სადაც მამა იყო დირექტორი. ასეთ დროს, გინდა-არ გინდა, გაქვს რაღაც პრივილეგიები. ეს მაღიზიანებდა. ვერ ვხვდებოდი, რაც მერგებოდა, მერგებოდა იმიტომ, რომ დავიმსახურე თუ მამის ავტორიტეტის გამო. ფანტასტიკური მამა მყავდა, მაგრამ მე მაინც მე ვიყავი.

ის კი არა, მისაღებ გამოცდაზე კომისიის თავმჯდომარესთან მიშვებდნენ ხუთიანისთვის და არ გავედი, რადგან კომისიის წევრების უმეტესობა მამის მეგობარი იყო. მამა ჯერ ძალიან გაბრაზდა, მაგრამ მერე მადლობაც კი მითხრა, რადგან მე, ჩვიდმეტი წლისა, მივხვდი: შენი სახელი და გვარი საკმარისია იმისთვის, რომ თქვა შენი სიტყვა, განურჩევლად იმისა, ვისი შვილი ხარ.

***

– აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მშობლების გავლენით, რომლებსაც ბოჰემურ წრეში ჩემი მოხვედრის ეშინოდათ, საბოლოოდ მათემატიკაზე შევაჩერე არჩევანი.

მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე აღმოვაჩინე, რომ მათემატიკოსების, ამ საოცრად ნიჭიერი ადამიანების წრეში ხელოვნებით გატაცება ჩვეულებრივი ამბავი იყო – ზოგი წერდა, ზოგი უკრავდა...

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ სინამდვილეში მეცნიერება და შემოქმედება გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ტექნიკურ და ზუსტ მეცნიერებებშიც კი შემოქმედებითი ნიჭის გარეშე უბრალო შემსრულებლად დარჩები. მეცნიერი, როცა რამე საკითხზე მუშაობს, არ აზროვნებს ფორმულებით – ის შემოქმედებითად აზროვნებს.

საბოლოოდ, მაინც ბედის მადლიერი ვარ, რომ მათემატიკის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. ჯერ ერთი, იქ აბარებდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უყვარდათ თავიანთი საქმე; მეორე – მიმაჩნია, რომ მათემატიკაა ის, რამაც გონებრივად გამწვრთნა და ხასიათი ჩამომიყალიბა.

***

– წლების განმავლობაში ვასწავლიდი მათემატიკას, მაგრამ დადგა დღე, როცა მივხვდი, რომ სკოლაში დარჩენა აღარ შემეძლო, რადგან პედაგოგიურ სივრცეში ვერ ვხედავდი იმ პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს საგანთა წესრიგზე და რომელსაც მე ვითხოვ, უპირველესად, საკუთარი თავისგან, მერე კი გარშემო მყოფებისგანაც. მიმაჩნია, რომ ადამიანი პასუხისმგებელია არა მხოლოდ იმაზე, რაც თავად მას ემართება, არამედ იმაზეც, რაც მის გარშემო ხდება. ვიღაც რომ ცუდია, ეს არ გამართლებს – შენ სად ხარ ამ დროს, შენ რას აკეთებ?

დამღალა იმანაც, რომ ჩვენში არ არის შრომის თავისუფალი ბაზარი – ყველა ვიღაცის ახლობელია, ნათესავია, მეგობარია... საშინელი პროტესტი გამიჩნდა და წამოვედი.

ხატვით სულ ვხატავდი, მაგრამ ამ სფეროში რამე განაცხადის გაკეთების ამბიცია არ მქონია. მწერლები ამბობენ, ნაწარმოები მანამდე უნდა დაბეჭდო, სანამ მელანი შეაშრებაო, მაგრამ მხატვრობაში, ვფიქრობ, უნდა მომწიფდე, დახელოვნდე, შინაგანი მზაობა უნდა გქონდეს, რომ აინთო...

ყველაფერი ჯოისით დაიწყო. ეს მწერალი ძალიან მიყვარს. სოციალურ ქსელში ბევრს ვწერდი მის შესახებ, ვდებდი ამონარიდებს... ერთ დღესაც მწერს ირაკლი ცხვედიანი – ბრწყინვალე ჯოისოლოგი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც იმ დროს ჯერ არ ვიცნობდი – და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯოისის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მეპატიჟება.

ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი – დავხატე მწერლის დიდი პორტრეტი და მივიტანე. ძალიან გაეხარდათ. მერე კონფერენციის ერთმა უცხოელმა სტუმარმა ნახატი თავის ბლოგში ახსენა. მოგვიანებით ქალბატონმა მანანა გელაშვილმა – ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა – გააკეთა კვლევა ჯეიმს ჯოისის შესახებ და ჩემი ნახატით გააფორმა.

ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ბიძგი მომცა. მივხვდი, რომ ვაკეთებ რაღაც ისეთს, რასაც ხელი არ უნდა გავუშვა.

იმავე პერიოდში, სრულიად მოულოდნელად, მომწერა ერთმა იტალიელმა – მითხრა, რომ იყო კურატორი, მართავდა საერთაშორისო გამოფენებს და ჩემი ნამუშევრების გატანაც უნდოდა. მე ვუთხარი, რომ არ მქონდა აკადემიური განათლება. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვისო, მიპასუხა... ჩემი ექვსი ნამუშევარი გაიგზავნა გამოფენაზე, რომელშიც ჩვიდმეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

შემდეგ საზღვარგარეთ რამდენიმე სხვა გამოფენაშიც მონაწილეობაც შემომთავაზეს.

რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. მხატვრობა ის ენაა, რომლითაც სამყაროსთან ვურთიერთობ. ქება არ მჭირდება – მთავარი, რაც მაინტერესებს, ის არის, ჰგვრის თუ არა ჩემი ნახატები ადამიანებს თუნდაც მცირედ ემოციურ შვებას ან ესთეტიკურ სიამოვნებას, აძლევს თუ არა ბიძგს დასაფიქრებლად... ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანებისგან ისეთი სიტყვებს ვისმენ, ვხვდები, რომ იმას, რასაც ვაკეთებ, ნამდვილად აქვს აზრი.

ერთი წლის წინ დამიკავშირდნენ თანამედროვე მხატვართა ლიგიდან და წევრად მიმიღეს. ასე რომ, ამჟამად იმ გამოფენებშიც ვმონაწილეობ, რომლებსაც ლიგა აორგანიზებს.

თუმცა მთავარ პლატფორმად, რომელიც ჩემთვის ჯერჯერობით ფინანსურად ხელმისაწვდომია, მაინც სოციალური ქსელი რჩება. მიმაჩნია, რომ თუ ნიჭი ნამდვილად არის, ადრე თუ გვიან მას შეამჩნევენ და დაინტერესდებიან. თუ არ დაინტერესდებიან, ამისთვისაც მზად ვარ.

იშვიათად, რომ ჩემი ნამუშევარი მართლა მომწონდეს, მაგრამ ხანდახან ვგრძნობ, რომ გამომივიდა და ეს ძალიან კარგი განცდაა.

რაღაცები იყიდება, რაღაცები – არა. იყო პერიოდი, როცა არაფერს ვყიდიდი. ახლა სიამოვნებით ვყიდი, თუ მსურველი გამოჩნდა, თუმცა მაქვს ნახატებიც, რომლებსაც ვერასოდეს შეველევი.

ვერ ვიტყვი, რომ პოპულარული ვარ, რაც დიდწილად ალბათ ჩემი ეკლიანი ხასიათის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია არ მიჭირს, ძალიან ცოტას ვუშვებ ახლოს. არ მიყვარს, როცა ჩემს საზღვრებს არღვევენ.

***

– როგორც ჟანრი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია ილუსტრაცია. ახლახან გამოიცა ჩემ მიერ დასურათებული გერმანელი მწერლის ვალდემარ ბონზელსის "ფუტკარი მაია". ამ შესანიშნავი საბავშვო წიგნის ილუსტრირება შესანიშნავმა ადამიანმა და ნიჭიერმა მწერალმა-დოკუმენტალისტმა გიორგი კაკაბაძემ შემომთავაზა. ამჟამად ქართული ზღაპრების კრებულზე ვმუშაობ. თუმცა ლიტერატურასთან ჩემი ურთიერთობა ამით არ ამოიწურება. შინაარსები, ფორმები, სახეები, რომლებსაც ვქმნი, ძალიან ხშირად ლიტერატურიდან მოდის.

მყავს ხუთი წლის შვილიშვილი, რომლისთვისაც ვხატავ ილუსტრაციებს – მინდა, როდესაც გაიზრდება, წაიკითხოს ის, რასაც მე ვკითხულობ და იმედი მაქვს, ჩემი ნახატები ამის ინტერესს გაუჩენს.

***

– ვხატავ ყოველგვარი მასალით, რაც ხელში მომხვდება. უმთავრესად – აკრილით და აკვარელით. ვმუშაობ გრაფიკაშიც, რომელიც ძალიან მიყვარს. ვხატავ ხეზე და ჭურჭელზე... სხვადასხვა იდეა სხვადასხვა მასალას იხდენს.

გარემოს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მქონდეს მასალა და ენერგია ხატვისთვის. ჩემს სახლში არასოდეს არის აურზაური, მაგრამ რომც იყოს, ჩემზე ეს არ მოქმედებს. როცა რაღაცას ვაკეთებ, მთელი არსებით იქ ვარ, ამიტომ ნებისმიერ გარემოში შემიძლია მუშაობა.

სიმშვიდესა და სიჩუმეში ვისვენებ. მიმაჩნია, რომ სოციალურ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ცხოვრებისთვის და თავადაც ვმონაწილეობ ამ აქტივობებში, მაგრამ შინ სრულიად დაცლილი ვბრუნდები. იმისთვის, რომ შევივსო, მჭირდება ჩემი აივანი, ჩემი წიგნი, ჩემი ყავის ფინჯანი...

***

– მყავს კატო, საოცარი გოგო. კატო ყველაფერია. თუ არ ვჩერდები, მისი დამსახურება. ბევრს ვფიქრობ, სად უნდა იყოს კატო, როგორ გარემოში უნდა იყოს... მე და კატო მეგობრები ვართ. ექვსი თვიდან მე ვზრდი. წიგნი რომ გავაფორმე, ძალიან მოეწონა. დაბადების დღეზე რომ მიდის, მთხოვს, წავიღოთ "ფუტკარი მაია", ვაჩვენოთ ბავშვებსო. გამოფენებზე მეგობრებს მიპატიჟებს ბაღიდან, ხატავს, სახლში გამოფენებს მართავს.

***

– უამრავი ნამუშევარი მაქვს , რომლებიც, მიმაჩნია, რომ არ არის დასრულებული. ბევრჯერ გამიფუჭებია კიდეც, იმიტომ, რომ მარტო დაწყება ხომ არ არის – უნდა იცოდე, როდის დაასრულო... როცა ვხვდები, რომ ნახატს ზედმეტად ვაწვალებ, თავს ვანებებ და ახალს ვიწყებ.

***

– მისტიციზმისკენ არ ვარ მიდრეკილი, მაგრამ ხელოვნება მაფიქრებინებს, რომ რაღაც არსებობს, რადგან მაქვს ნამუშევრები, რომლებიც, არ მახსოვს, როგორ დავხატე. რომც მოვინდომო, ვერ გავიმეორებ, როგორც, მაგალითად, შეუძლებელია სპექტაკლის ზუსტად გამეორება, რადგან ნებისმიერი სპექტაკლი ერთხელ არის, კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებობს. იმ მომენტში აკეთებ. შენი ნებისგან დამოუკიდებლად, შიგნიდან მოდის.

***

– ლიტერატურული პერსონაჟის პორტრეტზეც რომ მუშაობდე, ის ყოველთვის შენი პორტრეტიც არის, რადგან შენში გარდატყდება ყველაფერი.

***

– ხშირად მიფიქრია, მაქვს თუ არა უფლება, რამით ვიამაყო ამ ქვეყანაში. პასუხი არ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ რამე დავაკელი – პირიქით, ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ სიამაყეს ვერ ვგრძნობ. ვგრძნობ სირცხვილს. მრცხვენია ქუჩაში გავლის, მრცხვენია ხელგაწვდილი მოხუცის, მრცხვენია, ბავშვი რომ მხვდება დახეული ტანსაცმლით და არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ დროს ჩემს შვილიშვილს. შესაძლოა, ჩემი ნამუშევრები ბევრს მოსწონდეს, მაგრამ მერე რა? თუ ამ ყველაფერმა ადამიანი ერთი ბიჯით მაინც არ მიუახლოვა ბედნიერებას, რითი უნდა ვიყო ამაყი?

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: