დისმორფოფობია: ომი საკუთარ სხეულთან
გააზიარე:
საკუთარი გარეგნობა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბუნებრივი ინტერესი აკვიატებულ შფოთვაში გადაიზრდება. ეს უკვე ფსიქიკური დარღვევაა.
რა არის დისმორფოფობია და რა გავლენას ახდენს ის ადამიანის ყოველდღიურობაზე? ამ და სხვა კითხვებით კლინიკურ ფსიქოლოგს, კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპევტ ნათია ბადრიშვილს მივმართეთ.
– რა არის დისმორფოფობია?
– დისმორფოფობია ანუ სხეულის დისმორფული აშლილობა (BDD) ფსიქიკური ჯანმრთელობის რთული მდგომარეობაა. წინათ მას სომატოფორმულ აშლილობებს მიაკუთვნებდნენ, ამჟამად კი, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-5) მიხედვით, ობსესიურ-კომპულსიური და მათთან დაკავშირებული აშლილობების კატეგორიაში ხვდება.
BDD-სთვის დამახასიათებელია საკუთარ გარეგნობაში აღმოჩენილ ისეთ "დეფექტებზე" კონცენტრირება, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ ან უმნიშვნელოდ მიიჩნევენ. შფოთვის შესამცირებლად ბევრი მიმართავს განმეორებად ქმედებებსა და მენტალურ რიტუალებს, რომლებიც დროებით ჰგვრის შვებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მდგომარეობას ართულებს.
კვლევების თანახმად, BDD აქვს მსოფლიოს მოსახლეობის 1.7-2.9 პროცენტს.
– რას გრძნობს ადამიანი BDD-ს დროს?
– დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად იმდენად არიან ფოკუსირებულნი თავიანთ ნაკლოვანებებზე, რომ საკუთარ იდენტობას მხოლოდ ამ “დეფექტებით” განსაზღვრავენ. მათ მუდმივად თან სდევთ:
- სირცხვილი, საკუთარი თავის ზიზღი;
- უიმედობისა და უხერხულობის განცდა;
- უარყოფისა და დამცირების შიში.
ასეთი ემოციური ფონი მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და ხშირად იქცევა დეპრესიისა თუ მძიმე დისტრესის მიზეზად. სამწუხაროდ, სტიგმისა და სირცხვილის გამო BDD-ს მქონე ადამიანები ხშირად მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მიმართავენ სპეციალისტს დახმარებისთვის.
BDD-ს დროს შფოთვის საგანი შეიძლება გახდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილი, თუმცა ყველაზე ხშირად ყურადღება ფოკუსირდება:
* სახის ნაკვთებზე – ცხვირის, თვალების, ტუჩებისა თუ ყურების ზომაზე, ფორმაზე, მათ ურთიერთმიმართებაზე;
* კანის მდგომარეობაზე – მცირე ნაწიბურებზე, პიგმენტურ ლაქებზე, აკნეზე ან ნაოჭებზე, რომლებიც სხვებისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია;
* სხეულის კონტურებზე – მუცლის, ბარძაყების, დუნდულების, წვივების, მკერდის ფორმასა და ზომაზე;
* სიმეტრიაზე – ბევრს აკვიატებული აქვს სხეულის რომელიმე ნაწილის ასიმეტრიულობა (მაგალითად, ერთი წარბი მეორეზე ოდნავ მაღლაა).
BDD-ს ერთ-ერთი ფორმაა კუნთოვანი დისმორფია – მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი აიკვიატებს, რომ მისი სხეული არასაკმარისად დაკუნთული, მაღალი ან ძლიერია. მაშინაც კი, როდესაც მას ნორმალური ან საშუალოზე მაღალი კუნთოვანი მასა აქვს.
BDD-ს დროს მთავარია არა თავად "დეფექტი", არამედ ის, რამდენად ბევრ დროსა და ემოციურ რესურსს ართმევს ადამიანს მასზე ფიქრი.
აშლილობა თუ უკმაყოფილება
– სად გადის ზღვარი გარეგნობით უკმაყოფილებასა და კლინიკურ აშლილობას (BDD) შორის?
– სხეულის დისმორფული აშლილობა განსხვავდება გარეგნობაზე ტიპური შფოთვისა და ჩვეულებრივი უკმაყოფილებისგან – მისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული წუხილი, განმეორებადი კომპენსატორული ქცევები და იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს.
განმეორებადი ქცევები და გონებრივი ქმედებები, რომლებიც გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ სრულდება, აღქმული დეფექტების გამოსწორების ან დამალვის მცდელობაა, წესისამებრ, ბევრ დროს მოითხოვს და ადამიანს ძალიან უჭირს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მათი კონტროლი.
BDD-ს აქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ქცევითი ნიშნები, თუმცა ყოველთვის ყველა სიმპტომი არ გამოვლინდება.
საყურადღებო სიმპტომები და ქცევებია:
* საკუთარი თავის ხშირი თვალიერება სარკეში "დეფექტის" შესამოწმებლად ან, პირიქით, სარკეში ჩახედვისთვის თავის არიდება;
* სხეულის ნაწილების ტანსაცმლით ან მაკიაჟით დამალვის მცდელობა;
* საკუთარი თავის მუდმივი შედარება სხვებთან და გარეგნობის შესახებ დამამშვიდებელი სიტყვების დაჟინებული ძიება გარშემო მყოფებისგან (იმავდროულად, BDD-ს მქონე ადამიანს არ სჯერა მათი, ვინც მის გარეგნობას პოზიტიურად აფასებს);
* კანის წიწკვნა თითებით ან პინცეტით;
* გადაჭარბებული ვარჯიში;
* სოციალური აქტივობებისთვის თავის არიდება, სახლიდან ან საძინებლიდან გასვლის სურვილის უქონლობა;
* ხშირი ვიზიტები ჯანდაცვის სპეციალისტებთან, კოსმეტიკური ოპერაციების ჩატარება, კოსმეტიკური საშუალებების ჭარბი შეძენა;
* ძლიერი შფოთვა, დეპრესია, სირცხვილის მძაფრი განცდა, სუიციდური მიდრეკილებები.
მიზეზები
– რისი ბრალია დისმორფული აშლილობა – გენეტიკის, გარემოსი თუ პიროვნული ფაქტორების?
– სხეულის დისმორფული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ის ყოველთვის რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით არის განპირობებული. მათ შორის აღსანიშნავია:
* ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები. კვლევები მიუთითებს, რომ რისკი იმატებს, როცა ადამიანს ჰყავს BDD-თ ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებული ბიოლოგიური ნათესავი. ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებები.
* ადრეული გამოცდილება და ტრავმები. ბულინგი, ბავშვობაში გარეგნობის გამო დაცინვა, უგულებელყოფა ან ძალადობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის ხატის ჩამოყალიბებაზე.
* პიროვნული თვისებები და ფსიქოლოგიური ასპექტები. პერფექციონიზმი, დაბალი თვითშეფასება და უკვე არსებული შფოთვა ან დეპრესია ადამიანს უფრო მეტად მიდრეკს ამ აშლილობისკენ.
* სოციალური და კულტურული წნეხი: სოციალური მედია, მედიაში წარმოჩენილი სილამაზის სტანდარტები და რედაქტირებული ფოტოები, – ხშირად აძლიერებს არასრულფასოვნების განცდას.
ზემოთ მოყვანილი ფაქტორების ერთობლიობა ხაზს უსვამს აშლილობის სირთულეს, ამიტომ ძნელი სათქმელია, რომელი მათგანია გადამწყვეტი.
– გარდატეხის ასაკში რა სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ ეს უკვე აღარ არის ასაკობრივი სირთულე და სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდა?
– გარეგნობაზე დროდადრო შფოთვასა და BDD-ს შორის მთავარ განსხვავებას ქმნის ობსესიის ხარისხი და მისი გავლენა. თუ გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი უკმაყოფილება გარდამავალია, აშლილობის დროს ადამიანი საათობით აანალიზებს ან მალავს თავის "ნაკლს".
როდესაც გარეგნობაზე ფოკუსირება მოზარდს ხელს უშლის პირად ურთიერთობებში, სოციალურ აქტივობებსა თუ სწავლაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი სერიოზულად არის გაუარესებული და პროფესიული დახმარება სჭირდება.
სტატისტიკა
– არსებობს მოსაზრება, რომ დისმორფოფობია მხოლოდ ქალების პრობლემაა.
– ეს მითია. სტატისტიკური მონაცემები სულ სხვა სურათს გვიჩვენებს: ამერიკის შეერთებულ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 2.4%-ს აღენიშნება BDD და ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბრად ნაწილდება ქალებსა და მამაკაცებზე (DშM-5-თღ). როგორც ზემოთ აღვნიშნე, მამაკაცებთან ის ხშირად კუნთოვანი დისმორფიის ფორმით ვლინდება.
BDD განსაკუთრებით ხშირია იმ ადამიანებთან, რომლებიც ესთეტიკურ პროცედურებს მიმართავენ. კერძოდ, ეს აშლილობა აქვს:
◦ დერმატოლოგის პაციენტების 9-11 პროცენტს;
◦ კოსმეტიკური ქირურგის პაციენტების 13-15 პროცენტს;
◦ რინოპლასტიკისთვის (ცხვირის ოპერაციისთვის) მისულთა 20 პროცენტს;
◦ ყბის კორექციისთვის მისულ ზრდასრულთა 11 პროცენტს;
◦ ორთოდონტიული და კოსმეტიკური სტომატოლოგიის პაციენტების 5-13 პროცენტს.
დაწყების ასაკი
– BDD, წესისამებრ, მოზარდ ასაკში იწყება – პერიოდში, რომლისთვისაც ისედაც დამახასიათებელია ფიზიკურ ცვლილებებზე გადაჭარბებული ფოკუსირება. კვლევების თანახმად, მისი დაწყების საშუალო ასაკი 16-17 წელია, თუმცა ყველაზე ხშირად 12-13 წლის ასაკში იჩენს თავს. პაციენტების ორ მესამედს 18 წლამდე უკვე აქვს ეს აშლილობა. ამაზე გვიან დაწყებული BDD საკმაოდ იშვიათია.
სელფის კულტურა
– როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ, ფილტრებმა და სელფის კულტურამ დისმორფოფობიის მქონე ადამიანების მდგომარეობა?
– აღიარებულია, რომ სოციალურ მედიასა და სხეულის ხატს შორის მჭიდრო კავშირია. ონლაინ სივრცეს შეუძლია, სრულიად შეცვალოს ინდივიდის წარმოდგენა ფიზიკურ რეალობაზე.
სხეულის ნეგატიური ხატის ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, სხვებთან, მეორე მხრივ კი "იდეალური სილამაზის" სტანდარტებთან თავის შედარების შედეგია. ვინაიდან დღეს ბევრ დროს ვატარებთ ონლაინ, ეს მტკივნეული შედარებაც სოციალურ მედიაში ხდება. ერთი შეხედვით უნაკლო გარეგნობის ადამიანების ფოტოების თვალიერებამ შესაძლოა საკუთარი თავის არაადეკვატურ აღქმამდე მიგვიყვანოს.
ფილტრებმა და ფოტორედაქტირების აპლიკაციებმა "იდეალური სელფის" გადაღება გააადვილა. როდესაც ინდივიდი თავის რეალურ ფოტოს ადარებს სოციალურ ქსელში ნანახ რედაქტირებულ სურათებს, უკმაყოფილო რჩება, რადგან რეალობაში ისეთივე მომხიბვლელი ვერ იქნება, როგორებიც ფოტოებზე ჩანან სხვები. ამან შესაძლოა ძლიერი შფოთვა და სირცხვილის განცდა გამოიწვიოს, რაც BDD-ს რისკის მქონე პირებთან აშლილობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სოციალური მედია მხოლოდ დამახინჯებულ წარმოდგენას კი არ ქმნის, არამედ გარეგნობაზე მყისიერი უკუკავშირის მიღებასაც აჩვევს ადამიანს. მოწონებები და კომენტარები ხდება ვალიდაციის წყარო, ხოლო მათი ნაკლებობა თვითკრიტიკისა და იზოლაციის მიზეზად იქცევა.
მნიშვნელოვანია, გამოვიმუშაოთ კრიტიკული დამოკიდებულება ონლაინ კონტენტის მიმართ და ვაღიაროთ, რომ სოციალური მედიის პრეზენტაციებსა და რეალობას შორის დიდი მანძილია. სოციალურ მედიასთან დსბალანსებული ურთიერთობა სასიცოცხლო ნაბიჯია BDD-ს მართვისა და სხეულის ჯანსაღი ხატის შენარჩუნებისთვის.
გავლენა ცხოვრებაზე
– როგორ აისახება ეს აშლილობა ადამიანის სოციალურ ცხოვრებასა და კარიერაზე?
– სოციალური ფუნქციობის დარღვევა BDD-ს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგია.
• სოციალური იზოლაცია – BDD-ს მქონე ადამიანები ხშირად უარს ამბობენ სოციალურ შეკრებებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე და შინიდან გასვლაზეც კი, რადგან თავიანთი "ნაკლოვანებების" რცხვენიათ.
• ურთიერთობის სირთულეები – BDD ართულებს კომუნიკაციას, მზერითი კონტაქტის შენარჩუნებას და ინტიმურ ურთიერთობებს, რაც ახლობელი ადამიანებისგან გაუცხოებას იწვევს.
• დროის დეფიციტი – კომპულსიური ქცევები: საათობით თავის მოვლა, სარკეში ყურება, შფოთვის შემსუბუქების მცდელობა – იმდენ დროს ართმევს ადამიანს, რომ მას აღარ რჩება რესურსი სოციალური ცხოვრებისთვის.
• ფსიქიკური წნეხი – გარეგნობაზე მუდმივი ობსესიური ფოკუსირება ამძაფრებს შფოთვას და დეპრესიას, რაც უფრო მეტად ამცირებს სოციალური ინტერაქციის სურვილს.
• პროფესიული დაბრკოლებები – დაბალი თვითშეფასება ხშირად უშლის ხელს ადამიანს კარიერულ წინსვლასა და სამსახურებრივი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებაში.
BDD-ს ხშირად სუიციდური ფიქრებიც ახლავს თან, ამიტომ დროული პროფესიული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მკურნალობა
– როგორ მუშაობს ფსიქოთერაპია ამ დროს? რომელი მეთოდებია ყველაზე შედეგიანი?
– სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე პირები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ საქმე ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება. მათი უმრავლესობა ხსნას კოსმეტიკურ ქირურგიაში ეძებს, მაგრამ ოპერაციებს, წესისამებრ, არ მოაქვს შედეგი. ვინაიდან BDD მძიმე აშლილობაა და შესაძლოა, სუიციდური ფიქრებიც კი გამოიწვიოს, აუცილებელია მკურნალობაში დარგის სპეციალისტების ჩართვა.
თერაპიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია პაციენტის მოტივაციის ამაღლება.
საკუთრივ თერაპიული მეთოდებიდან პირველი რიგის არჩევანია კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (ჩBთ). ის მიჰყვება სპეციფიკურ პროტოკოლს, რომელიც მოიცავს:
• ფსიქოგანათლებას – აშლილობის არსის გაგებას;
• კოგნიტიურ მუშაობას – თვითდამაზიანებელი აზრების ტრანსფორმაციას;
• ექსპოზიციას და რიტუალების პრევენციას – შფოთვის გამომწვევ სიტუაციებთან თანდათანობით შეგუებას კომპულსიური ქცევების (მაგალითად, მუდმივად სარკეში ყურების) გარეშე.
CBT-სთან ერთად შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს მიმღებლობისა და ვალდებულების თერაპიაც (Acceptance and Commitment Therapy ACT), თუმცა მისი ეფექტიანობა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.
მნიშვნელოვანია პროცესში ფსიქიატრის ჩართვაც. მედიკამენტები, კერძოდ, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SRIs, SSRIs), პირველი რიგის საშუალებებია BDD-ს სიმპტომების სამართავად.
ცრუ მოლოდინი
– რატომ ვერ აგვარებს ოპერაცია პრობლემას და რატომ ჩნდება ახალი აკვიატება ოპერაციის შემდეგ?
– მიიჩნევა, რომ პლასტიკური ქირურგის პაციენტების დაახლოებით 15%-ს BDD აქვს.
BDD-ს მქონე პირებისთვის ქირურგიული ჩარევა არ არის რეკომენდებული, რადგან მათი უმრავლესობა შედეგით მაინც უკმაყოფილო რჩება. ასეთ ადამიანებს ხშირად არარეალისტური მოლოდინი აქვთ, რაც მათ თვალში ოპერაციის შედეგს აუფასურებს.
კოსმეტიკურმა ჩარევამ შესაძლოა დროებით შეამციროს შფოთვა, მაგრამ, აშლილობის ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანი მალევე გადაიტანს ყურადღებას სხეულის სხვა ნაწილზე და მისი შეცვლის სურვილიც გაუჩნდება. გარდა ამისა, ნებისმიერ ოპერაციას ახლავს რისკი, ხოლო "წარუმატებლობამ" შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმოს.
მიზანი
– რამდენად ეფექტურია თერაპია და რა არის მისი მთავარი მიზანი?
– ვინაიდან BDD-ს მქონე პირები გამოსავალს გარეგნობის შეცვლაში ხედავენ, მათ უნდა ავუხსნათ, რომ პრობლემაა არა ფიზიკური მონაცემები, არამედ მათი აღქმა.
ქირურგიული მეთოდები ვერ აქრობს დისტრესსა და შფოთვას – ეს განცდები ოპერაციის შემდეგაც რჩება. შესაბამისად, თერაპიის მთავარი მიზანია აღქმული “ნაკლოვანებებიდან” ფოკუსის გადატანა. მან უნდა გვასწავლოს საკუთარი თავის აღქმა არა “დეფექტების ერთობლიობად”, არამედ ერთიან, განუყოფელ მთლიანობად. სწორად ჩატარებული თერაპიის შედეგად მცირდება შფოთვა, აღდგება ფუნქციონირება და შესაძლებელი ხდება იმ აკვიატებული ქცევების მართვა, რომლებიც ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში უშლის ხელს.
მარი აშუღაშვილი











