ჭკვიანი თამაში
Поделитесь:
როცა თქვენი პატარა ექვსი თვის ხდება, თითქოს ორივე ახალ სამყაროში გადააბიჯებთ – ის ყველაფერს უკვე სხვა თვალით ხედავს, უფრო გააზრებულად გისმენთ, რეაგირებს თქვენს ხმაზე და უჩნდება საკუთარი “პატარა” აზრები. ამ ასაკში თამაში აღარ არის უბრალო გართობა, ის ტვინის განვითარების ხელშემწყობ პროცესად იქცევა.
ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? ტვინის განვითარებისთვის საუკეთესო თამაშები ხშირად ყველაზე მარტივი და სახალისოა. არც ძვირად ღირებული სათამაშოები დაგჭირდებათ, არც განსაკუთრებული აქტივობები – მხოლოდ თქვენ, თქვენი ხმა, თქვენი სახე და ცოტაოდენი ფანტაზია.
ტვინი თამაშის დროს იზრდება
ექვსი თვის ბავშვის ტვინი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. მასში ყოველდღიურად მყარდება ახალი ნერვული კავშირები, რომლებიც განსაზღვრავს პატარას მომავალ უნარებს: ენის ათვისებას, ყურადღების კონცენტრაციას, ემოციების რეგულაციას და კრეატიულობას.
თამაშის დროს ბავშვი სწავლობს სამყაროს კანონებს: მიზეზებსა და შედეგებს ("თუ სათამაშოს დაბლ;ა დავაგდებ, ხმაური იქნება"), სოციალურ რეაქციებს ("დედა იცინის მაშინ, როცა მეც ვიცინი"), თვითგამოხატვას ("თუ ხმას ამოვიღებ, დედა შემომხედავს").
ამიტომ თამაში იქცევა არა მხოლოდ გასართობ, არამედ განმავითარებელ საშუალებად, რომელიც ბავშვს ახალ გამოცდილებას სძენს, მაგრამ, იმავდროულად, ზედმეტად არ ტვირთავს მას.
თამაში N1: თქვენი ხმის მუსიკა
დედის ხმა ბავშვისთვის პირველი მელოდიაა. შეგიძლიათ, ყოველდღიური რუტინაც კი მუსიკად აქციოთ: როცა აცმევთ, წაიმღერეთ პატარა სიმღერა ტანსაცმელზე (“აი, ხელი გავყავით, ახლა ფეხის ჯერია”).
მუსიკა ტვინს შაბლონების ამოცნობაში ეხმარება. რიტმი, ინტონაცია, პაუზები – ეს ყველაფერი მომავალში ენის აღქმასა და მეტყველების განვითარებას აჩქარებს.
თუ ბავშვი მუსიკის რიტმზე ხელების და ფეხების ქნევას იწყებს, ეს ნიშნავს, რომ ტვინი უკვე აღიქვამს ტემპს და, იმავდროულად, მოძრაობასა და ხმას შორის კავშირს ამყარებს.
თამაში N2: “სად არის დედა?”
კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე მარტივი, მაგრამ გენიალური თამაშია "ჭიტა!" ანუ “სად დაიმალა დედა?”
როცა სახეს ხელებში მალავთ და მერე უცებ აჩენთ, ბავშვი სწავლობს ერთ ფუნდამენტურ პრინციპს – ობიექტის მუდმივობას, ანუ იმას, რომ ადამიანი ან ნივთი არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ ჩანს.
ეს თამაში არ არის უბრალო გართობაა – ის ბავშვს ნდობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. პატარა სწავლობს: “დედა წავიდა, მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება”. სწორედ ამ დროს ეყრება საძირკველი იმ პირველ, ღრმა უსაფრთხოების განცდას, რომელზეც მომავალში ბავშვის თავდაჯერება აშენდება.
შეგიძლიათ, სახე ჩაანაცვლოთ სათამაშოთი ან ბავშვის საყვარელი ნებისმიერი ნივთით. ამგვარად მას ცვლილებებთან შეგუებას და სიახლის მიღებას ასწავლით, რაც ცოგნიტივე ფლეხიბილიტყ-ს (გონებრივი მოქნილობის) განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
თამაში N3: ტექსტურების აღმოჩენა
ექვსი თვის უკვე ხელებითაც “ხედავს” სამყაროს. მიეცით საშუალება, შეეხოს სხვადასხვა ტექსტურის ნივთებს: რბილ პირსახოცს, ცივ კოვზს, ხრაშუნა ქაღალდს, ნამიან ბალახს... ასე პატარა ისწავლის განსხვავებას ტექსტურებს შორის და ამავე დროს ტვინში უამრავი სენსორული სიგნალი გაუაქტიურდება.
ასეთი თამაშები აძლიერებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც სენსორულ ინტეგრაციას განაგებს, ეს კი ბავშვს მომავალში მოძრაობის კოორდინაციის, წერის, ჭამისა და მოტორული უნარების განვითარებაში დაეხმარება.
შეგიძლიათ, შექმნათ პატარა “სენსორული კალათა”: აიღეთ კალათა, მუყაოს ყუთი ან პლასტმასის მოზრდილი კონტეინერი, ჩაყარეთ შიგნით სხვადასხვა ტექსტურის რამდენიმე უსაფრთხო საგანი და მიუშვით ბავშვი, რომ ხელებით გამოიკვლიოს ისინი.
თამაში N4: საუბარი, რომელიც ჯერ სიტყვებად არ ქცეულა
ექვსი თვის ბავშვთან საუბარი ცალმხრივი მონოლოგი არ გეგონოთ – ეს უკვე დიალოგია, თუნდაც სიტყვების გარეშე. როცა ბავშვი ბგერას გამოსცემს, უპასუხეთ იმავე ინტონაციით, თითქოს ბგერებით ესაუბრებით.
ეს ენის ათვისების საწყისი ეტაპია. ტვინი სწავლობს, რომ კომუნიკაცია ორმხრივია: შენ ამბობ, მე გპასუხობ. ამით ეყრება საფუძველი ენობრივ უნარებს, სანამ პირველი “დედა” ან “მამა” გაიჟღერებს.
საუბრისას ყოველთვის უყურეთ ბავშვს თვალებში, რათა ტვინმა დააფიქსიროს კავშირი სახის გამომეტყველებას და ინტონაციას შორის – ეს სოციალური ინტელექტის ყველაზე ადრეული ფორმაა.
თამაში N5: ჩამოვარდა – ვიპოვოთ!
აიღეთ ბურთი ან პატარა სათამაშო და დიდი სიმაღლიდან დააგდეთ იატაკზე, მერე პატარასთან ერთად მოძებნეთ. ეს მარტივი თამაში ბავშვს ასწავლის კვლევას და მოთმინებას, აძლიერებს მუშა მეხსიერებას, რომელიც ყურადღების კონცენტრაციისთვის არის აუცილებელი.
მთავარი სათამაშო მაინც თქვენ ხართ
ვერავითარი გაჯეტი, მუსიკალური თუ მანათობელი სათამაშო ვერ შეცვლის ბავშვისა და მშობლის თამაშს და მის გავლენას პატარას განვითარებაზე. ექვსი თვის ბავშვს ყველაზე მეტად ადამიანების სახეზე დაკვირვება და კომუნიკაცია მოსწონს. მშობლის ღიმილი, ხმა და შეხება მისი სამყაროს ცენტრშია.
ასე რომ, როცა გგონიათ, უბრალოდ ართობთ ბავშვს, სინამდვილეში ხელს უწყობთ მის ტვინში ნეირონული კავშირების ჩამოყალიბებას, რომლებიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაეხმარება სწავლაში, ურთიერთობებსა და საკუთარი თავის აღქმაში.
რჩევები მშობლებისთვის
- ექვსი თვის ბავშვს არ სჭირდება ათეულობით სათამაშო. მშობელთან ერთად დღის განმავლობაში თუნდაც ერთი გააზრებული თამაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ტვინის განვითარებაზე.
- შეგიძლიათ, ყოველდღიური სიტუაციები – აბაზანა, ჭამა, ჩაცმა – სასიამოვნო და, იმავდროულად, განმავითარებელ აქტივობებად აქციოთ.
- არასოდეს უგულებელყოთ ბავშვის თქვენკენ მომართული ბგერები, ყოველთვის ხალისით უპასუხეთ და გაესაუბრეთ. ის ისწავლის, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია და ყოველთვის შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს.
ლიკა ქათამაძე







