ფსიქიკური ჯანმრთელობის საზღვრები - როდის ირღვევა ბალანსი
გააზიარე:
თანამედროვე ადამიანი მუდმივი სტრესისა და ემოციური გადატვირთვის პირობებში ცხოვრობს. ყოველდღიური დაძაბულობა, ინფორმაციული ნაკადი, პირადი და სოციუმის მაღალი მოთხოვნები ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში გვაყენებს, სადაც ძნელი გასარჩევია, უბრალოდ დავიღალეთ თუ პროფესიული დახმარება გვჭირდება.
სად გადის ზღვარი ფსიქიკურ სიჯანსაღესა და დარღვევებს შორის? ამ კითხვით ფსიქიატრ ლევან ანდრონიკაშვილს მივმართეთ.
– რა მიიჩნევა ფსიქიკისთვის ნორმად?
– ქცევის ნორმები ისტორიულად და კულტურულად განსხვავებულია. ის, რაც ერთი საზოგადოებისთვის მისაღებია, სხვაგან შესაძლოა არაჯანსაღად იქნეს მიჩნეული. მაგალითად, ახალ ზელანდიაში შეხვედრისას ცხვირების ერთმანეთზე მიდება ტრადიციული მისალმების ნაწილია, მაშინ როდესაც ევროპულ კულტურებში იგივე ჟესტი უცხოდ ან მიუღებლად აღიქმება. ავსტრალიაში, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, აბორიგენები ფსიქიკურ დარღვევად მიიჩნევენ, თუ ადამიანმა დაკარგა შინაგანი კავშირი ბუნებასთან – მიწასთან, რომლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება იქ კულტურის ნაწილად არის ქცეული. ამიტომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას აუცილებელია კულტურული და რელიგიური კონტექსტის გათვალისწინება – ერთი და იგივე ქცევა სხვადასხვა გარემოში შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირად შეფასდეს.
დღეს მენტალური ჯანმრთელობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შესწევს უნარი, ეფექტურად, ზედმეტი ენერგიის დაუხარჯავად გაუმკლავდეს ყოველდღიურობას, შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა, ემოციური სტაბილურობა და ჯანსაღი ურთიერთობები ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან თუ საზოგადოებაში.
მოკლედ, ფსიქიკურად ჯანსაღია ის, ვინც იმგვარად ახერხებს ცვლილებებთან ადაპტაციას, რომ არ კარგავს საკუთარ იდენტობას და ფუნქციურ ბალანსს.
ისტორიიდან
– განსხვავებული ქცევის მქონე ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ. ძველად ასეთ ქცევას ბოროტი ძალების ჩარევით, ადამიანის სხეულში მათი ჩასახლებით ხსნიდნენ. პირველი, ვინც ამ მიდგომას შეეწინააღმდეგა, იყო ჰიპოკრატე (ძვ. წ. V-IV ს.ს.). მან წამოაყენა თეორია, რომ ფსიქიკური დარღვევა არა ბოროტი ძალების გავლენის, არამედ სხეულის შინაგანი წონასწორობის მოშლის შედეგია. ის წარმოიშობა მაშინ, როცა ირღვევა ორგანიზმში არსებული ოთხი სითხის – სისხლის, ფლეგმის, შავი ნაღვლისა და ყვითელი ნაღვლის – ბალანსი. ჰიპოკრატეს თეორია იყო პირველი ნაბიჯი ფსიქიკური დაავადებების ბიოლოგიური მექანიზმების ახსნისკენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ჰუმანური ხედვა დავიწყებას მიეცა.
შუა საუკუნეებში ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებს შეპყრობილებად მიიჩნევდნენ. მათ აწამებდნენ, კოცონზე წვავდნენ, ცხელ წყალში ხარშავდნენ "სინდისის გამოსაცდელად" – მიიჩნეოდა, რომ უცოდველი გადარჩებოდა.
XVIII საუკუნეში ფსიქიკური აშლილობების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ფსიქიკური სიმპტომები დაუკავშირეს ორგანოების – ღვიძლის, თირკმელების, გულის, საშვილოსნოს – ფუნქციურ დარღვევებს. სწორედ მაშინ გაჩნდა სიტყვა “ისტერია” (ბერძნ. hystera – საშვილოსნო) – მიაჩნდათ, რომ ქალის ფსიქიკური აშლილობა “მოძრავი საშვილოსნოთი” იყო გამოწვეული. ამავე პერიოდში გაიხსნა ევროპაში პირველი ფსიქიატრიული თავშესაფრები. ტერმინი “სტიგმაც” (ბერძნ. stigma– ნიშანი, დამღა) იმ დროიდან მოდის: ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს დამღას ასვამდნენ, რათა სხვებისგან გამოერჩიათ.
ფსიქიკური დაავადებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გარდატეხაში დიდი წვლილი მიუძღვის ორ მეცნიერს – ფრანგ ფილიპ პინელს და ინგლისელ უილიამ ტიუკს. პირველებმა მათ მოითხოვეს, ფსიქიკურად ავადმყოფები კი არ დაესაჯათ, არამედ ეზრუნათ მათზე. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი ფსიქიატრიას როგორც მეცნიერულ და ჰუმანურ დისციპლინას.
XIX საუკუნის ბოლოს ფსიქიკური აშლილობების გაგებაში გარდამტეხი როლი შეასრულეს ზიგმუნდ ფროიდმა და ივან პავლოვმა. ფროიდმა ყურადღება გაამახვილა პიროვნების შინაგან კონფლიქტებზე, არაცნობიერსა და ბავშვობის გამოცდილებაზე, ხოლო პავლოვმა – იმ ფიზიოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც ადამიანის ქცევასა და ემოციურ რეაქციებზე მოქმედებს. პავლოვი განსაკუთრებული გულისყურით შეისწავლიდა იმ მდგომარეობებს, რომლებიც ნორმალურიდან პათოლოგიურში გადადიოდა – იკვლევდა, სად მთავრდება ადაპტაცია და იწყება დაავადება.
ამ პერიოდიდან დაიწყო მეცნიერული კვლევების ეპოქა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ხედვას: ფსიქიკური ჯანმრთელობა აბსოლუტური მდგომარეობა კი არ არის, არამედ დინამიკური ბალანსია, რომელიც შეიძლება დაირღვეს, მაგრამ სწორი მხარდაჭერის შედეგად აღდგეს.
მე-20 საუკუნიდან ფსიქიატრია თანდათან დაეყრდნო მეცნიერულ მტკიცებულებებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნება გაცილებით კომპლექსური გახდა. აღიარეს ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების როლი. შეიქმნა პირველი სტანდარტიზებული დიაგნოსტიკური სისტემა – DSM (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders ), რომელიც დღესაც ფსიქიკური აშლილობების საერთაშორისო კლასიფიკაციის საფუძველია. DSM-ის მეშვეობით ფსიქიკური დაავადება გადაიქცა კლინიკურ დიაგნოზად, რომელიც მკაფიო კრიტერიუმებსა და სიმპტომებს ემყარება.
XX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენდა ფსიქოთერაპიის არაერთი მიმართულება, რომლებიც ხაზს უსვამდა, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს ადამიანური ურთიერთობები, ემოციური გამოცდილება, ცხოვრების აზრისა და მიზნის პოვნა. ამავე პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა საზოგადოების დამოკიდებულებაშიც. მრავალ ქვეყანაში დაიწყო სტიგმის შემცირების კამპანიები, ფსიქოთერაპია და ფსიქიატრიული დახმარება უფრო ხელმისაწვდომი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გახდა.
დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობა განიხილება როგორც ადამიანის უნარი:
- გაუმკლავდეს ემოციურ და სოციალურ გამოწვევებს;
- შეინარჩუნოს თვითშეგნება და შინაგანი სტაბილურობა;
- შეძლოს ურთიერთობების შენარჩუნება და საკუთარი პოტენციალის რეალიზება.
პიროვნული საყრდენი
– რა ეხმარება ადამიანს ამ უნარების გამოვლენაში?
– პიროვნული თვისებები. სწორედ ამიტომ პაციენტთან გასაუბრებისას, უპირველეს ყოვლისა, მის პიროვნულ მახასიათებლებს ვაკვირდები. მინდა დავინახო, რამდენად ჩაკეტილი თუ გახსნილია პიროვნება, როგორია მისი აბსტრაქციის ხარისხი – შეუძლია თუ არა გარშემო მყოფებისგან განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბება, როგორია მისი ემოციური სტაბილურობა, რამდენად ცვალებადია განწყობა, როგორ ეკიდება თავის საქმიანობას, აქვს თუ არა პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ პასუხისმგებლობა დაბალია, შესაძლოა, მკურნალობის პროცესშიც წარმოიშვას სირთულეები, მაგალითად, პაციენტს გაუჭირდეს წამლის დროულად მიღება ან მითითებების შესრულება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ენდობა სხვებს, რამდენად ადვილად ამყარებს ურთიერთობებს. ვაფასებ მოტივაციასაც – ეძებს თუ არა ახალ შესაძლებლობებს, განვითარების გზებს, ასევე – ადვილად ართმევს თუ არა თავს სტრესსა და იმედგაცრუებას.
ყველაფერი ეს მიქმნის წარმოდგენას პაციენტის მოწყვლადობაზე – იმაზე, რამდენად არის ის მიდრეკილი ფსიქიკური დისბალანსისა თუ დაავადებისკენ და პირიქით, რამდენად შეუძლია თვითრეგულაცია და მდგომარეობის კონტროლი.
დისბალანსის მიზეზები
– რა უწყობს ხელს ფსიქიკური ბალანსის დარღვევას?
– ფსიქიკურ ბალანსზე მრავალი შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორი ახდენს გავლენას. ჩვენი ფსიქიკის სტაბილურობა დამოკიდებულია ურთიერთქმედებაზე პიროვნებასა და გარემოს შორის. მართალია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკაც, მაგრამ ხშირად სწორედ გარემო განაპირობებს, გამოვლინდება თუ არა გენეტიკური მიდრეკილება.
არსებობს საინტერესო ექსპერიმენტები: მაგალითად, ბავშვებს, რომელთა ორივე მშობელს შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა, შეუქმნეს სტაბილური და ნაკლებად სტრესული გარემო, ასწავლეს ხელობა, დაეხმარნენ მავნე ნივთიერებებისგან თავის დაცვაში. შედეგად ისინი გაიზარდნენ ფსიქიკურად გამძლე, ადაპტირებულ პიროვნებებად და შიზოფრენია არ გამოვლენიათ. მსგავსი დაკვირვებები ჩატარდა ტყუპებზეც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარემო ძალიან მნიშვნელოვანი დამცავი და მაპროვოცირებელი ფაქტორია.
სტრესი ჩვენი ორგანიზმის პასუხია გარემოს იმგვარ ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელი და სახიფათოა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაა. ყველა ასაკს თავისი სტრესორები აქვს: სამი-ექვსი წლის ბავშვს სხვა სირთულეებთან უწევს გამკლავება, ექვსიდან თერთმეტ წლამდე ასაკისას – სხვასთან, მოზარდის ცხოვრებაში თავს იჩენს იდენტობისა და თვითშეფასების კრიზისი, ზრდასრულ ასაკში დომინირებს პასუხისმგებლობის ტვირთი, ხოლო 65 წლიდან ადამიანი ცდილობს, გააცნობიეროს თავისი წარსული, გაუმკლავდეს დანაკარგებს და მშვიდად შეხედოს მომავალს.
სტრესი და გარემო ფაქტორები პირდაპირ მოქმედებს ადამიანის აღქმაზე – იმაზე, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ თავს, სამყაროსა და მომავალს. ნებისმიერმა სიტუაციამ, რომელიც ამ ხედვას ცვლის ან არყევს, შესაძლოა, ფსიქიკურ დისბალანსამდე მიგვიყვანოს.
მრავალ განვითარებულ სახელმწიფოში უკვე აცნობიერებენ, რომ სტრესის პრევენცია და მხარდამჭერი გარემოს შექმნა გაცილებით იაფი და ეფექტურია, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა, რომელიც ხშირად ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.
ფსიქიკური ბალანსის დარღვევას ასევე ხელს უწყობს:
* ნეიროენდოკრინული ცვლილებები, მაგალითად, ჰორმონული დისბალანსი;
* თავის ტვინის ტრავმა, განსაკუთრებით – უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული;
* სუბსტანციების მოხმარება.
ნიშნები
– როგორ ამოვიცნოთ ფსიქიკური დისბალანსი?
– 1970-იან წლებში მეცნიერებმა შემოიღეს ტერმინი "დესინქრონიზაცია". ის აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ირღვევა ჰარმონია პიროვნებასა და გარემოს შორის და ჩნდება ფსიქიკური დაძაბულობის პირველი ნიშნები. ფსიქიატრის პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ფიზიკურად ჯანმრთელია – არცერთი ორგანოს ფუნქცია არ აქვს დარღვეული, მაგრამ თავს კარგად ვერ გრძნობს. დეპრესიის ნიშნები მინიმალურია: ძილის მცირე დარღვევა, ენერგიის მინიმალური ნაკლებობა, უმოტივაციობა; ადამიანი სამსახურში მაინც დადის, მაგრამ შინ დაბრუნებულს ურჩევნია, ინტერნეტში ან ტელევიზორთან გაატაროს დრო, ვიდრე მეუღლესა და შვილებთან. თუ ეს მდგომარეობა დროულად არ შეიცვალა, შესაძლოა, დეპრესიაში გადაიზარდოს, რომლის სამკურნალოდაც საჭირო იქნება მედიკამენტური საშუალებები.
დაავადებასა და ფსიქიკურ სიჯანსაღეს შორის არსებობს მთელი სპექტრი გარდამავალი მდგომარეობებისა, რომლებიც თითქოს ნორმის ფარგლებშია, მაგრამ მთლად ჯანსაღადაც ვერ ჩაითვლება. ესენია:
* გადაწვის სინდრომი (burnout) – ემოციური და პროფესიული გამოფიტვა;
* ხანგრძლივი გადაღლილობა და გონებაგაფანტულობა;
* შრომისუნარიანობისა და რომანტიკული თუ სოციალური ურთიერთობებისადმი ინტერესის დაქვეითება;
* იმ ყოველდღიური საქმიანობისგან სიამოვნების მიღების უუნარობა, რომელიც ადრე სიხარულს ანიჭებდა ადამიანს.
– ასეთ სიტუაციაში რომ დავიწყოთ მკურნალობა, დაავადების პრევენციას შევძლებთ?
– ზოგი ამბობს, რომ შევძლებთ, ზოგს მიაჩნია, რომ ვერა, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ცვლილებაა საჭირო: ახალი ჰობი, ახალი გამოცდილება, მეუღლესთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაყვანა. საზოგადოდ, უფრო ადვილია იმის განსაზღვრა, რა შეიძლება გადაიზარდოს პათოლოგიაში, ვიდრე იმის თქმა, რა დააბრუნებს ადამიანს ნორმაში, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ასეთი მდგომარეობა ყოველთვის არ გადაიზრდება დაავადებაში. ზოგჯერ საკმარისია ერთი კარგად გატარებული შაბათ-კვირა ან თაიგული, რომ ფსიქიკა ისევ დაბალანსდეს.
ძალიან კარგი პრევენციული პრაქტიკა იყო სანატორიუმები – რამდენიმეკვირიანი დასვენება მკაფიოდ გაწერილი დღის რეჟიმით, ვარჯიშებით, სუფთა ჰაერით, გარემოს შეცვლით. ფსიქიკისთვის ეს გახლდათ ნამდვილი გადატვირთვა, რომელიც ადამიანს დაავადების ჩამოყალიბებისგან იცავდა.
მსგავს მიდგომას დღესაც იყენებენ ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, ავსტრალიაში ერთ-ერთ კომპანიას აქვს საკურორტო ცენტრი თავისი თანამშრომლებისთვის: ისინი ისვენებენ მარტო ან ოჯახთან ერთად, ექიმები კი აკვირდებიან მათ ფსიქიკურ მდგომარეობას, უტარებენ ტესტებს და მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ აძლევენ პირს უფლებას, პასუხისმგებლობით სავსე სამუშაოს დაუბრუნდეს.
– როდის იქცევა ასეთი მდგომარეობა დაავადებად?
– მაშინ, როდესაც ადამიანი კარგავს ფუნქციურობას – შინ ან სამსახურში თავის მოვალეობებს ვეღარ ასრულებს. შესაძლოა, მივიდეს ოფისში, მაგრამ ვერ იმუშაოს; ფიზიკურად მეგობრების გვერდით იმყოფებოდეს, მაგრამ მათთან ურთიერთობაში ემოციურად არ იყოს ჩართული.
DSM-V-ის (ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს) მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად გადამწყვეტი კითხვაა: “რამდენად ზღუდავს ეს მდგომარეობა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას?” შეზღუდვის ხარისხით განისაზღვრება დარღვევის სიმძიმე.
– ყველა უცნაური აზრი დაავადების ნიშანი ხომ არ არის?
– არა. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს უცნაური ფიქრები, მაგალითად, წარმოიდგინოს, რომ უცხოპლანეტელებთან აქვს კავშირი. ეს თავისთავად არ ნიშნავს ფსიქიკურ დაავადებას, თუ ასეთი ფიქრები მას ხელს არ უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრობლემა იწყება მაშინ, როცა ადამიანი იწყებს ამ იდეების სხვებისთვის გაზიარებას ისე, რომ რეალობას სწყდება და საკუთარ წარმოსახვას ფაქტებისგან ვერ განასხვავებს. ფსიქიკურ ჯანმრთელობაშიც მოქმედებს დემოკრატიის პრინციპი: ადამიანს შეუძლია, იფიქროს, რაც უნდა, სანამ ეს საზოგადოებასა და თავად მის ფუნქციურობას არ უშლის ხელს.
– ადამიანებს ზოგჯერ უჩნდებათ შიში: "ხომ არ ვგიჟდები"?
– ასეთი შიში იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს არ დაუკარგავს კრიტიკული აზროვნების უნარი. საკუთარი სიმპტომების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების უქონლობა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია დაავადების დიაგნოზის დასასმელად.
– კიდევ რა მიანიშნებს დაავადებაზე?
– თუ ადამიანი შესამჩნევად იცვლის ცხოვრების წესს – აღარ აკეთებს იმას, რაც ადრე უყვარდა, აღარ ურთიერთობს ახლობლებთან, თავს თვითიზოლაციაში იქცევს და სიამოვნების განცდის უნარს კარგავს, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.
ხშირად ასეთი ადამიანები მეტისმეტად დიდ ძალისხმევას ხარჯავენ გლობალურ საკითხებზე, მიუღწეველ მიზნებზე, ისეთ პრობლემებზე ფიქრში, რომელთა გადაჭრა მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ რესურსებს აღემატება. ეს მიანიშნებს, რომ შინაგანი ბალანსი დარღვეულია და საჭიროა პროფესიული ჩარევა.
– როდის ხდება საზოგადოებისთვის საშიში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი?
– ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი თავისთავად საშიში არ არის. პირიქით, ხშირად დაუცველი უფროა, ვიდრე აგრესიული. მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ის კარგავს თვითკონტროლის უნარს – აღარ შეუძლია საკუთარი ქცევისა და მისი შედეგების შეფასება. ასეთ დროს წარმოიშობა რისკი, რომ ის ზიანს მიაყენებს სხვას ან საკუთარ თავს. ეს ნიშნებია ძლიერი აგრესიის აფეთქება, უკონტროლო შიში, ჰალუცინაციები, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ვიღაც მასზე თავდასხმას აპირებს ან ილუზია, რომ მის ფიქრებს სხვა აკონტროლებს. ასეთ შემთხვევებში მას რეალობასთან კავშირი ეკარგება და სწორედ აქ ჩნდება საშიშროება, რადგან აღქმის მექანიზმი დამახინჯებულია.
ფსიქიკური დაავადება აპრიორი არ ნიშნავს საფრთხეს. პაციენტების 80% ჩვეულებრივ ცხოვრობს, მუშაობს, ქმნის ოჯახს. საშიშროება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როცა დაავადება უკონტროლოდ მიმდინარეობს და პროფესიული დახმარება იგვიანებს, არ ხდება დროული იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და მკურნალობა.
– როგორ მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი ახლობელი ცუდად არის, მაგრამ ექიმთან მისვლაზე უარს ამბობს?
– უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც შეადგენს თერაპიის გეგმას და გახდება საკონტაქტო პირი პაციენტს`მის ოჯახსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობაა ერთმანეთის მიმართ. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი თერაპიაა, უბრალოდ არ მივატოვოთ ადამიანი, თუნდაც ის დახმარებას სიტყვიერად არ გვთხოვდეს.
მარი აშუღაშვილი











