სქესი და ბულინგის ფორმები

გააზიარე:

ბულინგი – თანატოლების მხრივ მიზანმიმართული, განმეორებადი აგრესიული ქცევა – ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფსიქოლოგიური გამოწვევაა ბავშვობის პერიოდში, თუმცა გოგოებისა და ბიჭების ბულინგი არა მარტო ფორმით, არამედ ხშირად მოტივითა და შედეგებითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. კვლევები აჩვენებს, რომ სექსუალური განსხვავებები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს იმას, რის გამო აბულინგებენ ბავშვები ერთმანეთს, როგორ გამოხატავენ აგრესიას და რა მეთოდებით გვარდება ეს პრობლემა ყველაზე ეფექტურად.

განსხვავებები გოგოებისა და ბიჭების ბულინგის სტილში

მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ:

* ბიჭები უფრო მეტად ფიზიკურ ბულინგს მიმართავენ, მაგალითად, ჩხუბს, ხელის კვრას, ნივთების წართმევას, გოგოები კი სოციალურს – ჭორების გავრცელებას, მანიპულირებას, ჯგუფიდან მოკვეთას, გარიყვას, ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო დაცინვას;

* ბიჭები ბულინგისგან ხშირად ფიზიკურად ზარალდებიან, ამიტომ პრობლემა უმეტესად ადვილი შესამჩნევია, ხოლო გოგოების შემთხვევაში ის უხილავი რჩება, ამიტომ შესაძლოა, გამოგვეპაროს;

* გოგოები ემოციურ ზიანს უფრო მწვავედ განიცდიან, ბიჭები კი ხშირად ბრაზის ამოხეთქვის სამიზნეზე კონცენტრირდებიან და ძირითადად აგრესიას ავლენენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგან არის და შესაძლოა, აგრესია, პირიქით, გოგოსგან წამოვიდეს, ბიჭი კი თავის თავში ჩაიკეტოს და გაირიყოს.

ბიჭების ბულინგის მოტივები

  • ფიზიკური განსხვავებები – დაბალი ტანი, დიდი წონა, არასათანადო სპორტული შესაძლებლობები;
  • სქესობრივი როლისგან გადახრა -მაგალითად, ბიჭს, რომელიც „ზედმეტად ნაზია" ან „განსხვავებული ინტერესებით" გამოირჩევა, ხშირად მიიჩნევენ „სუსტად";
  • სოციალური სტატუსი ან ეკონომიკური მდგომარეობა – ძველი ტანსაცმელი, იაფფასიანი ტელეფონი;
  • აკადემიური მოსწრება – როგორც ზედმეტად კარგი, ასევე ცუდიც.

გოგოების ბულინგის მოტივები

  • გარეგნობა – ცუდი თმა, კანი, ტანსაცმელი, მაკიაჟი;
  • ქცევა და პოპულარობა – ვისთან მეგობრობს, ვინ მოსწონს, რამდენად „მოდურია";
  • პირადი ცხოვრება;
  • აქტივობა სოციალურ მედიაში – ფოტოები, კომენტარები.

რას მიჰყავს ბავშვები ბულინგამდე?

* ბიჭები – ხშირად სოციალური დომინირების სურვილს: კლასში იქმნება ერთგვარი იერარქია, „ვინ არის მთავარი";

* გოგოები – მთავარ ჯგუფთან მორგებისა და სტატუსის შენარჩუნების მცდელობას;

* ემოციური რეგულაციის უნარების არარსებობას, ოჯახურ კონფლიქტებს;

* სოციალურ მოდელებს – ბავშვი რასაც ხედავს მედიაში/სახლში, იმეორებს სკოლაში.

როგორ მოვაგვაროთ ბულინგის პრობლემა ბიჭებთან

ბიჭებთან შედეგიანია ქცევითი კორექცია და ენერგიის პოზიტიურად გადამისამართება.

ეფექტური მიდგომები

* აგრესიის კონტროლი სხვადასხვა აქტივობით: სპორტი, კრივით თერაპია, ემოციების გადამისამართება;

* მკაფიო ზღვრის დაწესება: ბულინგი მიუღებელია, განურჩევლად იმისა, "ხუმრობას" დაარქმევ თუ არა;

* პედაგოგის აქტიური ჩარევა: ხილული ბულინგი სკოლაშივე უნდა აღიკვეთოს ავტორიტეტული ფიგურის მიერ;

* კოლექტიურ პროექტებში ჩართვა, სადაც ჩაგვრას თანამშრომლობა შეცვლის.

არასასურველია

* პრობლემის გაუფასურება – "მერე რა მოხდა, ბიჭები არიან და ჩხუბობენ" უფრო მეტად ზრდის აგრესიას;

* მხოლოდ დამსჯელი ზომების გამოყენება – შედეგად ბიჭი მუდმივად ეცდება სიმართლის დამალვას ან უარესი აგრესია გაუჩნდება.

როგორ მოვაგვაროთ ბულინგი გოგოებთან

გოგოებთან შედეგიანია ემპათიის გაძლიერება და ჯგუფის წესების გადახედვა.

ეფექტური მიდგომები

* ემპათიის განვითარების მეთოდები და როლური თამაშები: "დაფიქრდი, შენ როგორ იგრძნობდი თავს, ჯგუფიდან რომ გაერიყეთ?"

* ციფრული მედეგობის (დიგიტალ რესილიენცე) სწავლება – ონლაინ სივრცეში ბულინგის ამოცნობა და რეაგირება;

* მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია – გოგოებს ხშირად აზრადაც არ მოსდით, რომ ჭორაობაც ბულინგია. საჭიროა ამის შეხსენება როგორც მშობლების მხრიდან, ისე სკოლაშიც;

* პირადი ინტერესების წახალისება და თვითშეფასების ამაღლება – ვეცადოთ, გოგოს ჩამოვუყალიბოთ საკუთარი თვითშეფასება ჯგუფისგან დამოუკიდებლად.

არასასურველია

* პრობლემის გაუფასურება – "გაიზრდებით და გაივლის". იცოდეთ, რომ ემოციური ბულინგით გამოწვეული სტრესი აკუმულირდება თუ დროულად არ მიხედავთ, შესაძლოა, საქმე დეპრესიამდეც მივიდეს;

* მსხვერპლის შერცხვენა და დადანაშაულება – "რატომ დებ ასეთ ფოტოებს? აბა რას ელოდი? შენი ბრალია!" თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი შვილი მართლაც შეუფერებელ ფოტოებს ტვირთავს სოციალურ ქსელში, გაესაუბრეთ, აუხსენით, რატომ არ არის მიზანშეწონილი ინტერნეტსივრცეში ამ ტიპის ფოტოების განთავსება.

მშობლისა და სკოლის როლი

* ქცევის ერთიანი პოლიტიკა – სკოლის წესებში მკაფიოდ უნდა ეწეროს, რა მიიჩნევა ბულინგად, რა არის მიღებული და რა – მიუღებელი;

* დაკვირვების ჯგუფები / პეერ სუპპორტ — ბავშვებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც დროულად ამჩნევს პრობლემებს და შესაბამის პირებს საქმის კურსში აყენებს;

* მასწავლებლებლების ტრენინგი და ნებისმიერი ტიპის ბულინგზე რეაგირება – დაცინვაც და ფიზიკური შეხებაც ბულინგია. თუ ერთი მეორეზე სასტიკია, ეს პირველს არ ამსუბუქებს.

განსაზღვრულ პირობებში ნებისმიერი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მსხვერპლის, ასე აგრესორის როლში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელმაც, პედაგოგმაც და, უპირველესად, თვითონ ბავშვმაც იცოდნენ, რომ ბულინგი არასდროს არის ნორმალური ბავშვური თამაში. რეაგირების ყველაზე ეფექტური გზაა პრობლემის ადრეულ ეტაპზე ამოცნობა, გულწრფელი დიალოგი და ბავშვის ემოციური მედეგობისა და თვითშეფასების ამაღლება.

ემპათია და ემოციური ინტელექტი – ბულინგის პრევენციის იარაღი

კვლევები მოწმობს, რომ ბავშვის ემპათიისა და ემოციური ინტელექტის განვითარება ბულინგის ტავიდან აცილების ერთ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს. ემპათია – უნარი, იგრძნო და გაიგო სხვისი გრძნობები – მიახვედრებს ბავშვს, როგორ ვნებს სხვას მისი სიტყვები თუ მოქმედებები. როცა ბავშვები სწავლობენ ემოციების ამოცნობას და კონტროლს, ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილნი აგრესიისა და ჩაგვრისკენ.

გოგოებში, სადაც ბულინგის სოციალური და ემოციური ფორმები უფრო გავრცელებულია, ემპათიის უნარის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბიჭების შემთხვევაში ემოციური ინტელექტის გაძლიერება ხელს უწყობს აგრესიის სხვაგან, მაგალითად, სპორტში ან შემოქმედებაში გადამისამართებას.

ემპათია და ემოციური ინტელექტი არ არის თანდაყოლილი უნარები – სწორი მიდგომითა და მაგალითებით შესაძლებელია მათი სწავლება. ამ უნარებით აღჭურვილი ბავშვები ნაკლებად არიან მიდრეკილი სხვების ჩაგვრისკენ და ბულინგის პრობლემის წარმოშობის რისკიც ნაკლებია.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: