დამხმარე აღჭურვილობა მწოლიარე პაციენტისთვის
გააზიარე:
პაციენტის იმობილიზაცია არაერთ პრობლემას წარმოშობს: ძნელია ჰიგიენის სრულფასოვანი დაცვა, შესაძლოა, გაჩნდეს ნაწოლები, ერთსა და იმავე პოზაში წოლის გამო თავი იჩინოს კუნთებისა და სახსრების ტკივილმა... მწოლიარე პაციენტის მოვლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამხმარე ინვენტარის სწორად შერჩევასა და გამოყენებას. სპეციალური საწოლი, მატრასი და შხაპი კომფორტსა და უსაფრთხოებასთან ერთად უფრო შედეგიან მკურნალობასა და რეაბილიტაციასაც უწყობს ხელს.
საწოლი
მწოლიარე პაციენტისთვის აუცილებელია სპეციალური სამედიცინო საწოლი, სასურველია, ბორბლებიანი. დივანი, ტახტი და ჩვეულებრივი საწოლი უმოძრაო პაციენტის მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს. მეტიც: შესაძლოა, ნაწოლები, ზურგის, ბეჭების ან წელის ტკივილი გამოიწვიოს. სამედიცინო საწოლის უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია მისი სიმაღლისა და ცალკეული ნაწილების პოზიციის რეგულირება. გარდა ამისა, საწოლის ჩარჩოს ისეთი კონსტრუქცია აქვს, რომ პაციენტი დაზღვეულია სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანებისგან. სამედიცინო საწოლის მატრასი სხეულის სიმძიმის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს, რითაც პაციენტს მეტ-ნაკლებად უმსუბუქებს მუდმივი წოლით გამოწვეულ დისკომფორტს. ამგვარ საწოლზე ადვილად მაგრდება დამხმარე საშუალებები – პატარა მაგიდა, ძელი და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამედიცინო საწოლის ზედაპირი ადვილად გასაწმენდი მასალისგან არის დამზადებული და მისი ყოველდღიური გასუფთავება სირთულეს არ წარმოადგენს. ბორბლებისა და ჩამკეტი მუხრუჭების წყალობით პაციენტის მომვლელს ადვილად და უსაფრთხოდ შეუძლია საწოლის გადაადგილება.
სამედიცინო საწოლის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს:
* ხელით რეგულირებადი;
* ნახევრად ელექტრონული
* მთლიანად ელექტრონული;
* ბარიატრიული.
ხელით რეგულირებადი სამედიცინო საწოლის მთავარი უპირატესობა მისი სიიაფეა. სპეციალური სახელურების დატრიალებით ხდება საწოლის სიმაღლის, თავის ან ბოლოს აწევა და დაწევა. სხვა ტიპებისგან განსხვავებით, ამ საწოლს ელექტროენერგია არ სჭირდება.
მეორე მხრივ, სრულიად იმობილიზებული პაციენტისთვის ასეთი საწოლი გამოუსადეგარია. მომვლელისთვისაც საკმაოდ არაკომფორტულია, მეტადრე მაშინ, როცა ხშირად არის საჭირო საწოლის სიმაღლის ან რომელიმე ნაწილის პოზიციის ცვლა.
ნახევრად ელექტრონული საწოლის ზედა და ქვედა ნაწილები ღილაკზე თითის დაჭერით მოძრაობს, მაგრამ საწოლის სიმაღლის რეგულირება მხოლოდ სახელურის დატრიალებით არის შესაძლებელი. ეს მოდელი კარგია მათთვის, ვისაც საწოლის სიმაღლის ხშირი ცვლა არ სჭირდება და მხოლოდ თავის ან ფეხების პოზიციის შეცვლის ფუნქციას იყენებს. ნახევრად ელექტრონული საწოლი ხელით რეგულირებადთან შედარებით კომფორტული და მოხერხებულია, მაგრამ უფრო ძვირიც.
სრულიად უმოძრაო პაციენტების მოვლისას საუკეთესო არჩევანია ელექტროსაწოლი. სიმაღლის, მოხრის კუთხისა და პოზიციის რეგულირება მთლიანად ელექტრონულად, ღილაკზე თითის დაჭერით ხდება. ასეთ საწოლს დისტანციური მართვის პულტიც მოჰყვება, რომლითაც თავად პაციენტს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს ამის საშუალებას, შეუძლია, სურვილისამებრ ცვალოს საწოლის სიმაღლე და სხეულის პოზიცია.
ელექტროსაწოლის ნაკლი მისი მაღალი ფასი, დენის მუდმივი წყაროს საჭიროება და ნაწილების მოვლა-შეკეთების აუცილებლობაა. იშვიათად პაციენტები ელექტროძრავის შემაწუხებელ ხმაურსაც უჩივიან, განსაკუთრებით ღამით.
ბარიატრიული საწოლი ჭარბწონიანი (480 კგ-მდე) მწოლიარე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, სხვა მოდელებთან შედარებით განიერი და მტკიცეკარკასიანია, თანაც მთლიანად ელექტრონულად იმართება. დიდი გაბარიტების გამო საშუალოსტატისტიკური საცხოვრებლის ოთახში მისი დადგმა ხშირად მოუხერხებელია, გარდა ამისა, ძნელია მისი გადაადგილება დალაგების დროს. ყველაზე მეტად კი მომხმარებლებს ამ ტიპის საწოლის სიძვირე აფრთხობთ, თუმცა ჭარბწონიანი პაციენტისთვის მას ალტერნატივა არ გააჩნია.
პრაქტიკული რჩევები
* ყველა სამედიცინო საწოლს აქვს სიმაღლის რეგულატორი, რაც პაციენტზე მეტად მისი მომვლელისთვის არის მნიშვნელოვანი – მოხრილი ხერხემლის სიმძიმით დატვირთვა სახიფათოა. პაციენტი ისეთ სიმაღლეზე უნდა იწვეს, რომ მომვლელს არ დასჭირდეს წელში მოხრა და ამ პოზაში დიდხანს დარჩენა. თუ საწოლის სასურველ სიმაღლეზე აწევა შეუძლებელია, მომვლელი უნდა ეცადოს, თავად მოერგოს საწოლის სიმაღლეს ისე, რომ ხერხემალი გამართული შეინარჩუნოს.
* თუ ინვენტარს სათანადოდ მოუვლით, ის დიდხანს მოგემსახურებათ. პერიოდულად ამოწმეთ საწოლის ელექტროძრავი და მოძრავი მექანიზმი, მუდმივად ცვალეთ თეთრეული, რათა მატრასი არ გაჭუჭყიანდეს.
* იქონიეთ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო იმ შემთხვევისთვის, თუ დენი გაითიშა. საწოლის ყიდვისთანავე გაარკვიეთ, სად შეიძლება მისი ნაწილების შეძენა-შეკეთება.
ნაწოლების საწინააღმდეგო საშუალებები
საუკეთესო სამედიცინო საწოლსაც კი ხშირად ხისტი, თხელი, მოუხერხებელი მატრასი აქვს, ამიტომ პაციენტებს დამატებით უგებენ მატრასს, რაც სხეულის ჩახუთვას იწვევს.
მას, ვისაც სიბერის, ავადმყოფობის ან ფიზიკური უძლურების გამო დიდხანს უწევს გაუნძრევლად ჯდომა ან წოლა, ნაწოლების გაჩენა ემუქრება. ეს, შესაძლოა, არასწორად მორგებულმა მატრასმაც გამოიწვიოს. სხეულის რომელიმე ნაწილზე მუდმივი ზეწოლა ამცირებს სისხლის, შესაბამისად, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას, რის გამოც კანი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები ნელ-ნელა კვდება. ნაზი და თხელი კანი მეტად მოწყვლადია და შესაძლოა, ტანსაცმლის ან ზეწრის ხახუნმაც კი დააზიანოს, განსაკუთრებით – თუ ნესტიანიცაა. შესაძლოა, მწოლიარე ჩამოცურდეს საწოლიდან (მაგალითად, მაშინ, როცა საწოლის თავი მეტისმეტად არის აწეული) ან ეტლიდან და ამ დროს კანისა და მის ქვეშ მდებარე ძვლის ურთიერთსაპირისპირო მოძრაობამ ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს.
ავადმყოფის საუკეთესო მოვლის პირობებშიც კი ნაწოლების თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. ამისთვის რეკომენდებულია ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასის გამოყენება. მისი მუშაობის მთავარი პრინციპი დაზიანებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებზე (კეფაზე, ბეჭებზე, ზურგზე, იდაყვებზე, კუდუსუნზე, თეძოებზე, კოჭებზე) დატვირთვის თანაბრად განაწილებაა. მატრასი დაყოფილია ცილინდრული ფორმის პატარა ნაწილებად, რომლებიც ჰაერით, ქაფით ან გელით არის სავსე. სხეულის ნაწილებში წნევა მუდმივად იცვლება და ზოგი ნაწილი უფრო რბილდება, ზოგი კი მკვრივდება. მატრასის რელიეფური ზედაპირი კანზე ზეწოლის სწორ განაწილებას განაპირობებს. მატრასი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ერთგვარი მასაჟის ეფექტითაც გამოირჩევა, რითაც პაციენტს კუნთების ტკივილისგან იცავს.
ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასების რამდენიმე ტიპი არსებობს. აგებულების მიხედვით განასხვავებენ ფიჭურ და ცილინდრულკარკასიან მოდელებს. პირველი ჰაერით, ქაფით ან გელით სავსე უჯრედებისგან შედგება და 100 კგ-მდე წონის პაციენტებისთვის არის რეკომენდებული.
როგორც ფიჭური, ისე ცილინდრული მატრასიც შეიძლება სტატიკური ან დინამიკური იყოს.
სტატიკურს არ სჭირდება კვების წყარო; ჰაერით სავსე უჯრედებში წნევა პაციენტის წონის შესაბამისად ნაწილდება; სხეულთან შეხების ზედაპირი ისე იზრდება, რომ კიდურებსა და ტორსზე ზეწოლა ადეკვატურად გადანაწილდეს.
სტატიკური მატრასის მაგალითებია:
* ქაფის მატრასი – დამზადებულია მაღალი სიმკვრივის ქაფისგან, რომელიც სხეულის მოწყვლად ნაწილებზე ზეწოლას ამცირებს;
* გელის მატრასი – გელით სავსე ბალიშებისგან არის აწყობილი; უზრუნველყოფს სხეულის გაგრილებას და წნევის განაწილებას.
დინამიკური (ელექტრო-, ცვლადი წნევის) მატრასის ზედაპირზე არსებული დანაყოფები ელექტროტუმბოს საშუალებით ციკლურად იბერება და იჩუტება, რაც სხეულის სხვადასხვა უბანზე ზეწოლის მუდმივ ცვლილებას იწვევს. ამ ტიპის მატრასის მუშაობის პრინციპი კანის სიმშრალის შენარჩუნებას ემყარება. ზედაპირზე არსებული მიკროხვრელებიდან მუდმივად გამოდის ჰაერი, რაც საგრძნობლად ამცირებს ოფლიანობას. რეკომენდებულია ჭარბი ოფლიანობისა და შარდის შეუკავებლობის მქონე პაციენტებისთვის.
დინამიკური მატრასის ზოგიერთი მოდელის კარკასში დატანებულია უწვრილესი მძივები, რომლებიც ჰაერის ნაკადის ცვლასთან ერთად სითხის მსგავსად მოქმედებს და სხვადასხვა უბანზე წნევის განაწილებას უზრუნველყოფს. ასეთი მატრასები უკვე განვითარებული ნაწოლების, დამწვრობის, ზურგის ტვინის დაზიანების დროს არის რეკომენდებული.
ცილინდრული კარკასის მატრასები დენის წყაროსთან დაკაშირებული მილისებრი სექციებისგან შედგება. ჰაერის წნევა ცილინდრებში მუდმივად იცვლება, რაც მასაჟის ეფექტს უზრუნველყოფს და ხელს უშლის ნაწოლების გაჩენას. ამ ტიპის მატრასი 100 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.
ცილინდრული კარკასის მატრასის ტიპებია:
* მატრასი დამოუკიდებელი ცილინდრებით – საერთო საფარქვეშ განთავსებული ცალკეული ბუშტებით, რომელთა ამოღება და ახლით შეცლა საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება;
* გასაბერი – ფიჭური მოდელების მსგავსი მუშაობის პრინციპითა და თვისებებით.
ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასების უახლესი მოდელები ჰიბრიდული ტიპისაა. ისინი სტატიკური და დინამიკური ტექნოლოგიების შერწყმით არის მიღებული. საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, ჰიბრიდული მატრასები მაქსიმალურად ესადაგება პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და დღეს უცხოურ ბაზარზე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რა გავითვალისწინოთ
ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასები ძირითადად რამდენიმე მასალისგან მზადდება:
* პოლივინილქლორიდი (PVC) – სინთეზური პოლიმერი, რომელიც ადვილად ირეცხება, წყალგაუმტარი და პრაქტიკულია;
* პოლიურეთანის ქაფი – მისგან დამზადებულ მატრასს ორთოპედიული თვისებები აქვს, ზედაპირი ნიავდება, რაც თავიდან გვაცილებს ჭარბ ოფლიანობას;
* მაღალი სიმკვრივის გელი – უზრუნველყოფს ზედაპირზე წნევის განაწილებას და სხეულის გაგრილების ეფექტით გამოირჩევა.
ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასის შერჩევამდე გაარკვიეთ წონის ლიმიტი. მცირე მასაზე გათვლილი მოდელი ჭარბწონიან პაციენტს არ გამოადგება.
მწარმოებლების უმრავლესობა რეკომენდაციას უწევს კომპრესორიანი მატრასის უწყვეტ რეჟიმში გამოყენებას – მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მხოლოდ ასე მიიღწევა.
მატრასი ბევრ ელექტროენერგიას არ მოიხმარს, ოღონდ გახსოვდეთ, კომპრესორის ქსელიდან დროებით გათიშვისას და ხელახლა ჩართვისას პაციენტი მატრასზე არ უნდა იწვეს – ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს მატრასის დაჩუტვას და გაბერვას და მოწყობილობაც დააზიანოს.
დასუფთავება და დეზინფექცია მხოლოდ გაბერილ მატრასს უტარდება, რათა მთელი ზედაპირი სრულფასოვნად დამუშავდეს სპეციალური ანტიმიკრობული საშუალებით (მშრალი წესით).
ნაწოლების საწინააღმდეგო მატრასი დიდხანს და ხარისხიანად რომ გემსახუროთ, გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაციები, რომლებიც შეფუთვაზეა მითითებული.
მატრასის მოვლა რომ გაგიადვილდეთ, შეგიძლიათ, გამოყენების წინ ჩასვათ სპეციალურ დამცავ შალითაში, რომელსაც პერიოდულად ახლით შეცვლით.
შხაპის ინვენტარი
ჰიგიენის წესების დაცვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუ ადამიანს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, სამედიცინო მოწყობილობების დახმარებით შხაპი მაინც უნდა მიიღოს. ქვემოთ აღწერილია შხაპის სხადასხვა ტიპის ინვენტარი და მათი გამოყენების ჩვენებები.
უბორბლო საშხაპე სკამი
1750 წელს ჯეიმს ჰიტის მიერ შექმნილი სკამი დღემდე ერთ-ერთ საიმედო დამხმარე საშუალებად მიიჩნევა ისეთი პაციენტებისთვის, რომლებსაც სხეულის განსაზღვრული პოზიციაში შენარჩუნება არ შეუძლიათ. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია მოსახსნელი საზურგით, რეგულირებადი სახელურებით და დახრილკუთხიანი ფეხებით, რომლებსაც ბოლოებზე მოცურების საწინააღმდეგო რეზინის თავაკები აქვს ჩამოცმული. მარტივი დიზაინის წყალობით სკამი თითქმის ყველა საშხაპეში ეტევა, მომვლელს პაციენტის უსაფრთხოდ დაბანის საშუალებას აძლევს და წაქცევის რისკსაც საგრძნობლად ამცირებს. თუმცა სრულიად იმობილიზებული პაციენტისთვის ასეთ სკამს ვერ გამოვიყენებთ, რადგან მას არ აქვს გულმკერდისა და კისრის საფიქსაციო ნაწილები, ხოლო ბორბლების უქონლობის გამო შეუძლებელია ამავე სკამით პაციენტის გადაადგილება ოთახიდან საშხაპემდე და უკან. თუ პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილება საერთოდ არ შეუძლია, მისთვის ბორბლებიანი საშხაპე სკამია რეკომენდებული. ბორბლები მომვლელს უადვილებს პაციენტის საშხაპემდე მიყვანას და უკან დაბრუნებას, ბორბლებზე არსებული მუხრუჭები კი სკამს გაცურებისგან იცავს. ამ მოწყობილობის ნაკლი ის გახლავთ, რომ, სტანდარტული სკამისგან განსხვავებით, მოძრაობისთვის მეტ ფართობს მოითხოვს (პატარა აბაზანაში ვერ გამოიყენებთ).
აბაზანის ლიფტი
რეკომენდებულია მათთვის, ვისაც წყლიან აბაზანაში დამოუკიდებლად ჩაწოლა არ შეუძლია. ერთი შეხედვით, მოწყობილობა საზურგიან ფართო სკამს წააგავს, ოღონდ, ჩვეულებრივი სკამისგან განსხვავებით, ოთხი სტანდარტული ფეხი კი არა, ლიფტისმაგვარი მექანიზმი აქვს. სახელურზე განთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერისას სკამი დაბლა დაწევას იწყებს და მასზე მჯდომ ადამიანს თანდათან უშვებს წყალში, მეორე ღილაკზე დაჭერისას კი სკამი მაღლა იწევს და პაციენტი უვნებლად ამოჰყავს წყლიდან.
ამ მოწყობილობის ნაკლი ის არის, რომ დიდია, არაპორტატიული და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აბაზანისთვის (შხაპისთვის არ გამოდგება). ამასთან, ელემენტებზე მუშაობს და პერიოდულად დამუხტვა სჭირდება.
მარი მარღანია











