ფეხის წვერებზე

გააზიარე:

ფეხის წვერებზე ხშირად დადიან ბავშვები, რომლებიც ფეხს იდგამენ. ამ დროს ისინი ტერფის წინა ნაწილს ეყრდნობიან და ქუსლებით იატაკს არ ეხებიან. ასეთი ბავშვების უმეტესობა ორ წლამდე ნორმალურ სიარულს იწყებს.

გვაძლევს თუ არა შეშფოთების საფუძველს ის ფაქტი, რომ ჩვენი შვილი ორი წლის შესრულდა, მაგრამ მაინც ფეხის წვერებზე დადის?

ფეხის წვერებზე სიარული საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ხუთ-ნახევარი წლის ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების 2% ჯერ კიდევ ასე დადის, განვითარების დარღვევის ან შეფერხების მქონე ბავშვებთან კი მაჩვენებელი 41%-ს აღწევს.

ფეხის წვერებზე მოსიარულე ბავშვების უმეტესობას შეუძლია, ტერფი მთლიანად შეახოს იატაკს, მაგრამ ზოგი მაინც ფეხის წვერებზე სიარულს ამჯობინებს. ასეთ დროს შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც:

  • ბალანსისა და კოორდინაციის დაქვეითება;
  • ხშირი წაქცევა;
  • ფეხსაცმლის ტარებასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • სპორტულ და სხვა აქტიურ თამაშებში მონაწილეობის სირთულეები;
  • ტკივილი სიარულისას ან დგომისას;
  • ქუსლებზე დადგომის (როცა თითები ზემოთ არის აწეული) და სიარულის შეუძლებლობა;
  • ქუსლის მყესების დაჭიმულობა.

რა იწვევს

ფეხის წვერებზე მუდმივი სიარული უმეტესად იდიოპათიური მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიზეზი უცნობია. სხვა შემთხვევებში ის გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

* აქილევსის მყესის სიმოკლით. აქილევსის მყესი წვივის კუნთების დაბოლოებაა, რომელიც ქუსლის ძვალზეა მიმაგრებული. როდესაც ბავშვი სიარულისას კუმშავს ამ კუნთებს, აქილევსის მყესი ქუსლს ზემოთ ექაჩება, რაც ხელს უშლის ქუსლის იატაკზე დაყრდნობას. იშვიათად, მაგალითად, ტერფმრუდობის ან სხვა თანდაყოლილი დეფორმაციის დროს, შესაძლოა კუნთ-მყესის კომპლექსი დაბადებიდანვე მოკლე იყოს. ისიც შესაძლოა, მოგვიანებით დამოკლდეს.

* უფროსი ასაკის ზოგიერთი ბავშვი ფეხის წვერებზე ჩვევის გამო დადის, ზოგი კი იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში წვივის კუნთები და მყესები გაუმაგრდათ და ნორმალური სიარული ტკივილს აყენებთ.

იშვიათად ფეხის წვერებზე სიარული რომელიმე სამედიცინო მდგომარეობის გამოვლინებაა. ასეთი მდგომარეობებია:

* ტვინის განვითარების დარღვევა, მაგალითად,  ცერებრალური დამბლა;

* კუნთოვანი ან ნერვული დაავადება, მაგალითად, კუნთოვანი დისტროფია;

* ზურგის ტვინის ანომალია;

* აუტისტური სპექტრის აშლილობა.

გართულებები

თუ ბავშვი გამუდმებით ფეხის წვერებზე დადის, დროთა განმავლობაში შესაძლოა უფრო მეტად დაეჭიმოს წვივის კუნთები და აქილევსის მყესები. ეს მდგომარეობა ართულებს ან შეუძლებელს ხდის იატაკზე ტერფის მთლიანად დაყრდნობას.

გარდა ამისა, შესაძლოა შემცირდეს ტერფის სახსარში მოძრაობის ამპლიტუდა, ბავშვს გაუჭირდეს ფეხსაცმლის, უფრო მეტად კი გორგოლაჭების, ციგურების, სათხილამურო ჩექმების მორგება.

ზრდასრულ ასაკში შესაძლოა თავი იჩინოს ჩონჩხკუნთოვანი სისტემის სხვა პრობლემებმა და ტკივილებმაც.

ზოგი ადამიანი ფეხის წვერებზე სიარულს ზრდასრულ ასაკშიც აგრძელებს. შესაძლოა, მათ ბავშვობაში მკურნალობაც ჩაუტარდათ, მაგრამ ჩვევა ვერ დაძლიეს ან მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

დიაგნოსტიკა

ექიმი მდგომარეობას აფასებს ბავშვის ჯანმრთელობის ისტორიაზე დაფუძნებული კითხვებითა და გასინჯვით. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ტარდება:

* ელექტრომიოგრაფია (EMG) კუნთებისა და ნერვების ფუნქციობის შესაფასებლად;

* სიარულის ანალიზი სიარულის დროს მოძრაობის თავისებურებათა შესაფასებლად;

* ნევროლოგიური ტესტირება (რეფლექსების, მგრძნობელობისა და კუნთების ძალის შეფასება), იმის დასადგენად, დარღვეული ხომ არ არის თავის ან ზურგის ტვინის ფუნქციობა ან განვითარების შეფერხება ხომ არ აღინიშნება.

მკურნალობა

ფეხის წვერებზე სიარულის მკურნალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ბავშვის ასაკზე, მდგომარეობის სიმძიმეზე, გამომწვევ მიზეზზე.

ბევრი ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად თვითონვე ანებებს თავს ფეხის წვერებზე სიარულს. თუ პრობლემა თავისთავად არ აღმოიფხვრა, ექიმი თავდაპირველად არაქირურგიულ მეთოდებს გირჩევთ:

* ფიზიოთერაპია მიზნად ისახავს წვივისა და ტერფის კუნთების გაჭიმვას, რაც ამცირებს დაჭიმულობას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს. ზოგ შემთხვევაში თერაპიას შესაძლოა დაემატოს სერიული იმობილიზაცია – თაბაშირის ან სპეციალური ფიქსატორის ტარება და რამდენიმე კვირაში ერთხელ ცვლა, რაც კუნთებისა და მყესების თანდათანობით გაჭიმვას უწყობს ხელს.

* სპეციალური პლასტმასის ფიქსატორი, ტერფ-წვივის ორთოზი, ტერფს 90-გრადუსიანი კუთხით აფიქსირებს, რაც ხელს უწყობს კუნთების გაჭიმვას სიარულის დროს.

ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ლოდინის ტაქტიკა და დააკვირდეს, თავისთავად გაუმჯობესდება თუ არა მდგომარეობა. წესისამებრ, ლოდინი არ გრძელდება ექვს თვეზე მეტხანს.

* ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსი) ინექცია დროებით ადუნებს წვივის კუნთებს და გაჭიმვას აადვილებს.

თუ ბავშვი 5 წელზე უფროსია, შესაძლოა, ექიმმა ქირურგიული ჩარევა გირჩიოთ. ოპერაცია მიზნად ისახავს წვივის კუნთებისა და აქილევსის მყესის დაგრძელებას, რაც აუმჯობესებს მოძრაობის დიაპაზონს, ტერფისა და კოჭის ფუნქციობას.

ბავშვს შესაძლოა დაეხმაროს ვესტიბულურ-სენსორული თერაპიაც, რომელიც ასტიმულირებს წონასწორობის სისტემას და დადებითად მოქმედებს მოძრაობისა და წონასწორობის დაცვის უნარებზე.

პრევენცია

ფეხის წვერებზე სიარულის პრევენცია შესაძლებელია. მთავარია, დროულად შეამჩნიოთ პრობლემა და მიმართოთ პედიატრს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, შეამციროთ ამ ჩვევის ჩამოყალიბების რისკი აქილევსის მყესების რეგულარული გაჭიმვით და ისეთი ფეხსაცმლის შერჩევით, რომელიც კარგად ერგება ბავშვის ტერფს და უზრუნველყოფს კარგ საყრდენს.

პროგნოზი

პროგნოზი პრობლემის მიზეზზეა დამოკიდებული. იდიოპათიურ შემთხვევებში ბავშვების უმეტესობა მკურნალობის შემდეგ სწავლობს სრულფასოვან სიარულს და სპორტულ და სხვა აქტივობებშიც ერთვება, მაგრამ ზოგი ოპერაციის შემდეგაც კი ფეხის წვერებზე დადის. ასეთ დროს რეციდივისგან თავის დასაზღვევად შესაძლოა საჭირო გახდეს ფიქსატორების გამოყენება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: