გაბრიელ ღამბარაშვილი – მეცნიერული გინეკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში

Share:

ჰიპოკრატემ, ანტიკური ეპოქის ბერძენმა ექიმმა, პირველმა აღწერა საშვილოსნოს სიმსივნისა და ქალის ზოგიერთი სხვა დაავადების კლინიკური სურათი და მათი დიაგნოსტიკის მეთოდებიც შემოგვთავაზა, თუმცა გინეკოლოგია დამოუკიდებელ მეცნიერებად მხოლოდ XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა.

საქართველოში მეცნიერული და პრაქტიკული გინეკოლოგიური განათლების დანერგვა, გინეკოლოგიური კლინიკის დაარსება და გინეკოლოგიის როგორც დარგის განვითარება გაბრიელ ღამბარაშვილის სახელს უკავშირდება. დიდი ექიმისა და მეცნიერის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ბავშვობა

1872 წლის 12 ივლისს გორის მკვიდრ გრიგოლ ღამბარაშვილს მეშვიდე შვილი შეეძინა, რომელსაც გაბრიელი დაარქვეს. ბიჭი ექვსი წლის იყო, როცა გარდაეცვალა დედა – ეკატერინე დათაძე. პატარა გაბრიელი დიდედამ, სალომე ნიკოლაძემ აღზარდა. სალომე ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ახლო ნათესავი ყოფილა და იაკობ ნიკოლაძის აღზრდაშიც დიდი წვლილი შეუტანია.

პატარა გაბრიელი ცელქი, მაგრამ გონიერი ბავშვი ყოფილა.  ერთხელ, როცა ძილის წინ დიდედა ზღაპარს უყვებოდა, ბიჭს უთქვამს, რაღა დროს ჩემი ზღაპრებია, ნამდვილ გმირებზე, ავთანდილსა და ტარიელზე მიამბეო. სალომეს სიხარულით აუღია ხელში "ვეფხისტყაოსანი" და რამდენიმე თვეში პატარა გაბრიელი უკვე თანატოლებს ასწავლიდა რუსთველის აფორიზმებს.

სასკოლო ასაკს რომ მიაღწია, მამამ თბილისში წაიყვანა და ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მიაბარა. ახალ გარემოცვას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მომავალ მეცნიერზე. რუსულად წერა-კითხვაც მალევე უსწავლია და თავისუფალ დროს გატაცებით კითხულობდა მხატვრულ თუ ფილოსოფიურ ლიტერატურას.

გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1899 წელს, გაბრიელმა სწავლის მოსკოვში გაგრძელება გადაწყვიტა და ოჯახს დაემშვიდობა.

სტუდენტური ქარტეხილები

მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, მარქსისტული ლიტერატურის გავლენით რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. ამისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და "მგლის ბილეთით" სოფელ სადახლოში გადაასახლეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას წერა-კითხვას ასწავლიდა. გაბრიელმა მალე მოიპოვა თანასოფლელთა ნდობა და პატივისცემა. მასთან ურთიერთობა განსაკუთრებით ბავშვებს უხაროდათ. უბრალო ხალხთან კავშირმა, მისი ცხოვრების გაცნობამ ახალგაზრდა პედაგოგს ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი გაუჩინა. სასჯელის მოხდის შემდეგ მან საზღვარგარეთ გამგზავრება და მედიცინის შესწავლა განიზრახა.

1902 წელს გაბრიელ ღამბარაშვილი ჩაირიცხა გერმანიის უძველეს და სახელოვან უმაღლეს სასწავლებელში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, სადაც ხუთი წლის განმავლობაში ბერლინის, ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის საუკეთესო მეცნიერთა ლექციებს ისმენდა. სამეცნიერო მუშაობა სტუდენტობის წლებშივე დაიწყო. აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის ჰემატოგენური სიდეროზის შესახებ მისი ორი ნაშრომი ბერლინის პოპულარულ სამედიცინო ჟურნალში დაიბეჭდა. 1907 წელს გაბრიელმა წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მედიცინის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. იმხანად ბერლინში ცხოვრობდა ივანე ჯავახიშვილიც. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ კიდეც ქართველი მეცნიერები. მათი ურთიერთობა ჯავახიშვილის სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა და როდესაც თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელობა ივანემ სწორედ გაბრიელს სთხოვა. ახალგაზრდა ექიმი იმ დროს გერმანიიდან უკვე დაბრუნებული იყო და რუსეთში მუშაობდა.

რუსეთის იმპერიაში არსებული წესის თანახმად, უცხოეთში განათლებამიღებულ პირს ექიმად მუშაობის უფლება რომ მიეღო, გამოცდა მოსკოვის უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა. სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა გაბრიელ ღამბარაშვილი 1908 წელს რუსეთში, სადაც იმხანად რუსული გინეკოლოგიური სკოლის ფუძემდებელი და ორგანიზატორი ვლადიმირ სნეგირიოვი მოღვაწეობდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ გაბრიელი ოთხ წელიწადს მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის გინეკოლოგიური კლინიკის დირექტორთან ალექსანდრ გუბაროვთან ერთად. სწორედ იმ პერიოდში მოამზადა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც 1912 წელს წარმატებით დაიცვა. თავის ნაშრომში ქართველმა ექიმმა დაადასტურა, რომ "საკვერცხის ექსტრაქტები არტერიული წნევის მომატებას და პულსის შენელებას იწვევს", რის საფუძველზეც, მისი აზრით, ოვარიული ჰორმონები შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მსგავსად უნდა შესწავლილიყო.

1917 წლამდე გაბრიელ ღამბარაშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის გინეკოლოგიური კათედრის პრივატ-დოცენტი და მოროზოვის სახელობის სიმსივნეების ინსტიტუტის განყოფილების გამგე იყო. აქტიური სამედიცინო საქმიანობის გვერდით ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვისაც პოულობდა დროს. მისი ხელმძღვანელობით მოსკოვში ქართულ ენაზე გამოიცა ბროშურები და ბაქტერიოლოგიური ატლასი, დაარსდა ბუნებისმეტყველთა ქართული სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც ღამბარაშვილი თბილისში დაბრუნებამდე ხელმძღვანელობდა. 1917 წელს ახალგაზრდა პროფესორმა გამოსცა ქართული სამეცნიერო საზოგადოების სამკურნალო სექციის კრებული “მიკრობები გადამდები სატკივრებისა”, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასაგები ენით და ფერადი ილუსტრაციებით იყო გადმოცემული. მისივე მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი მოსკოვში მეჩნიკოვის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებას.

გაბრიელ ღამბარაშვილმა ჯერ კიდევ 1916 წელს წამოჭრა საქართველოში ექიმთა საზოგადოების დაარსების საკითხი. უნდოდა, ამ საზოგადოებასთან გაეხსნა “განმეორებითი” (დახელოვნების, დიპლომის შემდგომი დაოსტატების) კურსები ახლად სწავლადამთავრებული ექიმებისთვის და საავადმყოფო, რათა საზოგადოების ფინანსურ საჭიროებათა დაკმაყოფილება შესძლებოდა. "ერთი სიტყვით, თავიდათავია ქართველ ექიმთა ორგანიზაციულად შეკავშირება; საზოგადოების არსებობის საშუალების გამონახვა თვით ექიმებს შეუძლიათ", – წერდა ის.

დარგის ფუძემდებელი

1920 წელს გაბრიელ ღამბარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის გინეკოლოგიის კათედრისა და ჰოსპიტალური გინეკოლოგიური კლინიკის გამგედ დაინიშნა. სამშობლოში დაბრუნებული სახელმოხვეჭილი პროფესორი 25 ოქტომბერს ფართო აუდიტორიას წარუდგა ლექციით, რომელიც ქართულ ენაზე წაიკითხა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იგი შეეხო გინეკოლოგიის საკითხებს, მის მეცნიერულ საფუძვლებს. აღნიშნა გერმანული და რუსული გინეკოლოგიის მიღწევები და ილაპარაკა საქართველოში დარგის განვითარების გზებზე. ღამბარაშვილმა კონკრეტული ამოცანები დაუსახა უნივერსიტეტის ბაზაზე ახლად ჩამოყალიბებულ გინეკოლოგიურ კლინიკას. ლექცია მან ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დაასრულა: “მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულების ვარჯიშობისაგან... იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის... იგინი წინ მიდიან ცხოვრების მეოხებით და მერე თვითონ მიჰყავთ ცხოვრება წინა... რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში, მხოლოდ ის გადადის ხალხში და მხოლოდ იგი სცვლის ხალხის მდგომარეობას”.

1923 წელს ქართველმა მეცნიერმა უნივერსიტეტის პირველი პრორექტორის თანამდებობა დაიკავა.

უამრავ დადებით თვისებასთან ერთად, გაბრიელ ღამბარაშვილს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაც გამოარჩევდა. უბადლო დიაგნოსტი და მკურნალი, ნატიფი ტექნიკის მქონე ოპერატორიც იყო. როგორც რთულ, ისე მარტივ შემთხვევებს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მკაცრი განრიგი ჰქონდა: გაწონასწორებული, მშვიდი და სიტყვაძუნწი დასტაქარი ოპერაციის შემდეგ ჯერ სტაციონარული ავადმყოფების შემოვლას ატარებდა, მერე დასაწვენ პაციენტებს სინჯავდა. მალე კლინიკაში გაიხსნა დიაგნოსტიკური და ჰისტოპათომორფოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც, პროფესორის ძალისხმევით, სრულყოფილად აღიჭურვა და მომარაგდა თანამედროვე ხელსაწყოებითა და მასალით. ექსპერიმენტული სამეცნიერო მუშაობისთვის კლინიკასთან ორგანიზებული იყო ვივარიუმი.

პრაქტიკული საექიმო საქმიანობის გვერდით გაბრიელ ღამბარაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერულ მუშაობასაც. როგორც მისი, ისე მისი მოწაფეების ნაშრომები საკითხის ორიგინალური დასმით, კვლევის სრულყოფილებით, დიდი მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულებით გამოირჩეოდა. რადიოლოგიურთან ერთად ის ხშირად მიმართავდა ფუნქციურ, ბიოქიმიურ და მორფოლოგიურ მეთოდებს, ავლებდა კლინიკურ-ანატომიურ პარალელებს, აკეთებდა პროგნოზს.

1920-იანი წლების დასაწყისში გაბრიელ ღამბარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის დაფუძნებაში, რომელსაც ის თექვსმეტი წელი ედგა სათავეში. იმავე პერიოდში, მისი უშუალო ინციატივით, გინეკოლოგიური კლინიკის ბაზაზე მოეწყო ქალთა პირველი თორმეტსაწოლიანი ონკოლოგიური განყოფილება. 1924 წელს გაბრიელ ღამბარაშვილის თაოსნობით გაიხსნა პირველი რენტგენოლოგიური განყოფილება თერაპიული და დიაგნოსტიკური აპარატებით. კლინიკაში ავთვისებიან სიმსივნეებს რადიუმით მკურნალობდნენ, რაც საბჭოთა კავშირში სიახლე იყო. ამ განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა რენტგენოლოგიის დოცენტურა, მერე კი დამოუკიდებელი კათედრა, რომელსაც 1934 წლამდე გაბრიელ ღამბარაშვილი ხელმძღვანელობდა.

ქართველმა ექიმმა შეისწავლა ქალის სასქესო ორგანოების ანომალიები და მათი ოპერაციული მკურნალობის მეთოდები, სასქესო ორგანოების სიმსივნეების მიზეზები და მკურნალობის გზები, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი პროცესები, უნაყოფობის მიზეზები და პრევენციის გზები.

კათედრის თანამშრომლებთან ერთად გაბრიელ ღამბარაშვილმა თარგმნა და სტუდენტებს ქართულ ენაზე მიაწოდა გერმანელი მეან-გინეკოლოგის, აკადემიკოს ოტო კიუსტნერის გინეკოლოგიის სახელმძღვანელო. მისივე მონაწილეობით რუსულ ენაზე გამოიცა კონსტანტინ სკრობანსკის გინეკოლოგიის სახელმძღვანელო, რომლისთვისაც ღამბარაშვილმა დაწერა თავი "რენტგენოთერაპია გინეკოლოგიაში". 1941 წელს პირად მდიდარ პედაგოგიურ, პრაქტიკულ და სამეცნიერო გამოცდილებაზე დააყრდნობით პროფესორმა ექიმებისა და სტუდენტებისთვის გამოსცა გინეკოლოგიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო, რომელიც მაშინდელი სასწავლო პროგრამის მიხედვით იყო შედგენილი და დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

მომიჯნავე სპეციალობები

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაბრიელ ღამბარაშვილი ინტენსიურად მუშაობდა ქალის სასქესო სისტემის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის საკითხებზე. ამ პრობლემას მან 43-ზე მეტი ექსპერიმენტული და კლინიკური ნაშრომი მიუძღვნა. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ იმდროინდელ საბჭოთა კავშირში გაბრიელ ღამბარაშვილი მიიჩნევა სიმსივნის სხივური ენერგიით მკურნალობის ერთ-ერთ პიონერად. ამ საკითხზე პირველი ნაშრომი მან ჯერ კიდევ 1914 წელს გერმანულ ჟურნალში გამოაქვეყნა. ღამბარაშვილი ამტკიცებდა, რომ საშვილოსნოს კიბოს სხივური ენერგიით მკურნალობის შედეგები არ ჩამოუვარდებოდა ქირურგიული მკურნალობის შედეგებს.

1936 წელს ქართველი გინეკოლოგი 8 თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ რენტგენის სხივებით აშუქებდა ბაჭიის უკანა კიდურებს, რის შედეგად საცდელ ცხოველს ძვლის სარკომა განუვითარდა. ეს იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ექსპერიმენტი, რომლის საფუძველზეც მკვლევარმა დაასკვნა, რომ კანცეროგენული თვისებების გამო რენტგენის სხივები ხანგრძლივი მოქმედების შედეგად იწვევს კიბოს. ამ დასკვნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რენტგენოთერაპიისა და დიაგნოსტიკის დროს დასხივების დოზის შერჩევაში. ქართველი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების სხივური თერაპია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომავალი ორსულობის შესაძლებლობა გამორიცხულია, ვინაიდან მცირე დოზებით დასხივებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მანკი.

საშვილოსნოს კიბოს ქიმიური ექსტრიპაციის მეთოდით მკურნალობა ყოფილ საბჭოთა კავშირში გაბრიელ ღამბარაშვილმა შემოიღო. ეს თერაპიული მიდგომა ოპერაციული და  სხივური მკურნალობის უკუჩვენების დროს იყო მოწოდებული.

ქართველი ექიმი სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. ის ზედმიწევნით იცნობდა მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურას, აქტიურად ესწრებოდა საზღვარგარეთ გამართულ სამეცნიერო კონგრესებს და საკუთარ მოსაზრებებსაც უზიარებდა უცხოელ კოლეგებს. იყო მოსკოვის, კიევის, ხარკოვის და თბილისის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი.

გაბრიელ ღამბარაშვილის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი გახლდათ "ავთვისებიანი სიმსივნების ეთიოლოგია" – კაპიტალური მონოგრაფია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქალის სასქესო ორგანოების კიბოს დროულ გამოვლენაში. ღამბარაშვილის მეორე ნაშრომმა, რომელიც მენოპაუზის პერიოდში სახსრების დაზიანების, ართროზის, დიაგნოსტიკას შეეხო, ნათელი მოჰფინა დაავადების კლინიკისა და პათოლოგიური მორფოლოგიის უცნობ საკითხებს.

გინეკოლოგიურ და რადიოლოგიურ მედიცინაში განსწავლულობით გაბრიელ ღამბარაშვილმა ისე გაითქვა სახელი, რომ მასთან, როგორც უკანასკნელ იმედთან, მიდიოდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის უდიდეს ქალაქებში გამოკვლეული და ნამკურნალები, ფაქტობრივად განწირული ქალბატონები. და მართლაც, დიდმა ექიმმა არაერთ მათგანს შეუცვალა სასიკვდილო განაჩენი.

1941 წელს გაბრიელ ღამბარაშვილს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმისა და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა.

გაბრიელ ღამბარაშვილი 1954 წლის 18 ივლისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის გვერდით.

მარი მარღანია

Share: