როგორ შევარჩიოთ ორსულობის ტესტი - პრაქტიკული რჩევები
გააზიარე:
ორსულობის ტესტი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა იმის დასადგენად, არის თუ არა ქალი ორსულად.
თანამედროვე სწრაფი ტესტების უმეტესობა მარტივია, იოლი გამოსაყენებელი, მაგრამ მათი სიზუსტე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. როდის არის ტესტისთვის საუკეთესო დრო? როგორ ავარჩიოთ ტესტის ჩხირი? რამდენად სანდოა შედეგი და როდის შეიძლება დაგვჭირდეს ექიმთან საკონსულტაციოდ მისვლა? – ქვემოთ ვუპასუხებთ ამ და სხვა კითხვებს, რომლებიც ხშირად ებადებათ ქალებს, ჩვენი პრაქტიკული რჩევები კი ორსულობის ტესტის ჩატარებასა და შედეგის სწორად გაგებაში დაგეხმარებათ.
რას იკვლევს
ორსულობის ტესტი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) არსებობას იკვლევს. ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას პლაცენტა გამოიმუშავებს. მას "ორსულობის ჰორმონსაც" უწოდებენ, რადგან ქალის სხეულში მისი გამომუშავება მას შემდეგ იწყება, რაც ემბრიონი საშვილოსნოს შიდა კედელს მიემაგრება. განაყოფიერების მეათე დღეს ან იმპლანტაციიდან (ემბრიონის მიმაგრებიდან) ერთი-ორი დღის მერე ეს ჰორმონი ჩნდება როგორც სისხლში, ისე შარდშიც. აქგ არის ყველგან, სადაც კი ორსულობასთან დაკავშირებული უჯრედები – ტროფობლასტები მოიპოვება. ორსულობის ვადასთან ერთად მისი კონცენტრაციაც იმატებს და ჩასახვიდან დაახლოებით მე-80 დღეს (ორსულობის მე-11 კვირას) პიკს აღწევს, მერე კი ოდნავ მცირდება და დაბალი ინტენსივობის სეკრეციით ორსულობის ბოლომდე გრძელდება. მისი ფუნქცია პროგესტერონის სინთეზის შენარჩუნება და ამით ორსულობისთვის ხელის შეწყობაა. სწორედ აქგ-ის თვისებრივი განსაზღვრა ხდება ორსულობის ტესტით. რაოდენობრივად მის შესაფასებლად კი ქალის ვენური სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევაა საჭირო.
ორსულობის შარდის ტესტების შიდა ზედაპირი დაფარულია სპეციალური ანტისხეულებით, რომელთა კონტაქტი აქგ-სთან ქიმიურ რეაქციას იწვევს. შარდთან ამ ანტისხეულების შეხების შედეგად ტესტზე ჩნდება ინდიკატორი, რომელიც ორსულობას ადასტურებს ან უარყოფს.
ორსულობის ყველა ტესტი არ არის ერთნაირი, ზოგი უფრო მგრძნობიარეა და ამიტომ უფრო ძვირიც ღირს. ტესტის მგრძნობელობა განისაზღვრება რიცხვებით: 10, 20, 25, 30 (და მეტი) Mme`ml. რაც უფრო მცირეა რიცხვი, მით უფრო მაღალია ტესტის მგრძნობელობა. მაგალითად, ტესტი მაჩვენებლით 10 ყველაზე მგრძნობიარეა. საშინაო ტესტების მგრძნობელობა იმაზეა დამოკიდებული, შარდში რა რაოდენობის ჰორმონის განსაზღვრის უნარი შესწევს ტესტს. ზოგიერთი მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მათი ტესტის საშუალებით ორსულობის განსაზღვრა მოსალოდნელ მენსტრუაციამდეა შესაძლებელი, თუმცა მეტი სიზუსტისთვის რეკომენდებულია, ტესტი მოსალოდნელი მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით ერთი დღის შემდეგ ჩაიტაროთ. თუ მოსალოდნელი მენსტრუაციის თარიღი ზუსტად არ გახსოვთ, ტესტის ჩატარება დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან ორი კვირის შემდეგ არის მიზანშეწონილი.
არსებობს რამდენიმე სახის ტესტი: ჩხირი, პლანშეტური (ტესტკასეტა), ჭავლური და ელექტრონული.
ტესტჩხირისა და ტესტკასეტისთვის შარდის სტერილურ ჭურჭელში წინასწარ შეგროვებაა საჭირო. უმჯობესია, გამოიყენოთ შარდის კონტეინერი ან ერთჯერადი (ახალი) პლასტმასის ჭიქა. ამ ტესტების მგრძნობელობაა 10-25 Mme`ml. ტესტკასეტას მოჰყვება მცირე ზომის საწვეთური, რომლითაც კასეტაზე მითითებულ ადგილას 2-3 წვეთი შარდი უნდა დააწვეთოთ. რაც შეეხება ტესტჩხირს, მას სპეციალური ნიშნული აქვს და სწორედ ამ ნიშნულამდე უნდა მოათავსოთ შარდში დაახლოებით 30 წამით, მერე კი 2-3 წუთის განმავლობაში დაელოდოთ. ორი ხაზი დადებით პასუხს ნიშნავს, ერთი – უარყოფითს, თუ არცერთი ხაზი არ გამოჩნდა, ესე იგი ტესტს დეფექტი აქვს ან არასწორად ჩაიტარეთ და თავიდან უნდა სცადოთ.
აღნიშნული ტესტები იაფია, თუმცა დანარჩენ ორთან შედარებით ნაკლებმგრძნობიარე, თანაც მათი ჩატარება მეტ დროსა და დამატებით ინვენტარს მოითხოვს, მაგალითად, თავად უნდა შეიძინოთ შარდის შესაგროვებელი რეზერვუარი.
ჭავლური და ელექტრონული ტესტები კონტეინერში შარდის შეგროვებას არ მოითხოვს – პირდაპირ შარდის ნაკადის ქვეშ უნდა მოათავსოთ. ელექტრონული ტესტის პასუხი ეკრანზე სიტყვიერად (pregnant ან non pregnant) გამოისახება, ამიტომ არ დაგტანჯავთ ეჭვი, სწორად დაინახეთ თუ არა წითელი ხაზები. ელექტრონული ტესტი მრავალჯერადია და სხვებზე მგრძნობიარე (10 Mme`ml). რაც შეეხება ჭავლურ ტესტს, დადებითი პასუხი შეიძლება ორი ვერტიკალური ხაზის ან (+)-ის სახით გამოისახოს, ხოლო უარყოფითი – ერთი ვერტიკალური ხაზით ან (-)-ით.
შენიშვნა: პასუხის მისაღებად საჭირო დრო სხვადასხვა ტესტის შემთხვევაში სხვადასხვაა, ამიტომ დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
როდის და როგორ უნდა ჩაიტაროთ
სპეციალისტების რჩევით, მაქსიმალური სიზუსტისთვის უმჯობესია, ორსულობის ტესტი მენსტრუაციის გადაცდენიდან დაახლოებით ერთი დღის შემდეგ ჩაიტაროთ – ამ დროისთვის ორსულის შარდში საკმარისი რაოდენობით არის აქგ და ტესტის დადებითი პასუხი 99%-ით მოწმობს ორსულობას. სიზუსტის მაჩვენებელი, ორსულობის ვადის შესაბამისად, ასეთია: იმპლანტაციიდან 48 საათში – 25%, იმპლანტაციიდან მე-5 დღეს – 40%, მოსალოდნელი ციკლის დღეს – 90%, ციკლიდან 1 კვირის გადაცილებისას – 99%. ორსულობის 100%-იანი დიაგნოსტიკა ადრეულ ვადაზე მხოლოდ ქორიონული გონადოტროპინის ვენურ სისხლში გამოვლენით ხდება. აღნიშნული კვლევით ორსულობის დადასტურება შესაძლებელია განაყოფიერებიდან დაახლოებით 6-8 დღის შემდეგ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ აქგ საჭირო რაოდენობით აღმოჩნდება შარდში.
რეკომენდებულია, ორსულობის ტესტი აფთიაქში შეიძინოთ, გამოყენებამდე აუცილებლად გადაამოწმოთ ვადა და შეფუთვის მთლიანობა, წაიკითხოთ ინსტრუქცია.
შარდი აიღეთ მხოლოდ სუფთა და მშრალ კონტეინერში.
უმჯობესია, ტესტი დილით ჩაიტაროთ, როდესაც შარდი ნაკლებადაა განზავებული, – ასეთი შარდი აქგ-ს უფრო მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტესტის სიზუსტეს, – თუმცა დღის ნებისმიერ სხვა მონაკვეთშიც შეიძლება შარდის ოთხი საათით შეკავების შემდეგ.
მაჩვენებლების ინტერპრეტაცია
თუ ტესტზე არცერთი ხაზი არ გამოჩნდა, დიდი ალბათობით, ტესტი ვადაგასული ან დაზიანებული იყო. თუ მიღებული შედეგი საეჭვოა, მაგალითად, მეორე ხაზიც შეწითლებულია, მაგრამ არ აქვს მკაფიოდ გამოხატული ფერი, 3-4 დღის შემდეგ ტესტი განმეორებით უნდა ჩაიტაროთ.
თუ ტესტი უარყოფითია, მაგრამ მენსტრუაცია არა და არ იწყება, ტესტი 3-4 დღეში უნდა გაიმეოროთ. გაითვალისწინეთ, რომ ორსულობა არ არის გადაცდენის ერთადერთი შესაძლო მიზეზი – ჰორმონული სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა ცვლილებების მიმართ, ამიტომ ციკლის არევა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა, წონის მკვეთრმა ცვლილებამ, ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ, დიეტამ, ჭარბმა წონამ, მედიკამენტებმა.
თუ ტესტი დადებითია, მის სისწორეში ეჭვს ნუ შეიტანთ. უმჯობესია, მიმართოთ ექიმს, რათა ანტენატალურ პროგრამაში დროულად ჩაერთოთ.
იშვიათად ტესტმა შეიძლება ცრუ დადებითი პასუხი გაგვცეს, თუ:
- საშვილოსნოს კედელზე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებიდან მოკლე ხანში მოხდა თვითნებითი აბორტი;
- დაორსულების მიზნით იტარებთ აქგ-ის შემცველ ჰორმონულ თერაპიას და ტესტი მედიკამენტის შეწყვეტამდე ჩაიტარეთ.
აქგ შეიძლება იყოს სიმსივნური მარკერიც და ჰორმონის მაპროდუცირებელი საკვერცხის ან პლაცენტის სიმსივნის დიაგნოსტიკაში დაგვეხმაროს. ქორიონი (ტროფობლასტი) ჩანასახის გარეთა, ბუსუსოვანი გარსია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მისი საშუალებით ჩაიზრდება და მიემაგრება საშვილოსნოს შიგნითა გარსს – ენდომეტრიუმს. ტროფობლასტური დაავადებების დროს ხდება ქორიონული გონადოტროპინის ზღვარგადასული მატება – სისხლში მისი ოდენობა 10-20-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური ორსულობის დროს. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება ბუშტნამქერი და ქორიონეპითელიომა.
ისტორიული ცნობები
ორსულობის ტესტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი 1978 წელს გახდა, თუმცა მაშინ შედეგის გასაგებად საჭირო იყო 2 საათი, ხოლო ტესტის სიზუსტე მხოლოდ 20%-ს შეადგენდა.
ძველად ორსულობის გამოვლენა საკმაოდ რთული ამოცანა იყო. ერთ-ერთი პირველი მეთოდი ძველ ეგვიპტეში ძვ. წ. 1350 წელს მოიგონეს. ქალები რამდენიმე დღის განმავლობაში აშარდავდნენ ქერისა და ხორბლის მარცვლებს. თუ ხორბლის მარცვალი გადიდდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ქალი ორსულად იყო და გოგონა ეყოლებოდა, თუ ქერის მარცვალი – ბიჭი. თუ არცერთი არ გადიდდებოდა, ქალი ორსულად არ იყო.
საინტერესოა, რომ 1963 წელს მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ორსულის შარდი ხორბლისა და ქერის მარცვლების ზრდას იწვევს.
ჰიპოკრატე ქალს საშოში მთელი ღამით უტოვებდა ხახვის ნაჭერს. თუ მის სუნთქვას დილით მძაფრი სუნი ექნებოდა, ქალი ორსულად არ იყო. ეს ტესტი იმ მოსაზრებას ემყარებოდა, რომ თუ ქალის საშვილოსნო ღია ჰქონდა, ხახვის სუნი, აეროდინამიკური მილის პრინციპით, მიაღწევდა პირის ღრუს.
XX საუკუნის 20-იან წლებში ორმა გერმანელმა მეცნიერმა, სელმარ აშჰაიმმა და ბერჰარდ ზონდეკმა, ქალის შარდში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი აღმოაჩინა. 1940-იანი წლების ბოლოს მათ დაადგინეს, რომ თუ ორსულის შარდს ბაყაყს სხეულში შევუყვანთ, 24 საათის განმავლობაში ცხოველი ქვირითის დაყრას დაიწყებს.
რომელი ჯობია
ორსულობის ტესტის შერჩევა პრიორიტეტების მიხედვით ხდება: ზოგისთვის ხელმისაწვდომობაა მნიშვნელოვანი, ზოგისთვის – სიზუსტე, მაგრამ, რა ძვირიანიც არ უნდა იყოს ტესტი, მთავარია, სწორად ჩაიტაროთ პროცედურა და სწორად შეაფასოთ შედეგი.
ყველაზე ბიუჯეტური და სწრაფია: ტესტჩხირი.
შედარებით ძვირი და ზუსტია: პლანშეტური ტესტი (ტესტკასეტა) და ჭავლური ტესტი.
ძვირი, თუმცა ყველაზე ზუსტი და კომფორტულია: ელექტროტესტი.
მარი მარღანია











