სასწრაფოობის კულტურა - საით გვეჩქარება?

გააზიარე:

ჩემთან, სამზარეულოში, წყალი ცუდად მოდის და ჭიქის ავსებას იმაზე მეტი ხანი სჭირდება, ვიდრე წინათ. ჩემს თავს შევატყვე, რომ ეს დამატებითი რამდენიმე წუთი ვერ ვისვენებ, მგონია, რომ დროს ვფლანგავ. ვბრაზობ, ვნერვიულობ, გეგონება, გადამწყვეტ წუთებს ვუშვებდე ხელიდან. დრო ჩემთვის გახდა ძვირფასი რესურსი, რომელიც არასოდეს, არასოდეს უნდა დაიხარჯოს ფუჭად. ჩემი ეს განწყობა სასწრაფოობის კულტურის ნაწილია.

გაიხედ-გამოიხედეთ და დაითვალეთ, რამდენი დედლაინი გაქვთ ცხოვრებაში: სამსახურში რაღაც უნდა გაიგზავნოს, დაირეკოს, აიხსნას, სახლში რეგულარულად უნდა მომზადეს საჭმელი, შესაძლოა, შვილი იყოს გამოსაყვანი სკოლიდან, შესაძლოა, კიდევ რამე გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ. გამოდის, რომ მუდამ მოძრაობის რეჟიმში ვართ, მუდამ ვასტიმულირებთ ჩვენს ტვინს. შედეგად კორტიზოლი და სტრესის სხვა ჰორმონები გამოიყოფა და დგება დღე, როდესაც გადაწვის ზღვარზე აღმოვჩნდებით.

“სასწრაფოდ გასაკეთებელია” მდგომარეობას ისე მივეჩვიეთ, რომ ხანდახან მის გარეშე ვერც კი ვმუშაობთ. მაგალითად, თუ საქმისთვის შვიდი დღე გვაქვს, აუცილებლად ბოლო ორ დღეში გავაკეთებთ. ამ მიჩვეულ სტრესში უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

გარდა იმისა, რომ გამუდმებით ვისტრესებით, რამდენად ნაყოფიერია ჩვენი შრომა ასეთ დროს?

პროდუქტიულობის მითი

სხვადასხვა ადამიანს პროდუქტიულობის ცნება სხვადასხვანაირად ესმის, თუმცა, გავრცელებული მოსაზრებით, პროდუქტიულობა შეიძლება გაიზომოს. მაგალითად, იმ საათებში, რომლებიც საქმეს მოვანდომეთ. დასავლურ კულტურაში მიღებულია კვირაში, სულ მცირე, 40 საათი მუშაობა, რათა თავი სრულყოფილად მომუშავედ ვიგრძნოთ, თუმცა ეს მინიმუმია – ხშირად გაცილებით მეტს ვმუშაობთ.

საათების თვლასთან ერთად ჩვენი კულტურა ხელმისაწვდომობასაც განგვისაზღვრავს: პროდუქტიულად მიიჩნევა ის, ვინც მუდამ მზად არის სამუშაოდ, საღამო იქნება, კვირის ბოლო თუ სადღესასწაულო უქმე. რაც უფრო მეტ თავისუფალ დროს უთმობს ადამიანი საქმეს, მით უფრო პროდუქტიულად მივიჩნევთ მას.

სინამდვილეში ორივე ეს მიდგომა მითიური პროდუქტიულობის მაჩვენებელია. შესაძლოა, ადამიანი მუდამ რაღაცას აკეთებდეს, მაგრამ ბევრს შრომობდეს ფუჭად და მცირე შედეგს იღებდეს. შესაძლოა, არ უყვარდეს ის, რასაც აკეთებს და სამუშაო ხარისხიანად ვერ შეასრულოს. შესაძლოა, ერთბაშად ბევრს აკეთებდეს და მალე იღლებოდეს, რის გამოც რამდენიმე ნაყოფიერ დღეს ან კვირას გადაღლისა და უხალისობის პერიოდები მოჰყვება.

გამოდის, რომ ბევრსაც ვმუშაობთ და მუდამ ხელმისაწვდომიც ვართ, მაგრამ უკეთეს შედეგს ვერ ვიღებთ.

მუდმივი დაკავებულობის მითი

დააკვირდით, საჭიროა თუ არა ყველაფერი, რასაც დროსა და ენერგიას ახარჯავთ. იქნებ ზოგ რამეს მხოლოდ იმისთვის ვაკეთებთ, რომ კეთების პროცესში ჩავებათ და დავამტკიცოთ, რომ ჯერ კიდევ ვიღაცას ვჭირდებით?

არავინ უარყოფს, რომ არსებობს საქმეები, რომლებიც დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მაგრამ საკუთარი საქმიანობის ანალიზი ხშირად გვიჩვენებს, რომ ყველა საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ კი, თუ პრიორიტეტები სწორად არ გავანაწილეთ, გადავიწვებით.

დასვენების გაუფასურება

მასხოვს, სულ ცოტა ხნის წინ რა სიამაყით ვაცხადებდი, რომ ორი წელია, არ დამისვენია.

არადა, დასვენების გარეშე სხეულიც და გონებაც მუდმივი სტრესის რეჟიმში გადადის და თვითგადარჩენის გზას ადგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლისთვის მუდმივ მზადყოფნაში ვართ, რაც გამოფიტვით, დაღლილობით და დემოტივაციით სრულდება.

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ დასვენება სჭირდება. დასვენების უგულებელყოფა საბოლოო ჯამში უფრო ძვირი გვიჯდება.

პერფექციონიზმის აღზევება

ბავშვობაში ხშირად გამიგონია: "თუ აკეთებ, კარგად უნდა გააკეთო". ამ სენტენციის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მას გვაწვდიან როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. დიახ, ნამდვილად ჯობია, რასაც ვაკეთებთ, კარგად ვაკეთოთ, მაგრამ არ შეიძლება, ეს მოსაზრება ვრცელდებოდეს ყველა საქმესა და ყველა ადამიანზე. დავუშვათ, წამოვიწყე საქმე, მაგრამ წინასწარ არ ვიცოდი, რამდენ ძალისხმევას მოითხოვდა ის და თანდათან მივხდი, რომ თავს ვერ ვართმევდი, ან წამოვიწყე საქმე, რომელიც თავიდან მომხიბვლელი ჩანდა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ მაზიანებდა, ან იმან, რაც წინათ მნიშვნელოვანი იყო, დღეს პრიორიტეტულობა დაკარგა.

ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადააფასოს ჩანაფიქრი და თუ ხვდება, რომ გარკვეული საქმიანობა მისთვის საზიანოა, ჩამოსცილდეს მას. თუ ნაკლებად პრიორიტეტულია, ნაკლები დრო დაუთმოს და “ცუდად გააკეთოს”. თუ ვერ ერევა, სხვას გადასცეს.

როდესაც ვცდილობთ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს, ვიჭედებით, ყოველ შეცდომას განვიცდით და დეტალების გამოსწორებას უამრავ დროს ვუთმობთ, ნაცვლად იმისა, რომ უფრო დიდი მიზნისკენ წავიდეთ.

სასწრაფოობა და ყოველდღიური ცხოვრება

სასწრაფოობის კულტურა მხოლოდ საქმეს არ ეხება. ნელ-ნელა მთელ ცხოვრებას ასეთ რიტმში ვაწყობთ და სასწრაფოობის რეჟიმში ვურთიერთობთ სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც. რა გავლენას ახდენს სასწრაფოობის კულტურა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

* მყისიერი კმაყოფილების განცდა. ჩვენ მუდამ მყისიერ სიამოვნებას დავდევთ, სოციალურ მედიაში უამრავ დროს ვხარჯავთ და ლაიკებსა და კომენტარებს ვაგროვებთ. გვსურს, ამწამსვე შეგვაქონ, მოგვიწონონ, განვიცდით, თუ უყურადღებოდ დავრჩით.

ამის საპირწონედ საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა გვჭირდება: სინამდვილეში ვისი მოწონება გვაკლია? რატომ ვითხოვთ ამდენ ყურადღებას, რის დანაკლისს ვინაზღაურებთ? ან რამდენად გვაკმაყოფილებს ასეთი ზედაპირული ყურადღება?

* უწყვეტი კომუნიკაცია. ნებისმიერ ადამიანს დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენთან დაკავშირება. მიუხედავად იმისა, რომ საკომუნიკაციო საშუალება მუდამ ჯიბით დაგვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პირადი დრო დავთმოთ და უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდეთ. საჭიროა საკუთარი საზღვრების დაცვა, მნიშვნელოვანი კომუნიკაციის უმნიშვნელოსგან გამიჯვნა და იმ დროის დაგეგმვა, რომელსაც გაჯეტების გარეშე გვატარებთ.

* შეტყობინებათა შტურმი. ზარის მუდმივი რეკვა, სხვადასხვა აპლიკაციიდან შემოსული მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო შეტყობინებები და მათთან დაკავშირებული ხმები გვაჩვევს ქაოსში მუშაობას და ერთ ამოცანაზე კონცენტრირებაში ხელს გვიშლის. მაგალითად, ახლა გადავთვალე და ჩემს ტელეფონზე 9 საკომუნიკაციო აპლიკაცია მქონია: ვოტსაპი, ვაიბერი, ტელეგრამი, სიგნალი, ტელეფონის მესენჯერი, ინსტაგრამი, ფეისბუქი, სამუშაო მეილი, პირადი მეილი (თქვენ რამდენი გაქვთ?). რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ამ ცხრიდან ერთი მაინც ხმაურობს და ყურადღებას მიფანტავს. გამოსავალია ამ აპლიკაციების გაჩუმება და სპეციალურად მათვის განკუთვნილი დროის დაგეგემვა.

* გამოტოვების შიში. გვგონია, რომ თუ მუდმივად არ ვადევნეთ თვალყური მიმდინარე მოვლენებს, არ დავაკომენტარეთ, არ გამოვთქვით აზრი, რაღაც მნიშვნელოვანს გამოვაკლდებით და გავირიყებით, მარტო დავრჩებით, მნიშვნელოვნებას დავკარგავთ.

სინამდვილეში ჩვენ გარშემო იმაზე მეტი რამ ხდება, ვიდრე ერთ (თუნდაც ათ) ადამიანს შეუძლია გააკეთოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები გადავალაგოთ და მოვლენებს კი არ ჩამოვრჩეთ, არამედ თავად ავირჩიოთ მათში ჩაურთველობა.

რა შეიძლება ითქვას ბოლოს?

ხშირად ქვეყნდება კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმი, პროფესიული თუ პირადი დედლაინების პირობებში ცხოვრება დამანგრეველია ფსიქიკისათვის. შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ და ამ რიტმს ავყვეთ, მაგრამ მერე ნუღა გაგვიკვირდება თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მუდმივი გაციება, დაღლილობა და მომატებული ძილიანობა, მადის პრობლემები.

რა არის გამოსავალი? ყველაფერის ცუდად კეთება? მუდამ დაგვიანება? არცერთი საქმის ბოლომდე არმიყვანა?

სასწრაფოობის კულტურის საპირწონე სრული უპასუხისმგებლობა არ არის. პირიქით, თუ ჩვენს ცხოვრებას მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, არჩევანის გაკეთებას, სიტუაციის მიხედვით მოქმედებასაც უფრო გაცნობიერებულად შევძლებთ.

მაგალითად, ნამდვილად აუცილებელია, ბავშვი განსაზღვრულ დროს წამოვიყვანოთ სკოლიდან, მაგრამ არ არის აუცილებელი, შინიდან გასვლამდე ჭურჭლი დავრეცხოთ. რასაკვირველია, თუ ბევრი დრო გვაქვს, ეს ორი საქმე ერთმანეთს ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ თუ ჭურჭლის გასარეცხად, მეგობრისთვის დასარეკად და დაბადების დღის მისალოცად, ლექციის მოსამზადებლად და ბავშვის დროზე წამოსაყვანად ერთი საათი უნდა იმყოფინოთ, მოგიწევთ არჩევანის გაკეთება: რა უფრო მნიშვნელოვანია? ამ ოთხი საქმიდან ერთი უდავოდ პრიორიტეტულია (ბავშვს სკოლაში ვერ დავტოვებთ), დანარჩენის რიგითობა კი ჩვენი გადასაწყვეტია და ხანდახან შეიძლება, არც კი გავაკეთოთ რამე, ან ნახევრად გავაკეთოთ. იმიტომ კი არა, რომ ზარმაცები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ყველაფრის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია.

სასწრაფოობის კულტურა ისეა გამჯდარი ჩვენში, ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ გამუდმებით სადღაც გავრბივართ. ამ დროს მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი თავის მოსმენა, პრიორიტეტების გადალაგება, ძალების გადანაწილება, პირადი საზღვრების დაცვა და ქცევის წინასწარ შემუშავებული შაბლონებისა და წესების გადახედვა.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: