ექიმები, რომლებმაც ქართული მედიცინის ისტორია შექმნეს
გააზიარე:
საქართველოში სამედიცინო ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის, თუმცა მედიცინის როგორც აკადემიური დისციპლინის ჩამოყალიბება მართლმადიდებელი სასულიერო პირების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. თითქმის ყველა დიდ ტაძარსა და სამონასტრო კომპლექსს ჰქონდა სამედიცინო-კულტურული ცენტრი, სადაც აღმოსავლურ და ევროპულ ზოგადბიოლოგიურ და ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტრაქტატებს თარგმნიდნენ და წერდნენ, ავადმყოფებსაც კურნავდნენ და საექიმო საქმესაც ასწავლიდნენ არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ თავადაზნაურობის წარმომადგენლებსაც. საგანმანათლებლო მისიის ხელმძღვანელობა მონასტრის წინამძღვარს ეკისრებოდა – პეტრე იბერი, მარტვირი საბაწმინდელი, ილარიონ ქართველი, გიორგი მთაწმინდელი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე პეტრიწი არა მხოლოდ სულისა და ხორცის მკურნალნი, არამედ სამედიცინო ცოდნის გამავრცელებლებიც იყვნენ.
სახალხო მკურნალები
საერო და სასულიერო სამკურნალო კულტურის მაღალი დონის მიუხედავად, ხალხურ მედიცინას აქტუალობა არასოდეს დაუკარგავს. ამ ფენომენის შესწავლა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ორმოცზე მეტი ექსპედიციის შედეგად ქართული ხალხური მედიცინის ათასობით რეცეპტი, სამკურნალო შელოცვა, ლეგენდა და მითი ჩაიწერა. შეგროვდა და აღიწერა ქირურგიული იარაღები, სამკურნალო მცენარეთა ჰერბარიუმები.
ეთნოგრაფიულ ნარკვევში "ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში" ექიმი გიორგი თორაძე წერს აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთის სახალხო მკურნალების – მგელიკა ლიქოკელის, ალეკო ოჩიაურის, ბეწინა არაბულის, იობა ავსაჯანიშვილის შესახებ. ისინი არაჩვეულებრივი ოსტატობით მკურნალობდნენ ხმლით მიყენებულ ჭრილობებს, დაჩეხილ სხეულებს. დამტვრეული ძვლების, ამოვარდნილი სახსრის, "მყესის დაჭიმულობის" სამკურნალოდ ყველა ექიმს თავისი ნაცადი მეთოდი ჰქონდა. ასე განსაჯეთ, ხელის პროთეზსაც კი აკეთებდნენ, რომელსაც "დიაცის თმის ნაწნავებითა და ცხენის ძუით" ამაგრებდნენ სხეულზე. სამკურნალო ბალახისგან ამზადებდნენ წამლებს. თითოეულ მათგანს წარმოშობის ლეგენდაც ჰქონდა. მაგალითად, ხალხში ხშირად ჰყვებოდნენ ბაყაყის ბალახის ამბავს. ლეგენდის თანახმად, მონადირეს ბაყაყი გველისგან დაუხსნია. გადარჩენილ მსხვერპლს ბალახისთვის მიუგნია, გაჭირვებით მოუწყვეტია, ჭრილობაზე დაუდვია და ორ დღეში მორჩენილა. ამ მცენარეს მას შემდეგ "ბაყაყის ბალახს" ეძახდნენ და ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. აქტუალური იყო ნეხვის ჭიების წამალიც: მოგროვილ ჭიებს რეცხავდნენ, "ჭირიანებს გამოარჩევენ და გადაჰყრიან, დარჩეულებს ჩაყრიან ქსოვილის პარკში, ჭიებიან პარკს ძლიერ გაახურებენ ცეცხლზე და მერე სწურავენ მას მინის შუშაში, ეს ჭიების გამონაჟონი სითხე უებარ წამლად ითვლება განსაკუთრებით მძიმე ჭრილობების დროს".
სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა მოხარშული პანტა, მზეზე გამხმარი "ჭიჭყის ბალახი", ცხვრის დუმა... ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩრებლად იყენებდნენ დამბალ თამბაქოს, საკმევლის ფხვნილს...
ექსპედიციის წევრები მგელიკა ლიქოკელის ვირტუოზულად შესრულებული თხემის ტრეპანაციის შესახებ გვიამბობენ: თავზე მიყენებული მძიმე ჭრილობის შედეგად ავადმყოფს თანდათან ერთმეოდა ხელ-ფეხი, მაგრამ მგელიკამ გამოცდილებით თუ ინსტინქტით სწორი დიაგნოზი დასვა, თავის ქალა სწორედ იქ გაბურღა, სადაც დაზიანება იყო და "სადაც მართლაც ქალას ძვალსა და მაგარ გარსს შუა ჩირქი ჩამდგარიყო. პაციენტი ბიძურა არაბული სრულად განიკურნა".
ლიქოკელს 440-ზე მეტი ოპერაცია გაუკეთებია და მათი 98 პროცენტი "მშვიდობიანად" დასრულებულა.
"ალეკო ოჩიაური არხოტელია, წყნარი, დარბაისელი და მეტად გონებამახვილი მოხუცია 86 წლისა, – წერს წიგნის ავტორი, – თავის სიცოცხლეში მოურჩენია 350 ჭრილობიანი ავადმყოფი, მათ შორის 150-ისთვის გაუკეთებია თავის ქალას ტრეპანაცია. აქედან სამი მძიმედ დაჭრილი მოჰკდომია". ოჩიაური ჭრილობის მოსაშუშებლად მხოლოდ "უცეცხლო თაფლსა"და დუმის ქონს იყენებდა. სისხლდენის შესაჩერებლად კი შაბიამანს, ნიშადურსა და "ღაბის ბალახს". ამ სამი ინგრედიენტისგან მომზადებული მალამო მისი საფირმო სალბუნი ყოფილა.
ხევსური დასტაქრები ნარკოტიკულ (დასაძინებელ) საშუალებებს არ იყენებდნენ, მძიმე შემთხვევებში პაციენტს "ცხარე არყით ათრობდნენ" მხოლოდ.
სახალხო მკურნალების მიერ დამზადებული ქირურგიული ინსტრუმენტები, ძაღლის ძვლისგან გამოთლილი კბილის პროთეზი, არტაშნები დაზიანებული კიდურის დასაფიქსირებლად და უამრავი სხვა ექსპონატი ფშავ-ხევსურეთის ექსპედიციიდან დღეს მედიცინის ისტორიის მუზეუმში ინახება.
ევროპული სამედიცინო განათლება
საქართველოში მრავლად არის გვარები, რომლებიც საექიმო საქმიანობასთან ასოცირდება – ყარაშვილები, ფანასკერტელ-ციციშვილები, თურმანიძეები, აქიმოვები... მკურნალთა დინასტიები ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდნენ.
ქართველი ექიმები განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად არცთუ იშვიათად მიემგზავრებოდნენ ბიზანტიასა და სპარსეთშიც. ეს ტენდენცია ძალიან აქტუალური გახდა მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, როდესაც კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში ჩამოსვლას მოუხშირეს. სწორედ მათი დახმარებით მიემგზავრებოდნენ სამკურნალო ოსტატობის დასაუფლებლად ქართველი ახალგაზრდები ევროპაში. იეზუიტთა სხვადასხვა ორდენის წარმომადგენლები კი საქართველოს კუთხეეში ექსპედიციებს აწყობდნენ, ქართველი ექიმების, დასტაქრებისა და სახალხო მკურნალების საქმიანობას ეცნობოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მისიონერი იყო დონ კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც აღწერა დასავლეთ საქართველოში (კოლხეთში) გავრცელებული დაავადებები და შემოგვინახა ისტორიული ცნობები სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის შესახებ, რომელიც საექიმო ოსტატობით გახლდათ ცნობილი. თავისი სამფლობელოს შემოვლისას მთავარს თან დაჰქონდა წამლებით სავსე ყუთი, თვითონ სინჯავდა ავადმყოფებს და წამლებსაც უნიშნავდა.
იტალიაში ჰქონდა განათლება მიღებული ქართლ-კახეთის სამეფო კარის ექიმს თათულა ყარაშვილს. ამ გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ივანე მკურნალი, ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის კარზე მოღვაწეობდა.
რუსული სამედიცინო კულტურის ექსპანსია საქართველოში
მისიონერთა საგანმანათლებლო მისიები 1845 წელს შეწყდა, როცა რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებით ისინი საქრთველოდან განდევნეს. ქართველი მკურნალების განსწავლა-დახელოვნების საქმეს რუსეთის იმპერიამ მოჰკიდა ხელი.
სამედიცინო კადრებით საქართველოს უზრუნველყოფის მოთხოვნის პასუხად პ. ციციანოვის სახელზე გამოგზავნილ რესკრიპტში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე წერს, რომ თათულა აქიმოვის ვაჟს სოლომონს სახაზინო დაფინანსებით სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. (რესკრიპტი დათარიღებულია 1803 წლის 12 დეკემბრით). სავარაუდოდ, სოლომონ აქიმოვი პირველი ექიმია, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო, თუმცა მის შესახებ სხვა ისტორიული ცნობები არ მოიპოვება.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1801 წლიდან, ჩვენს ქვეყანაში პირველი სახელმწიფო დაწესებულებები დაარსდა და სამედიცინო სამსახურის პირველი სახელმწიფო მოხელეებიც გაჩნდნენ, ამოქმედდა საექიმო სამმართველო, სამხედრო ჰოსპიტლები, საავადმყოფოები და საკარანტინო სამსახური.
ამ პერიოდში რუსეთსა და უცხოეთში უმაღლეს სამედიცინო განათლებამიღებული ქართველი ექიმების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ილია გრუზინოვი (ნამჩევაძე) – მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტისა და პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის დაამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მოსკოვის უნივერსიტეტში, რომლის დაფინანსებით სამეცნიერო მივლინება გაიარა გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში. 1811 წელს მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი და ანატომიის, ფიზიოლოგიისა და სასამართლო მედიცინის ორდინარული პროფესორის სამეცნიერო წოდება.
2. სტეფანე შარიმანაშვილი – 1810 წელს მიიღო ვენეციის უნივერსიტეტის დიპლომი. საექიმო პრაქტიკა კონსტანტინოპოლში გაიარა და მოსკოვში რუსული დიპლომის მისაღებად ჩააბარა გამოცდები, რომ იმპერიის ფარგლებში ექიმად მუშაობის უფლება მიეღო (ასეთი აუცილებელი წესი არსებობდა უცხოური დიპლომის მქონე ექიმისათვის). 1824 წლიდან თელავის მაზრის ექიმად მუშაობდა.
3. პეტრე კლაპიტონაშვილი – პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ 1822 წლიდან პეტერბურგში დედოფალ მარიამის კარის ექიმად მსახურობდა. მოგვიანებით მუშაობდა ელიზავეტოპოლის მაზრის ექიმად, სადაც იმხანად შავი ჭირისა და ქოლერას ეპიდემია მძვინვარებდა. 1832 წლიდან საქართველოში ჩამოვიდა და გორის მაზრის ექიმი გახდა.
4. გიორგი დავრიშვილი – მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1830 წელს დაამთავრა. ჯერ მოსკოვის საოლქო გიმნაზიის ექიმად მუშაობდა, მერე კი სამხედრო ექიმად შექინის უბანში (აზერბაიჯანი). 1836 წელს თბილისის ქალაქის საავადმყოფოს ექიმად დაინიშნა. მუშაობდა თელავის მაზრაში, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 1866 წლიდან – ალექსანდროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში. ეპიდემიებთან აქტიური ბრძოლისთვის და წარდგენილი დისერტაციების საფუძველზე დავრიშვილს შტაბ-მკურნალის და კოლეგიის მრჩევლის (კოლეჟსკი სოვეტნიკის) ჩინი ჰქონდა მინიჭებული.
5. სარდიონ ალექსი-მესხიშვილი – პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილება 1836 წელს დაამთავრა და მეთხუთმეტე ქართული სახაზო დივიზიის ექიმად დაინიშნა თბილისში. 1839 წლიდან მუშაობდა ქალაქ ორდუბადში (აზერბაიჯანი), 1840 წლიდან – სიღნაღსა და თელავში, მერე კი თბილისის მაზრის ექიმად დაინიშნა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ინფექციურ სნეულებებთან ბრძოლაში.
6. ზაქარია ზუბალაშვილი – 1836 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. 1837 წლიდან ჯერ დუშეთის, მერე ახალციხის მაზრის ექიმად მუშაობდა. 1839 წლიდან თბილისში ქალაქის ექიმი იყო. ჰქონდა შტაბ-მკურნალის წოდება.
7. მიხეილ ჩიგიანი – ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1838 წელს დაამთავრა და შექინის უბანში (აზერბაიჯანი) დაიწყო მუშაობა. 1844 წლიდან იყო თელავის მაზრის ექიმი, ხოლო 1854 წლიდან თბილისში ქალაქის ექიმად მუშაობდა.
8. სტეფანე ბასტამაშვილი – მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1840 წელს დაამთავრა. მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში, მოგვიანებით – თბილისში, ქალაქის ექიმად.
9. იოსებ სააკაშვილი – მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და 1855 წლიდან მუშაობდა ჯერ ქუთაისსა და ოზურგეთში, შემდეგ – სიღნაღში, ბოლოს – გორში.
10. მარიამ ბაქრაძე-დედაბრიშვილი (დედაბერი) – პირველი დიპლომირებული ექიმი ქალია საქართველოში. წარჩინებით დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, პარიზშივე დაიცვა დისერტაცია თემაზე "ქირურგიული მკურნალობა ბავშვთა ქვედა კიდურების დამბლის შემდეგ მიღებული ფეხმრუდობისა". ექიმად მუშაობის უფლების მოსაპოვებლად მოსკოვის სამკურნალო ფაკულტეტზე გამოცდის ჩაბარება მასაც მოუწია. მუშაობდა პასტერის ინსტიტუტში, შემდეგ – თბილისის პირველ საავადმყოფოში ინფექციური განყოფილების გამგედ. 1931 წლიდან ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგედ დაინიშნა.
ყველა ეს ექიმი ცოდნას, გამოცდილებას და ენერგიას ქართველი ხალხის კეთილდღეობას ახმარდა. განსაკუთრებით დიდია მათი წვლილი ეპიდემიებთან ბრძოლაში. ღარიბ მოსახლეობას ისინი უფასოდ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას, ხშირად კი წამლებსაც უფასოდ ურიგებდნენ. იოსებ სააკაშვილმა გორის ღარიბ მოსახლეობას 30.000 მანეთი უანდერძა. ექიმები ხალხში დიდი ნდობით, ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდნენ.
თამარ ციბალაშვილი