რუსუდან გოლეთიანი: სოხუმიდან მხოლოდ ჭადრაკის რვეული წამოვიღე
Share:
მადლიერი ვარ, რომ, მიუხედავად ცხოვრებისეული ტრავმებისა, ბრძოლის უნარი და წინსვლის ჟინი არასოდეს დამიკარგავსო, ამბობს ქართველი მოჭადრაკე, გოგონათა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი რუსუდან გოლეთიანი, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ასპარეზობს. მისი ისტორია სოხუმში იწყება, ომის შემდგომი დევნილობისა და გაჭირვების წლებით გრძელდება, და მაინც, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ამ ისტორიაში მრავალი გამარჯვებაც ჩაიწერა.
სოხუმი
– ჩვენს ოჯახში მათემატიკა და ჭადრაკი პრიორიტეტებად მიიჩნეოდა. მამამ ჯერ ჩემს დას ასწავლა თამაში, მაგრამ სოფია არტისტული და მოუსვენარი ბავშვი იყო, მე კი საათობით შემეძლო ჩემთვის ჩუმად ჯდომა და ერთ საგანზე კონცენტრირება, ამიტომ ჭადრაკი უფრო იოლად ავითვისე და შევიყვარე. წრეზე რომ მიმიყვანეს, მალევე მივაღწიე წარმატებას. რვა წლისა უკვე საზღვარგარეთ დავდიოდი ტურნირებზე და ვიმარჯვებდი კიდეც. გარი კასპაროვმა ერთხელ თქვა, კარგი მოჭადრაკე რომ იყო, თავდადებული მშობლები და მწვრთნელი უნდა გყავდესო. მე გამიმართლა: შესანიშნავი პედაგოგები მყავდა, მშობლები კი არაფერს იშურებდნენ, ოღონდ პროგრესი მქონოდა, ტურნირებზე მევლო, მესწავლა... მახსოვს, მეცადინეობაში ხელი რომ არ შეეშალათ, ფეხის წვერებზე დადიოდნენ, ჩუმად ლაპარაკობდნენ.
მოგებაც და წაგებაც ძლიერი ემოციებია. მრავალი ღამე გამითენებია წარუმატებელი პარტიით მოგვრილი სტრესის გამო, გამარჯვებულს კი სიხარული არ მაძინებდა.
თორმეტი წლისამ ცხოვრებისგან მოულოდნელი დარტყმა მივიღე – დედა ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ვფიქრობ, ეს უდიდესი ტრაგედია სწორედ ჭადრაკმა გადამატანინა. როცა ვთამაშობდი, რეალობას ვწყდებოდი და თითქოს ტკივილიც ნელდებოდა.
მახსოვს, ომი რომ დაიწყო, მამამ გვითხრა სასწრაფოდ აიღეთ საჭირო ნივთები, ქალაქი უნდა დავტოვოთო. ერთადერთი, რაც შინიდან წამოვიღე, ჭადრაკის რვეული იყო.
თბილისი
– დაიწყო რთული და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდი. ჯერ დედა დავკარგეთ, მერე – სახლი და სრულიად უცნობ გარემოში, უცხო ქალაქში მოვხვდით. იქ არავის ვიცნობდით. გვიჭირდა. წლების განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარებით გაგვქონდა თავი. ისევ ჭადრაკს ვუმადლი, რომ არ გავტყდი – ვთამაშობდი, ფედერაციის დაფინანსებით საზღვარგარეთ დავდიოდი, ნელ–ნელა მეგობრებიც შევიძინე... ჯერ თოთხმეტ წლამდე გოგონათა შორის ჩემპიონი გავხდი, მერე თექვსმეტ და თვრამეტ წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში მოვიპოვე პირველობა. ჩემპიონობამ თავდაჯერება შემმატა. გამარჯვებისთვის საკუთარი თავის რწმენა აუცილებელია და არამხოლოდ თამაშში – ცხოვრებაშიც, პროფესიაშიც, ურთიერთობებშიც...
მიუხედავად წარმატებისა, ის წლები ყველაზე მძიმედ მახსენდება და როდესაც დღეს ჩემი შვილები სადილს იწუნებენ, ვუყვები, ერთხელ, ტურნირიდან დაბრუნებულს, დაღლილს და მშიერს, როგორ დამხვდა მაცივრის შუა თაროზე პატარა თეფშით ერთი ნაჭერი კარაქი – ამის მეტი შინ საჭმელი არაფერი იყო.
ამ გაჭირვების გამო ხშირად ვფიქრობდი საზღვარგარეთ წასვლასა და უკეთესი ცხოვრების მოწყობაზე. და აი, ერთხელაც გამიმართლა – ამერიკაში ჭადრაკის ტურნირზე ჩამოსულს, აეროპორტში მეგობრის დედა დამხვდა. მასთან რამდენიმე თვით დარჩენის, ენის შესწავლის და ამ ქვეყანაში ფეხის მოკიდების შანსი მომეცა.
ამერიკა
– სანამ ენას ვისწავლიდი და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მომეცემოდა, ერთ ოჯახში ძიძად დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს ბავშვთან ჭადრაკის მასწავლებელი მოვიდა. ვუთხარი, მეც მოჭადრაკე ვარ-მეთქი და თამაში შევთავაზე. არასოდეს დამავიწყდება მისი გაკვირვებული სახე! ერთი სული მქონდა, როდის დაასრულებდნენ მეცადინეობას. ძალიან სწრაფად მოვუგე. მეორე ხელიც ვითამაშოთო, ახლა უკვე თვითონ შემომთავაზა. მეორე პარტიაც ადვილად მოვიგე... სწორედ ეს ადამიანი დამეხმარა, რომ ჭადრაკის მასწავლებელთა კომპანიაში დამეწყო მუშაობა. ასე გავხდი მასწავლებელი.
რუსუდან გოლეთიანი პირველი ქალია, რომელმაც ამერიკაში მოჭადრაკის სტიპენდია მოიპოვა. ამ დაფინანსებამ მწვრთნელთან მუშაობისა და ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. 2005 წელს გახდა ამერიკის ჩემპიონი, 2006–ში – ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი, 2008–ში – ოლიმპიადის გუნდური ბრინჯაოს და საკუთარ დაფაზე ვერცხლის მედლის მფლობელი.
– ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – ოჯახი შევქმენი, შვილები შემეძინა და მივხვდი, რომ უკვე მიჭირდა ტურნირებზე სიარული, მუდმივი მოგზაურობა და ოჯახისგან დიდი ხნით შორს ყოფნა. ახალი პროფესიის დაუფლება და უმაღლესი განათლების მიღება გადავწყვიტე.
რუსუდანის მამა თენგიზ გოლეთიანი სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი და სუბტროპიკული ინსტიტუტის ავტომატიზაციისა და მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანი იყო. ის ხშირად უმეორებდა შვილებს, რომ მუდმივად უნდა ეზრუნათ განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე. რუსუდანი, მამის რჩევით, კოლეჯში ჩაირიცხა, მისი დამთავრების შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი აიღო ფინანსებისა და ეკონომიკის განხრით. დღეს ფინანსისტია და საინვესტიციო კომპანია "ბლეკროკში" მუშაობს. ქართველ თანამშრომელთან ერთად დააარსა ნეტვორკი “ქართველი ქალები ფინანსებში”, რომელიც დღითი დღე იზრდება და უკვე 40 ფინანსისტ ქართველ ქალს აერთიანებს ნიუ-იორკში.
– პროფესიულ წარმატებას უმთავრესად ოჯახის წევრებს ვუმადლი: მამას, რომელიც ყოველდღე სკაიპით მამეცადინებდა მათემატიკაში და უდიდეს სტიმულს მაძლევდა, – ის დღესაც მეიმედება, როგორც საუკეთესო მასწავლებელი, და მეუღლეს, რადგან როდესაც უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის დასტური და მილოცვის წერილი მივიღე, არც დაფიქრებულა, მითხრა, რომ სწავლის საფასურს, – საკმაოდ დიდ თანხას, – აუცილებლად გადავიხდიდით. მართლაც, მუდამ მხარში მედგა, მამხნევებდა, მაიმედებდა. სწავლის პერიოდში მესამე შვილიც შეგვეძინა და დედობას, ჭადრაკის მასწავლებლობას და სწავლას მხოლოდ მისი მხარში დგომის წყალობით ვართმევდი თავს. თუმცა ყველა ამერიკელის ცხოვრების რიტმი ასეთია. ევროპაში ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ, აქ კი თითქოს პირიქითაა – ცხოვრობენ იმისთვის, რომ იმუშაონ.
მადლობელი ვარ დედამთილის, რომ ჩამოვიდა და უკვე თერთმეტ წელზე მეტია, ბავშვების აღზრდაში გვეხმარება. და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ნათესავს, მეგობარს თუ უცხო ადამიანს ვინც კი ლტოლვილობის დროს დაგვეხმარა.
დღეს ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორები შვილები არიან, მინდა, მათ უკეთესი ცხოვრება და მომავალი ჰქონდეთ. სწორედ ეს მაძლევს ძალას, ვისწავლო, წინ წავიდე, კიდევ უფრო განვვითარდე.
ზაფხულს თითქმის ყოველთვის სამშობლოში ვატარებ. ჩემმა გოგონამ მითხრა, საუკეთესო, რაც ჩემთვის გაგიკეთებია, ის არის, რომ საქართველოში ჩამოგყავდიო. მიხარია, რომ ჩემს შვილებს ასე უყვართ საქართველო. მეც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მენატრება ჩემი თბილისი, მთაწმინდა, ქუჩებში ბოდიალი, მენატრება მეგობრები, ოჯახი, მამაჩემი და ჩემი და – სოფო, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ დედობა გამიწია. ის დღესაც ჩემი უახლოესი და ყველაზე ერთგული ადამიანია.
დასვენება
მიუხედავად რთული გრაფიკისა, დასასვენებლად მაინც პოულობს დროს. კარგი მოთხილამურეა და ზამთრობით ოჯახთან ერთად ხშირად დადის მთებში სასრიალოდ. კითხვა უყვარს, თუმცა ბოლო დროს აუდიოწიგნებს ამჯობინებს – უსმენს მგზავრობისას, საოჯახო საქმის კეთებისას, სეირნობისას...
– ჰექტორ გარსიას "იკიგაი" სასიამოვნო აღმოჩენა იყო ჩემთვის. ეს არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომლითაც მოვიხიბლე, გახლავთ კეტი კეის "The confidence code", რომელიც ქალების თავდაჯერების ნაკლებობაზე, თვითრწმენის დეფიციტსა და თვითშეფასების ამაღლებაზე გვიამბობს.
რუსუდანი ბევრს მოგზაურობს. გამორჩეულად უყვარს ესპანეთი და ბრაზილია. მიაჩნია, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრება ნაკლებსტრესულია, აქ უფრო ხალისიანი და გულღია ადამიანები ცხოვრობენ. გურმანი ვარო, გამოგვიტყდა. განსაკუთრებით იაპონური სამზარეულო უყვარს. იაპონიაში ჯერ არ ყოფილა, იაპონურ კერძებს ამერიკაში აგემოვნებს.
ვარჯიშობს, რადგან მიაჩნია, რომ ფიზიკური აქტიურობა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ გონებრივი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
– დღეს, როდესაც ჩვენი საცხოვრებელი გარემო ზედმეტად სტრესულია და სოციალური ქსელებიდან თუ მედიიდან უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, გონებას განტვირთვა სჭირდება. სირბილი, სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია მეხმარება, რომ უკეთ ვაკონტროლო საკუთარი თავი და პრობლემებს გავუმკლავდე.
თამარ ციბალაშვილი







