კოენზიმი Q10 – ასაკის საწინააღმდეგო ბუსტერი

გააზიარე:

კოენზიმი Q10 ბიოაქტიური ნივთიერებაა, რომელსაც ორგანიზმი თავად წარმოქმნის. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს  კანის სიგლუვის შენარჩუნებაში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი პოპულარული ინგრედიენტია.

მაინც რა შეუძლია Q10-ს და როგორ ებრძვის დაბერების დაუნდობელ პროცესს?

Q10 (ბიოქიმიური ფორმის მიხედვით – უბიქინონი ან უბიქინოლი) არის კოენზიმი, რომელიც ეხმარება ზოგიერთ ფერმენტს თავისი ფუნქციის შესრულებაში, მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნასა და უჯრედებში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლის პროცესებში. კანი ის ორგანოა, რომელშიც მუდმივად მიმდინარეობს რეგენერაციის პროცესი, უჯრედების განახლებას კი ენერგია სჭირდება, რომლის გარეშეც  კანი უფრო სწრაფად დაბერდება და დანაოჭდება. Q10, ისევე როგორც ჩ და E ვიტამინები, ანტიოქსიდანტია – უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედთა დაზიანებას და გადაგვარებას, არც კანის ქსოვილს ინდობს. ამ აგრესიულ მოლეკულებს შეუძლია, გაანადგუროს კოლაგენის ბოჭკოები, რომლებიც კანის ელასტიკურობას უზრუნველყოფს.

კიდევ რა სიკეთე მოაქვს კოენზიმ Q10-ს ჯანმრთელობისთვის?

კოენზიმი Q10 აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, უზრუნველყოფს  ნორმალური არტერიული წნევისა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას, მოქმედებს ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. ის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გვხვდება გულში, ფილტვებსა და ღვიძლში, რადგან ამ ორგანოებს ყველაზე მეტი ენერგია სჭირდებათ თავიანთი ფუნქციების შესსრულებლად.

სად ვიპოვოთ

Q10-ით განსაკუთრებით მდიდარია ცხიმიანი თევზი (სარდინი, სკუმბრია), თხილი, სოიო, ბროკოლი, პარკოსნები, ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცი, ყველი, კარაქი, ზეითუნის ზეთი. ვინაიდან კოენზიმი ცხიმში ხსნადია, უკეთ ასათვისებლად უმჯობესია, მისი შემცველი საკვები ზეთით შეაზავოთ.

Q10 დანამატების სახითაც გამოდის, მაგრამ თვითნებურად მათი მიღება არ არის რეკომენდებული. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

უბიქინონი და უბიქინოლი

უბიქინონი და უბიქინოლი კოენზიმ Q10-ის ფორმებია:  უბიქინონი – დაჟანგული, ხოლო უბიქინოლი – აქტიური. ამ უკანასკნელს უფრო ადვილად ითვისებს და იყენებს ორგანიზმი და, შესაბამისად, უფრო ეფექტურიცაა. კოსმეტიკასა და დიეტურ დანამატებში კოენზიმი Q10 უმეტესად გვხვდება უბიქინონის და ძალიან იშვიათად უბიქინოლის სახით.

კოსმეტიკაში

ვინაიდან ასაკთან ერთად ორგანიზმი  ნაკლებ Q10-ს გამოიმუშავებს, ეს ნივთიერება კანს გარედან უნდა მივაწოდოთ, ამიტომ Q10 ხშირად შედის სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების, განსაკუთრებით კი ასაკსაწინააღმდეგო კრემების შემადგენლობაში. ის სინერგიულად მოქმედებს კერამიდებთან, პეპტიდებთან, ჰიალურონის მჟავასა და კრემებში შემავალ სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად და აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი: მისი გამოყენების შედეგად აქტიურდება უჯრედების განახლება, მცირდება ნაოჭების წარმოქმნა, კანი უკეთესად ტენიანდება, იბრუნებს ელასტიკურობას და ბზინვარებას.

Q10-ის შემცველ კრემებს მოყვითალო ელფერი უნდა დაჰკრავდეს. რაც უფრო ინტენსიურია ფერი, მით უფრო მაღალია მასში Q10-ის კონცენტრაცია.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: