როგორ შევაქოთ სწორად

გააზიარე:

რას ნიშნავს ქება

ქცევის გამოყენებითი ანალიზი ფსიქოლოგიის დარგია, რომელიც სასურველი ქცევის განმტკიცებას და არასასურველის შემცირებას გვასწავლის. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ამისთვის ვიყენებთ, წახალისებაა, ხოლო წახალისების ერთ-ერთი ფორმაა ქება.

რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ შევაქოთ ბავშვი, გამუდმებით იცვლება. ადრე მასწავლიდნენ, რომ ბავშვის ნებისმიერი ძალისხმევა უნდა დავინახოთ და დავაფასოთ, რომ თუ გვინდა, სასურველი ქცევა გამოავლინოს, უნდა შევაქოთ. ამ მიდგომას ვეყრდნობოდით საბჭოთა პედაგოგიკაგამოვლილი ფსიქოლოგები და ყველანაირად ვეწინააღმდეგებოდით „ზედმეტმა ქებამ აწყინას“ პრინციპს. ვეწინააღმდეგებოდით თაობებს, რომლებმაც ბავშვები ისე გაზარდეს, არათუ არ შეუქიათ – არც კი გაუღიმიათ. თუ აქებდნენ – ისე, რომ ბავშვს არ გაეგო. სამაგიეროდ, თუ რამე არ გამოუვიდოდა, სჯიდნენ, არ ელაპარაკებოდნენ, ცივად ეპყრობოდნენ. შედეგად მივიღეთ საკუთარი შესაძლებლობების რმენას მოკლებული, მორიდებული, შეშინებული, ზედმეტად ზრდილობიანი ზრდასრულები, რომლებსაც არ უხარიათ, როდესაც რამე გამოსდით, მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობენ, თუ რამე არ გამოუვიდათ.

ამის "გამოსასწორებლად" აგორდა ტალღა, რომ ბავშვები ყოველგვარი ძალისხმევისთვის უნდა შევაქოთ. გადმოვიღეთ დასავლური მოდელი, სადაც ბავშვს ყოველ ნაბიჯზე ეუბნებიან: "ყოჩაღ"; ყოველი შესრულებული ამოცანისთვის ტაშს უკრავენ. თუმცა თანდათან ეს მიდგომაც კრიტიკის ქვეშ მოექცა. დასავლური წყაროები გვეუბნებოდნენ, ბავშვი კი არა, მისი ქცევა შეაქეთო. ანუ, ის კი არ უთხრათ, რა კარგი გოგო ხარო, არამედ: "რა კარგად ატარებ ველოსიპედს!"

ამ ცვლილების მიზეზი ის გახლდათ, რომ ქებამ ბევრი პრობლემა მოიტანა: ბავშვს სჯეროდა, რომ მისი სიცუდე თუ სიკარგე მის მიერ შესრულებულ ამოცანებზე იყო დამოკიდებული და მთელი ცხოვრება ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, მოწონება და სიყვარული დაემსახურებინა. მაგალითად, თუ კარგ ნიშანს მიიღებდა, თავი მხოლოდ მაშინ მიაჩნდა "კარგ ბავშვად"; ცდილობდა გაეგო, რა წესები მოქმედებს ამა თუ იმ სოციუმში და დაეცვა ისინი, რათა თავი სრულფასოვან ადამიანად ეგრძნო.

სინამდვილეში ადამიანი არც კარგია და არც ცუდი, ის ისეთია, როგორიც არის და არ შეიძლება, ჩვენი თვითმიღება და თვითკმაყოფილება მთლიანად განისაზღვროს ისეთი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და ხშირად უსამართლო კრიტერიუმით, როგორიც სხვის მიერ ჩვენი მოწონებაა.

თუმცა არც ამ მეთოდმა გაამართლა. შევაქოთ არა ბავშვი, არამედ მისი საქმიანობა – ასეთი მიდგომით გაიზარდა ე.წ.  პეოპლე პლეასერ (ადამიანი, რომელიც მუდამ ცდილობს, სხვა ადამიანებს ასიამოვნოს) თაობა, რომელიც ყველანაირად გაურბის კონფლიქტს (რადგან მის ოჯახში კონფლიქტი სასჯელი იყო) და მუდამ იმისკენ მიისწრაფვის, რომ მისი ძალისხმევა აღიარონ. ასეთი ადამიანი შესაძლოა არ წავიდეს სამსახურიდან, სადაც სული ეხუთება, რადგან წელიწადში ერთხელ მას საახალწლო ბონუს აძლევენ, ეს კი იმის ნიშანია, რომ დირექტორმა დაინახა და აღიარა მისი შრომა. ასეთი ადამიანი მტკივნეულად განიცდის ყოველგვარ შენიშვნას და უარყოფით უკუკავშირს. ალბათ ამიტომ, ათიოდე წლის წინ სახელმძღვანელოებში გამოჩნდა ფრაზა: "ქებისას არ გამოიყენოთ შეფასებითი სიტყვები. არ უთხრათ ბავშვს, რომ რაღაც კარგად გამოსდის. მაგალითად, არ უთხრათ, რომ ლამაზად წერს. უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ ამჩნევთ, რასაც აკეთებს და დაუფასეთ ძალისხმევა. უთხარით: “ვხედავ, ერთი მწკრივი დაგიწერია... შევამჩნიე, რომ კუბიკებით დიდი კოშკი აგიგია... საწოლი გაგისწორებია...”

ეს რეკომენდაცია პირველად რომ წავიკითხე, მეუცნაურა, რადგან ჩემთვის შემჩნევა შექებას არ ნიშნავს. მაგალითად, თუ მე შექება მჭირდება და ამ დროს ვიღაცამ მითხრა, ლიკა, ვხედავ, დღეს 10 საათი გიმუშავიაო, ეს არაფერს მომცემს. ეს არ არის დადებითი უკუკავშირი. ეს უბრალოდ უკუკავშირია.

გასაკვირი არ არის, რომ არც ამ მიდგომამ გამოიღო შედეგი.  მოზარდებს ისევ უამრავი პრობლემა აქვთ და ზოგიერთი მათგანი კვლავ მშობლების არასწორი მიდგომის ბრალია. თუმცა პრობლემის სათავეს ახლა უკვე ვხედავ.

ალბათ ბევრი ფსიქოლოგი არ დამეთანხმება, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რა სიტყვებით შევაქებთ ან საერთოდ შევაქებთ თუ არა ბავშვს; მთავარი ის არის, რომ ოჯახის წევრებს შორის კონტაქტი დაგვყავს მზა ფორმულებამდე, რომლებსაც ზოგჯერ შეუსაბამოდ ვიყენებთ, რადგან ვერავინ გვასწავლის, როდის და რა დოზით გავცეთ უკუკავშირი – ეს, სიტუაციიდან გამოდინარე, თავად უნდა გადავწყვიტოთ. ხშირად ქების მზა ფორმულები არ მუშაობს, რადგან უბრალოდ ვერ ერგება კონტექსტს, რომელიც ცალკეულ ადამიანებს შორის წარმოიშობა. მეორე: კომუნიკაცია, თუ მუდამ ერთი და იმავე პრინციპით წარმართა, ერთფეროვანი და ხელოვნური ხდება. არც ბავშვის გამუდმებით განსჯა და იარლიყების (“ცუდია”, “კარგია”) მიწებება შეიძლება, მაგრამ არც მუდამ “შევამჩნიე, რომ...” სტილის ფრაზებით საუბარი მგონია გამოსავალი. საერთოდ, ვინ საუბრობს ასე? გიცდიათ, ბავშვისთვის გეთქვათ: "მე შევამჩნიე, რომ ოთხი ასო დაგიწერია"?

ზედმეტი ქების შედეგი

რა თქმა უნდა, მშობელი  იბნევა. ერთი მხრივ, საკუთარ თავზეც გვიწვნევია და წიგნებიდანაც ამოგვიკითხავს, რომ ქებისა და უკუკავშირის გარეშე აღზრდა თვითშეფასების პრობლემებს იწვევს. მეორე მხრივ,  ზედმეტი ქების ტენდეცია წამოვიდა. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს რთულ, კონკურენტულ გარემოში მოუწევთ არსებობა, ამიტომ ვცდილობთ, თვითშეფასება ავუმაღლოთ. ვეუბნებით, რომ ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ძლიერები არიან, თუმცა ეს ასახავს მათ ჭეშმარიტად ძლიერ და სუსტ მხარეებს. შედეგად, როდესაც ბავშვს რამე არ გამოსდის, ის ფიქრობს, რომ აღარც კარგია და აღარც ძლიერი.

თვითშეფასების ამაღლება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც ბავშვი გააკეთებს, ქებამოვაყოლოთ. ხანდახან ის, რასაც ბავშვი აკეთებს, საერთოდ არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ასეთ დროს ქება ჩვენს უკუკავშირს აუფასურებს.

გაზვიადებული ქების შედეგებია:

1. სხვებზე უკეთესობის მცდარი განცდა

როდესაც ბავშვს ყველაფრისთვის ვაქებთ, ის იჯერებს, რომ განსაკუთრებულია, რომ მისთვის ცხოვრება უფრო ადვილი იქნება, რომ მისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს, რომ ცუდი არასოდეს არაფერი მოუვა. უკვე ბევრი ნაშრომი დაიწერა იმაზე, რომ ასეთი მიდგომის გამო იმატა ნარცისისტული, ეგოისტური ზრდასრულების რიცხვმა. ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ ძალისხმევა არაფრისთვის არ სჭირდებათ, ისედაც ყველაფერს მიაღწევენ. ისინი იზრდებიან იმ რწმენით, რომ ობიექტურად სხვებზე მაღლა დგანან და ყველა ვალდებულია, მათ მოერგოს, რაც რეალობას არ ასახავს.

2. შინაგანი სიცარიელის განცდა

ცრუ ქებამ ბავშვს შესაძლოა გაუჩინოს განცდა, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი უნდა იყოს, რათა მისაღები გახდეს. ამრიგად, ნარცისისტულ ადამიანს სჯერა, რომ გამონარჩეულად კარგია, თუმცა ეს განცდა უსაფუძვლოა. გულის სიღრმეში ყველა ნარცისმა იცის, რომ მთელი მისი თავდაჯერება ფასადურია. სინამდვილეში ასეთი ადამიანები დიდ შინაგან სიცარიელეს განიცდიან, რადგან ნამდვილი საყრდენი არ გააჩნიათ. როდესაც მათ რამე არ გამოსდით, ჩერდებიან და საქმიანობას აღარ აგრძელებენ. შესაძლოა, ბევრ რამეს ხელი არც კი მოჰკიდონ, რადგან მარცხის შეეშინდებათ – მარცხი ხომ იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში სულაც არ არიან გამორჩეულები.

3. ცხოვრებისგან იმედგაცრუება

მშობლები ბევრ მსხვერპლზე მიდიან, რათა მათ შვილებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ თუ შვილს ყველა სურვილს შევუსრულებთ, ის ვერ მიიღებს სამყაროს რეალისტურ მოდელს. თუ უფლებას მივცემთ, არ შეასრულოს საშინაო დავალება და არ დაალაგოს საკუთარი ოთახი, ბავშვი ვერ ისწავლის პასუხისმგებლობას. ასეთი მშობლები შვილებს ართმევენ შესაძლებლობას, გაიზარდოს დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელიც მზად არის ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.

ბუნებრივი ქება

სად არის გამოსავალი? როგორ მივხვდეთ, როდის და რა ფორმით შევაქოთ ბავშვი?

მუშაობას საკუთარი თავით ვიწყებთ:  ვფიქრობთ საკუთარ გამოწვევებზე, რათა უფრო თავდაჯერებულ მშობლად ვიქცეთ. ეს დაგვეხმარება, ვენდოთ ჩვენს თავს და იმ ურთიერთობას, რომელიც შვილთან გვაქვს. რატომ ვაქებთ ბავშვს ზედმეტად ან ვაკლებთ ქებას? ხომ არ ვცდილობთ საკუთარი ბავშვობის კომპენსირებას, ხომ არ ვუშვებთ იმავე შეცდომებს, რაც ჩვენმა მშობლებმა დაუშვეს ან, პირიქით, ყველანაირად ხომ არ გავურბივართ მათ? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვთან ურთიერთობისას ნამდვილად ბავშვია მთავარი თუ ჩვენ?

თუ საკუთარ გამოწვევებს გავუმკლავდებით, ბავშვთან ჩვენი კავშირი უფრო ბუნებრივი და მასზე მორგებული იქნება და ჩვენც მეტად ვენდობით სიტუაციის ჩვენეულ ინტერპრეტაციას, არ ვიმოქმედებთ დაზეპირებული ფორმულებით, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლება.

რა თქმა უნდა, სასარგებლოა ზოგადი რეკომენდაციების ცოდნა – ისინი ხომ კვლევისა და დაკვირვების შედეგად შემუშავდა. ჩვენ მათ კონტექსტის შესაბამისად მივყვებით.

ზედმეტი ქებისგან თავის შეკავება, რა თქმა უნდა, ქებაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

* როდესაც ვამჩნევთ, რომ ბავშვმა დიდი ძალისხმევა გაიღო რამის გასაკეთებლად, რეალისტურად და დამჯერებლად ვუჭერთ მხარს.

* არ ვეუბნებით, რომ ყველაზე კარგია, ყველაფერი ყველაზე უკეთესად გამოსდის და, საზოგადოდ, ზომიერად ვაქებთ.

*  გვახსოვდეს: ის, რაც ბავშვს იოლად გამოსდის, ქებას არ იმსახურებს – საკმარისია, ვაჩვენოთ, რომ შევამჩნიეთ.

* თუ ბავშვმა რაიმე საქმიანობაში დიდი ძალისხმევა ჩადო, ქებას იმსახურებს არა შედეგი, არამედ ძალისხმევა. ამით ბავშვს ვასწავლით, რომ მთავარი მოტივაცია და გამოწვევებთან ჭიდილია, ხოლო შედეგი ხან იქნება, ხან – არა.

* მხარს ვუჭერთ იქ, სადაც უჭირს, გვერდით ვუდგავართ, ვამხნევებთ. თუ ხელი მოეცარა, არ ვადანაშაულებთ, ვეხმარებით, შემდეგში სხვანაირად მიუდგეს იმავე საქმიანობას.

რაც მთავარია, ვაგრძნობინებთ ბავშვს, რომ გვიყვარს, განურჩევლად იმისა, როგორ იქცევა, რა გამოსდის და რა – არა. შეფასება მაინც შეფასებაა, რაც არ უნდა შევარბილოთ და სწორად გამოვთქვათ, ის მაინც გამოხატავს მოწონება-არმოწონებას, რაც ნორმალურია, რადგან სოციუმშიც ხშირად გვაფასებენ, ბავშვი ამისთვის ემზადება და თვითშეფასებასაც გარკვეულწილად მშობლის შეფასებებზე აგებს. მაგრამ უკუკავშირი არ არის ერთადერთი, რაც ბავშვებს ჩვენგან სჭირდებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ არ მივატოვებთ, რომ გვეყვარება, განურჩევლად იმისა, რა ნიშანი მიიღეს, დაკარგეს თუ არა ტელეფონი, იჩხუბეს თუ არა მეგობართან, ზრდილობიანად მოიქცნენ თუ არა სტუმრად. ჩვენ ისინი მაშინაც კი გვიყვარს, როდესაც მათი საქციელი არ მოგვწონს.

ქება შეძლება იყოს როგორც ძლიერი იარაღი და მამოტივირებელი ხერხი, ისე თვითშეფასების დაგდების ან არარაციონალურად ამაღლების გზაც, ამიტომ უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ბავშვი როგორც ცალკე მდგარი პიროვნება თავისი საჭიროებებითა და  სურვილებით, დავინახოთ ჩვენი თავი ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეებით და განვიხილოთ ჩვენი კავშირი ბავშვთან როგორც ორი პიროვნების შეხვედრა. ეს კავშირი ვერ იქნება მექანისტური და დაზეპირებული, ის მოითხოვს, საკუთარ თავსაც კარგად ვიცნობდეთ და ბავშვსაც.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: