ტერფების ჰიგიენა

გააზიარე:

სხეულის ნაწილებიდან ყველაზე დიდი ჯაფა ტერფებს ადგათ. ბოლოს და ბოლოს, დღეში ათი ათასამდე ნაბიჯს ვდგამთ. ასე რომ, ჯანმრთელი ტერფები თავისუფალი მოძრაობის საფუძველია, ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ დღის ბოლოს მათ ცოტაოდენი დრო დავუთმოთ.

მშრალი კანი

შეამჩნევდით, რომ ქუსლებსა და ფეხისგულებზე კანი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით მშრალია. ამას თავისი ახსნა აქვს: ფეხისგულებზე ცხიმოვანი ჯირკვლები არ არის, ამიტომ კანი აქ ადვილად შრება.

გამოშრობას ხელს უწყობს:

* კანის თანდაყოლილი სიმშრალე ან მგრძნობიარობა;

* ხანგრძლივი ცხელი აბაზანები;

* არასწორი და არასაკმარისი მოვლა;

*ტემპერატურის ცვალებადობა, ცივი, მშრალი ჰაერი;

* ქლორიანი წყალი;

* ტუტე საპნის ჭარბი გამოყენება;

* არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხი კარგად არ ზის, სრიალებს და ტერფები ძირებს ეხახუნება;

* სითხის, ვიტამინების, საკვები ნივთიერებების უკმარისობა;

* ხანგრძლივი დგომა და ხანგრძლივი სიარული.

გარქოვანებული კანი

ფეხისგულებზე გარქოვანებული კანის თხელი ფენა ნორმალურია. ის მგრძნობიარე ადგილებს ზეწოლისა და გახეხვისგან იცავს. მაგრამ თუ ზედმეტად გასქელდა და მეტისმეტად გამაგრდა, შესაძლოა, დისკომფორტი და ტკივილიც კი გამოიწვიოს, კოჟრებისა და ნახეთქების გაჩენამდე მივიდეს საქმე.

გარქოვანებული უბნები ძირითადად ქუსლებსა და სხვა ამობურცულ ადგილებზე ჩნდება, იქ, სადაც ზეწოლა ყველაზე დიდია. მის გაჩენაში ხშირად მიუძღვის ბრალი ცუდად მორგებულ – ვიწრო ან მეტისმეტად ფართო – ფეხსაცმელს. არც მაღალქუსლიანი, მეტისმეტად თხელძირიანი და მეტისმეტად მაგარძირიანი ფეხსაცმელებია სასურველი.

მოხერხებული ფეხსაცმელი განსაკუთრებით მმნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დიდხანს დგომა ან სიარული უწევს.

კანის ჭარბ გარქოვანებას განაპირობებს ტერფის ფორმის შეცვლაც, რის გამოც სხეულის წონა თანაბრად ვეღარ ნაწილდება ტერფზე და ზოგიერთ ადგილას ზეწოლა იზრდება. ამ დროს ჩნდება კოჟრებიც.

გარქოვანებული ფენის გასქელება შესაძლოა დიდმა წონამ, კანის ზედმეტმა გამოშრობამ და არასაკმარისმა მოვლამაც გამოიწვიოს. 

დახეთქილი ქუსლები

ნახეთქები კანის გამოშრობისა და ტერფების არასათანადო მოვლის ტიპური სიმპტომია. ქუსლებზე კანი ჯერ რქოვანდება და მაგრდება, ხოლო თუ ყურადღება არ მივაქციეთ, დროთა განმავლობაში იქერცლება და სკდება. მოუვლელობის შემთხვევაში ნახეთქები კანის უფრო და უფრო ღრმა ფენებში იჭრება, ასე რომ, საბოლოოდ შესაძლოა სისხლიც კი წამოვიდეს, ან კანში ინფექცია შეიჭრას და ანთება დაიწყოს.

ნახეთქები ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესების გამოხატულებაა, ამიტომ თუ შესაბამისმა მოვლამ არ უშველა, ექიმს უნდა მიმართოთ.

თუ ახალგაზრდა კანის რეგენერაცია შედარებით სწრაფად მიმდინარეობს, ასაკის მატებასთან ერთად თვითაღდგენის უნარი მცირდება და ნახეთქების მოშუშებას უფრო მეტი ხანი სჭირდება. ამიტომ საქმეს ნახეთქებამდე ნუ მიიყვანთ, სწორად მოუარეთ ტერფებს.

ყოველდღიური მოვლა

* ფეხები ყოველდღე დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით და ჩაიტარეთ მსუბუქი პილინგი. მერე კარგად გაიმშრალეთ. ეცადეთ, თითებს შორის ტენი არ დაგრჩეთ – ის სოკოვანი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ბოლოს ფეხის სპეციალური დამატენიანებელი კრემის შეიზილეთ – ის ტანის კრემზე ცხიმიანია. თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი კრემი და ლოსიონიც გამოგადგებათ.

* სასარგებლოა ფეხების თბილი (და არა ცხელი) აბაზანებიც. წყლის ტემპერატურა 38 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. კარგი იქნება, თუ წყალში ცოტაოდენ სალიცილის მჟავას ჩაამატებთ – ის კარგად არბილებს კანის გაუხეშებულ უბნებს. მისი უქონლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, ზეითუნის ზეთი ან მსხვილი ზღვის მარილი. სუნის ბაქტერიებს კი შესანიშნავად გაუმკლავდება რამდენიმე წვეთი პიტნის ან როზმარინის ზეთი.

წყალში შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ეთერზეთებიც. მაგალითად, მთის ფიჭვისა კანს გამოაცოცხლებს, ლავანდისა კი დაამშვიდებს.

ზამთრის ცივ დღეებში საუკეთესოა მდოგვის მარცვლების ან ჯანჯაფილის აბაზანა.

* გარქოვანებული კანის მოცილების რამდენიმე ხერხი არსებობს. თუ უხეში ფენა არც ისე სქელია, პილინგი ან პემზა მოსინჯეთ, უფრო შორს წასულ შემთხვევებში კი სპეციალური ქლიბის გამოყენება მოგიწევთ. კანი რომ არ დაიზიანოთ, გარქოვანებული უბნები კი არ დაილბოთ, არამედ მშრალად, ძალიან ფრთხილად გაიხეხეთ 1-2 წუთის განმავლობაში, ბოლოს კი აუცილებლად დაინოტივეთ.

კანის გარქოვანებისას ძალიან ეფექტურია კალენდულას, შარდმჟავას, სალიცილის მჟავის შემცველი კრემები, სპეციალური პლასტირი და სალიცილის მჟავას მაღალკონცენტრირებული ხსნარი, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ.

დამარბილებელი ეფექტი აქვს ვაშლის ძმარს, ჩაის ხის ზეთს, გვირილას. შეგიძლიათ, უბრალოდ აბაზანაში ჩაამატოთ. შეგიძლიათ, გვირილის პაკეტი კარგად დაასველოთ ცხელი წყლით და დაახლოებით 15 წუთით დაიდოთ გარქოვანებულ ადგილზე (ოღონდ კარგად უნდა მიიჭიროთ).

* კოჟრი კანის გარქოვანების ერთ-ერთი ფორმაა. მოსაცილებლად ჯერ სპეციალური პლასტირით ან მარალკონცენტრირებული სალიცილის მჟავას ხსნარით დაირბილეთ, მერე კი ნელ-ნელა გაიხეხეთ პემზით, ვიდრე არ გაქრება.

* თუ ქუსლებზე ნახეთქები შეამჩნიეთ, ჯერ დაიბანეთ (საშუალო PH-ს მქონე საპნით), მერე კარგად დაილბეთ. დასალბობად შეგიძლიათ თაფლი გამოიყენოთ – ნელთბილ წყალში გახსნათ ერთი ჭიქა და 15-20 წუთი ჩაყოთ ფეხები, თან კარგად დაიზილოთ.

დახეთქილ ქუსლებს ძალიან უხდება ვაზელინისა და ლიმონის წვენის ნარევი: სქლად წაისვით ნახეთქებზე, გამთბარი ბამბის წინდები ამოიცვით და დილამდე დაიტოვეთ, მეორე დღეს კი ქუსლები ფრთხილად გაიხეხეთ პემზით. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ.

* ფრჩხილები უმჯობესია საკვნეტელათი დაიჭრათ რაც შეიძლება სწორად. კუთხეებს ღრმად ნუ მოიჭრით – ამან შესაძლოა ფრჩხილის ჩაბრუნება გამოწვიოს.

* ზამთარში ფეხები უმეტესად თბილი წინდებითა და ფეხსაცმლით არის შეფუთული. ჰაერი კი მათში კარგად ვერ მოძრაობს, კანი ვერ სუნთქავს და ფეხი ოფლიანდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფეხსაცმელი მჭიდროა ან ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც ჰაერს არ ატარებს. სქელ წინდებსა და ფეხსაცმელებში ოფლი ვერ შრება, კანზე რჩება და ბაქტერიებთან ურთიერთქმედების გამო არასასიამოვნო სუნს იღებს, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა სოკოვანი დაავადებაც გამოიწვიოს.

ხშირად გაინიავეთ ფეხები, შინ კი უქუსლო ჩუსტები ჩაიცვით, რომ ტერფამდე რაც შეიძლება მეტი ჰაერი მიუშვათ. უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის წინდებს, დეზოდორანტების ნაცვლად კი ბავშვის პუდრი გამოიყენეთ – ის კარგად იწოვს ოფლს და ფეხები მშრალი რჩება.

*  დაბოლოს, ტერფების სილამაზისა და სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისხლით მათი სათანადო მომარაგება, ამიტომ ხშირად შეასრულეთ ფეხის ვარჯიშები. ზიხართ თუ დგახართ, ფეხები ხშირ-ხშირად აამოძრავეთ – ერთმანეთს დააშორეთ და მიატყუპეთ თითები, ან ტერფით ძალიან ნელა შემოხაზეთ წრე, ან ჯერ ქუსლით დააწექით იატაკს და თითები ასწიეთ, მერე კი პირიქით, თითის წვერებზე შედექით.

ხშირად ავარჯიშეთ ფეხები ზამთარში: სიცივეში სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ნელდება.

გახსოვდეთ, ტერფების ჰიგიენა არა სიამოვნება, არამედ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურაა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: