აქტივობები ბავშვის განვითარებისთვის

გააზიარე:

ბავშვი გამუდმებით სწავლობს და ვითარდება. მაშინაც კი, როდესაც გგონიათ, რომ არც კი გიყურებთ, ის ყურადღებით აკვირდება თქვენს ყოველ ნაბიჯს და რაღაც ახალს ითვისებს.

ტყუილად არ უთქვამთ, ბავშვი ოჯახის სარკეაო – ნამდვილად ასეა, მით უმეტეს, მცირე ასაკში. მშობლების ყოველდღიური რუტინული საქმიანობაც: ჭურჭლის რეცხვა, სადილის მომზადება, სარეცხის ჩამოხსნა, – შეგვიძლია ბავშვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. რაც უფრო ხშირად ჩავრთავთ პატარას ამ საქმიანობაში, რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ მასთან ერთად შინაარსიანად, მით უფრო სწრაფად და სიამოვნებით შეიძენს ის ახალ უნარებს.

ბავშვი ყველაზე დიდი ხალისით თამაშის დროს სწავლობს. რაც უფრო მეტს ეთამაშებით, მით უკეთესად დაინახავთ, რა მდიდარი წარმოსახვა აქვს და თუ საზრდოს არ მოაკლებთ, შესაძლოა, აღარც კი გაიხედოს გაჯეტებისკენ, რომლებიც დღეს მრავალ ოჯახში პრობლემადა ქცეული.

ბავშვს ყოველთვის ინტერაქციული თამაში ურჩევნია, მთავარია, თქვენ გამონახოთ ამისთვის დრო და ნერვები.

შემოგთავაზებთ რამდენიმე სახალისო აქტივობას, რომლებიც ბავშვთან დაახლოებაშიც დაგეხმარებათ და იმავდროულად მის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ერთად უკეთესია

სამზარეულოში

სამზარეულოში ბავშვთან ერთად ბევრი რამის კეთება შეიძლება.

უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ ყველა ბასრი ნივთი შენახული გაქვთ და ბავშვს საფრთხე არ ემუქრება.

* ერთად ამოალაგეთ საყიდლები. ესაუბრეთ ბავშვს ნაყიდი პროდუქტების ზომაზე, ფორმაზე, გემოზე, ფერზე. გაამახვილებინეთ ყურადღება იმაზე, რომელი პროდუქტია მაგარი და რომელი – რბილი, რომელი – მჟავე და რომელი – ტკბილი, რომელს როგორი სუნი აქვს.

* დაუსვით გონების გასავარჯიშებელი კითხვები: როგორი იყო სტაფილო, სანამ მოვხარშავდით? მოხარშვის შემდეგ ფერი შეეცვალა? გემო?

* ეძებეთ ფორმები და ფერები ყველგან: მაცივარზე, მაგიდაზე, კედელზე, ღუმელზე. სთხოვეთ ბავშვს, იპოვოს რაც შეიძლება მეტი წრე ან სამკუთხედი, იპოვეთ თქვენც და ბოლოს შეადარეთ, ვინ მეტი იპოვა.

* ითამაშეთ “მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ეს არის...” – აღწერეთ ნივთი და სთხოვეთ ბავშვს მისი ამოცნობა (ეს თამაში ნებისმიერ სხვა ადგილასაც შეგიძლიათ ითამაშოთ).

* მაგიდის გაწყობისას სთხოვეთ ბავშვს, დათვალოს, რამდენი ადამიანი აპირებს სუფრასთან დაჯდომას, შესაბამისად, დააწყვეთ იმდენი თეფში, ჩანგალი, კოვზი, ჭიქა და ხელსახოცი.

* დაიხმარეთ სადილის მომზადებაში. სთხოვეთ გამოიცნოს, რამდენი სუფრის კოვზი წყალი ჩაეტევა ერთ ჩაის ჭიქაში, გამოიცანით თქვენც და მერე შეამოწმეთ, რომელი თქვენგანი უფრო ახლოს იყო სიმართლესთან.

* მიეცით ბავშვს უფლება, თავად ჩაასხას ქვაბში საჭირო რაოდენობის წყალი.

* გაუვარჯიშეთ მეხსიერება. ერთად შეადგინეთ საყიდლების სია. მაღაზიაში წასვლამდე სთხოვეთ, დაიმახსოვროს, სულ მცირე, სამი აუცილებლად საყიდელი ნივთი და მაღაზიაში სთხოვეთ მათი გახსენება. მაღაზიიდან გამოსვლამდე ჰკითხეთ, რამე ხომ არ გავიწყდებათ, კიდევ რა ახსოვს, რა იყო საყიდელი.

* მაცივარში პროდუქტების შელაგებისას ასწავლეთ, რომელი სად ინახება, რა უნდა შეინახოთ საყინულეში და რა – არა, აუხსენით, რატომ.

ვერთობით სასტუმრო ოთახში

სასტუმრო ოთახი ის ადგილია, სადაც ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებს. აქ ბავშვი სწავლობს, როგორ აუწყოს ფეხი ოჯახურ რუტინას, შესაბამისად, უვითარდება სოციალური უნარები.

* ესაუბრეთ ბავშვს იმაზე, რომელი საგანი როგორ ხმას გამოსცემს, რომელი – მაღალს და რომელი – შედარებით დაბალს. ჰკითხეთ, ოდესმე ჩუმდება თუ არა საათი.

* ჩამოთვალეთ ყველა ავეჯი, რომელიც კი სასტუმრო ოთახში დგას. ჩამოთვლისას დაყავით ეს ნივთები პატარებად და დიდებად, განასხვავეთ, რომელი დგას კარის ახლოს და რომელი – შორს.

* დაიხმარეთ ოჯახის სხვა წევრებიც, ჩაიცვით სასაცილოდ და ითამაშეთ ექიმობანა; გაითამაშეთ სცენა საყვარელი წიგნიდან, ფილმიდან; განასახიერეთ ბავშვის საყვარელი გმირები და მასაც სთხოვეთ იმავეს გაკეთება.

* ეცადეთ, წიგნებს ბავშვისთვის პატარაობიდანვე დიდი დატვირთვა ჰქონდეს. აუცილებლად უკითხეთ, თანაც უკითხეთ ინტონაციების ცვლით, აუხსენით მისთვის გაუგებარი სიტყვები და ფრაზები. ერთად გაარჩიეთ, რატომ იქცევა ასე წიგნის პერსონაჟი, რა უბიძგებს მას ამისკენ, სწორია თუ არა მისი ეს საქციელი. როგორ აჯობებდა მოქცეულიყო. გაამახვილებინეთ ყურადღება იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთე, რასაც თითქმის ყველა საბავშვო წიგნი გვასწავლის.

* თუ მოესურვება, სთხოვეთ, უკვე წაკითხული წიგნის კითხვის იმიტაცია მოახდინოს – ვითომ თქვენ გიკითხავთ, სინამდვილეში კი ამბავს მოჰყვეს.

* ერთად ჩამოთვალეთ და დახატეთ თქვენი ოჯახის წევრები, ან დახატეთ ისე, რომ ერთმანეთს არ უთხრათ, ვის ხატავთ და შემდეგ გამოიცანით. ეს პატარას გაართობს და იმავდროულად დაკვირვების უნარსაც განუვითარებს.

საწოლ ოთახში

საწოლი ოთახი ძილისპირული ზღაპრების ადგილია. აქ მარტონი ხართ. ასე რომ, შეგიძლიათ, ერთმანეთს საიდუმლოებები გაუზიაროთ, ისაუბროთ ყველა თემაზე, იმაზეც კი, რაზეც ოჯახის სხვა წევრებთან არ საუბრობთ.

* გაინაწილეთ ღამეები და ერთ ღამეს თქვენ მოუყევით ან წაუკითხეთ ზღაპარი, მეორე ღამეს მას სთხოვეთ თავისი გამოგონილი ან თქვენ მიერ ადრე წაკითხული ზღაპრის მოყოლა.

* ერთად დაალაგეთ ტანსაცმლის კარადა და განიხილეთ ტანსაცმელი: რომელია თბილი და რომელი – გრილი, რომელს მოკლე სახელოები აქვს და რომელს – გრძელი, რომელი ტანსაცმელი სხეულის რომელ ნაწილზე იცმევა, რომელს ვიცვამთ ზამთარში და რომელს – ზაფხულში, რომელს – წვიმაში და რომელს – მზეში.

* მიეცით უფლება, თავად აარჩიოს ჩაცმულობა (რა თქმა უნდა, ამინდის შესაბამისად), თავად შეარჩევინეთ პიჟამა. ასე თანდათან გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ისწავლის, რაც მომავალში ძალიან გამოადგება.

* შესთავაზეთ, დააჯგუფოს და შეინახოს სათამაშოები ფერისა და ფორმის მიხედვით, ან სულაც დანიშნულების მიხედვით: რომელი ხატვისთვისაა, რომელი – ჩასახუტებლად, რომელი – ასაწყობად და ასე შემდეგ.

* დაუსვით კითხვები, რომლებზე პასუხსაც დაფიქრება და აზრის ჩამოყალიბება სჭირდება. მაგალითად, ჰკითხეთ, მისი აზრით, სად სძინავთ ჩიტებს; როგორ მოხვდა ცისარტყელა ცაში; სად მიდის წყალი მას შემდეგ, რაც ტრაპში ჩავა.

* მშრალი ტანსაცმლის ჩამოხსნისა და დაკეცვისას დაიხმარეთ ერთნაირი წინდების პოვნასა და დაწყვილებაში.

სააბაზანოში

სააბაზანო ის ადგილია, სადაც ბავშვი ჰიგიენის წესებს სწავლობს და კუნთებს ავარჯიშებს, როდესაც დამოუკიდებლად იხეხავს კბილებს ან ივარცხნის თმას. აუცილებლად ასწავლეთ, ონკანის რომელ მხარესაა ცხელი და რომელ მხარეს ცივი წყალი.

* დაემანჭეთ ერთმანეთს სააბაზანოს სარკეში. აჩვენეთ მოწყენილი, გახარებული, შეწუხებული, გაკვირვებული, გაბრაზებული სახეები და სთხოვეთ გამოიცნოს, როდის რომელ ემოციას გამოხატავთ.

* შეეჯიბრეთ, ვის მეტი რამის გაკეთება შეუძლია, მაგალითად, თვალებით: დახუჭვა, გახელა, თვალის ჩაკვრა, მიშტერება.

* შეადარეთ ერთმანეთს კბილის პასტისა და საპნის სურნელი; რომელს რომელი უფრო მოგწონთ და რატომ.

* მიეცით უფლება, ბანაობისას სააბაზანოში სათამაშოებიც წაიყოლოს (ისეთი, რომელსაც წყალი ვერ დააზიანებს). ჩაუშვით აბაზანაში, ერთად დააკვირდით, რომელი ცურავს და რომელი იძირება, აუხსენით, რატომ ხდება ასე.

* აუხსენით, რატომაა აუცილებელი ხელების სწორად დაბანა, კბილების სწორად გახეხვა.

* აიღეთ პატარა კონტეინერები, აავსეთ წყლით, მერე დაცალეთ. გადაასხით წყალი ერთიდან მეორეში. ჰკითხეთ ბავშვს, როდისაა კონტეინერი სავსე, რა მოხდება, თუ წყალს მთლიანად გადაღვრით, ან ნახევარს მეორე კონტეინერში გადავასხამთ.

* ჰკითხეთ, მისი აზრით, როგორ რეცხავს სარეცხი მანქანა ტანსაცმელს; როგორ რეცხავდნენ სარეცხს მაშინ, როცა სარეცხი მანქანა არ არსებობდა?

ვერთობით ეზოში

ბავშვი ხშირად და დიდხანს უნდა იყოს ეზოში. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ ის ავარჯიშებს კუნთებს, ურთიერთობს თანატოლებთან, ერთობა, სუფთა ჰაერს ყლაპავს. ეზო ბავშვისთვის თავისუფლებაა, სირბილი, ხტუნვა, ცოცვა, ველოსიპედით სიარული... ეცადეთ, გემო გაუგოს ამ ყველაფერს.

ესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც გარშემო ხედავს: მზეზე, მთვარეზე, ადამიანებზე, მანქანებზე, ფერებსა და ფორმებზე, ბამბასავით თეთრ და ტყვისავით რუხ ღრუბლებზე, ვარსკვლავებზე, თოვლზე, დიდ და პატარა სახლებზე, მცენარეებზე, მწერებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე. დაანახეთ ისინი, უთხარით მათი სახელები, მოუყევით, რომელს რა შეუძლია, ერთად განიხილეთ, რომელს როგორი ფორმა აქვს, რომელია დიდი და რომელი – პატარა.

შეძლებისდაგვარად უპასუხეთ ყველა კითხვაზე.

ჰკითხეთ, სად ცხოვრობს, მისი აზრით, მის მიერ ნაპოვნი მწერი, რას ჭამს, როგორ იშენებს სახლს, როგორ შოულობს საკვებს.

* თუ საშუალება გაქვთ ერთად დათესეთ მცენარეები. ბავშვთან ერთად შეარჩიეთ, რას დათესავთ, გაეცანით მათ თავისებურბებს და მოვლის წესებს.

ისაუბრეთ გამოყენებულ იარაღებზე, ახსენით, რომელს რა დანიშნულება აქვს.

* ბავშვთან ერთად დააკვირდით ცას დღის სხვადასხვა მონაკვეთში. განიხილეთ, რა იცვლება შუადღისას, საღამოს, მაშინ, როდესაც იღრუბლება. ისაუბრეთ წვიმაზე: რატომ წვიმს, საიდან ხვდება ცაში წყალი და სად მიდის, როცა მიწაზე ბრუნდება, სად აფარებენ თავს წვიმის დროს მიუსაფარი ცხოველები, როგორ იხრებიან ხეები, როდესაც ქარი უბერავს.

* გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, როგორ ყვითლდება და ცვივა ფოთლები შემოდგომის დადგომისთანავე, როგორ ცოტავდებიან ცაში ჩიტები აცივებასთან ერთად.

* მოუსმინეთ ცხოველთა და ფრინველთა ხმებს, ერთად გაარჩიეთ, რომელს რომელი გამოსცემს, ვინ კნავის, ვინ ყეფს, ვინ ყივის, ვინ ყიყინებს... ეცადეთ, თავადაც გამოსცეთ ასეთივე ხმები, მერე ითამაშეთ: ერთმა რომელიმე ცხოველი განასახიეროს და მის ხმიანობას მიბაძოს, მეორემ კი ამოიცნოს ის.

*ჰკითხეთ, რა ხმები ისმის სახლში ისეთი, რომელსაც გარეთ ვერ გაიგონებ და პირიქით; გაიგონებ თუ არა ეზოში საათის წიკწიკს, სარეცხი მანქანის ზუზუნს, ან სახლში – მანქანის პიპინს; როდის შეიძლება, მართლაც გაიგონო მანქანის ხმა საკუთარ ოთახში.

* მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრეთ გარემოს დაბინძურებაზე, აუხსენით, რატომ არ შეიძლება ქუჩაში, მინდორზე, ტყეში ნაგვის დაყრა, მდინარეში, ტბაში გადაყრა, რით ვნებს ეს გარემოს, მცენარეებსა და ცხოველებს.

* ესაუბრეთ იმაზე, როგორი ტექსტურა აქვს ხის მერქანს (ნება მიეცით, შეეხოს); როგორ ხმას გამოსცემს ქარი; როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქვები ფორმით, ფერით, ტექსტურით.

* სეირნობისას დაანახეთ, როგორ უვლის დედა ძაღლი ლეკვებს; დაანახეთ ოჯახი, რომელიც ერთად ისვენებს; ესაუბრეთ ოჯახის მნიშვნელობაზე.

* ეზოდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ითამაშეთ სასაცილო გასწრობანა, რიგრიგობით მოიფიქრეთ, როგორ გსურთ განაგრძოთ გზა და ორივემ შეასრულეთ დასახელებული მოძრაობა, ოღონდ მოძრაობა სიარულის დროს უნდა შესრულდეს. მაგალითად: აუჩქარე ნაბიჯს, შეანელე სვლა, განაგრძე გზა ასკინკილით, გაიქეცი, სამი ნაბიჯი გადადგი და შეჩერდი... შეგიძლიათ, ათასნაირი ხერხი მოიგონოთ.

* ესაუბრეთ იმაზე, ეზოს რომელი თამაში მოსწონს ყველაზე მეტად, ჰკითხეთ, რატომ. მოუყევით, თქვენ როგორ ერთობოდით მის ასაკში, რისი კეთება გიყვარდათ ყველაზე მეტად და რატომ. საკუთარი გამოცდილების გაზიარება ბავშვზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: