სმენადაქვეითებული ბავშვების სოციალური რეაბილიტაცია - რა უნდა იცოდნენ მშობლება

გააზიარე:

სმენადაქვეითებულ ადამიანებს ბგერების აღსაქმელად სპეციალური მოწყობილობები სჭირდებათ, თუმცა ბავშვს, რომელსაც სმენა დაბადებიდანვე აქვს დაზიანებული, მხოლოდ სასმენი აპარატი ან კოხლეარული იმპლანტი ვერ უშველის. იმისთვის, რომ მან მოსმენილის აღქმა, გააზრება და შემდეგ მეტყველება ისწავლოს, სპეციალური მუშაობაა საჭირო. სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია`რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი “აი ია” ბავშვებს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება, თუმცა სამუშაოს უდიდესი წილი ოჯახის წევრებზე მოდის. მხოლოდ მათი ძალისხმევითაა შესაძლებელი საუკეთესო შედეგის მიღება.
რა უნდა იცოდნენ კოხლეარული იმპლანტისა თუ სასმენი აპარატის მქონე ბავშვების მშობლებმა, რათა აქტიურად ჩაერთონ რეაბილიტაციის პროცესში? ამ და სხვა საკითხებზე საქველმოქმედო ფონდ "აი იას" აუდიოვერბალურ თერაპევტ თამარ კირვალიძესა და მეტყველების თერაპევტ თეა გოჩიტაშვილს ვესაუბრეთ.

თამარ კირვალიძე:
– სმენის განვითარება რთული პროცესია, მაგრამ რა გარემოებებიც არ უნდა გვიშლიდეს ხელს, მოდუნება არ შეიძლება. ამ კუთხით ბავშვის წარმატება უმთავრესად მშობლებზეა დამოკიდებული.
სმენის განვითარება არ გულისხმობს "სმენის გაკვეთილების" ჩატარებას განსაზღვრულ დროს – მუშაობა მთელი დღის განმავლობაში, ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს.
პროცესი მოიცავს სამ ელემენტს:
1. კვირაში 1-2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ 30-60-წუთიანი თერაპია სპეციალისტთან;
2. ყოველდღე მაქსიმუმ ერთსაათიანი თამაში-მეცადინეობა-ვარჯიში სახლში;
3. ბავშვთან ერთად ყოველდღიური საქმიანობის შესრულება, რასაც ვერცერთი აუდიოვერბალური თუ მეტყველების თერაპევტი ვერ მოახერხებს – ეს მშობლის საქმეა.

ძირითადი აღჭურვილობა
– სმენადაზიანებულ ადამიანს ბგერების აღქმაში სასმენი აპარატი ან კოხლეარული იმპლანტი ეხმარება. კოხლეარული იმპლანტი, სასმენი აპარატისგან განსხვავებით, ბგერას კი არ აძლიერებს, არამედ ანაცვლებს შიდა ყურის წამწამოვან უჯრედებს და ელექტრული იმპულსებით სმენის ნერვის სტიმულაციის ხარჯზე თავის ტვინის სმენის ცენტრებისკენ ბგერის გადაცემას უზრუნველყოფს.
ბავშვმა გამუდმებით უნდა ატაროს სასმენი აპარატი და კოხლეარული იმპლანტი, თუ გვინდა, რომ ჯერ საუბრის გაგება ისწავლოს, მოგვიანებით კი მეტყველებაც. ყოველდღე შეამოწმეთ, გამართულად მუშაობს თუ არა მოწყობილობა, დამუხტულია თუ არა აკუმულატორი, სწორადაა თუ არა მომართული აპარატი (აპარატი სწორადაა მომართული, თუ ბავშვს არ აქვს დისკომფორტის გამომხატველი რეაქცია მაღალ ხმაზე (მაგალითად, არ ახამხამებს თვალებს, არ იკიდებს ყურზე ხელს, არ იხსნის აპარატს), თუმცა, იმავდროულად, ესმის სხვადასხვა სიხშირის ბგერები.
გახსოვდეთ:
* როცა კოხლეარული იმპლანტის გარეთა ნაწილი, მაგნიტი (გადამცემი), არ არის დამაგრებული, ბავშვს არ ესმის.
* თუ აპარატის ნათურა წითლად აციმციმდა, ე.ი. აკუმულატორი ჯდება და ბავშვს აღარ ესმის.
* აპარატის გარეთა ნაწილი, სამეტყველო პროცესორი, რომ არ დაზიანდეს, უნდა ვეცადოთ, ძირს არ დაეცეს, თამაშის დროს არ მოხვდეს ბურთი, არ დასველდეს.
* ხმაურიან გარემოში აპარატი შეიძლება ისე ვარეგულიროთ პულტით, რომ ბავშვისთვის გარემო კომფორტული იყოს.
* თუ ხმაურიან გარემოში ბავშვი უჩივის უსიამოვნო შეგრძნებებს, მაგალითად, თავის ტკივილს, 10-15 წუთით მოხსენით აპარატი, რომ ყურმა დაისვენოს.
ყურადღება მიაქციეთ გარემოს, რომელშიც ბავშვის სმენა-მეტყველების უნარების განვითარებაზე მუშაობთ. ოთახში, რომელშიც ვარჯიშობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ ბგერის არეკვლის შესაძლებლობა – დაკიდეთ ფარდები, დააფინეთ ხალიჩები, შეძლებისდაგვარად გაათავისუფლეთ პრიალაზედაპირიანი ავეჯისგან. ეცადეთ, იყოს კარგი განათება, რათა ბავშვი საუბრის დროს თქვენს სახესაც ხედავდეს.
საუბრის დროს ბევრს ნუ იმოძრავებთ. ნუ ილაპარაკებთ ნურც მეტისმეტად ხმამაღლა (რათა აგრესიად არ მიიღოს), ნურც მეტისმეტად ხმადაბლა. სიტყვები წარმოთქვით მკაფიოდ, მაგრამ ერიდეთ გადაჭარბებულ არტიკულაციას.
ხმაურიან გარემოში საუბრისას ეცადეთ, არ დაშორდეთ ბავშვთან 1 მეტრზე მეტით.
როდესაც სმენის გავარჯიშებაზე მუშაობთ, დაუდექით ბავშვს აპარატის მხარეს ან პირისპირ. სხვა შემთხვევებში ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია, თქვენი სახე მისი მხედველობის არეში იყოს მოქცეული.

პირველი ბგერები
– სმენის პროთეზირების დასაწყისში, როდესაც ბავშვი პირველ სმენით გამოცდილებას იღებს, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბგერებს განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. მას ესმის, მაგრამ ჯერ არ იცის მოსმენა. იმისთვის, რომ ბავშვმა შემოგხედოთ, როდესაც სახელით მიმართავთ, მას რამდენიმეთვიანი სმენითი გამოცდილება სჭირდება.
გასათვალისწინებელია სამი მნიშვნელოვანი ასპექტი:
1. მან უნდა ისმინოს;
2. თქვენ დაელოდოთ;
3. ბევრი უნდა ესაუბროთ.
არასოდეს შეადაროთ თქვენი შვილის მიღწევები სხვა ბავშვებისას. გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი, რიტმი და თავისებურებები აქვს.

თეა გოჩიტაშვილი:
– თუ ბავშვმა ვერ მოისმინა, ვერც ალაპარაკდება. სიტყვა მეტყველების დროს რომ გამოიყენოს, ბავშვმა ის დაახლოებით 600-ჯერ უნდა მოისმინოს სხვადასხვა სიტუაციაში, ადეკვატურ გარემოში, რათა დაიმახსოვროს მისი ჟღერადობა, მნიშვნელობა და მიხვდეს, როგორ წარმოითქმის. რაც უფრო გვიან დიაგნოსტირდება სმენის დაზიანება, მით უფრო მეტი დრო და მიზანმიმართული ძალისხმევა დაგვჭირდება ბავშვის რეაბილიტაციისთვის.
ბავშვს რაც შეიძლება ხშირად უნდა ასმენინოთ სხვადასხვანაირი სამეტყველო და არასამეტყველო ხმები სხვადასხვა გარემოში. შეადგინეთ იმ ხმების სია, რომელთა მოსმენაც შესაძლებელია შინ. გაამახვილებინეთ ყურადღება თითოეულ მათგანზე: ჩაიდნის სტვენაზე, ჭიქაში კოვზის რაკარუკზე, წყლის ჩხრიალზე, შემოსასვლელი კარის ზარზე (შეგიძლიათ, სტუმრებს სთხოვოთ, დიდხანს რეკონ ზარი), ტელეფონის ზარზე, ქუჩიდან შემომავალ ხმებზე... თავადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ხმის იმიტირება. ყურადღება გაამახვილეთ უეცარ ხმებზე და გაუღვიძეთ ბავშვს ინტერესი ასეთი ხმების მიმართ.
ესაუბრეთ ბავშვს ყოველდღიური საქმიანობის – ჩაცმის, დაბანის, ჭამის – დროს; ნებისმიერ ადგილას – მაღაზიაში, სკვერში. გაახმოვანეთ ყველა საგნის სახელწოდება, რომელიც კი მისი თვალთახედვის არეში მოხვდება და ყველა მოქმედება, რომელსაც ერთად შეასრულებთ. ოღონდ ნუ იქნებით “რადიოს” რეჟიმში – ბავშვს პასუხის საშუალებაც მიეცით, თუნდაც ის მხოლოდ “აა”-თი ან შემოხედვით იყოს გამოხატული. არ გამოგრჩეთ ასეთი სიგნალები, რათა ბავშვმა არ დაკარგოს ინტერესი მეტყველების მიმართ: “თუ არ მისმენენ, რისთვის ვილაპარაკო?!” როდესაც რამეს ეტყვით, გაჩერდით და პასუხს დაელოდეთ. დაუსვით კითხვები და მასაც უბიძგეთ კითხვების დასმისკენ, რა სულელურიც არ უნდა მოგეჩვენოთ ისინი.

სწორი ტაქტიკა
– სასაუბრო თემისა თუ სათამაშო აქტივობის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის განვითარების დონე და ინტერესები. ეს მისთვის საინტერესო გასართობის მოფიქრებას გაგიადვილებთ. ბავშვიც სიამოვნებით ჩაერთვება აქტივობაში და მეტ სარგებელსაც მიიღებს.
პატარა ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაზიარებულ (ერთობლივ) ყურადღებას და თვალით კონტაქტს. ისე მოთავსდით, რომ თქვენი სახე მისი სახის პირისპირ, მისი მზერის არეალში აღმოჩნდეს. მიიქციეთ მისი ყურადღება, შემდეგ მზერა გადაატანინეთ იმაზე, რასაც აკეთებთ. თამაშის დროს მას უნდა შეეძლოს თქვენს მიმიკებზე, ჟესტებზე დაკვირვება, მათში ემოციის ამოკითხვა-გაზიარება, რაც სასაუბრო თემაზე დამატებით ინფორმაციას მისცემს. თანდათან სხვისი მეტყველების გასაგებად ინფორმაციის დამატებითი წყაროები აღარ დასჭირდება.
პატარა ბავშვს, – როგორც სმენადაზიანებულს, ისე ნორმალური სმენის მქონეს, – ძალიან სჭირდება ემოციური დიალოგი. “დედის ენა” იდეალური მასალაა სმენადაზიანებული ბავშვისთვის: ხმის აწევ-დაწევა, სამეტყველო მელოდიკა ამარტივებს სმენით აღქმას, განსაკუთრებით – სმენის განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვი მათ უფრო ადრე აღიქვამს, ვიდრე მეტყველებას და მის შინაარსს. ამიტომ მშობლებს ვურჩევთ, თავდაპირველად ბავშვებს ნელა, ოდნავ წამღერებით ესაუბრონ, გამოიყენონ ემოცია, ინტონაცია, მიმიკა, პაუზები, გამეორება, იმიტაცია, მკაფიო მეტყველება, ოღონდ ზომიერი არტიკულირებით, სიტყვების ზედმეტი დანაწევრება-დამარცვლის გარეშე.
მოზრდილ ბავშვთან სასაუბროდ შეარჩიეთ მისი ასაკის შესაბამისი თემა. წარმართეთ მასთან დიალოგი და არა მონოლოგი. დაუსვით კითხვები და თავადაც მიაჩვიეთ კითხვების დასმას. თუ ბავშვმა ვერ გაიგო, რას ითხოვთ მისგან, მიმართეთ მოდელირებას – გაითამაშეთ, განასახიერეთ შესაბამისი სიტუაცია. შეგიძლიათ, დაიხმაროთ ოჯახის წევრებიც. უხვად გამოიყენეთ ვიზუალური მასალა. საუბრის დაწყებამდე შეამოწმეთ, გისმენთ თუ არა, საუბრის დასასრულს – სწორად გაიგო და დაიმახსოვრა თუ არა თქვენი ნათქვამი. ამისთვის დაუსვით კითხვები. არ ესაუბროთ მოკლე ფრაზებით და ნაცნობი სიტყვებით. გამოიყენეთ გავრცობილი წინადადებები, რათა ბავშვმა გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, აითვისოს გრამატიკული წესები, წინადადების აგების სტილებრივი თავისებურებები, ფრაზული მეტყველება.
ნუ აიძულებთ ბავშვს თქვენი ნათქვამის თუთიყუშივით გამეორებას. საშუალება მიეცით, თავად გადაწყვიტოს, რა და როდის თქვას. იძულებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და ბავშვმა გვიან დაიწყოს მეტყველება.

ეტაპები
– ისევე, როგორც მეტყველების განვითარებას (ღუღუნი, ტიტინი, პირველი სიტყვა, პირველი წინადადება და ა.შ.), სმენის განვითარებასაც თავისი ეტაპები აქვს. საბოლოო შედეგის მისაღებად ბავშვმა ყველა მათგანი უნდა გაიაროს.
პირველ, საწყის ეტაპზე ბავშვი "მოსმენას" სწავლობს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მას უნდა შეეძლოს სამეტყველო და არასამეტყველო ხმების დიფერენცირება, სივრცეში ბგერის წყაროს აღმოჩენა, ბგერათა რაოდენობის, ხანგრძლივობის, ხმის ტემბრის (ქალი, კაცი, ბავშვი), სიძლიერის, მარტივი რიტმის (ნელა, ჩქარა) განსაზღვრა.
მეორე, ბაზისურ ეტაპზე ბავშვმა უნდა შეძლოს სიტყვის მარცვლოვანი სტრუქტურის აღქმა, სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრა, მარტივი კითხვის გაგება, სმენითი მეხსიერებისა და ყურადღების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მესამე, საშუალო ანუ ენობრივი განვითარების ეტაპი გულისხმობს როგორც საკუთარი, ისე სხვისი მეტყველების აღქმასა და გაგებას. ფონემატური სმენის განვითარებას.
მეოთხე, გაბმული მეტყველების განვითარების ეტაპი მოიცავს რთული ტექსტების აღქმასა და გაგებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, გრამატიკული ფორმების განსაზღვრას, რამდენიმესაფეხურიანი ინსტრუქციის გაგებას, მეტყველების გაგებას ჩქარი ლაპარაკის დროს, ჩურჩულის დროს, შედარებით შორ მანძილზე, ხმაურის ფონზე. ეს ეტაპი ხანგრძლივია და მის გასავლელად ყველა ბავშვს სხვადასხვა დრო სჭირდება.

თამარ კირვალიძე:
ფონემატური სმენა
– სმენის ვარჯიში ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც უწყვეტ, დაუღალავ მუშაობას მოითხოვს. ის არ მთავრდება იქ, სადაც ბავშვი იწყებს მოსმენას, ყურადღებას აქცევს, ამოიცნობს და ერთმანეთს უკავშირებს ხმებსა და ობიექტებს, პოულობს ბგერის წყაროს და ა.შ. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიას, სმენის განვითარების თითოეულ ეტაპს თავისი მიზნები და მოთხოვნები აქვს. მაგალითად, სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფონემატური სმენის ტრენინგი და ამას სისტემატური და სისტემური მუშაობა სჭირდება.
რას გულისხმობს ეს?
ფონემატური სმენა არის ადამიანის უნარი, გაბმულ მეტყველებაში ერთმანეთისგან გაარჩიოს და ამოიცნოს მშობლიური ენის სამეტყველო ბგერები, ამოიცნოს ბგერის ადგილი სიტყვაში, დაშალოს და გაამთლიანოს სიტყვები, წინადადებები და ა.შ. ამის საფუძველზე ვითარდება სპონტანური ზეპირი მეტყველება.
ასევე მნიშვნელოვანია ჩურჩულით მეტყველების აღქმა, ხმაურში მეტყველების აღქმა, განსაკუთრებით – სკოლაში, სადაც სმენადაზიანებული ბავშვები ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც ხმაური (თანაკლასელების საუბარი, გადაჩურჩულება, სკამის გაწევის ხმა, ფურცლების შრიალი, კალმების ფხაჭუნი) დისკომფორტს უქმნის მათ ან მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნაწილი მათი ყურადღების მიღმა რჩება. სმენადაზიანებული ბავშვები მორიდების გამო არ ამახვილებენ ამაზე ყურადღებას და არ ითხოვენ დახმარებას.

როგორ შევუმოწმოთ სმენა მოზრდილ ბავშვებს
– ისეთი ბავშვისთვის სმენის შემოწმებაში, რომელიც კოხლეარულ იმპლანტს ან სასმენ აპარატს ატარებს, ლინგის ექვსი ბგერის ტესტი დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით გაიგებთ, აღიქვამს თუ ვერა ბავშვი სამეტყველო ბგერების სრულ დიაპაზონს. ეს ბგერებია: ა, მ, ი, უ, შ, ს. ისინი განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონშია გაშლილი: უ და მ დაბალსიხშირულია, შ და ა – საშუალოსიხშირული, ს – მაღალსიხშირული. ი მაღალსიხშირულიც შეიძლება იყოს და საშუალოსიხშირულიც.
თუ 4-6 მეტრზე ბავშვს ესმის ნორმალური სასაუბრო ხმით ან ჩურჩულით წარმოთქმული ექვსივე ბგერა, ეს ნიშნავს, რომ მას ესმის ყველა სამეტყველო ბგერა და მეტყველებას გაიგებს.
დადექით აპარატის მხარეს, ოთხი მეტრის მოშორებით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ბავშვი ვერ ხედავს თქვენს სახეს, ტუჩების მოძრაობას და ბგერებს მხოლოდ სმენით აღიქვამს. თუ წინ დაუდგებით, ტუჩებზე აიფარეთ ფურცელი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც ჰაერის ნაკადს გამოსვლაში ხელს არ შეუშლის და ბგერას სიმძლავრეს არ დაუკარგავს.
ბგერები წარმოთქვით ნორმალური ტემბრით, სხვადასხვა ხანგრძლივობითა და თანმიმდევრობით, ზომიერი არტიკულაციით.
ბავშვმა სურათზე უნდა გაჩვენოთ, რა გაიგო. მან წინასწარ იცის (გავარჯიშებულია), რომელი ხმა რომელ სურათთანაა დაკავშირებული. მაგალითად, "უუუ" – მატარებელი, "სსს" – გველი, "მმმ" – ნაყინი, "იიი" – თაგვი, "შშშ" – ჩაიდანი, "ააა" – თვითმფრინავი.

როგორ შევუმოწმოთ ჩვილს სმენა
– ჩვილისთვის სმენის შემოწმება შინაც შეიძლება. ქინდერ-სიურპრიზის ერთ კაფსულაში მესამედზე ჩაყარეთ ბარდა, მეორეში – წიწიბურა, მესამეში – მანანის ბურღული. შეარჩიეთ დრო კვებასა და კვებას შორის, როცა ბავშვი მშვიდად და ფხიზლადაა. თუ ჯდომა ჯერ არ შეუძლია, ისე დააწვინეთ შესახვევ მაგიდაზე, რომ ორივე მხრიდან მიუდგეთ, 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვი კი შეგიძლიათ კალთაში ჩაისვათ.
დამხმარეც დაგჭირდებათ, რომელიც ბავშვს წინ დაუდგება და დააკვირდება მის რეაქციებს: გაშეშებას, მიყურადებას, ბგერის წყაროსკენ თავის მიტრიალებას და სხვა.
ბავშვის უკან, მარჯვენა ყურიდან 10 სანტიმეტრზე, შეარხიეთ ჯერ მანანიანი კაფსულა, 30 წამის შემდეგ – წიწიბურიანი, ამდენივე ხნის შემდეგ – ბარდიანი. ასევე შეამოწმეთ მარცხენა ყურიც.
6 თვემდე ასაკის ბავშვი უნდა რეაგირებდეს როგორც მანანის ბურღულის, ისე საჭყვიტინო სათამაშოების ხმებზე, 6 თვეს გადაცილებული – ყველა მიღებულ ბგერით სიგნალზე. თუ ბავშვს რეაქცია არ აქვს, პროცედურა ცოტა ხნის შემდეგ გაიმეორეთ. თუ რეაქცია კვლავ უარყოფითია, აუცილებლად მიმართეთ აუდიოლოგს.

სმენადაზიანებულ ბავშვთან მუშაობა ადვილი, რა თქმა უნდა, არ არის – მშობელს დიდი მოთმინება, უამრავი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ სოციალურ გარემოში ბავშვის ინტეგრაცია ნამდვილად ღირს ამ შრომის ფასად.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: